USD 2.7138
EUR 3.1703
RUB 3.4710
Тбилиси
საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადაზე 206 გუნდს შორის 33-ე ადგილი დაიკავა
дата:  919

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიო 2020-ზე მედლების ხარისხის მიხედვით 206 გუნდს შორის 33-ე ადგილი დაიკავა. მოპოვებული მედლების რაოდენობით კი 31-ე.

საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს მე-7 ოლიმპიური თამაშები იყო და პეკინის შემდეგ მეორე საუკეთესო, შედეგის მიხედვით. 

ტოკიოში ოქროს მედლის და ოლიმპიური ჩემპიონის წოდების მფლობელები გახდნენ:

ლაშა ბექაური, ძიუდო, 90 კგ

ლაშა ტალახაძე, ძალოსნობა, +109 კგ

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ:

ვაჟა მარგველაშვილი, ძიუდო, 66 კგ

ლაშა შავდათუაშვილი, ძიუდო, 73 კგ

გურამ თუშიშვილი, ძიუდო, +100 კგ

იაკობ ქაჯაია, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ

გენო პეტრიაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ

ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

ანტონ პლესნოი, ძალოსნობა – 97 კგ

 

аналитика
"ზანგეზურის დერეფანი და ირანის ეროვნული უსაფრთხოება" - ავტორი: ვასილ პაპავა
მხედველობაში მიიღეთ - სტატია დავწერე 2023 წლის ზაფხულში. მის მერე რიგი ფაქტორები დაემატა ამ საკითხს - უბრალოდ ძირითადი აქტორების ინტერესების ახსნისთვის საინტერესოა.
 
კონფლიქტი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში დაიწყო და დღესაც გრძელდება, რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ორი ქვეყნის პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ურთიერთობებზე, არამედ მათ მეზობლებზეც. ერთ-ერთი ასეთი მეზობელია ირანი, რომელიც ღრმად არის შეშფოთებული ჩრდილო-დასავლეთის საზღვრებთან გეოპოლიტიკური არასტაბილურობით, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ამ ადგილებში მცხოვრები ირანელი თურქულენოვანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმცირესობა აზერბაიჯანს თანაუგრძნობდა მეორე ყარაბაღის ომის დროს.
 
ზანგეზურის დერეფანი არის დაახლოებით 40 კმ სიგრძის სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სომხეთის სიუნიქის რეგიონის ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და მის ექსკლავას, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო დაკავშირების უზრუნველყოფის შესაძლო საშუალებად განიხილება.
 
ამ კონცეფციის რეალიზებას აზერბაიჯანი და თურქეთი სულ უფრო მეტად უჭერენ მხარს მეორე ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, სომხეთი კი მას მუდმივად აპროტესტებს და ამტკიცებს, რომ „დერეფნის საკითხი“ 2020 წ. ნოემბერში სამმხრივი ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას ეწინააღმდეგება.
 
ზანზეგურის დერეფანი ასევე არის უფრო დიდი სატრანსპორტო პროექტის ნაწილი, რომელიც ბაქოს და სტამბულს აკავშირებს. უფრო ფართოდ კი ეს დერეფანი არის გეოპოლიტიკური პროექტი, რომელიც შექმნილია ევროპის დასაკავშირებლად ცენტრალურ აზიასთან და ჩინეთთან აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით.
 
მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მე-9 პუნტქში წერია: „რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორგანოები განახორციელებენ“.
 
2021 წლის 11 იანვარს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მეთაურებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების მე-9 პუნქტის განსახორციელებლად რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის ნაწილში ისინი ეთანხმებიან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ. პუტინის წინადადებას სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, ეს ახალი სამმხრივი განცხადება რეალურად „ხაზს უსვამს იმას, რაც გასულ წელს მოხდა“. სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა, როგორც ალიევმა აღნიშნა, „აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს 30 წლის განმავლობაში პირველად დაამყაროს კომუნიკაცია ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, ხოლო სომხეთს მიეცემა საშუალება სარკინიგზო საშუალებით დაუკავშირდეს რუსეთს და ირანს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით. გარდა ამისა, მათ ექნებათ წვდომა თურქეთის ბაზარზე, თურქეთისა და რუსეთის სარკინიგზო არტერიებზე“.
 
როგორც ილჰამ ალიევმა 2021 წლის 20 აპრილს განაცხადა: „ზანგეზურის დერეფნის შექმნა სრულად აკმაყოფილებს ჩვენს ეროვნულ, ისტორიულ და სამომავლო ინტერესებს. უნდა ეს სომხეთს თუ არა, ჩვენ განვახორციელებთ ზანგეზურის დერეფანს“.
 
აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, ამ პროექტის რეალიზების შემთხვევაში ყველა მხარე ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს.
ბაქოს განმარტებით, პროექტის დასრულების შემდეგ, ზანგეზურის დერეფანი გახდება მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტი, რომელიც დააკავშირებს ბაქოს და ყარსს სომხეთის ტერიტორიის გავლით. ვინაიდან დერეფანმა სომხეთის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს (სომხური საგუშაგოების ან სასაზღვრო კონტროლის გარეშე), პირველ რიგში, საჭირო იქნება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის წინასწარი სრული შეთანხმების მიღწევა. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ პროექტის დასრულებით ორივე ქვეყანა ისარგებლებს, რადგან ის განავითარებს კავშირებს ევროპასა და აზიას შორის და გააერთიანებს თურქეთს, რუსეთს, ირანს, სომხეთს და აზერბაიჯანს ერთ ეკონომიკურ დერეფანში, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობას ყველასთვის.
 
აზერბაიჯანი
 
ზანგეზურის დერეფნის გახსნა ბევრ სარგებელს მოუტანს აზერბაიჯანს. ახალი დერეფანი აღადგენს პირდაპირ სახმელეთო კომუნიკაციას ნახიჩევანთან და დაასრულებს სომხეთის 30-წლიან ბლოკადას. საბჭოთა პერიოდში ზანგეზურის გავლით მოქმედებდა რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანთან აკავშირებდა და აქტიურად გამოიყენებოდა მგზავრებისა და ტვირთის გადასაყვანად. სომხეთ-აზერბაიჯანული კონფლიქტის დაწყების შემდეგ სატრანსპორტო კომუნიკაციები შეწყდა და აზერბაიჯანმა დაკარგა პირდაპირი სახმელეთო კავშირი ნახიჩევანთან.
ამან ნახიჩევანში საკვებისა და სხვა პროდუქტების ხანგრძლივი დეფიციტი გამოიწვია. ამიტომ აზერბაიჯანს ნახიჩევანთან კონტაქტის დამყარება სახმელეთო ან საჰაერო გზით ირანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით უწევდა. ვინაიდან თურქეთის გავლით ნახიჩევანამდე მარშრუტი უფრო გრძელია და მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე გადის, სახმელეთო კავშირი ნახიჩევანთან ძირითადად ირანის გავლით ხორციელდება (მანძილი თურქეთამდე ზანგეზურის დერეფნით 340 კმ-ით ნაკლები იქნება, ვიდრე ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის მეშვეობით).
 
შესაბამისად, ნახიჩევანთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. ასევე, ზანგეზურის დერეფნის გახსნა თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
 
ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ზანგეზურის დერეფნის შექმნა BTK რკინიგზის მნიშვნელობას შეამცირებს. თუმცა, აზერბაიჯანის მიზანი ზანგეზურის დერეფნის შექმნისას არ არის BTK-ის პოტენციალის შემცირება, რადგან ორივე გზა მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის და ახალი დერეფანი მოემსახურება აზერბაიჯანის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას თურქეთისა და შავი ზღვის მიმართულებით. BTK-ს მეშვეობით ბაქოს აქვს პირდაპირი წვდომა შავი ზღვის პორტებთან. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მეშვეობით გადაზიდული ტვირთების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, აზერბაიჯანისთვის სამომავლოდ ტვირთების მზარდი მოცულობის მდგრადი ტრანსპორტირების ორი მიმართულების არსებობა უფრო ეფექტური იქნებოდა.
 
სომხეთი
 
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს. ბაქოში მიიჩნევენ, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნა სომხეთისთვისაც იქნება მომგებიანი. თურქეთთან და აზერბაიჯანთან დახურულმა საზღვრებმა ხელი შეუშალა სომხეთს, ჰქონოდა უფრო უსაფრთხო და მდგრადი სახმელეთო გზა რუსეთისკენ, რომელიც მისი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია.
 
სომხეთ-აზერბაიჯანული კონფლიქტის დაწყების შემდეგ სომხეთსა და რუსეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაცია შეწყდა. ერთადერთი ხელმისაწვდომი სახმელეთო მარშრუტი საქართველოს მეშვეობით ზემო ლარსის გავლითაა. ვინაიდან ეს გზა გეოგრაფიულად რთულ რელიეფზე გადის და უამინდობისას ხშირადაა დაკეტილი, ეს იწყვევს საქონლის ტრანსპორტირების შეფერხებას სომხეთიდან რუსეთში და პირიქით. უფრო მეტიც, საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დაძაბულობა ზოგჯერ ამ გზის ჩაკეტვის მიზეზი ხდება.
 
აღსანიშნავია ისიც, რომ მთიანი ყარაბაღის ომმა ირანთან სარკინიგზო კავშირის გაუქმება გამოიწვია. ყარაბაღის პირველი ომის (1988–94) დაწყების შემდეგ დაიხურა რკინიგზა ნახიჩევანის გავლით, რომელიც სომხეთს ირანთან აკავშირებდა. ავტომაგისტრალი, რომელიც დღეს გამოიყენება სომხეთსა და ირანს შორის ტვირთის გადასაზიდად, არაეფექტურია ტრანსპორტირებისთვის, რადგან ის მთიან რელიეფზე გადის.
კონფლიქტის დროს სომხეთი გეგმავდა ალტერნატიული სარკინიგზო მაგისტრალის აშენებას მეღრის რეგიონის გავლით ირანამდე, თუმცა მშენებლობის მაღალმა ღირებულებამ ეს შეუძლებელი გახადა. რკინიგზის მშენებლობის ღირებულება 3,5-დან 5 მლრდ აშშ დოლარამდე იქნა შეფასებული. ფინანსური რესურსების სიმცირის გამო სომხეთს არ შეეძლო ამ ხარჯების დაფარვა, უცხოელი ინვესტორების მოზიდვის მცდელობებმა კი სასურველ შედეგამდე ვერ მიიყვანა.
 
ბაქოში მიიჩნევენ, თუ ზანგეზურის დერეფანი გაიხსნება, სომხეთი და ირანი აღადგენენ სარკინიგზო კავშირებს, რაც ასევე საშუალებას მისცემს სომხეთს მონაწილეობა მიიღოს ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში (INSTC). ამრიგად, ზანგეზურის დერეფნის გახსნა სომხეთს საშუალებას მისცემს გამოვიდეს ეკონომიკური იზოლაციიდან.
 
ზანგეზურის დერეფნის უპირატესობების მიუხედავად, სომხეთის ზოგიერთი ექსპერტი ამ პროექტის განხორციელებას სკეპტიკურად უყურებს. მათი აზრით, ახალი დერეფანი არ შეესაბამება სომხეთის სტრატეგიულ ინტერესებს, რადგან ახალ გეოპოლიტიკურ რისკებს ქმნის და შესაძლოა სომხეთი სუვერენიტეტის დაკარგვამდე მიიყვანოს. ისინი ამტკიცებენ, რომ მაშინ, როცა სამმხრივ განცხადებაში საუბარია რეგიონში ყველა კომუნიკაციის გახსნაზე, მასში კონკრეტულად არის ნახსენები მხოლოდ კავშირი აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ აქცენტი კეთდება ამ კონკრეტული გზის მონაკვეთის გახსნაზე. აქედან გამომდინარე, ეს არის ერთადერთი განხორციელებადი პროექტი უახლოეს მომავალში. სომეხი ექსპერტების აზრით, ზანგეზურის დერეფნის გახსნა კომუნიკაციის სხვა მარშრუტების გახსნის გარეშე შექმნის დამატებით გეოპოლიტიკურ რისკებს, რომლებიც გადაწონის სომხეთისთვის ეკონომიკურ სარგებელს.
 
სომეხი ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნის შემდეგ სომხეთი დაკარგავს სუვერენიტეტს იმ ტერიტორიაზე, სადაც უნდა გავიდეს დერეფანი. სამმხრივი განცხადების მიხედვით, დერეფანზე კონტროლს განუსაზღვრელი ვადით რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (FSB) განახორციელებს. ამიტომ სომხეთის ხელისუფლება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ გარკვეული დროის შემდეგ დერეფანზე კონტროლი სომხეთის ხელისუფლების ხელში გადავა. მეორე მხრივ, სომხეთს უნდა ჰქონდეს უფლება გადაკეტოს ეს გზა, როცა ის მის ეროვნული ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის. თუმცა, 10 ნოემბრის განცხადება სომხეთს ასეთ უფლებებს არ ანიჭებს. ამრიგად, სომეხი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ერევანმა არ უნდა დაუშვას დერეფნის გახსნა, თუ სომხეთი დაკარგავს სუვერენიტეტს და ვერ დაიცავს თავის ეროვნულ ინტერესებს.
 
ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სომხურ მხარეს მიაჩნია, რომ სომხეთისთვის ზანგეზურის დერეფნის გეოპოლიტიკური რისკები მნიშვნელოვნად აღემატება ეკონომიკურ სარგებელს და, შესაბამისად, სომხეთის მთავრობამ უნდა გადადოს ან აღკვეთოს ამ დერეფნის გახსნა. სომხეთს შეუძლია დათანხმდეს დერეფნის გახსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაიხსნება სომხეთისთვის სასარგებლო სხვა რეგიონალური კომუნიკაციები და უზრუნველყოფილი იქნება ამ გზების უსაფრთხოება, როგორც ეს ზანგეზურის დერეფნის შემთხვევაშია. თუმცა, სომხეთმა უკვე მოაწერა ხელი 10 ნოემბრის განცხადებას და შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. თუ სომხეთი ხელს შეუშლის დერეფნის გახსნას, აზერბაიჯანს უფლება ექნება, ანალოგიურად იმოქმედოს სამმხრივი განცხადების სხვა პუნქტებთან დაკავშირებით, მაგალითად, ლაჩინის დერეფნის მიმართ.
 
თუ ზანგეზურის დერეფანი არ გაიხსნება, მაშინ აზერბაიჯანი არ დაუშვებს სხვა გზების გახსნას, რაც ნიშნავს, რომ სომხეთის ეკონომიკური იზოლაცია გაგრძელდება. მეორე მხრივ, სომხეთის წინააღმდეგობა დერეფნის გახსნაზე ბაქოს და ანკარას მიერ აღიქმება, როგორც პოლიტიკა, რომელიც მიმართულია რეგიონში თანამშრომლობის წინააღმდეგ და რომელიც არ აკმაყოფილებს რეგიონის სხვა ქვეყნების ინტერესებს. ამიტომ, ამ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი რუსეთს, შეუძლიათ სომხეთზე ზეწოლა მოახდინოს დერეფნის გასახსნელად.
 
აზერბაიჯანში მიიჩნევენ, რომ სომხეთის შიში იმასთან დაკავშირებით, რომ დერეფნის გახსნით ერევანი სუვერენიტს დაკარგავს გაკვირვებას იწვევს, რადგან სომხეთის საზღვრებს თურქეთთან და ირანთან რუსული სამხედროები იცავენ, სომხეთის სარკინიგზო სისტემას, გაზის გამანაწილებელ კომპანიას და ეკონომიკის სხვა საკვანძო სექტორებს რუსული კომპანიები აკონტროლებენ. ამრიგად, ბაქოს თქმით, სომხეთის მიერ გამოხატული შიში მისი სუვერენიტეტის დაკარგვის შესახებ უსაფუძვლოა და მხოლოდ საბაბია იმ ძალების ხელში, რომლებსაც არ სურთ ზანგეზურის დერეფნის გახსნა.
 
როგორც ჩანს, სომხეთის ხელისუფლება დაინტერესებულია დერეფნის გახსნით, ან აცნობიერებს მისი გახსნის აუცილებლობას იმ პირობით, რომ სომხეთის სუვერენიტეტი აღნიშნულ ტერიტორიაზე გარანტირებული იქნება. სომხეთის მთავრობის ფრთხილი ქმედება დერეფანთან დაკავშირებით ქვეყნის მოსახლეობის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების ზრდას უკავშირდება. ასევე, აღნიშნული საკითხი ოპოზიციის ხელში ხელისუფლებაზე თავდასხმის იარაღად იქცა. ამიტომ, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად ზანგეზურის დერეფნისა და სხვა გზების გახსნის უპირატესობები აშკარა ხდება, და სავსებით შესაძლოა სომხების დამოკიდებულება დერეფნის გახსნის მიმართ შეიცვალოს.
 
საქართველო
 
ზოგიერთი ექსპერტი საქართველოში მიიჩნევს, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნა რეგიონში თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონში საერთაშორისო ტრანსპორტისთვის. ამ ექსპერტების აზრით, რეგიონის საერთო განვითარება სარგებელს მოუტანს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანას.
 
თუმცა, საქართველოში ყველაზე გავრცელებული აზრია, რომ დერეფნის გახსნა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოზიციებს შეასუსტებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველო ასრულებდა მთავარ როლს აზერბაიჯანის ენერგორესურსების და სხვა პროდუქტების სახმელეთო ტრანსპორტირებაში თურქეთსა და ევროპაში.
 
