USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
საქართველოს მცენარეები - კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana )
თარიღი:  2913

კავკასიური სოჭინორდმანის სოჭი (ლათ. Abies nordmanniana) — მარადმწვანე წიწვოვანი ხე ფიჭვისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 50 მ აღწევს, დიამეტრი 1,5 მ. შეკრულ ხეთადგომაში მისი პარამიდული ვარჯი დიდ სიმაღლეზე ტოტებისაგან გაწმენდილია, ეული ხე კი ძირიდანვე დატოტვილია, სიბერეში გადასულ ხეს ქერქი ღრმად და ტალღისებრად აქვს დაღარული. 2-3 (4) სმ სიგრძისა და 2-2,5 (3) მმ სიგანის წიწვები ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან კი 2 თეთრი ზოლი გასდევს.

წიწვები 9-12 წელს ცოცხლობს. ზედა ტოტებზე 12-20 სმ სიგრძის ბლაგვთავიანი გირჩები კელაპტრებივითა აქვს აღმართული, მომწიფებისას ზედვე იშლება ქერქლებად და ხეზე მხოლოდ დროებით რჩება გირჩის ღერძი.

გავრცელებულია კავკასიის დასავლეთ ნაწილში მთავარი კავკასიონის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებსა და სამხრეთ მთიანეთის მესხეთის და თრიალეთის ქედებზე. საქართველოში მისი გავრცელების უკიდურესი აღმოსავლეთი საზღვარი გადის მდინარე ალგეთზე, მანგლისთან.

კავკასიური სოჭი გვხვდება თურქეთში, პონტოს ქედის ფერდობებზე. იზრდება ზღვის დონიდან 1200-1500 მ-დან 2000-2300 მ-მდე. ადგილ-ადგილ ტყის მცენარეულობის გავრცელების სუბალპურ საზღვრამდეც ადის, მთავარი კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებსა და ამიერკავკასიის დასავლეთ ნაწილში იგი დაბლა, ზღვის დონიდან 600 მ-მდე ეშვება. ქმნის წმინდა კორომებს, ხშირად კი შერეულია ნაძვთან და წიფელთან.

კავკასიური სოჭი ჩრდილის ამტანი და სიცივეგამძლეა. მგრძობიარეა ზაფხულის მაღალი ტემპერატურისა და ჰაერის სიმშრალისადმი, სუსხზე კი აღმონაცენი უზიანდება. მეზოფილური ჯიშია, თუმცა ჭარბტენიან ნიადაგს გაურბის. კარგად ხარობს ნოყიერ ნიადაგზე. მცირედ დაქანებულ ფერდობებზე საკმაოდ ღრმა ფესვთა სისტემას ივითარებს და ქარგამძლეცაა.

შედარებით რბილი და მტვრევადი მერქანი აქვს, მაგრამ მაინც ფართოდ იყენებენ მშენებლობაში. მნიშვნელოვანია ქაღალდის წარმოებაში. ცოცხლობს 600-700 წელს. თესლს იძლევა 30-40 წლისა (კორომში უფრო გვიან). ყვავილობს მაისში, თესლი სცვივა ოქტომბერ-ნოემბერში. დეკორატიულია, აშენებენ ბაღებსა და პარკებში.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის