აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი 6-13 ივნისს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის მიზანი ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების პროგრესი და რეგიონის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატვაა.
„სახელმწიფო მდივნის მოქმედი მოადგილე რიკერი საქართველოში მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს, რათა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხები განიხილონ,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სომხეთსა და აზერბაიჯანში ფილიპ რიკერი შეხვდება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს ლიდერებს და შეხვედრებზე განიხილავენ ორმხრივ პრიორიტეტებს და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს.