USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
საქართველოს მთავრობა - გვინდა გამოვთქვათ ღრმა წუხილი და შეშფოთება იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება უკრაინის მეგობარი ქვეყნის - საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ ავლენს
თარიღი:  530
ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის ფონზე, გვინდა გამოვთქვათ ღრმა წუხილი და შეშფოთება იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება უკრაინის მეგობარი ქვეყნის - საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ ავლენს.
გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა ომშია ჩართული და რუსეთის სამხედრო აგრესიისგან იცავს თავს, უკრაინის ხელისუფლების ამ დამოკიდებულების შესახებ პოზიციის დაფიქსირებისგან დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდით თავს. თუმცა, ბრიუსელსა და ბერლინში უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის შემდეგ, იძულებული ვართ, ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გამოვხატოთ.
გასული 2 წლის განმავლობაში საქართველო ურყევად უცხადებდა სოლიდარობას უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელ ხალხს და გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას ჩვენ მეგობარ ქვეყანაში. საქართველო ოფიციალურად შეუერთდა საერთაშორისო პლატფორმებზე შემუშავებულ 600-ზე მეტ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, საქართველო დღემდე ფართო ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მეგობარ უკრაინელ ხალხს.
ამ ფონზე, დასანანი და ღრმად შემაშფოთებელია უკრაინის ხელისუფლების მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც უხეშად უპირისპირდება ტრადიციულ მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არის ჩამოყალიბებული:
- უკრაინის ხელისუფლებამ, სანქციების არდაწესებისა და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნის გაუგებარი საბაბით, 2022 წლის 1 მარტს საქართველოდან გაიწვია უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;
- უკრაინის ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფნის ყალბი საბაბით, 2023 წლის 3 ივლისს უკრაინა დაატოვებინა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უკრაინაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელჩი იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ უცხოელ დიპლომატთაგანი, რომელიც ომის დაწყების დღიდან კიევში დარჩა და უკრაინას ერთი დღითაც არ ტოვებდა;
- უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა არაერთი განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელიც მისი პატიმრობის, თითქოსდა, პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებდა, მათ შორის, გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ „რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავდა მიხეილ სააკაშვილს“;
- უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ პირები, რომლებზეც გამოცხადებულია ძებნა ან რომლებსაც შეფარდებული აქვთ სასჯელი სხვადასხვა დანაშაულისთვის. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილისა და უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ლორთქიფანიძის ყოფნა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები ხელმძღვანელობდნენ საქართველოს წინა ხელისუფლების ავტორიტარულ რეჟიმს, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა იმსხვერპლა. ზურაბ ადეიშვილი მსჯავრდებულია ღვინის ქარხნის უკანონო ჩამორთმევის, ტელეკომპანია „იბერიას“ ხელში ჩაგდების, კობა დავითაშვილის გატაცებისა და მასზე სასტიკი ძალადობის, პატიმრების წამების და „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეებზე, ხოლო ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისა და მიტაცების, 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობის და ბუტა რობაქიძის მკვლელობის დანაშაულის დაფარვის საქმეებზე. გიორგი ლორთქიფანიძე ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისის ძალადობის და საზღვრის უკანონო კვეთაში მიხეილ სააკაშვილის დახმარების საქმეებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურამ უკრაინულ მხარეს არაერთგზის მიმართა ამ პირების გადაცემის შესახებ, უკრაინის ხელისუფლებამ არ გამოავლინა აუცილებელი პატივისცემა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და საქართველოს დამნაშავეები არ გადასცა.
საქართველოს მთავრობისთვის გაუგებარია, რატომ იღებს უკრაინის ხელისუფლება იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორი მეგობარი ქვეყნისა და ხალხის ერთმანეთისგან ხელოვნურად დაშორებისკენ არის მიმართული.
გამოვთქვამთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას, ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის. უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
ღრმად გვწამს, რომ როგორი გადაწყვეტილებებიც არ უნდა მიიღონ პოლიტიკოსებმა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულ მეგობრობას ვერაფერი შეარყევს.
თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის