საქართველოს მთავრობის განცხადებით 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე. 2022 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 3.4%-ით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს 17.3%-ს გაუტოლდა.
2022 წელს დასაქმების დონე 42.9%-ს გაუტოლდა, დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა.
პანდემიის შემდგომ, 2021 წლის მესამე კვარტლიდან, კვარტლების მიხედვით სტაბილურად ფიქსირდება დასაქმების ზრდა, ხოლო 2022 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელსაც.
აღსანიშნავია, რომ დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად და ის ადამიანები ვინც ადრე ეკონომიკურ აქტივობაში არ მონაწილეობდნენ და არც სამსახურს ეძებდნენ, უკვე გადადიან ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში და ამავე დროს საქმდებიან. 2022 წელს სამუშაო ძალა 1,551.6 ათასი შეადგინა.
აღნიშნული ნათლად ცხადყოფს, რომ ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა აისახა სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმების დონის ზრდაზე.