USD 2.6005
EUR 2.9154
RUB 3.0545
თბილისი
საქართველოს ეკონომიკა: სადაც ციფრები უფრო ბედნიერია, ვიდრე ადამიანი|ნიკა ალავიძის ბლოგი
თარიღი:  804

ავტორი: ნიკა ალავიძე [ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე; ანალიტიკური ცენტრის "ჯეო ქეისის" მრჩეველთა საბჭოს წევრი]

ჩვენ ყველას გვინდა, რომ მსოფლიოს და გალაქტიკის სამეულებში ვიყოთ პოზიტიურ ათვლაში, პროპაგანდისტები განუწყვეტლივ იმეორებენ ამ შეკაზმულ ფაქტს, რომ “საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია”. შეიძლება, ვიკითხოთ, რომელ სამეულზეა საუბარი და რატომ განსხვავდება ციფრები და რეალური ცხოვრება?!

ტოპ–3, ანუ “ჩაკნორისის” პოპკულტურის ეფექტი
კითხვა: რამდენი აზიდვა გააკეთა ჩაკ ნორისმა? — “ყველა”

ზუსტად ასევე, როგორც ამ პოპკულტურის იუმორისტულ შედევრშია მოცემული, პროპაგანდისტულ მედია საშუალებები, აქტიურად ავრცელებენ ამბებს შელამაზებული აქცენტებით, თითქოს უწყინრად:
“სავალუტო ფონდის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს ტოპ–3-შია ეკონომიკური პროგრესით.”
წყარო: https://newshub.ge/news/ekonomika/saertashoriso-savaluto-phondis-monatsemebit-sakartvelo-msophlios-sauketeso-sameulshia-da-evraziashi-pirvel-adgils-ikavebs

შთამბეჭდავია, მაგრამ ერთი “მცირე” პრობლემაა: IMF-ს ასეთი რეიტინგი საერთოდ არ გამოუქვეყნებია და ზოგადად, არც აქვეყნებს. ესაა ინტერპრეტაციები შემდეგ, ვისაც როგორ უნდა რომ მისი მხარდამჭერები და აბოლოს, თუმცა ეს ინსტრუმენტი არასდროს და არცერთ ეპოქაში შეზღუდული არ ყოფილა, სამწუხაროდ. თუმცა საზოგადოებები მეტ-ნაკლები წარმატებით, ადრე თუ გვიან ავლებდნენ ზღვარს პროპაგანდასა და რეალობას შორის.

სწორედ ამ ზღვრის გავლების მცდელობაა ეს წერილიც. თუ არ დაგეზარებათ გადაავლეთ თვალი და მაკრიტიკეთ რამდენიც გინდათ.

რეალობა რეალობაში:

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება, დაახლოებით, 7–7.5%-ით. ოპტიმისტურ სცენარში 10%-მდეც. ეს ნამდვილად კარგი ტემპია, თუმცა სწრაფი ზრდა არ უტოლდება მდგრად განვითარებას. ასევე მნიშვნელოვანია საბაზისო საწყისი, ანუ საიდან იზრდება ის, რაც იზრდება კონკრეტული განაკვეთით. თუ ეს საბაზისო საწყისი დიდია, ხომ კარგი. მაგალითად, ავიღოთ “დაქცეული” და დეკადანსში მყოფი გერმანიის ეკონომიკა, როგორც ამას გერმანიაში განათლებამიღებული არაპატივცემული სუბიექტები გვეუბნებიან:

როდესაც გერმანიის მშპ (4,5 ტრილიონი ევრო) იზრდება მხოლოდ 1%-ით, ეს ნიშნავს იმას, რომ ის იმატებს 45 მილიარდ ევროს ანუ მთელი საქართველოს მშპ-ის 1.2-ჯერ მეტს.

საქართველოს ეკონომიკის 10% ზრდა ნიშნავს — დამატებით 2.6 მილიარდ ევროს.
არის ეს საკმარისი კონკურენტული განვითარებისა და მომატებული კორუფციული მადის დაკმაყოფილებისათვის?! ალბათ უფრო მეორისთვის - კი, რადგან პირველისთვის ეს ძალიან ცოტაა, მით უმეტეს საუბარია 3.7 მილიონ ადამიანზე ინდივიდუალურად და ერთობლივად გადანაწილებულ ციფრზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე, რასაც მნიშვნელოვანი “ხელის შევლება” სჭირდება, რომ სრულად ჩაერთოს საერთშორისო კონკურენტულ თამაშებში.

ამიტომაა მნიშვნელოვანი უფრო მრავლაწახნაგური ანალიზი ზოგადად “ზრდის” და პროცენტული მაჩვენებლების აბსოლუტურ ციფრებში გადაყვანით, სხვადასხვა პარამეტრების და უცნობების გააზრებით და ანალიზით. პირველივე კლასებში გვასწავლიდნენ და მეტიც, “ლეგოს” სათამაშოც იგივე უნარის განვითარებისთვისაა შექმნილი, რომ აუცილებელია “დაშლა მარტივ მამრავლებად, რომ დავინახოთ დიდი სურათი” და მოვახერხოთ ინდივიდუალური სარგო-სარგებლის გაანალიზება, შესაბამისად, ამ მონაცემების გადატანაა საჭირო ქვეყნის და ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის გასაზომად.

ჩვენ ვართ იმ პოზიციაში, როდესაც (სამწუხაროდ) ვიზრდებით დაბალი საბაზისო წერტილიდან, ამ დროს პროცენტული მაჩვენებელი ყოველთვის შთამბეჭდავია, თუმცა კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია დავინახოთ ციფრები. ზრდა მხოლოდ მაშინ არის წარმატება, როცა ის რეალურად აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს. ანუ ინკლუზიურია და არა ექსკლუზიური. მაქსიმალურად მოიცავს საზოგადოების ფართო ფენებს და არა მხოლოდ მცირე ფეოდალურ კლანებს.

P.S. ცნობოლი ქართული ფილმის “ღიმილის ბიჭების” ასევე ცნობილი დიალოგიდან:
კითხვა: “ორი ტანკი უფრო მაგარია თუ ერთი?
პასუხი: “გააჩნია, რა შემთხვევაში”

სულ უნდა გვახსოვდეს ამ პასუხში გადმოცემული სიბრძნე და ჭეშმარიტება, დავსვათ მეტი კითხვა და არ მივიღოთ პროპაგნდა მოცემულობად.

“ყველაფერი ნებარდართულია ჩემთვის, თუმცა ყველაფერი სასარგებლო არაა”
პავლე მოციქული, პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თავი 10, 23–24

სად ვართ სინამდვილეში და ყველა ციფრი სასარგებლოა ნამდვილად?
ჩავშალოთ გასაგებ მარტივ მამრავლებად:

უმუშევრობა: ოფიციალურად ქვეყანაშია თითქმის 16% უმუშევრობის დონე (ქვეყანაში სადაც 3,7 მილიონი მოსახლეობაა), თუმცა რეალურად ეს ციფრი 25% სცილდება მარტივი მიზეზით — ათასობით “თვითდასაქმებული”, ვინც სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ღირებულების ეკონომიკურ საქმიანობაშია ჩართული და ამით ქვეყნის გადასახედიდან კონკურენტულ დოვლათს ვერ ქმნის. კარგად რომ გვესმოდეს, მოდით, დავაზუსტებ ყველაფერს (ციფრები საქსტატის) მონაცემებიდან ანუ პროპაგანდის გუნდიდან):

— საქართველოს მოსახლეობა (2025) — 3.7 მილიონი ადამიანი;
აქედან ეკონომიკურად აქტიური (შრომის ბაზარზეა) დაახლოებით — 1.65–1.70 მილიონი ადამიანი;
— ოფიციალური უმუშევრობის მაჩვენებელი (Geostat, 2025): ≈ 15.6%, ანუ 260,000–270,000
ასევე, თვითდასაქმებული — 20–22% დასაქმებულთა საერთო რაოდენობისდან;
ანუ 330,000 ადამიანი.
(Geostat-ის მეთოდოლოგიით თვითდასაქმებული ითვლება დასაქმებულად მაშინაც, როცა ეს საქმიანობა არ იძლევა სტაბილურ შემოსავალს, მაგალითად, მცირე მიწის დამუშავება, სეზონური ვაჭრობა ან არარეგისტრირებული სამუშაო).


თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი ეკონომიკურად ითვლება „დამალულ უმუშევრად“.

ამ მონაცემებით, გამოდის რომ საქართველოში დაახლოებით 450,000 ადამიანი[1] რეალურად ვერ პოულობს სტაბილურ შემოსავალს ან სრულფასოვან დასაქმებას, რაც თითქმის თითოეული მეოთხე შრომისუნარიანი მოქალაქეა. აქ თავს შეგნებულად შევიკავებ ემიგრაციისგან საუბარზე (ამჯერად).

ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონში და წარმოაჩენს ეკონომიკის სტრუქტურულ პრობლემას. მცირე წარმოებას, დაბალ პროდუქტიულობას და გადამეტებულ დამოკიდებულებას მომსახურების სექტორზე.

ამ ფაქტების გათვალისწინებით, დაუბრუნდეთ ჩვენი რეალობის შეფასებას, უკვე ოდნავ მომზადებულები:

ხშირად გვესმის, მათ შორის ძალიან ორგანიზებული უმსხვილესი ბიზნეს “შმასოციაცების” შეკრებებიდან და კვლევებიდან, რომ მათი მთავარი გამოწვევა “კომპეტენტური კადრების ნაკლებობაა” და ა.შ. თუმცა კომპეტენცია ხეზე არ იზრდება და არც წეროებს მოაქვს. ამაზე შემდეგ, დაწვრილებით შეიძლება საუბარი, მით უმეტეს ახალი ანტი-რეფორმის ანალიზისას.

მაგრამ კითხვას მაინც დავსვამ აქვე: რას აკეთებენ ეს უმსხვილესი და პრივილეგირებული ბიზნესები (უფრო დელეცები) ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად? ან იქნებ სახელმწიფოს პოლიტიკის შემუშავებაში დაეხმარონ და ნებაყოფლობით, იმ ტენდერებიდან რითაც ბიუჯეტს არიან მიწებებულინი და გამსხვილებულნი, კონკრეტული პროცენტული ვალდებულება აიღონ რომ განათლებაში და პროფესიულ გადამზადებაში ერთობლივად მოახდენენ ინვესტირებას, გამჭვირვალედ (საერთაშორისო პრაქტიკაში ამას R&D და R&I ქვია). ეს უბრალოდ, ერთერთი მინორული რეკომენდაციაა პასუხისმგებლიანი ბიზნესებისთვის… (ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა).

სოციალური სიდუხჭირე: თითქმის 710,000 ადამიანი ვინც იღებს სოციალურ შემწეობას ბიუჯეტიდან (ეს იგივე ბიუჯეტია რაც ამ ქვეყნის გადასახადის გადამხდელებისაგან ივსება), ხოლო დამატებით დაახლოებით 1.2 მილიონი ელოდება ამ დახმარებას, არ დაგვავიწყედეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 3,7 მილიონი ადამიანია. ანუ აქედან 1,9 მილიონი ადამინი სოციალური შემწობის მიმღები ან ამ შემწეობის მომლოდინეა. ალბათ იცით ეს შემწეობა რამდენს შეადგენს….(კინო რომ იყოს “R” სიმბოლოთი იქნებოიდა ეს მონაცემი შეზღუდული).

სავაჭრო ბალანსი: მკვეთრად უარყოფითია, ანუ ქვეყანა ყიდულობს იმაზე მეტს ვიდრე ყიდის, ანუ ვალუტა ამ საქმიანობით გადის იმაზე მეტი ვიდრე შემოდის, რასაც სჭირდება შესაბამის დაბალანსება. ამაზე შემდეგ.

2024 წელს საქართველოს სავაჭრო დეფიციტი იყო $6.5 მილიარდი, თითქმის მთლიანი ექსპორტის ოდენობის ტოლი.

რეექსპორტი: ექსპორტის ზრდის დიდი ნაწილი მანიპულაციაა და სამწუხაროდ დამაზიანებელი. ესაა გადამისამართებული საქონელი სანქციების თავიდან არიდების ასაცილებლად (ცენტრალური აზიისკენ მიმართული მილიარდობით ღირებულების სხვადასხვა ძვირად ღირებული ავტოები და ა.შ. ტექ. პროდუქტები). ორლესი მახვილის ეფექტით დაგვიბრუნდება — ნაკლებად ქმნის რეალურ ადგილობრივ ღირებულებას და დროის ფაქტორია რეპუტაციული და რეალური სანქციების სახით როდის დაბრუნდება.

სავალუტო რეზერვები: ყველაზე ხშირად გამოყენებული სატრაბახო ფაქტორია პროპაგანდის ხელში. ნომინალურად იზრდება, თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს რეზერვები ნაწილობრივ შედგება კომერციული ბანკების მიმართ დაწესებული სავალდებულო მინიმალური მოთხოვნისგან, რაც დაბლოკილია. მაგრამ ეს არ ნიშნავს თავისუფალ ფულად ბუფერს, ამ რეზერვს ქვეყანა ვერ გამოიყენებს საკუთარი საჭიროებებისათვის.

ვალუტის შემოდინება: ძირითადი არხები (2024 წელი):

· რემიტენსები ანუ უცხოეთიდან ჩარიცხული თანხები: 35–40% — $3,2 მილიარდი; წილი მშპ- 16%

· ტურიზმი: 25- 30% — $5 მილიარდი; წილი მშპ-ში 21–22%

· საქონლის ექსპორტი: $5.8 მილიარდი; მშპ-ში წილი 24% (თუმცა აქ რეექსტპორტის წილი უნდა იქნეს ამოღებული)

· საერთაშორისო დონორები და საფინანსო ისნტიტუტები: $0.6–0.8. მილიარდი, წილი მშპ-ში 3% (რაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამო).

· პირდაპირი უცხოური ინვესტციები: 5–8%, $1–1,2 მილიარდი, რაც სწრაფი ტემპით მცირდება

ვალის მომსახურება: 2026 წლის აპრილში ქვეყანას გვიწევს 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციის დაფარვა, თანხა დიდი არაა ჩვენს ეკონომიკასთან შედარებით, თუმცა შეიცავს სხვადასხვა გზავნილებს, მათ შორის ფინანსური დისციპლინის შეხსენებას, რაც აქამდე ძალიან კარგი გვქონდა და იმედია არ შეიცვლება. თუმცა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და გლობალურ “დიფ სტეიტთან” ბრძოლაში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ასეთი ინსტიტუტი ამ გეოგრაფიაშია და ზოგადად საფასო პოლიტიკაც შეცვლილია.

ასევე განაცხადა ფინინისთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომ მომავალში შესაძლოა სესხის მომსახურების ხარჯი გაგვეზარდოს ანუ სესხების მომსახურებაზე, რასაც მოვიზიდავთ მეტი გადასახდელი გვექნება. ეგეც იმ საკრარული ბიუჯეტის ხვედრია, რომ გვესმოდეს.
ასევე, დამდგარი საარბიტრაჟო დავების შედეგი, გადასახდელი გვაქვს მილარდობით ლარი, ინვესტორებთან წაგებულ დავებში.

· M2 მაჩვენებელი (აქ ცოტა გრძელი ტექსტი გამოვა):
ქართული ეკონომიკის “600 მილიონი ჩრდილოვანი მხარე”.
“600 million shades of Georgia’s Economy…”

2025 წლის საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად გამოიყურება, ფულის მასა იზრდება, ლარი სტაბილურია, ეკონომიკური ზრდა 7%-ს აჭარბებს. “ყველაფერი გენიალურადაა”…. თუმცა ამ სტატისტიკის შიგნით რებუსი მაინც იმალება. ჩანს განვითარებადი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ფენომენი: რიცხვები რეალობაზე სწრაფად იზრდება. ფულის მასის ზრდა ეკონომიკაზე უფრო სწრაფია, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი მასა (M2) 2019 წლიდან დღემდე გასამმაგდა: 8 მილიარდიდან 30 მლრდ ლარამდე.

თუმცა იმავე პერიოდში მშპ გაიზარდა მხოლოდ 25–30%-ით (კომბინირებულად). ეს ნიშნავს, რომ ფული ეკონომიკაში ბრუნავს უფრო სწრაფად, ვიდრე რეალური ღირებულება იქმნება. ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელია მომსახურება, სამშენებლო “ბუმი” (დეველოპმენტი და სახელმწიფო შესყიდვა ინფრასტრუქტურის და სხვა სამშენებლო მიმართულებით, მათ შორის დაუსრულებელი სკოლები, ბაღები, ხიდები, გზები, სპორტული დარბაზები, სტადიონები და ა.შ.), ასევე რეექსპორტი, რაც რაოდენობას კი ზრდის, თუმცა არა პროდუქტიულობას. ფული მოძრაობს, მაგრამ ნაკლებად “მუშაობს”.

არ დაგვავიწყდეს, საკრარული 600 მილიონი დოლარის ტრანზაქცია, ოფიციალურად მხოლოდ ერთი კაცის გუნდის მიერ შესრულებული. საქართველოს მშპ თითქმის 30 მილიარდი დოლარია, საიდანაც 1 პირს $600 მილიონის “გაიმასქნება “ შეუძლია...

ასეთი მოცულობის „შავი ფულის“ ბრუნვა მხოლოდ სისტემური დისბალანსის მაჩვენებელია და ავტომატურად მ2 მაჩვენებლსაც ზრდის. არალეგალური ტრანზაქციები ქმნის ფიქტიურ ლიკვიდობას და რა თქმა უნდა აისახება დახატულ ციფრებიან ეკონიმიკაში.

სავალუტო ბაზარი კარგავს ნამდვილი მოთხოვნა-მიწოდების სურათს; რეზერვების მოცულობა ხელოვნურად იზრდება, და საბოლოოდ შესაძლებელია მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კოსმეტიკური გაფერადება. შედეგად, ეროვნული ბანკის მაჩვენებლებია “სტაბილური და სისტემური”, მსხვილი მოთამაშეებიც ბედნიერები არიან, პასუხისმგებელი არავინაა გარდა “ვალუტჩიკის”ერთკაციანი განქსტერული გუნდისა…

თუ ამ დაშვებებს მინიმალურად მივიღებთ მხედველობაში, გამოვა, რომ ეკონომიკაში ბევრი ფულია, თუმცა არა ღირებულებით (მსყიდველობითი უნარით, რაც აუცილებლად არის, თუმცა არაა გადანაწილებული თანაბრად, ან თანაბართან მიახლოებითადაც კი).

ფულის მასა იზრდება რეალური წარმოების გარეშე, ეკონომიკა დგას არასტაბილურ საფუძველზე, შევსებულია ფულით, მაგრამ არა შინაარსით. ასეთ ვითარებაში ფული უფრო სწრაფად მოძრაობს, ფასები იზრდება, მაგრამ ეკონომიკის სტრუქტურა არ უმჯობესდება. საქართველოს ეკონომიკა დღეს არის ამ პარადოქსის კლასიკური მაგალითი: ფული ბევრია პროგრესი ცოტა.

არ დაგვავიწყდეს ინფლაცია. ოფიციალური და რეალური…. (ამაზე შემდეგ შეიძლება ცალკე საუბარი)

ეკონომიკური ზრდა: ეკონომიკის ზრდის პირობებში, სტაბილურად შენარჩუნებული 10%-იანი ტემპითაც, სამწუხაროდ ვერ გახდებით კონკურენტუნარიანი ევროპასთან ან აზიის “ვეფხვებთან” შედარებით, რადგან კიდევ და კიდევ მნიშვნელოვანია საწყისი ბაზისი, აბსოლუტური ციფრებიდან გამომდინარე და ის, თუ რა რეალური თანხების მობილიზებას შეძლებს ქვეყანა დააბანდოს მზარდ და მოთხოვნად ინფრასტრუქტურაში, როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურში (გზები და განათლება, ჯანდაცვა და სოციალური პროექტები, ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, რაც მნიშვნელოვანია პროდუქტიულობისათვის და ა.შ.).

ზრდის ხარისხი მნიშვნელოვანია არანაკლებად, ვიდრე მისი მოცულობა და სიჩქარე.

თუ ჩვენ უსასრულოდ გავაგრძელებთ დაბალ პროდუქტიულ ეკონომიკური მოდელით საქმიანობას და ციფრებით ტკბობას, სადაც მთავარი დინამიკა მოდის სამშენებლო “ბუმზე”, როდესაც დეველოპერები 10 წლიანი შიდა განვადებების ხარჯზე გადიან ფონს, სახელმწიფოს მიერ საეჭვო ტენდერებით გაბერილ უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, დავეკიდებით რეექსპორტზე და მომსახურებაზე დაფუძნებულ ეკონომიკურ მოდელს, ეს 10%-იანი ზრდა არანაირად არ აღმოჩნდება მდგრადი და საკმარისი (ასევე უნდა გავითვალისწინოთ იმ თავზე ხელაღებული კორუფციის მასშტაბი).

გვჭირდება კონკურენტუნარიანობა და ამ მიმართულებით ინვესტირება! ამის მისაღწევად კი ციფრებით თავის მოწონება გამოსავალი არაა, ეს დამაზიანებელია და დანაშაულია! საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომ “ზრდა” გადაიქცეს განვითარებად:

განათლება: ეს არაა ხარჯი, ესაა ინვესტიცია და ბიზნესშესაძლებლობა.

განათლებაზე ბიუჯეტის მხოლოდ 3–3.5% იხარჯება. და ბიუჯეტის ახალი პროექტით ეს ციფრი მცირდება, ესაა დანაშაული!

მცირედით რომ განვითარდეთ მომავალში, აუცილებელია რომ ეს ციფრი მინიმუმ 6% იყოს მშპ-სთან მიმართებით. რაც კონკურენტულ განათლებასა და პროფესიულ უნარებზე უნდა იყოს მიმართული, განსაკუთრებით STEM მიმართულებით.

განათლებული საზოგადოება არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა გამოვიდეს “იაფი შრომის ეკონომიკიდან”.

ინოვაცია და კვლევა R&I: საქართველოს ბიუჯეტის და კერძო სექტორის წილი, კვლევასა, ინოვაციურობასა და განვითარების კუთხით R&D, R&I, არის სასაცილო 0.3%, ანუ თითქმის არაფერი…. (ამ ხარჯში კი წლების მანძილზე არ მომხდარა ეფექტურიბის შეფასება, ანუ რაც დაიხარჯა როგორ და რა შედეგით?).

თუ გვსურს კონკურენტუნარიანობა, მიზანი უნდა იყოს 2% ფარგლებში, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მეცნიერებსა და ინოვატორებს შექმნან რეალური პროდუქტი, მასშტაბირებადი და შევამცროთ დამოკიდებულება იმპორტზე. (და არა კორუმპირებულ რეტროგრადებს აღუდგენს “შმეცნიერების” აკადემიას, რომ მეტად გაფლანგონ ამ ქვეყნის მომავალი).

თავდაცვა: რეგიონული რისკების პირობებში აუცილებელია თავდაცვაზე გაზრდილი იქნას ეს ალოკაცია ასევე 3–3,5% ფარგლებში მაინც, რადგან საფუძვლიანი, თუ არა სრული განახლება მოხდეს თანამედროვე საფრთხეებთან გასამკლავებლად. + ტექნოლოგიური განახლება და დაცვა კიბერ საფრთხეებისგან.
ეს გადამწყვეტი ფაქტორია ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

სოციალური პოლიტიკა, დახმარება vs. შესაძლებლობა: არასდროს არ ყოფილა “თევზების დარიგება” პროდუქტიული, სანაცვლოდ საჭიროა “ანკესის” მიცემა და სწავლება თუ როგორ უნდა ითევზაონ. დახმარება უნდა იყოს მიზნობრივი და დროებითი.
რეალური გზაა დასაქმება, რაც მხოლოდ პროფესიული გადამზადების და მცირე ბიზნესის ხელშეწყობით, თუმცა გამართული, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული გამოცდილებით და ხელშეწყობით. (მაგრამ ისევ ის დიფსტეიტია სცენაზე…)

ზრდა არაფერია, თუ ის მხოლოდ სტატისტიკაა: ეკონომიკა რეალურად იწყებს ზრდას მაშინ, როცა მოქალაქეები გრძნობენ შესაძლებლობებს, როცა ეს ინკლუზიურად ხდება და როცა განათლება იძლევა რეალური დასაქმების შესაძლებლობას, ინოვაცია ქმნის პროდუქტს, და ბიზნესი იცავს გარემოს, ხოლო სახელმწიფო იცავს მოქალაქეს. დიახ, ბიზნესი ასევე ეთიკურ ნორმებს აღიარებს და არაა მხოლოდ ბიუჯეტზე მიწებებული.

გარდა სხვა უამრავი გამოწვევისა, ჩვენ კიდევ “ციფრული ოპტიმიზმიც” გვემუქრება. ანუ როდესაც სტატისტიკა რეალობას ჯობს და ამას პროპაგანდა აქტიურად იყენებს;
დიდი გამოწვევაა “კომპეტენციის ეკონომიკაზე” გადასვლა და ამ მიმართულებით სვლა, რაც ნიშნავს რომ რეალური ზრდა ადამინებს უნდა ემსახუროს და არა პირიქით, მხოლოდ მცირე ფეოდალურ ჯგუფს, ვინც უპირატესობას “ქეშს და ოქროს” ანიჭებს, მუთაქაში.

ციფრებიდან რეალობაში

არცერთ ქვეყანას არ სჭირდება მხოლოდ მაღალ პროცენტიანი ზრდის პლაკატი, საჭიროა მიზანი. რაც განათლებით, ინოვაციურობით და გამჭვირვალობით მიიღწევა და გრძელვადიანად არის გაწერილი გეგმაში და არის შესაბამისი ხედვა და მზაობა, საჭირო იმპროვიზაციის უნარით ამ გზაზე. ესაა უნივერსალური ქვაკუთხედი რომელზეც დგას ნებისმიერი წარმატებული ქვეყანა და ეკონომიკა.

ნიკო ნიკოლაძის ქმედებები და მიზნები ზუსტად ასე გამოიყურებოდა და ჩვენ დღეს ისევ მისი და მისი კოლეგების დარგული ხის ჩრდილში ვიწონებთ თავს.

პატიოსნება, შრომა და ცოდნა.
ესაა “საიდუმლო” ფორმულა საქართველოს და ნებისმიერი ქვეყნის პროგრესისთვის.

ქვეყნის განვითარება ვერ მოხდებოდა ვერც მხოლოდ პოლიტიკით, პროპაგანდით და ვერც მხოლოდ ეროვნულობით, თუ საზოგადოება არ იქნებოდა განათლებული, შრომისმოყვარე და ზნეობრივად წესიერი.

საუკუნის დასაწყისშიც, მთავარი ხედვა იყო ევროპული მოდერნიზაციისა და ეთიკური ეკონომიკის იდეის საფუძველით განპირობებული, რომელიც დღემდე აქტუალურია და მნიშვნელოვანია. ჩვენ დღემდე ამ რეცეპტიც მიღწეული წარმატების ბენეფიციარები ვართ.

შეგვწევს უნარი რომ ვიმსჯელოთ ამ ღირებულებებზე და აქვს მორალური უფლება რომ ამ მსჯელობაში შემოვიდეს არსებული მმართველობითი კლანი?

“არა არს კაცი რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს”
რომაელთა მიმართ ეპისტოლე 3:23

თუმცა ამას დაფიქრება და შეცდომის აღიარება სჭირდება დაუყოვნებლივ.

აუცილებელია სახელმწიფომ დაიწყოს ბიუჯეტის გადანაწილება ადამიანების მომავლისთვის და არა ამჟამინდელი სტატისტიკის გასალამაზებლად. ასევე არ დაგავიწყდეთ ამ ბიუჯეტის გაფლანგვის გაზრდილი მასშტაბი და აღიარებები, რაც სისტემური და გრძელვადიანი დანაშაულია.

ეს უმსგავსობა სასწრაფოდ უნდა დასრულდეს და რეალურ საქმეზე გადავიდეთ ერთად, პატიოსნებით, შრომით და ცოდნის გაღრმავებით.

P.S.
როდესაც კითხვაზე — რამდენი “მილიციელია” ერთი სამედიცინო პირბადის ამოსაღებად და დასალუქად?” და პასუხია “მთელი სისტემა”…

ეს დამატებით უშველებელი და გაუმართლებელი საბიუჯეტო ხარჯია. არაფერს ვიტყვით ადამიანების საბაზისო უფლებებზე და კონსტიტუციაზე, ადამიანს რომ აკავებენ მისი პროფესიის გამო, რომ ის ცნობილი და სიცოცხლის გადამრჩენელი ექიმია და ამ “სტატუსით” აკნინებენ და აგინებენ….

ესაა სისტემური დანაშაული და ამ სისტემას არ ძალუძს პატიოსნებით, შრომით და ცოდნით სარგებლის მოტანა და რამის გაკეთება გარდა ძალმომრეობისა, ძარცვისა და გაზულუქებისა; ეს ძალა კი მხოლოდ დადუმებულ საზოგადოებაზე დგას.

ზედმეტად გავერთეთ, სანამ სრულად არ ჩამოიშალა ეს საუკუნოვანი ისტორია და “ენაი საზეპურო” მკვდარი ენების რიცხვს არ შეუერთდა მოვეგოთ გონს, ყველა, მსხვილი, წვრილი, მსუქანი და გამხდარი ბიზნესი და ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქე.

ნუ დავემორჩილებით პროპაგანდას. ვიაზროვნოთ, დავსვათ კითხვები, დავქოქოთ და გავასწოროთ მორალური კომპასი.

[1] იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის არსებული მმართველი რეჟიმი იზიარებს ცნობილი ავტოკრატი და დიქტატორის ასევე ცნობილ სიტყვებს — “ერთი ადამიანის დაღუპვა ტრაგედიაა, ათეულობით ათასის კი სტატისტიკა”, მაშინ ყველაფერი “ლაგდება.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის