USD 2.6742
EUR 3.1521
RUB 3.4899
Тбилиси
საქართველოს ეკონომიკა იმ სექტორების ხარჯზე იზრდება, რომლებიც გადასახადებს არ იხდიან - გიორგი ხიშტოვანი
дата:  455

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკა იმ სექტორების ხარჯზე იზრდება, რომლებიც ქვეყანაში გადასახადებს არ იხდიან. ასეთი სექტორი კი ინფორმაციისა და კომუნიკაციების დარგია, რომლის ბრუნვა პირველ კვარტალში თითქმის გაორმაგებულია. ეკონომისტის შეფასებით, თუ ბიზნესის გამოშვების პირველი კვარტალის შედეგებიდან ICT სექტორის ზრდას ამოვაგდებთ, ბიზნესის გამოშვების ზრდა დაახლოებით 7 პპ-ით შემცირდება და არსებული 15,6%-ის ნაცვლად 8,9% იქნება.

ეკონომისტი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ საკუთარი თავისთვის ლოგიკური კითხვების დასმით შეეცადა აეხსნა, როგორ იზრდება საქართველოს ეკონომიკა მაშინ, როდესაც სახელმწიფო საკმარისი გადასახადების აკრეფას ვერ ახერხებს. გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ვირტუალური ეკონომიკური ზრდის ფარდის ქვეშ დამალოს ყველა ის პრობლემა, რაც ბოლო 5 თვეში დაგროვდა საქართველოს რეალურ ეკონომიკაში“.

BM.GE ეკონომისტის შეფასებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ვირტუალური ეკონომიკური ზრდა

ვიფიქრე, საკუთარ თავთან, Chatgpt-ის ფორმატში მეცადა საქართველოს ეკონომიკის და მისი ზრდის პარადოქსების ახსნა (ოღონ, chatgpt-ის გამოყენების გარეშე).

შესაბამისად, კითხვა-პასუხის რეჟიმი შევარჩიე:

კითხვა: როგორ შეიძლება ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდეს, მაგრამ პარალელურად სახელმწიფო ვერ ახერხებდეს საკმარისი გადასახადების აკრეფას?

პასუხი: ის სექტორები, რომელთა ხარჯზეც იზრდება ეკონომიკა, არ იხდიან გადასახადებს.

 

კითხვა: რომელი სექტორი იზრდება, რომელშიც მთავარი აქტორები თითქმის არ იხდიან გადასახადებს?

პასუხი: ICT სექტორი, რომელიც ბოლო წლებია ფაქტობრივად მთლიანად იზრდება საერთაშორისო საწარმოების ხარჯზე, რომლებიც სპეციალური საგადასახადო რეჟიმიდან გამომდინარე (https://www.internationalcompany.ge/), თითქმის არ იხდიან საქართველოში გადასახადებს.

 

კითხვა: გვაქვს რაიმე ინფორმაცია ამ სექტორის 2025 პირველ კვარტალის შედეგების შესახებ?

პასუხი: კი, გუშინ საწარმოთა საქმიანობის შესახებ დადო საქსტატმა ახალი მონაცემები

(https://www.geostat.ge/…/satsarmota-sakmianobis-shedegebi…)

 

კითხვა: რას ვხედავთ ამ მონაცემებში?

პასუხი: ბინგო!!!

  • ინფორმაცია და კომუნიკაციების სექტორის გამოშვება/Output პირველ კვარტალში 98,4%-ით არის გაზრდილი (არანორმალური შედეგია!!!);
  • თუ ამ სექტორის ზრდას ამოაგდებ, მაშინ, ბიზნესის გამოშვების ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 7პპ-ით მცირდება (15,6%-დან 8,9%-მდე);
  • სხვა სიტყვებით, პირველ კვარტალში ბიზნესის მთლიანი გამოშვების ზრდის 46% ICT სექტორზე მოდის (ვაუ!!!);
  • გამოშვების მხრივ, პირველ კვარტალში ICT სექტორი 12,6%-ით უკვე მე-4 ადგილზე სექტორებს შორის (ვაუ!!!). (პირველზეა მრეწველობა - 18%, მეორეზეა ვაჭრობა - 17% და შემდეგ, მშენებლობა - 15%);
  • 2025 წლის პირველ კვარტალში ICT-ის სექტორის გამოშვება უფრო მაღალია ვიდრე ტურიზმის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების და სამთო მოპოვების სექტორების გამოშვება ერთად აღებულია (!!!).

 

კითხვა: რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

პასუხი: ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, არსებული ეკონომიკური ზრდის დაახლოებით ნახევარი (ანუ, დაახლოებით 4%), ICT სექტორის ზრდაზე მოდის.

 

კითხვა: ეს ცუდი მოვლენაა? გასაკვირია? საეჭვოა?

პასუხი:

  • თავისთავად, ეს არ არის ცუდი მოვლენა. თავის დროზე, საერთაშორისო საწარმოების მოზიდვა იყო სწორი ინიციატივა და მოიტანა კარგი შედეგები.
  • მაგრამ, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ეს ზრდა არის ძალიან უცნაური შედეგი, რადგან საერთაშორისო ICT საწარმოების გაყიდვები და დასაქმება მნიშვნელოვნად შემცირდა 2024 წელს, 2023-თან შედარებით. ამას ადასტურებს გუშინ დაჩქარებული წესით ინიცირებული ქართული ოცნების კანონიც IT ბინადრობის მოწმობების გაცემის შესახებ, რომლის განმარტებით ბარათშიც თვითონ „ქართული ოცნება“ წერს, რომ სასწრაფოდ არის სიტუაცია გამოსასწორებელი, რადგან საერთაშორისო საწარმოებს უჭირთ სპეციალისტების შენარჩუნება და შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება ამ სფეროშიო (2024 წლის მდგომარეობით, მხოლოდ 9500 ადამიანი მუშაობს საერთაშორისო საწარმოებში და წინა წელთან შედარებით კლება არის დაახლოებით 9%).
  • ზემოთ ხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე (2024 წელს შემცირებული ICT სერვისების ექსპორტი და დასაქმებულთა რაოდენობა), წელს პირველ კვარტალში სექტორის გამოშვების/Output-ის თითქმის 100%-იანი ზრდა ხდება უკვე ძალიან საეჭვო. სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან რომელ ქვეყანაში ხდება ამ სერვისის მიწოდება და შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოს საზღვრებს გარედან ხდებოდეს სერვისის მიწოდება უცხოეთში, ხოლო ქაღალდზე, სავსებით ლეგალურად, საგადასახადო შეღავათების გამო, საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიები აგენერირებდეს შესაბამის შემოსავლებს/ბრუნვებს, ოღონდ ისე, რომ თითქმის არ იხდიდნენ გადასახადებს საქართველოში და არც ის შემოსავალი იხარჯებოდეს ჩვენთან.
  • ფაქტობრივად, საქართველო გამოდის ICT-სექტორის საგადასახადო სამოთხე (Tax Heaven), რომელშიც ICT კომპანიები და მათი თანამშრომლები, რომლებიც არც კი ვიცით, საიდან მუშაობენ, აგენერირებენ ბრუნვებს, თითქმის არ იხდიან გადასახადებს და შემდეგ, „ქართული ოცნება“ ამ საწარმოების ბრუნვების/გაყიდვების საფუძველზე ქართული ეკონომიკური ზრდის საოცრებაზე გველაპარაკება.
  • ეს ზრდა არ არის ინკლუზიური და მხოლოდ მცირედით თუ ეხება რეალურ ეკონომიკას, რადგან, თვითონ ქართული ოცნება ამბობს, რომ ამ საწარმოებში ჯამში 9500-მდე ადამიანი საქმიანობს (მოსახლეობის 0,25%) და თუ მხოლოდ მათზე მოდის ეკონომიკის ზრდის 4%, ეს ზრდა ვერ ჩაითლება ინკლუზიურად.
  • ეს ზრდა არ არის მდგრადი, რადგან ჩვენ არ ვიცით, როდის შესთავაზებს სხვა ქვეყანა ამ კომპანიებს უკეთეს პირობებს; არც ის ვიცით, თუ როდემდე მოუნდებათ ამ კომპანიებს და მათ თანამშრომლებს საქართველოში ცხოვრება და ბოლო დღეების „ქართული ოცნების“ ნაჩქარევი საკანონმდებლო ცვლილებები უფრო იმაზე მეტყველებს, რომ საერთაშორისო კომპანიებს სერიოზული წუხილები გააჩნიათ საქართველოში დარჩენასთან დაკავშირებით.
  • ეს ზრდა არ იძლევა მნიშვნელოვან ფისკალურ შედეგს, რადგან საერთაშორისო კომპანიები თითქმის არ იხდიან საქართველოში გადასახადებს.

 

კითხვა: დასკვნები?

პასუხი: „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ვირტუალური ეკონომიკური ზრდის ფარდის ქვეშ დამალოს ყველა ის პრობლემა, რაც ბოლო 5 თვეში დაგროვდა საქართველოს რეალურ ეკონომიკაში.

ამ დროს, ყველა ეს დაგროვილი პრობლემა - სავარაუდო ბიუჯეტის სეკვესტრი, საბანკო დაკრედიტების ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი კლება, უმუშევრობის ზრდა, პრობლემები მშენებლობის, ტურიზმის სექტორში და სხვა სექტორებში, გაზრდილი ინფლაცია და ასე შემდეგ - ძალიან რეალურია და ეხება ყველა საქართველოს მოქალაქეს. ხოლო ეს ვირტუალური ეკონომიკური ზრდა არც ინკლუზიურია და არც მდგრადი; და საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, შესაძლოა, საერთოდ გაქრეს".

წყარო:https://bm.ge/

общество
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

1921 წლის 25 თებერვალი, თავისი შედეგებით, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს ბოლშევიკურირუსეთის არმიამ აიღო თბილისი, დაამხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სასტიკი და სისხლიანი კომუნისტური რეჟიმი დაამყარა საქართველოში. 1921 წლის თებერვლის მოვლენების გახსენება იუნკრების გარეშე წარმოუდგენელია, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას გმირულად შესწირეს თავი ქართველმა იუნკრებმა, თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა.კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, 23 თებერვალი კი იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა.

იუნკერთა სამხედრო სკოლა 1919 წლის აგვისტოში გაიხსნა გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით. სასწავლებელში, ძირითადად, ქართველ თავადაზნაურთა შვილები სწავლობდნენ.  სამხედრო ხელოვნებას სულ 182 იუნკერიეუფლებოდა (“იუნკერ”  გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ- ოფიცერს ნიშნავს).

 ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომლის სასწავლო პროგრამა იმჟამინდელი ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ზედმიწევნით ითვალისწინებდა.სკოლის ხელმძღვანელმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, თანაშემწედ პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე მიიწვია. 

სამხედრო სკოლის სახელი და მისი მნიშვნელობა არ გამოჰპარვიათ საქართველოს დაუძინებელ მტრებსაც. 1920 წლის მაისის დასაწყისში, აზერბაიჯანის იოლი გასაბჭოებით გათამამებული ბოლშევიკები წითელი დროში აღმართვას საქართველოშიც ესწრაფვოდნენ. თავდასხმა 2 მაისს, ღამით მოხდა. სკოლამ თავდასხმა ღირსეულად მოიგერია. რამდენიმე საათის შემდეგ იუნკერთა სიმამაცეზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. თავდასხმის მოგერიება სამხედრო სკოლას მთავრობის თავჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ პირადად მიულოცა.

1921 წელს კი იუნკერები ბრძოლაში 17 თებერვალს ჩაერთნენ, ისინი თბილისის მისადგომებს იცავდნენ. პირველი იერიშების მოგერიება მამაც იუნკრებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები წაართვეს.

ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს, რამდენიმეჯერ იერიშზეც გადავიდნენ და რუსები აიძულეს უკან დაეხიათ.როდესაც გენერალმა ანდრონიკაშვილმა ბრძანება გასცა იუნკრებს უკან დაეხიათ, პოლკოვნიკმა ჩხეიძემ უკან დახევის მაგივრად თავის ოფიცრებს უბრძანა ხიშტებით მოეგერიებინათ მოწინააღმდეგე და იერიშზე გადასულიყვნენ. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ტყვიამფრქვევისკენ. მოიერიშეებს მალევე გამოეყო, 22 წლის შალვა ერისთავი. მან საოცარი სისწრაფით აირბინა აღმართიდა საკუთარი სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს.

გაზეთი „ერთობა“ წერდა „20 და 21 თებერვალს ჩვენმა ჯარმა იერიში მიიტანა მტრის მარცხენა ფრთისკენ- კოჯორისა და ტაბახმელას სიმაღლეებზე და მარჯვენა ფრთისკენ სადგურ ვაზიანის რაიონში. ამ ძალების ლიკვიდაციით ტფილისს სრულიად ეხსნება ალყა, ტფილისი გადარჩენილია და პირდაპირი საფრთხე მოკლე დროში მას აღარ მოელის.“

თუმცა, შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა.23 თებერვალს ის თბილისში, რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში დაკრძალეს რუსეთთან ომში დაცემულ 10 იუნკერთან ერთად იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.

საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების და მცხეთის მიმართულებით უკანდახევის შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა.მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას. “

26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ იუნკერთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. "ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესისათვის ხელი შეეშლა" იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати