USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი - დღეს დაბადებულები
Date:  396

ალიოშა წერეთელი

დაბადების თარიღი:  1 ნოემბერი, 1889

გარდაცვ. თარიღი:  29 მარტი, 1967  (77 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი:  დიდუბის პანთეონი, თბილისი

კატეგორია:სტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცხრუკვეთი, ჭიათურის რაიონი.

 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი მსოფლიოს ისტორიის სპეციალობით 1915 წელს.

 1911-1915წწ. აქტიურად თანამშრომლობდა ხარკოვის გაზეთში "უტრო", რომლის ფურცლებზე გამოქვეყნდა მისი მრავალი სტატია ქართული ლიტერატურის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე; 1915-1918წწ. იგი ძველი მსოფლიოს და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში; 1919-1921წწ. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე; 1922 წლიდან მიწვეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის ლექტორად, 1927 წელს აირჩიეს ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგედ; ერთხანს ასრულებდა საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივის დირექტორის მოვალეობას; 1921-1924წწ. მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში; 1935 წელს იგი დაპატიმრებულ იქნა; იმავე წელს "შინსახკომის" ე.წ. დიდმა სამეულმა ლ. ბერიას თაოსნობით მას მიუსაჯა გადასახლება; 1955 წლის დამლევამდე იგი გადასახლებული იყო შუა აზიაში; გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მან გამოსცა მონოგრაფია - "სირია და ფინიკია" (1956); სახელმძღვანელოები: "ძველი რომი" (ორ ნაწილად, 1957, 1961) და "ძველი საბერძნეთის წყაროთმცოდნეობა" (1963), მრავალი სამეცნიერო სტატია თსუ-ის შრომებში და სხვა სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში; მისი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოებია: "ძველი აღმოსავლეთი" (ორ ნაწილად, 1925, 1935), "სკოლა და სახალხო განათლება ძველ საბერძნეთში" (1923), "ძველი საბერძნეთი" (ორ ნაწილად, 1929, 1932), "ხეთელები და მათი ქვეყანა" (1931) და სხვა; მონოგრაფიები - "კრეტა-მიკენის ანუ ეგეოსის კულტურა" და "ლუკიანე სამოსატელი"; ძველი მსოფლიოს ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1927).

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება (1917-1918)

საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-1918)

საქართველოს მწერალთა ახლად დაარსებული კავშირი, წევრი

ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1956 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

ძველი რომის ისტორია (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1992. - 332გვ.. - ISBN: 5-511-00415-4

ძველი აღმოსავლეთი (ავტორი) // წ. 2 : ფინიკია და პალესტინა . - ტფილისი, ტფილ. უნ-ტის გამ-მა, 1932. - 160გვ.

 

სიმონ ბარამიძე

დაბადების თარიღი:  1 ნოემბერი, 1949  (74 წლის)

კატეგორია: ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

 დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობით 1972 წელს.

1972-1992წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად; იყო ინსტიტუტის საინჟინრო მოწყობილობებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების განყოფილების უფროსი; 1981-1986წწ. მივლინებით იმყოფებოდა ავღანეთის რესპუბლიკაში, საპროექტო ინსტიტუტის საინჟინრო კომუნიკაციების განყოფილების ჯერ მრჩევლად, შემდეგ კი მთავარ ინჟინრად; 1992-1995წწ. მუშაობდა გარდაბნის სახელმწიფო თბოელექტროსადგურის ინჟინრად, განყოფილების უფროსად, №9 და №10 ენერგობლოკების ნაწილში, თბოელექტროსადგურის დირექტორის მოადგილედ; 1995-2002წწ. ხელმძღვანელობდა გაერთიანება "ენერგოგენერაციის" განახლებადი წყაროების განყოფილებას; უცხოელ პარტნიორებთან ერთად განახორციელა სხვადასხვა ობიექტების ენერგეტიკული კვანძების საპროექტო სამუშაოები; 1997 წელს დააფუძნა შპს "სითბო" და დღემდე მისი დირექტორია; აღნიშნული ორგანიზაციის სამოქმედო არეალს წარმოადგენს განახლებადი წყაროები, ასევე სამშენებლო სფეროს საზოგადოებრივი, სამრეწველო და სპორტული დანიშნულების შენობა-ნაგებობებისათვის ენერგოეფექტური და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების პროექტირება და შემდგომი ზედამხედველობა; 1977 წელს მისი მონაწილეობით საკავშირო გამოფენაზე წარდგენილმა საპროექტო-სამეცნიერო ნაშრომმა "საცხოვრებელი შენობის მზით თბომომარაგების ინოვაციური სისტემა", ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა; მონაწილეობა აქვს მიღებული ქ. მახაჩყალის დრამატული თეატრის საპროექტო სამუშაოების შესრულებაში, ასევე მონღოლეთის რესპუბლიკაში ქ. ერდენეთის საბავშვო გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და ვიეტნამში მდ. ხუაბინზე საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებაში და სხვა; ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თავისუფალ უნივერსიტეტში - სამშენებლო განხრით, თბოენერგეტიკული მიმართულებით; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები, შენობების თბო-სიცივით მომარაგების განხრით, სამშენებლო მასალების თბოფიზიკური თვისებების შესწავლისა და პროექტირების ეკოლოგიურ ასპექტებზე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები; მინიჭებული აქვს აკადემიური დოქტორის ხარისხი.

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

აშშ ინჟინერ-ენერგეტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი

საქართველოს ინჟინერ-ენერგეტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

 

აქვსენტი გოგვაძე

დაბადების თარიღი:  1 ნოემბერი, 1902

გარდაცვ. თარიღი: 1991  (88 წლის ასაკში)

კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

დაბადების ადგილი: სოფელი ოჩხათი, ოზურგეთის რაიონი.

 დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1931 წელს. იმავე წელს სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში ქ. მოსკოვში, სადაც პარალელურად მუშაობდა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში - არქიტექტორად, შემდეგ რაციონალიზაციისა და გამოგონებათა ბიუროს გამგედ; ასევე მუშაობდა მოსკოვის "ბურთულა საკისრების" ქარხნის მშენებლობაზე; 1933 წელს გაიმარჯვა ქ. ტაშკენტის საქსოვი კომბინატის პროექტზე გამოცხადებულ კონკურსში და 1935 წლიდან თავად მონაწილეობდა თავისი პირველი პროექტის განხორციელებაში. ამ ფაქტმა და მისმა სადისერტაციო თემამ "საქსოვი ფაბრიკის არქიტექტურული ტიპოლოგია" განსაზღვრეს მისი პროფესიული გზა, როგორც სამრეწველო არქიტექტურის პრაქტიკოსი არქიტექტორის; სამამულო ომის წლებში გათავისუფლებულ იქნა უშუალოდ საფრონტო სამხედრო სამსახურისგან და დაევალა ქ. თბილისის №31 საავიაციო ქარხნის დაპროექტებასა და მშენებლობაში მონაწილეობა; ის ასევე მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქკომუნპროექტში", რომელიც შემდგომ მისი მონაწილეობით რეორგანიზებულ იქნა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტად", სადაც გაგრძელდა მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა; იყო სამასამდე რეალიზებული პროექტის ავტორი, მათ შორის მცხეთის ატომური რეაქტორის პროექტის; როგორც კლასიკურ მემკვიდრეობაზე აღზრდილ არქიტექტორთა თაობის ღირსეული წარმომადგენელი, ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში სამრეწველო არქიტექტურაზე დახელოვნებული, ნაყოფიერად მუშაობდა სამოქალაქო არქიტექტურაშიც; მისი პროექტით იქნა აშენებული ტექნიკური უნივერსიტეტის "ქიმიკოსების" კორპუსი და მიმდებარე საერთო საცხოვრებლის შენობა კოსტავას ქუჩაზე, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ყოფილი ინსტიტუტის შენობა პეკინის ქუჩაზე ქ. თბილისში; აღსანიშნავია მისი საცხოვრებელი სახლები - გორგასლის ქუჩაზე ქ. თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, ტყიბულში, ტყვარჩელში, გორში და სხვა; მან ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა გასული საუკუნის 50-იანი წლების პერიოდში პროგრესულად ქცეული "ლენტური ფანჯრების" თემა თბილისის "იზოტოპების" ქარხნის პროექტირებისას; იყო ეროვნული სამეცნიერო კადრების პირველი თაობის ღირსეული წარმომადგენელი; ათეული წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; იყო მრავალი საუწყებო ჯილდოს მფლობელი.

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, ერთ-ერთი დამაარსებელი, პირველი წევრთაგანი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

საქართველოს სახელმწიფო პრემია

საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

  

ლევან გორდეზიანი

დაბადების თარიღი:  1 ნოემბერი, 1962  (61 წლის)

კატეგორია:  ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1984 წელს.

 1987-2000წწ. მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში სხვადსხვა თანამდებობაზე; 1995-2000წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის ისტორიის კათედრის დოცენტი; 2001-2006წწ. ამავე კათედრის პროფესორი; 2005-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგოლე; 2006 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის ჰუმანიტარულ–მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი; მისი კვლევის ძირითადი მიმართულებაა ძველი მსოფლიო ისტორია, ბერძნული და ძველაღმოსავლური ისტორიის წყაროთმცოდნეობა, მითოლოგია; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ექვსი მონოგრაფია; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004).

ბიბლიოგრაფია

ძველი ისტორიის ნარკვევები (ავტორი). - თბილისი, ლოგოსი, 2009. - 415გვ.. - ISBN: 978-9941-401-55-8

B-ხაზოვანი ტექსტების DO-E-RO ძველი სამყაროს სოციალური ისტორიის კონტექსტში (ავტორი). - თბილისი, ლოგოსი, 1999. - 224გვ.. - ISBN: 99928-65-45-8

მიკენური საბერძნეთი B-ხაზოვანი ტექსტების შუქზე (ავტორი). - თბილისი, ლოგოსი, 1998. - 52გვ.. - ISBN: 99928-65-34-2

 

აბესალომ ვეკუა

დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1925

გარდაცვ. თარიღი: 19 თებერვალი, 2014  (88 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი:   საბურთალოს სასაფლაო, თბილისი

კატეგორია:მეცნიერი, პალეონთოლოგი

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

 დაამთარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტის ინჟინერ-გეოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს.

 1956-1957წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის მხაზველი; უმცროსი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1957-1979წწ. დირექტორის მოადგილე, 1979 წლიდან ხერხემლიანთა განყოფილების ხელმძღვანელი; საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს 229 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 მონოგრაფია. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ამერიკის, ინგლისის, ესპანეთის, რუსეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მეცნიერულ გამოცემებში, მათ შორის მსოფლიოს უმაღლესი რეიტინგის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალქალაქის პლეისტოცენურ ძუძუმწოვართა ფაუნა", დაიცვა 1961 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Квабебская фауна акчагильских позваночных", დაიცვა 1969 წელს.

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2001-)

საქართველოს ტერიოლოგიური საზოგადოება, პრეზიდენტი (1995-)

ფაზისის აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1992-2001 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "დმანისელი ადამიანის ადგილი ადრეულ ჰომინიდებს შორის, მისი მატერიალური კულტურა და ბუნებრივი გარემო"

2003 - ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქე

2001 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია

საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის ისტორია (რედაქტორი). - თბილისი, საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. გამ-ბა და სტ., 2012. - 194გვ.. - ISBN: 978-9941-0-4206-5

დმანისელი ჰომინიდები (ავტორი). - თბილისი, შპს "ფავორიტი პრინტი", 2011. - 236გვ.. - ISBN: 978-9941-0-3594-4

პატარა ხრამის პეტროგლიფები : არქეოლ. კვლევა (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1980. - 85გვ.

 

პავლე ინგოროყვა

დაბადების თარიღი:  1 ნოემბერი, 1893

გარდაცვ. თარიღი:20 ნოემბერი, 1983  (90 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი:  დიდუბის პანთეონი, თბილისი

კატეგორია: მეცნიერი, მწერალი, პუბლიცისტი

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1915 წელს.

 სტუდენტობის პერიოდშივე, 1913 წელს, გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი "ძველ-ქართული სასულიერო პოეზია". 1914 წელს ქართული გაზეთების ფურცლებზე პირველად გამოჩნდა მისი სტატია "თარგმანება ფსალმუნთა წიგნისა". 1916 წელს გამოსცა თამარ მეფის "გალობანი ვარძიისანი". 1923 წლამდე მისი სტატიები აქტიურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. 1924 წელს დააფუძნა ჟურნალი "კავკასიონი". 1925 წელს მისი ჟურნალი აკრძალეს. 1928 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა გამომცემლობა "ქართული წიგნი". ამავე პერიოდში, 1924-1928 წლებში, დაიწყო აქტიური მუშაობა "ვეფხისტყაოსნისა" და რუსთველის თემებზე, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე არ შეუწყვეტია. 1929 წელს დაინიშნა სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგედ. პავლე ინგოროყვამ თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობის არცთუ ისე უმნიშვნელო ნაწილი დაუთმო შოთა რუსთაველის და "ვეფხისტყაოსნის" კვლევას, რის შედეგადაც შექმნა უამრავი ნაშრომი: "რუსთაველიანა" (1926), "რუსთაველიანაზე" (1927), "რუსთაველი და მისი პოემა" (1937), "რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა" (1940-1941), "შოთა რუსთაველი" (1937), "ვეფხისტყაოსნის ტექსტი" (1953); ამასთანავე, ორჯერ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი" – 1953 და 1971 წლებში. მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომია მეუღლისადმი მიძღვნილი "გიორგი მერჩულე", რომელზედაც თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მუშაობდა. ამ ნაშრომის საშუალებით აღმოაჩინა რიტმული პოეზიის მაგალითები და სცადა ძველი ქართული სანოტო სისტემის გაშიფვრა. სულ მოიძია 31 ჰიმნი და 1200-მდე საგალობელი. ასევე დიდი ყურადღება დაუთმო უდიდეს ქართველ მწერლებს –1938, 1940, 1951 წლებში გამოსცა მონოგრაფიები ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელსა და ნიკოლოზ ბარათაშვილზე. მას ეკუთვნის ფუნდამენტური კვლევა აფხაზეთის ოლქის შესახებ. ამ ნაშრომის გამო უარი ეთქვა აკადემიკოსად არჩევაზე. ფლობდა ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ძველ ბერძნულ, ლათინურ და იტალიურ ენებს, რომლებსაც აქტიურად იყენებდა კვლევებისას. პავლე ინგოროყვა იყო 1919 წელს თურქეთთან მოლაპარაკების დროს საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დელეგაციის წევრი.

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

დიდი საბჭოთა ენციკლოპედა, სარედაქციო კოლეგიის ხელმძღვანელი (1936-1938)

საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი

საქართველოს პარლამენტი, წევრი

ბიბლიოგრაფია

საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ (ავტორი). - ქუთაისი, სარანგი, 1990. - 55გვ.

ილია ჭავჭავაძე : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1957. - 185გვ.

გიორგი მერჩულე. ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა : ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან. (ავტორი). - თბილისი, საბჭ.მწერალი, 1954. - 888გვ.

შოთა რუსთაველი : ბიოგრაფიული ესკიზი (ავტორი). - თბილისი, ფედერაციაი გამ-ბა და სტამბა, 1938. - 73გვ.

 

კონსტანტინე კაპანაძე

დაბადების თარიღი:  1 ნოემბერი, 1948  (75 წლის)

კატეგორია: ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ასპირანტურა და სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია.

1966-1970წწ. თბილისის N2 მექანიკური ქარხნის მუშა; 1970-1991წწ. ეწეოდა პარტიულ საქმიანობას: საქართველოს ალკკ თბილისის ისნის რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კპ თბილისის სამგორის რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების, სოციალურ-ეკონომიკური განყოფილების გამგე, 1990 წელს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, სამგორის საარჩევნო ოლქი, საქართველოს კომპარტია. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკისებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ეკონომიკური რეფორმების კომისია, წევრი (1990-1991)

 

ჯუმბერ კოპალიანი

დაბადების თარიღი:  1 ნოემბერი, 1939  (84 წლის)

კატეგორია:არქეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

დაბადების ადგილი: სოფელი ქულბაქი, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1967 წელს.

1957 წლის შემდეგ მუშაობას იწყებს ხონის აბრეშუმის ძაფსაღებ-საგრეხ ფაბრიკაში და სწავლა გააგრძელა აქვე არსებულ მუშა-ახალგაზრდობის საღამოს სკოლაში, რომლის დამთავრებისთანავე 1958 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, სადაც სამ წელზე მეტი დაჰყო; სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში, ხოლო 1962 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, პარალელურად მუშაობა დაიწყო სადისერტაციო ნაშრომზე; 1973 წელს დაინიშნა ამავე ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1978 წელს დაინიშნა უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე; 1980 წელს გადავიდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრში, სადაც დაინიშნა წამყვანი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე; 1981 წლიდან დაინიშნა დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის  ხელმძღვანელის მოადგილედ, ხოლო 1993 წელს ამავე ექსპედიციის ხელმძღვანელად; 1996 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით შეიქმნა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ფილიალი - დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური განყოფილება, რომლის ხელმძღვანელად იგი მუშაობდა 2007 წლამდე; პარალელურად წლების მანძილზე ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უნივერსიტეტში; 2007 წლიდან იგი წამოვიდა მეცნიერებათა აკედემიიდან და დმანისის რაიონის ხელმძღვანელობის თხოვნის საფუძველზე დარჩა დმანისში და დაინიშნა დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორად; ჯერ კიდევ 1990 წელს მისი ინიციატივით დმანისში დაარსდა თეატრი, რომელიც დღეს საქართველოს სახალხო არტისტის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელს ატარებს. 2020 წლამდე იგი ამ თეატრის დირექტორიც იყო; მას გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, აქედან ხუთი წიგნი: "მოურავის ინსტიტუტი ფეოდალურ საქართველოსი", "დმანისის ციხე", "ქვეშის ციხე“, პუბლიცისტური წერილების კრებული - "კეთილ ჰქმენ"; ვრცელი მონოგრაფია - "დმანისის ნაქალაქარი“ (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა). ამასთან ერთად მის მიერ მომზადდა და  მისივე რედაქტორობით გამოქვეყნდა სამეცნიერო კრებული "დმანისი" – 5 ტომი, რომელშიც წარმოდგენილია არა მარტო დმანისის, არამედ მთელი ქვემო ქართლის წარსული: ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეპიგრაფიკული ძეგლები და სხვა; იგი აქტიურად მოღვაწეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. იყი მის სათავეებთან; გახლდათ პირველი არაფორმალური ორგანიზაციის - ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002).

 საკანდიდატო დისრტაციის თემა - "მოურავის ინსტიტუტი ფეოდალურ საქართველოში", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქვემო ქართლის თავდაცვითი სისტემა შუა საუკუნეებში" (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა) დაიცვა 2002 წელს. 

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

2001 - ღირსების ორდენი

მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენასთან (უძველესი ადამიანის ორი თავის ქალა) დაკავშირებით

1997 - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია

ლეჩხუმის საპატიო მოქალაქე

დმანისის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია

დმანისის ნაქალაქარი = Городище Дманиси = Dmanisi a site of ancient town (ავტორი). - თბილისი, წიგნიერი, 2017. - 326გვ. . - ISBN: 9789941950384

ადრექრისტიანული საეკლესიო კომპლექსი დმანისიდან = The early christian period church complex from Dmanisi (თანაავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2012. - 174გვ.. - ISBN: 978-9941-436-45-1

კეთილ ჰქმენ : წერილები და ინტერვიუები (ავტორი). - თბილისი, "ეროვნული მწერლობის" გამ-ბა და სტ., 2010. - 224გვ.. - ISBN: 978-9941-0-2043-8

დმანისი = Дманиси = Dmanisi : კრებული (რედაქტორი) // კრ.5. - თბილისი, ოაზისი, 2006. - 400გვ.

დმანისი = Дманиси = Dmanisi : კრებული (რედაქტორი) // კრ.4. - თბილისი, მეცნიერება, 2003. - 331გვ.. - ISBN: 99940-750-4-7

დმანისი = Дманиси = Dmanisi : კრებული (რედაქტორი) // კრ.3. - თბილისი , მეცნიერება, 2001. - 235გვ.

დმანისი = Дманиси = Dmanisi : კრებული (რედაქტორი) // კრ.2. - თბილისი, მეცნიერება, 2000. - 328გვ.. - ISBN: 99928-51-83-X

ქვეშის ციხე : ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1999. - 120გვ.

დმანისი = Дманиси = Dmanisi : კრებული (რედაქტორი) // კრ.1. - თბილისი, მეცნიერება, 1998. - 288გვ.. - ISBN: 99928-51-00-7

დმანისის ციხე : ისტორიულ-არქეოლოგ. გამოკვლევა (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1996. - 146გვ.

მოურავის სახელო ფეოდალურ საქართველოში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1982. - 81გვ.

 

ნინო ბაბლიძე

დაბადების თარიღი:  1 ნოემბერი, 1942  (81 წლის)

კატეგორია:  ექიმი, მეცნიერი

დაბადების ადგილი: ქ. ქარელი.

 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს.

 1967 წლიდან მუშაობს ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1967–1970წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში; 1970–1973წწ. იყო ექიმი ენდოკრინოლოგი; 1973 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1975–1994წწ. მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებათა სამმართველოში წამყვან სპეციალისტად და სამეცნიერო საბჟოში სწავლულ მდივნად; 1975–1994წწ. იყო სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს "რეპროდუქტოლოგიის" სწავლული მდივანი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 4 მეთოდური რეკომენდაცია უშვილო ქორწინების პრობლემებზე. არის ექიმი–რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

 

თენგიზ შავლოხაშვილი

დაბადების თარიღი:  1 ნოემბერი, 1946  (77 წლის)

კატეგორია: კომპოზიტორი, პედაგოგი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

 დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს.

 1972 წლიდან ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს თბილისის III სამუსიკო სასწავლებელში; 1978 წლიდან კინოსტუდია "ქართული–ფილმის" მულტგაერთიანების მუსიკალური რედაქტორი; დაწერილი აქვს: ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – "თეთრი მანტია"(1972, ერთაქტიანი ოპერა); სიმფონიური ნაწარმოებები – პატარა უვერტიურა სიმფონიური ორკესტრისათვის(1977), "ძველი თბილისის ცხოვრებიდან" ორი სიმფონიური სურათი(1977), კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1979), სიმფონია N1(1983); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – პიესები ფორტეპიანოსათვის(1967), პიესები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1968), სონატა ფორტეპიანოსათვის(1969), სიმებიანი კვარტეტი(1974), ოთხი საბავშვო პიესა(1983); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – "დედა" ვოკალური ციკლი ქალის ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1970), კანტატა სოპრანოსა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის(1976), "სამშობლო გეძახის" სიმღერა ბანისა და ფორტეპიანოსათვის(1979), ორი საბავშვო სიმღერა(1979), ვოკალურ–ინსტრუმენტული პოემა ვოკალური ტერცეტისათვის(სოპრანო, მეცო–სოპრანო, ბანი), სიმებიანი ორკესტრის, ორღანისა და დასარტყამი ინსტრუმენტებისათვის(1980); მუსიკა ანიმაციური ფილმებისათვის – "კომბლე"(1979), "ძველი თბილისის სურათები"(1982), "ბატი ტასიკოს თავგადასავალი"(1984).

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1973-1911)

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი (1979-19??)

იური ჩიხრაძე

დაბადების თარიღი:  1 ნოემბერი, 1960  (63 წლის)

კატეგორია:  თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

დაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური.

 დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამდინარე ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1983 წელს.

 1977-1978წწ. ამბროლაურის სატყეო მეურნეობის ტყის მეხანძრე; 1983-1985წწ. "საქმთავარწყალმშენის" ტრესტ "წყალმშენის" ინჟინერი, ინჟინერ-ეკონომისტი; 1985-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის უფროსი ეკონომისტი, მთავარი სპეციალისტი, ქვეგანყოფილების უფროსი; ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მთავარი სპეციალისტი (1991); 1991-1992წწ. ასოციაცია "ალავერდის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 1992-1993წწ. შპს "ბონე"-ს გენერალური დირექტორის მოადგილე; ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსი (1993); 1993-1995წწ. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "კატრექსის" გენერალური დირექტორის მოადგილე; სახელმწიფო მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ეკონომიკის დარგში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში (1995); 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, ამბროლაურის №44 საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი,

 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-2003)

საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია " მაჟორიტარ-სოციალისტი", ფრაქციის თავმჯდომარე (1998-1999)

საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარი", ფრაქციის თავმჯდომარე (1995-1998)

საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)

საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის

საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტი, წევრი (1999-1999)

საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტი, წევრი (1999-2004)

საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2002-2004)

საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1999-2002)

საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", წევრი (1999-2003)

საქართველოს სოციალისტური პარტია (1995-)

 

დუდე ძნელაძე

ოფიციალური სახელი:   დავით ძნელაძე

დაბადების თარიღი:  1 ნოემბერი, 1889

გარდაცვ. თარიღი:  12 დეკემბერი, 1971  (82 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი:    დიდუბის პანთეონი, თბილისი

კატეგორია:  რეჟისორი

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

 სწავლობდა თბილისის რეალურ, ხოლო შემდეგ მოსკოვში, კომერციულ სასწავლებელში.

 გაიტაცა თეატრალურმა ცხოვრებამ, რამაც განაპირობა მისი მომავალი საქმიანობა; მან მთელი შეგნებული ცხოვრება თეატრს დაუკავშირა; 1913 წელს დაბრუნდა სამშობლოში და წარმართა ხაშურის სცენისმოყვარეთა წრის მუშაობა, როგორც მსახიობმა და რეჟისორმა; შემდეგ მისი მოღვაწეობის ასპარეზია ქუთაისი, თბილისი, აჭარა და კვლავ ხაშური; აქ მან პირველად დადგა უ. ჰაჯიბეკოვის ოპერეტა "არშინ მალ-ალან"; 1927 წელს მიავლინეს სოხუმში, სადაც დააარსა ქართული თეატრი; მალე იგი კოტე მარჯანიშვილმა ქუთაისის თეატრში ჩამოიყვანა მსახიობად; პარალელურად მონაწილეობდა ქართულ კინოფილმებში: "იბრაგიმ და გოდერძი", "ჯანყი გურიაში", "ღრუბელთა თავშესაფარი" და სხვა; იგი თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელია; 18 წლის მანძილზე იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; შემდეგ მოღვაწეობდა საქართველოს ფილარმონიაში; სცენაზე განასახიერა 100-ზე მეტი როლი და დადგა 50-მდე სპექტაკლი; დაჯილდოვებული იყო მედლებით.

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

თეატრალური საზოგადოება, თავჯდომარის მოადგილე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1943 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

საპატიო ნიშნის ორდენი

შრომის წითელი დროშის ორდენი

 

შალვა ჩხარტიშვილი

 დაბადების თარიღი:  1 ნოემბერი, 1910

გარდაცვ. თარიღი:  29 მარტი, 1978  (67 წლის ასაკში)

კატეგორია: მეცნიერი, ფსიქოლოგი

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუმათი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

 1959-1978წწ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში დააფუძნა პედაგოგიური ფსიქოლოგიის კათედრა და იყო მისი გამგე; ავტორია ნაშრომებისა "ნებისმიერი ქცევის მოტივის პრობლემა" (1958), "აღზრდის სოციალური ფსიქოლოგია" (1974), "ექვსწლიანთა სასკოლო სწაავლების საკითხები" (1980). ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1961).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1969 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

ექვსწლიანთა სასკოლო სწავლების საკითხები (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1980. - 172გვ.

განწყობა და ცნობიერება (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1975. - 240გვ.

აღზრდის სოციალური ფსიქოლოგია (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1974. - 265გვ.

ნებისყოფა და მისი აღზრდა (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1964. - 122გვ.

ფსიქოლოგია მასწავლებლის სამსახურში (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1964. - 28გვ.

ფსიქოლოგია : პედ. ინ-ტებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1963. - 430გვ.

განწყობის ფსიქოლოგიის ზოგიერთი საკითხი (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1962. - 148გვ.

ნებისმიერი ქცევის მოტივის პრობლემა (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1958. - 378გვ.

ფსიქოლოგია პედაგოგიური ინსტიტუტებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, სამეცნ.-მეთოდ. კაბინეტის გამ-ბა, 1950. - 500გვ.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way