USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
თბილისი
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი - დღეს დაბადებულები
თარიღი:  564

გია ხუციშვილი

დაბადების თარიღი: 18 ივლისი, 1966  (57 წლის)

კატეგორია:  მხატვარი, პედაგოგი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1989 წელს.

1990-2000წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, მონუმენტურ-დეკორატიული კათედრის ფერწერისა და კომპოზიციის მასწავლებელი; 1993-2002წწ. თბილისის ხელოვნების ინსტიტუტში სახვითი ხელოვნების კათედრის ფერწერის, ხატვის და კომპოზიციის უფროსი მასწავლებელი; 1997-2007წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კათედრის ფერწერის, ხატვის და კომპოზიციის მასწავლებელი; 1999-2002წწ. ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში კითხულობდა ლექციების კურსს ხელოვნების ისტორიასა და კულტუროლოგიაში; 2006 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის (ფერწერა, კომპოზიცია) ასოცირებული პროფესორია. 1996-2008წწ. რამოდენიმე რესპუბლიკური გამოფენის, აქციის, წიგნისა და სამხატვრო ალბომის ავტორი, მთარგმნელი და შემდგენელია ("ავთო ვარაზი" 1998, "მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო" 1999, სიმონ სხირტლაძე "მრავალძალი" 2002, თამაზ ხუციშვილი "ფერწერა, გრაფიკა" 2006 და მრავალი სხვა.). გია ხუციშვილის ფერწერული ნამუშევრები მოთავსებულია მრავალ სამხატვრო კატალოგში. მისი ფერწერული და გრაფიკული სურათები, ასევე ხატწერის ჟანრში შესრულებული ნამუშევრები ინახება საქართველოსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.

 

ანზორ აბჟანდაძე

დაბადების თარიღი:  30 ოქტომბერი, 1941  (82 წლის)

კატეგორია: მთარგმნელი, პოეტი

80-იანი წლების შუა პერიოდიდან აქტიურად ჩაება ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პროცესში, იყო პირველი ლეგალური არაფორმალური პოლიტიკური გაერთიანების - ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი, შემდგომში ამ საზოგადოების გამგეობის წევრი 1993 წლამდე; ამავე პერიოდიდან ეწევა პროფესიონალურ ლიტერატურულ მოღვაწეობას, როგორც პოეტი და მთარგმნელი; გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: "ქება ჩიტს" (2010), "მე და ჩემი ძმა" (2010), "აჰა ინებეთ" (2011), "თქვენ სულ აქა ხართ" (2014); პოეზიისა და პროზის თარგმანები (ა. პუშკინი, მ. ლერმონტოვი, ლ. ანდრეევი, ვ. შუკშინი, რ. აკუტაგავა და სხვ.); რუსთველოლოგიური ნაშრომი "ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი" (1994), პუბლიცისტური და ლიტერატურული წერილები.

 თამაზ ხაზარაძე

დაბადების თარიღი:  30 ოქტომბერი, 1939  (84 წლის)

კატეგორია მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1962 წელს.

მუშაობდა ზოგადი ფიზიკის კათედრის სასწავლო ლაბორატორიის გამგის თანამდებობიდან პროფესორობამდე, აქვს დაწერილი ფიზიკის ორიგინალური სახელმძღვანელოები. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზოგადი ფიზიკის თანამედროვე კურსის აგებისა და სწავლების საკითხები", დაიცვა 1993 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

განათლების მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ზაზა აბზიანიძე

დაბადების თარიღი:  30 ოქტომბერი, 1940  (83 წლის)

კატეგორია:კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მწერალი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს.

1967 წლიდან არის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1996 წლიდან ჟურნალ "Литературная Грузия"-ს რედაქტორი; 1988-2006 წწ. თეატრალური ინსტიტუტის ფილოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი. არის 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის და 15 წიგნის ავტორი. ლიტერატურის ისტორიკოსი, ესეისტი, საბავშვო მწერალი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ადამიანის კონცეფცია თანამედროვე ქართულ ლირიკაში", დაიცვა 1973 წელს;

სადოქტორო დისერტაციის თემა - " XIX-XXს.ს. ქართული პროზის ჰუმანისტური იდეალი",  დაიცვა 1993 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

კომპარატივისტიკის ქართული ასოციაცია(GEKLA), წევრი

მწერალთა საერთაშორისო ასოციაცია "ევროპული ფორუმი", წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

2019 - პრემია "საგურამო"

2011 - ლიტერატურული პრემია "გალა", წლის "საუკეთესო საგამომცემლო პროექტი"

პროექტისათვის - "ასი წიგნი: ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო"

2007 - პირველი ხარისხის პრემია "პარნასი", ლიტერატურის დარგში

სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია : 2 ტომად / ზაზა აბზიანიძე, ქეთევან ელაშვილი . - თბილისი : ბაკმი .- 2006

2003 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული

2001 - გაეროს ბავშვთა ფონდის(UNICEF) ლიტერატურული კონკურსი, პირველი ხარისხის პრემია

ბაბთა : ლიტერატურული ზღაპარი / ზაზა აბზიანიძე .- თბილისი : პლანეტა, 2001 .- 48გვ.

გრიგოლ კიკნაძის სახელობის პრემია, წლის "საუკეთესო სამეცნიერო სტატია"

ლიტერატურული პორტრეტისათვის - "უცნობი ყაზბეგი"

 

ოთარ ლორთქიფანიძე

დაბადების თარიღი:  30 ოქტომბერი, 1930

გარდაცვ. თარიღი:  19 მაისი, 2002  (71 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი:  დიდუბის პანთეონი, თბილისი

კატეგორია:   არქეოლოგი, მეცნიერი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1953 წელს.

 1957 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1972 წლიდან  იყო ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1977 წლიდან ხელმძღვანელობდა მისივე ინიციატივით შექმნილ არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 1966 წლიდან ოთარ ლორთქიფანიძე სათავეში ჩაუდგა ვანის არქეოლოგიურ ექსპედიციას. მისი კვლევის საგანი იყო ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორია არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. 1977 წლიდან მისი ინიციატივით ეწყობოდა შავიზღვისპირეთის ძველი ისტორიული და არქეოლოგიური საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმები. 1985 წელს  დააფუძნა ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც განთავსებულია ვანის ნაქალაქარზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა (4 000-ზე მეტი ექსპონატი). მისი კონცეფციით შეიქმნა ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი. იგი იყო სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი საზღვარგარეთ მოწყობილი არაერთი არქეოლოგიური გამოფენისა (მოსკოვში, საარბრიუკენში, შტუტგარტში, ბრაუნშვაიგში, ბონში, ბოხუმში, ვისბადენში). გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი ნაშრომი (მონოგრაფიები და სტატიები მრავალ ენაზე). 1991 წელს გერმანიაში გამოცემულ ო. ლორთქიფანიძის წიგნს - "Archologie in Georgien" - მიენიჭა ქალაქ მაინცის არქეოლოგიური საზოგადოების მედალი. არის ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. მისი სახელი მინიჭებული აქვს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალს და ქუჩას რომელზეც მუზეუმი მდებარეობს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1969).

საკანდიდატო დისერტაციის თამა - "ხელოსნური წარმოება და ვაჭრობა მცხეთაში ახალი წელთაღრიცხვის I-III საუკუნეებში", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო ისერტაციის თემა - "ანტიკური სამყარო და ძველი საქართველო", დაიცვა 1966 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტი , წევრ–კორესპონდენტი

ესპანეთის სამეფო საისტორიო აკადემია, წევრი (2001-)

კლასიკური არქეოლოგიის საერთაშორისო ასოციაცია (რომი), წევრი

კლასიკური მითოლოგიის იკონოგრაფიული ლექსიკონის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტი, წევრი

პოლონეთის არქეოლოგიური სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2002-)

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

2000 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში

1989-1997 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის - "უძველესი ქართული სახელმწიფოები: კოლხეთი და იბერია"

2000 - ღირსების ორდენი

ქალაქ ვანის საპატიო მოქალაქე

 

ბაადურ რაჭველიშვილი

დაბადების თარიღი:30 ოქტომბერი, 1922

გარდაცვ. თარიღი: 2012  (89 წლის ასაკში)

კატეგორია: ექიმი, მეცნიერი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

 დაამთვარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

 1946-1947წწ. იყო ხულოს რ–ნის საექიმო უბნის გამგე; 1951-1960წწ. რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი და ენდოსკოპიური კაბინეტის გამგე; 1960-1985წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 1986-2008წწ. ამავე ინსტიტუტის შინაგან სნეულთა კათედრის გამგე და პროფესორი; 1971 წლიდან რესპუბლიკის მთავარი თერაპევტი; 1980 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი გასტროენტეროლოგი; 1981 წლიდან უმაღლესი სკოლის დამსახურებული მასწავლებელი. არის 160 სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი, მათ შორის: "საქართველოს მედიცინის ისტორია" (1956), "Гастробиопсия в клинической практике (1969), "პესტიციდების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე" (1981).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მასალები შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკისა და კლინიკის შესახებ ძველ ქართულ წყაროებში", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "Хронический гастрит у сельских жителей", დაიცვა 1984 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

თერაპევტთა რესპუბლიკური საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი

ინტერნისტთა მსოფლიო გაერთიანება, წევრი (1995-)

რეპრესირებულთა საზოგადოება "მემორიალის" სამედიცინო კომისია, თავმჯდომარე

საქართველოს გასტროენტეროლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი (1964-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1999 - საქართველოს საპატრიარქოს სიგელი

1995 - ღირსების ორდენი

1985 - ღირსების ორდენი

1982 - ღირსების ორდენი

 

ლელა ალიბეგაშვილი

დაბადების თარიღი:  30 ოქტომბერი, 1962  (61 წლის)

კატეგორია:  მსახიობი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი 1986 წელს.

 1986 წლიდან არის რუსთაველის თეატრის მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "ამბავი სურამის ციხისა" (1984), მოცეკვავე გოგონა, თხა – "სიბრძნე სიცრუისა" (1991) ;"არაბესკები ფიროსმანის თემაზე" (დოკუმენტური ფილმი), "სიბრძნე სიცრუისა"; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე განასახიერა ბედისწერა, უცნობი ("კარმენი’"); მიღებული აქვს პრემიები და პრიზები: "სეზონის საუკეთესო სცენური ნაწარმოები" ლილიენის როლის შესრულებისათვის რუსთაველის თეატრის სპექტაკლში "საშობაო სიზმარი", რეჟისორი რ. სტურუა (1994); გრან-პრი, "ოქროს ნიღაბი" ("მაკბეტი", 1996 წ.); პრიზი ქალის როლის (ნია) საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი" (1997); პრიზი ქალის როლის (ნია) საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი" (1998), რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "ოქროს ნიღაბი"; პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ("მარია კალასი. გაკვეთილი", 2014 წ.); თეატრალური პრემია "დურუჯი“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ("მარია კალასი. გაკვეთილი", 2014 წ.); გატაცებულია მუსიკით, კითხვითა და ცეკვით.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1994 - პრემია "სეზონის საუკეთესო სცენური ნაწარმოები", ლილიენის როლის შესრულებისათვის სპექტაკლში "საშობაო სიზმარი"

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.