ავტორი: ნიკა ალავიძე [ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე; ანალიტიკური ცენტრის "ჯეო ქეისის" მრჩეველთა საბჭოს წევრი]
ჩვენ ყველას გვინდა, რომ მსოფლიოს და გალაქტიკის სამეულებში ვიყოთ პოზიტიურ ათვლაში, პროპაგანდისტები განუწყვეტლივ იმეორებენ ამ შეკაზმულ ფაქტს, რომ “საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია”. შეიძლება, ვიკითხოთ, რომელ სამეულზეა საუბარი და რატომ განსხვავდება ციფრები და რეალური ცხოვრება?!
ტოპ–3, ანუ “ჩაკნორისის” პოპკულტურის ეფექტი
კითხვა: რამდენი აზიდვა გააკეთა ჩაკ ნორისმა? — “ყველა”
ზუსტად ასევე, როგორც ამ პოპკულტურის იუმორისტულ შედევრშია მოცემული, პროპაგანდისტულ მედია საშუალებები, აქტიურად ავრცელებენ ამბებს შელამაზებული აქცენტებით, თითქოს უწყინრად:
“სავალუტო ფონდის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს ტოპ–3-შია ეკონომიკური პროგრესით.”
წყარო: https://newshub.ge/news/ekonomika/saertashoriso-savaluto-phondis-monatsemebit-sakartvelo-msophlios-sauketeso-sameulshia-da-evraziashi-pirvel-adgils-ikavebs
შთამბეჭდავია, მაგრამ ერთი “მცირე” პრობლემაა: IMF-ს ასეთი რეიტინგი საერთოდ არ გამოუქვეყნებია და ზოგადად, არც აქვეყნებს. ესაა ინტერპრეტაციები შემდეგ, ვისაც როგორ უნდა რომ მისი მხარდამჭერები და აბოლოს, თუმცა ეს ინსტრუმენტი არასდროს და არცერთ ეპოქაში შეზღუდული არ ყოფილა, სამწუხაროდ. თუმცა საზოგადოებები მეტ-ნაკლები წარმატებით, ადრე თუ გვიან ავლებდნენ ზღვარს პროპაგანდასა და რეალობას შორის.
სწორედ ამ ზღვრის გავლების მცდელობაა ეს წერილიც. თუ არ დაგეზარებათ გადაავლეთ თვალი და მაკრიტიკეთ რამდენიც გინდათ.
რეალობა რეალობაში:
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება, დაახლოებით, 7–7.5%-ით. ოპტიმისტურ სცენარში 10%-მდეც. ეს ნამდვილად კარგი ტემპია, თუმცა სწრაფი ზრდა არ უტოლდება მდგრად განვითარებას. ასევე მნიშვნელოვანია საბაზისო საწყისი, ანუ საიდან იზრდება ის, რაც იზრდება კონკრეტული განაკვეთით. თუ ეს საბაზისო საწყისი დიდია, ხომ კარგი. მაგალითად, ავიღოთ “დაქცეული” და დეკადანსში მყოფი გერმანიის ეკონომიკა, როგორც ამას გერმანიაში განათლებამიღებული არაპატივცემული სუბიექტები გვეუბნებიან:
როდესაც გერმანიის მშპ (4,5 ტრილიონი ევრო) იზრდება მხოლოდ 1%-ით, ეს ნიშნავს იმას, რომ ის იმატებს 45 მილიარდ ევროს ანუ მთელი საქართველოს მშპ-ის 1.2-ჯერ მეტს.
საქართველოს ეკონომიკის 10% ზრდა ნიშნავს — დამატებით 2.6 მილიარდ ევროს.
არის ეს საკმარისი კონკურენტული განვითარებისა და მომატებული კორუფციული მადის დაკმაყოფილებისათვის?! ალბათ უფრო მეორისთვის - კი, რადგან პირველისთვის ეს ძალიან ცოტაა, მით უმეტეს საუბარია 3.7 მილიონ ადამიანზე ინდივიდუალურად და ერთობლივად გადანაწილებულ ციფრზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე, რასაც მნიშვნელოვანი “ხელის შევლება” სჭირდება, რომ სრულად ჩაერთოს საერთშორისო კონკურენტულ თამაშებში.
ამიტომაა მნიშვნელოვანი უფრო მრავლაწახნაგური ანალიზი ზოგადად “ზრდის” და პროცენტული მაჩვენებლების აბსოლუტურ ციფრებში გადაყვანით, სხვადასხვა პარამეტრების და უცნობების გააზრებით და ანალიზით. პირველივე კლასებში გვასწავლიდნენ და მეტიც, “ლეგოს” სათამაშოც იგივე უნარის განვითარებისთვისაა შექმნილი, რომ აუცილებელია “დაშლა მარტივ მამრავლებად, რომ დავინახოთ დიდი სურათი” და მოვახერხოთ ინდივიდუალური სარგო-სარგებლის გაანალიზება, შესაბამისად, ამ მონაცემების გადატანაა საჭირო ქვეყნის და ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის გასაზომად.
ჩვენ ვართ იმ პოზიციაში, როდესაც (სამწუხაროდ) ვიზრდებით დაბალი საბაზისო წერტილიდან, ამ დროს პროცენტული მაჩვენებელი ყოველთვის შთამბეჭდავია, თუმცა კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია დავინახოთ ციფრები. ზრდა მხოლოდ მაშინ არის წარმატება, როცა ის რეალურად აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს. ანუ ინკლუზიურია და არა ექსკლუზიური. მაქსიმალურად მოიცავს საზოგადოების ფართო ფენებს და არა მხოლოდ მცირე ფეოდალურ კლანებს.
P.S. ცნობოლი ქართული ფილმის “ღიმილის ბიჭების” ასევე ცნობილი დიალოგიდან:
კითხვა: “ორი ტანკი უფრო მაგარია თუ ერთი?
პასუხი: “გააჩნია, რა შემთხვევაში”
სულ უნდა გვახსოვდეს ამ პასუხში გადმოცემული სიბრძნე და ჭეშმარიტება, დავსვათ მეტი კითხვა და არ მივიღოთ პროპაგნდა მოცემულობად.
“ყველაფერი ნებარდართულია ჩემთვის, თუმცა ყველაფერი სასარგებლო არაა”
პავლე მოციქული, პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თავი 10, 23–24
სად ვართ სინამდვილეში და ყველა ციფრი სასარგებლოა ნამდვილად?
ჩავშალოთ გასაგებ მარტივ მამრავლებად:
უმუშევრობა: ოფიციალურად ქვეყანაშია თითქმის 16% უმუშევრობის დონე (ქვეყანაში სადაც 3,7 მილიონი მოსახლეობაა), თუმცა რეალურად ეს ციფრი 25% სცილდება მარტივი მიზეზით — ათასობით “თვითდასაქმებული”, ვინც სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ღირებულების ეკონომიკურ საქმიანობაშია ჩართული და ამით ქვეყნის გადასახედიდან კონკურენტულ დოვლათს ვერ ქმნის. კარგად რომ გვესმოდეს, მოდით, დავაზუსტებ ყველაფერს (ციფრები საქსტატის) მონაცემებიდან ანუ პროპაგანდის გუნდიდან):
— საქართველოს მოსახლეობა (2025) — 3.7 მილიონი ადამიანი;
აქედან ეკონომიკურად აქტიური (შრომის ბაზარზეა) დაახლოებით — 1.65–1.70 მილიონი ადამიანი;
— ოფიციალური უმუშევრობის მაჩვენებელი (Geostat, 2025): ≈ 15.6%, ანუ 260,000–270,000
ასევე, თვითდასაქმებული — 20–22% დასაქმებულთა საერთო რაოდენობისდან;
ანუ 330,000 ადამიანი.
(Geostat-ის მეთოდოლოგიით თვითდასაქმებული ითვლება დასაქმებულად მაშინაც, როცა ეს საქმიანობა არ იძლევა სტაბილურ შემოსავალს, მაგალითად, მცირე მიწის დამუშავება, სეზონური ვაჭრობა ან არარეგისტრირებული სამუშაო).
თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი ეკონომიკურად ითვლება „დამალულ უმუშევრად“.
ამ მონაცემებით, გამოდის რომ საქართველოში დაახლოებით 450,000 ადამიანი[1] რეალურად ვერ პოულობს სტაბილურ შემოსავალს ან სრულფასოვან დასაქმებას, რაც თითქმის თითოეული მეოთხე შრომისუნარიანი მოქალაქეა. აქ თავს შეგნებულად შევიკავებ ემიგრაციისგან საუბარზე (ამჯერად).
ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონში და წარმოაჩენს ეკონომიკის სტრუქტურულ პრობლემას. მცირე წარმოებას, დაბალ პროდუქტიულობას და გადამეტებულ დამოკიდებულებას მომსახურების სექტორზე.
ამ ფაქტების გათვალისწინებით, დაუბრუნდეთ ჩვენი რეალობის შეფასებას, უკვე ოდნავ მომზადებულები:
ხშირად გვესმის, მათ შორის ძალიან ორგანიზებული უმსხვილესი ბიზნეს “შმასოციაცების” შეკრებებიდან და კვლევებიდან, რომ მათი მთავარი გამოწვევა “კომპეტენტური კადრების ნაკლებობაა” და ა.შ. თუმცა კომპეტენცია ხეზე არ იზრდება და არც წეროებს მოაქვს. ამაზე შემდეგ, დაწვრილებით შეიძლება საუბარი, მით უმეტეს ახალი ანტი-რეფორმის ანალიზისას.
მაგრამ კითხვას მაინც დავსვამ აქვე: რას აკეთებენ ეს უმსხვილესი და პრივილეგირებული ბიზნესები (უფრო დელეცები) ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად? ან იქნებ სახელმწიფოს პოლიტიკის შემუშავებაში დაეხმარონ და ნებაყოფლობით, იმ ტენდერებიდან რითაც ბიუჯეტს არიან მიწებებულინი და გამსხვილებულნი, კონკრეტული პროცენტული ვალდებულება აიღონ რომ განათლებაში და პროფესიულ გადამზადებაში ერთობლივად მოახდენენ ინვესტირებას, გამჭვირვალედ (საერთაშორისო პრაქტიკაში ამას R&D და R&I ქვია). ეს უბრალოდ, ერთერთი მინორული რეკომენდაციაა პასუხისმგებლიანი ბიზნესებისთვის… (ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა).
სოციალური სიდუხჭირე: თითქმის 710,000 ადამიანი ვინც იღებს სოციალურ შემწეობას ბიუჯეტიდან (ეს იგივე ბიუჯეტია რაც ამ ქვეყნის გადასახადის გადამხდელებისაგან ივსება), ხოლო დამატებით დაახლოებით 1.2 მილიონი ელოდება ამ დახმარებას, არ დაგვავიწყედეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 3,7 მილიონი ადამიანია. ანუ აქედან 1,9 მილიონი ადამინი სოციალური შემწობის მიმღები ან ამ შემწეობის მომლოდინეა. ალბათ იცით ეს შემწეობა რამდენს შეადგენს….(კინო რომ იყოს “R” სიმბოლოთი იქნებოიდა ეს მონაცემი შეზღუდული).
სავაჭრო ბალანსი: მკვეთრად უარყოფითია, ანუ ქვეყანა ყიდულობს იმაზე მეტს ვიდრე ყიდის, ანუ ვალუტა ამ საქმიანობით გადის იმაზე მეტი ვიდრე შემოდის, რასაც სჭირდება შესაბამის დაბალანსება. ამაზე შემდეგ.
2024 წელს საქართველოს სავაჭრო დეფიციტი იყო $6.5 მილიარდი, თითქმის მთლიანი ექსპორტის ოდენობის ტოლი.
რეექსპორტი: ექსპორტის ზრდის დიდი ნაწილი მანიპულაციაა და სამწუხაროდ დამაზიანებელი. ესაა გადამისამართებული საქონელი სანქციების თავიდან არიდების ასაცილებლად (ცენტრალური აზიისკენ მიმართული მილიარდობით ღირებულების სხვადასხვა ძვირად ღირებული ავტოები და ა.შ. ტექ. პროდუქტები). ორლესი მახვილის ეფექტით დაგვიბრუნდება — ნაკლებად ქმნის რეალურ ადგილობრივ ღირებულებას და დროის ფაქტორია რეპუტაციული და რეალური სანქციების სახით როდის დაბრუნდება.
სავალუტო რეზერვები: ყველაზე ხშირად გამოყენებული სატრაბახო ფაქტორია პროპაგანდის ხელში. ნომინალურად იზრდება, თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს რეზერვები ნაწილობრივ შედგება კომერციული ბანკების მიმართ დაწესებული სავალდებულო მინიმალური მოთხოვნისგან, რაც დაბლოკილია. მაგრამ ეს არ ნიშნავს თავისუფალ ფულად ბუფერს, ამ რეზერვს ქვეყანა ვერ გამოიყენებს საკუთარი საჭიროებებისათვის.
ვალუტის შემოდინება: ძირითადი არხები (2024 წელი):
· რემიტენსები ანუ უცხოეთიდან ჩარიცხული თანხები: 35–40% — $3,2 მილიარდი; წილი მშპ- 16%
· ტურიზმი: 25- 30% — $5 მილიარდი; წილი მშპ-ში 21–22%
· საქონლის ექსპორტი: $5.8 მილიარდი; მშპ-ში წილი 24% (თუმცა აქ რეექსტპორტის წილი უნდა იქნეს ამოღებული)
· საერთაშორისო დონორები და საფინანსო ისნტიტუტები: $0.6–0.8. მილიარდი, წილი მშპ-ში 3% (რაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამო).
· პირდაპირი უცხოური ინვესტციები: 5–8%, $1–1,2 მილიარდი, რაც სწრაფი ტემპით მცირდება
ვალის მომსახურება: 2026 წლის აპრილში ქვეყანას გვიწევს 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციის დაფარვა, თანხა დიდი არაა ჩვენს ეკონომიკასთან შედარებით, თუმცა შეიცავს სხვადასხვა გზავნილებს, მათ შორის ფინანსური დისციპლინის შეხსენებას, რაც აქამდე ძალიან კარგი გვქონდა და იმედია არ შეიცვლება. თუმცა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და გლობალურ “დიფ სტეიტთან” ბრძოლაში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ასეთი ინსტიტუტი ამ გეოგრაფიაშია და ზოგადად საფასო პოლიტიკაც შეცვლილია.
ასევე განაცხადა ფინინისთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომ მომავალში შესაძლოა სესხის მომსახურების ხარჯი გაგვეზარდოს ანუ სესხების მომსახურებაზე, რასაც მოვიზიდავთ მეტი გადასახდელი გვექნება. ეგეც იმ საკრარული ბიუჯეტის ხვედრია, რომ გვესმოდეს.
ასევე, დამდგარი საარბიტრაჟო დავების შედეგი, გადასახდელი გვაქვს მილარდობით ლარი, ინვესტორებთან წაგებულ დავებში.
· M2 მაჩვენებელი (აქ ცოტა გრძელი ტექსტი გამოვა):
ქართული ეკონომიკის “600 მილიონი ჩრდილოვანი მხარე”.
“600 million shades of Georgia’s Economy…”
2025 წლის საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად გამოიყურება, ფულის მასა იზრდება, ლარი სტაბილურია, ეკონომიკური ზრდა 7%-ს აჭარბებს. “ყველაფერი გენიალურადაა”…. თუმცა ამ სტატისტიკის შიგნით რებუსი მაინც იმალება. ჩანს განვითარებადი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ფენომენი: რიცხვები რეალობაზე სწრაფად იზრდება. ფულის მასის ზრდა ეკონომიკაზე უფრო სწრაფია, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი მასა (M2) 2019 წლიდან დღემდე გასამმაგდა: 8 მილიარდიდან 30 მლრდ ლარამდე.
თუმცა იმავე პერიოდში მშპ გაიზარდა მხოლოდ 25–30%-ით (კომბინირებულად). ეს ნიშნავს, რომ ფული ეკონომიკაში ბრუნავს უფრო სწრაფად, ვიდრე რეალური ღირებულება იქმნება. ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელია მომსახურება, სამშენებლო “ბუმი” (დეველოპმენტი და სახელმწიფო შესყიდვა ინფრასტრუქტურის და სხვა სამშენებლო მიმართულებით, მათ შორის დაუსრულებელი სკოლები, ბაღები, ხიდები, გზები, სპორტული დარბაზები, სტადიონები და ა.შ.), ასევე რეექსპორტი, რაც რაოდენობას კი ზრდის, თუმცა არა პროდუქტიულობას. ფული მოძრაობს, მაგრამ ნაკლებად “მუშაობს”.
არ დაგვავიწყდეს, საკრარული 600 მილიონი დოლარის ტრანზაქცია, ოფიციალურად მხოლოდ ერთი კაცის გუნდის მიერ შესრულებული. საქართველოს მშპ თითქმის 30 მილიარდი დოლარია, საიდანაც 1 პირს $600 მილიონის “გაიმასქნება “ შეუძლია...
ასეთი მოცულობის „შავი ფულის“ ბრუნვა მხოლოდ სისტემური დისბალანსის მაჩვენებელია და ავტომატურად მ2 მაჩვენებლსაც ზრდის. არალეგალური ტრანზაქციები ქმნის ფიქტიურ ლიკვიდობას და რა თქმა უნდა აისახება დახატულ ციფრებიან ეკონიმიკაში.
სავალუტო ბაზარი კარგავს ნამდვილი მოთხოვნა-მიწოდების სურათს; რეზერვების მოცულობა ხელოვნურად იზრდება, და საბოლოოდ შესაძლებელია მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კოსმეტიკური გაფერადება. შედეგად, ეროვნული ბანკის მაჩვენებლებია “სტაბილური და სისტემური”, მსხვილი მოთამაშეებიც ბედნიერები არიან, პასუხისმგებელი არავინაა გარდა “ვალუტჩიკის”ერთკაციანი განქსტერული გუნდისა…
თუ ამ დაშვებებს მინიმალურად მივიღებთ მხედველობაში, გამოვა, რომ ეკონომიკაში ბევრი ფულია, თუმცა არა ღირებულებით (მსყიდველობითი უნარით, რაც აუცილებლად არის, თუმცა არაა გადანაწილებული თანაბრად, ან თანაბართან მიახლოებითადაც კი).
ფულის მასა იზრდება რეალური წარმოების გარეშე, ეკონომიკა დგას არასტაბილურ საფუძველზე, შევსებულია ფულით, მაგრამ არა შინაარსით. ასეთ ვითარებაში ფული უფრო სწრაფად მოძრაობს, ფასები იზრდება, მაგრამ ეკონომიკის სტრუქტურა არ უმჯობესდება. საქართველოს ეკონომიკა დღეს არის ამ პარადოქსის კლასიკური მაგალითი: ფული ბევრია პროგრესი ცოტა.
არ დაგვავიწყდეს ინფლაცია. ოფიციალური და რეალური…. (ამაზე შემდეგ შეიძლება ცალკე საუბარი)
ეკონომიკური ზრდა: ეკონომიკის ზრდის პირობებში, სტაბილურად შენარჩუნებული 10%-იანი ტემპითაც, სამწუხაროდ ვერ გახდებით კონკურენტუნარიანი ევროპასთან ან აზიის “ვეფხვებთან” შედარებით, რადგან კიდევ და კიდევ მნიშვნელოვანია საწყისი ბაზისი, აბსოლუტური ციფრებიდან გამომდინარე და ის, თუ რა რეალური თანხების მობილიზებას შეძლებს ქვეყანა დააბანდოს მზარდ და მოთხოვნად ინფრასტრუქტურაში, როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურში (გზები და განათლება, ჯანდაცვა და სოციალური პროექტები, ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, რაც მნიშვნელოვანია პროდუქტიულობისათვის და ა.შ.).
ზრდის ხარისხი მნიშვნელოვანია არანაკლებად, ვიდრე მისი მოცულობა და სიჩქარე.
თუ ჩვენ უსასრულოდ გავაგრძელებთ დაბალ პროდუქტიულ ეკონომიკური მოდელით საქმიანობას და ციფრებით ტკბობას, სადაც მთავარი დინამიკა მოდის სამშენებლო “ბუმზე”, როდესაც დეველოპერები 10 წლიანი შიდა განვადებების ხარჯზე გადიან ფონს, სახელმწიფოს მიერ საეჭვო ტენდერებით გაბერილ უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, დავეკიდებით რეექსპორტზე და მომსახურებაზე დაფუძნებულ ეკონომიკურ მოდელს, ეს 10%-იანი ზრდა არანაირად არ აღმოჩნდება მდგრადი და საკმარისი (ასევე უნდა გავითვალისწინოთ იმ თავზე ხელაღებული კორუფციის მასშტაბი).
გვჭირდება კონკურენტუნარიანობა და ამ მიმართულებით ინვესტირება! ამის მისაღწევად კი ციფრებით თავის მოწონება გამოსავალი არაა, ეს დამაზიანებელია და დანაშაულია! საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომ “ზრდა” გადაიქცეს განვითარებად:
განათლება: ეს არაა ხარჯი, ესაა ინვესტიცია და ბიზნესშესაძლებლობა.
განათლებაზე ბიუჯეტის მხოლოდ 3–3.5% იხარჯება. და ბიუჯეტის ახალი პროექტით ეს ციფრი მცირდება, ესაა დანაშაული!
მცირედით რომ განვითარდეთ მომავალში, აუცილებელია რომ ეს ციფრი მინიმუმ 6% იყოს მშპ-სთან მიმართებით. რაც კონკურენტულ განათლებასა და პროფესიულ უნარებზე უნდა იყოს მიმართული, განსაკუთრებით STEM მიმართულებით.
განათლებული საზოგადოება არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა გამოვიდეს “იაფი შრომის ეკონომიკიდან”.
ინოვაცია და კვლევა R&I: საქართველოს ბიუჯეტის და კერძო სექტორის წილი, კვლევასა, ინოვაციურობასა და განვითარების კუთხით R&D, R&I, არის სასაცილო 0.3%, ანუ თითქმის არაფერი…. (ამ ხარჯში კი წლების მანძილზე არ მომხდარა ეფექტურიბის შეფასება, ანუ რაც დაიხარჯა როგორ და რა შედეგით?).
თუ გვსურს კონკურენტუნარიანობა, მიზანი უნდა იყოს 2% ფარგლებში, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მეცნიერებსა და ინოვატორებს შექმნან რეალური პროდუქტი, მასშტაბირებადი და შევამცროთ დამოკიდებულება იმპორტზე. (და არა კორუმპირებულ რეტროგრადებს აღუდგენს “შმეცნიერების” აკადემიას, რომ მეტად გაფლანგონ ამ ქვეყნის მომავალი).
თავდაცვა: რეგიონული რისკების პირობებში აუცილებელია თავდაცვაზე გაზრდილი იქნას ეს ალოკაცია ასევე 3–3,5% ფარგლებში მაინც, რადგან საფუძვლიანი, თუ არა სრული განახლება მოხდეს თანამედროვე საფრთხეებთან გასამკლავებლად. + ტექნოლოგიური განახლება და დაცვა კიბერ საფრთხეებისგან.
ეს გადამწყვეტი ფაქტორია ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
სოციალური პოლიტიკა, დახმარება vs. შესაძლებლობა: არასდროს არ ყოფილა “თევზების დარიგება” პროდუქტიული, სანაცვლოდ საჭიროა “ანკესის” მიცემა და სწავლება თუ როგორ უნდა ითევზაონ. დახმარება უნდა იყოს მიზნობრივი და დროებითი.
რეალური გზაა დასაქმება, რაც მხოლოდ პროფესიული გადამზადების და მცირე ბიზნესის ხელშეწყობით, თუმცა გამართული, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული გამოცდილებით და ხელშეწყობით. (მაგრამ ისევ ის დიფსტეიტია სცენაზე…)
ზრდა არაფერია, თუ ის მხოლოდ სტატისტიკაა: ეკონომიკა რეალურად იწყებს ზრდას მაშინ, როცა მოქალაქეები გრძნობენ შესაძლებლობებს, როცა ეს ინკლუზიურად ხდება და როცა განათლება იძლევა რეალური დასაქმების შესაძლებლობას, ინოვაცია ქმნის პროდუქტს, და ბიზნესი იცავს გარემოს, ხოლო სახელმწიფო იცავს მოქალაქეს. დიახ, ბიზნესი ასევე ეთიკურ ნორმებს აღიარებს და არაა მხოლოდ ბიუჯეტზე მიწებებული.
გარდა სხვა უამრავი გამოწვევისა, ჩვენ კიდევ “ციფრული ოპტიმიზმიც” გვემუქრება. ანუ როდესაც სტატისტიკა რეალობას ჯობს და ამას პროპაგანდა აქტიურად იყენებს;
დიდი გამოწვევაა “კომპეტენციის ეკონომიკაზე” გადასვლა და ამ მიმართულებით სვლა, რაც ნიშნავს რომ რეალური ზრდა ადამინებს უნდა ემსახუროს და არა პირიქით, მხოლოდ მცირე ფეოდალურ ჯგუფს, ვინც უპირატესობას “ქეშს და ოქროს” ანიჭებს, მუთაქაში.
ციფრებიდან რეალობაში
არცერთ ქვეყანას არ სჭირდება მხოლოდ მაღალ პროცენტიანი ზრდის პლაკატი, საჭიროა მიზანი. რაც განათლებით, ინოვაციურობით და გამჭვირვალობით მიიღწევა და გრძელვადიანად არის გაწერილი გეგმაში და არის შესაბამისი ხედვა და მზაობა, საჭირო იმპროვიზაციის უნარით ამ გზაზე. ესაა უნივერსალური ქვაკუთხედი რომელზეც დგას ნებისმიერი წარმატებული ქვეყანა და ეკონომიკა.
ნიკო ნიკოლაძის ქმედებები და მიზნები ზუსტად ასე გამოიყურებოდა და ჩვენ დღეს ისევ მისი და მისი კოლეგების დარგული ხის ჩრდილში ვიწონებთ თავს.
პატიოსნება, შრომა და ცოდნა.
ესაა “საიდუმლო” ფორმულა საქართველოს და ნებისმიერი ქვეყნის პროგრესისთვის.
ქვეყნის განვითარება ვერ მოხდებოდა ვერც მხოლოდ პოლიტიკით, პროპაგანდით და ვერც მხოლოდ ეროვნულობით, თუ საზოგადოება არ იქნებოდა განათლებული, შრომისმოყვარე და ზნეობრივად წესიერი.
საუკუნის დასაწყისშიც, მთავარი ხედვა იყო ევროპული მოდერნიზაციისა და ეთიკური ეკონომიკის იდეის საფუძველით განპირობებული, რომელიც დღემდე აქტუალურია და მნიშვნელოვანია. ჩვენ დღემდე ამ რეცეპტიც მიღწეული წარმატების ბენეფიციარები ვართ.
შეგვწევს უნარი რომ ვიმსჯელოთ ამ ღირებულებებზე და აქვს მორალური უფლება რომ ამ მსჯელობაში შემოვიდეს არსებული მმართველობითი კლანი?
“არა არს კაცი რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს”
რომაელთა მიმართ ეპისტოლე 3:23
თუმცა ამას დაფიქრება და შეცდომის აღიარება სჭირდება დაუყოვნებლივ.
აუცილებელია სახელმწიფომ დაიწყოს ბიუჯეტის გადანაწილება ადამიანების მომავლისთვის და არა ამჟამინდელი სტატისტიკის გასალამაზებლად. ასევე არ დაგავიწყდეთ ამ ბიუჯეტის გაფლანგვის გაზრდილი მასშტაბი და აღიარებები, რაც სისტემური და გრძელვადიანი დანაშაულია.
ეს უმსგავსობა სასწრაფოდ უნდა დასრულდეს და რეალურ საქმეზე გადავიდეთ ერთად, პატიოსნებით, შრომით და ცოდნის გაღრმავებით.
P.S.
როდესაც კითხვაზე — რამდენი “მილიციელია” ერთი სამედიცინო პირბადის ამოსაღებად და დასალუქად?” და პასუხია “მთელი სისტემა”…
ეს დამატებით უშველებელი და გაუმართლებელი საბიუჯეტო ხარჯია. არაფერს ვიტყვით ადამიანების საბაზისო უფლებებზე და კონსტიტუციაზე, ადამიანს რომ აკავებენ მისი პროფესიის გამო, რომ ის ცნობილი და სიცოცხლის გადამრჩენელი ექიმია და ამ “სტატუსით” აკნინებენ და აგინებენ….
ესაა სისტემური დანაშაული და ამ სისტემას არ ძალუძს პატიოსნებით, შრომით და ცოდნით სარგებლის მოტანა და რამის გაკეთება გარდა ძალმომრეობისა, ძარცვისა და გაზულუქებისა; ეს ძალა კი მხოლოდ დადუმებულ საზოგადოებაზე დგას.
ზედმეტად გავერთეთ, სანამ სრულად არ ჩამოიშალა ეს საუკუნოვანი ისტორია და “ენაი საზეპურო” მკვდარი ენების რიცხვს არ შეუერთდა მოვეგოთ გონს, ყველა, მსხვილი, წვრილი, მსუქანი და გამხდარი ბიზნესი და ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქე.
ნუ დავემორჩილებით პროპაგანდას. ვიაზროვნოთ, დავსვათ კითხვები, დავქოქოთ და გავასწოროთ მორალური კომპასი.
[1] იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის არსებული მმართველი რეჟიმი იზიარებს ცნობილი ავტოკრატი და დიქტატორის ასევე ცნობილ სიტყვებს — “ერთი ადამიანის დაღუპვა ტრაგედიაა, ათეულობით ათასის კი სტატისტიკა”, მაშინ ყველაფერი “ლაგდება.