მიუხედავად ზანგეზურის დერეფნის შესახებ საქართველოში გამოთქმული შეშფოთებისა, დერეფნის გახსნა მიზნად ისახავს არა საქართველოზე გამავალი გზების მნიშვნელობის შემცირებას, არამედ რეგიონში სატრანსპორტო ქსელის შემდგომ გაფართოებას. აზერბაიჯანი და თურქეთი არ აპირებენ უარი თქვან საქართველოსთან სატრანსპორტო პროექტებზე, რომლებშიც საკმაოდ დიდი ინვესტიცია აქვთ ჩადებული. ასეთი მნიშვნელობის გზების შეცვლა ადვილი არ არის და შესაბამისად, ზანგეზურის დერეფანი ვერანაირად ვერ გახდება მისი კონკურენტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს შავი ზღვის პორტებთან წვდომა ზანგეზურის დერეფნის გავლით სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამრიგად, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ტვირთის მხოლოდ ნაწილი შეიძლება გადამისამართდეს ზანგეზურის დერეფნის გავლით, რაც გამოიწვევს ტრანსპორტის საფასურის ანალოგიური წილის შემცირებას.
 
საქართველოსთვის ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამომავლოდ ევროპასა და აზიას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით ტვირთბრუნვა შეიძლება გაიზარდოს.
 
თურქეთი
 
ზანგეზურის დერეფნის გახსნა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ასევე თურქეთს. პირველ რიგში, ამ დერეფნის გავლით თურქეთი მიიღებს პირდაპირ სახმელეთო გზას აზერბაიჯანისკენ, რომელიც მისი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია რეგიონში. საქართველოსა და ირანის მეშვეობით აზერბაიჯანთან სატრანსპორტო კავშირი ზრდის როგორც მანძილს, ასევე ტრანსპორტირების ხარჯებს.
 
ამრიგად, ახალი დერეფნის ამუშავება შექმნის შესაძლებლობას აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაფართოებისთვის, მათ შორის ტურიზმის სფეროში. ზანგეზურის დერეფანი თურქეთისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აზერბაიჯანთან სახმელეთო გზით დასაკავშირებლად, არამედ კასპიის ზღვის გავლით ცენტრალურ აზიასთან უფრო მოკლე კავშირის დამყარებისთვის. ამჟამად თურქულენოვან ქვეყნებთან სახმელეთო კავშირები დამყარებულია საქართველოსა და ირანის გავლით. ზანგეზურის დერეფნის გამოყენებით თურქეთი უფრო მოკლე ალტერნატივას მიიღებს.
 
ზანგეზურის დერეფნის ამუშავებუს შემდეგ თურქეთი შეძლებს ირანიდან წამოსული ტვირთების გადამისამართებას ახალ დერეფანზე, რითაც შეამცირებს მის დამოკიდებულებას ირანზე. ზოგადად, ზანგეზურის დერეფნის გახსნა მნიშვნელოვნად გააძლიერებს თურქეთის პოზიციებს რეგიონში და გაზრდის მის გავლენას.
 
რუსეთი
 
ზანგეზურის დერეფნის ამუშავებით ასევე დაინტერესებულია რუსეთი. ზოგადად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესებამ მნიშვნელოვნად შეზღუდა რუსეთის შესაძლებლობა დაემყარებინა პირდაპირი სახმელეთო კავშირი სომხეთთან. ამ პრობლემების გამო რუსეთი ასევე დამოკიდებულია ირანზე სომხეთში ტვირთების, განსაკუთრებით სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირების კუთხით. ყველა ზემოაღნიშნული პრობლემის გათვალისწინებით, ზანგეზურის დერეფნის გახსნა რუსეთს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის. ამ დერეფნით რუსეთს აზერბაიჯანის გავლით ექნება პირდაპირი კავშირი სომხეთთან, რაც მას საშუალებას მისცემს ერევანთან უფრო სტაბილური ეკონომიკური ურთიერთობები დაამყაროს.
 
რუსეთისთვის ზანგეზურის დერეფნის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ მას FSB-ს ძალები გააკონტროლებენ. ამრიგად, რუსეთი არა მხოლოდ გააკონტროლებს სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ მთავარ დერეფანს, არამედ გააძლიერებს თავის პოზიციებს რეგიონში.
 
რეგიონის თითოეულ ქვეყანაზე ზანგეზურის დერეფნის გავლენის ანალიზი აჩვენებს, რომ დერეფნის გახსნა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ამ ქვეყნების სატრანსპორტო სისტემებზე, მათ სატრანსპორტო ურთიერთობებზე რეგიონის ქვეყნებთან და ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკაზე. თუმცა, არსებობს ძლიერი წინააღმდეგობა სომხეთის შიგნით მის გახსნასთან, რიგი ფაქტორების გამო.
 
ირანი
 
ყველაზე მეტად მოგებული დერეფნის გახსნით აზერბაიჯანი რჩება. პროექტის რეალიზების შემთხვევაში აზერბაიჯანელებს აღარ დასჭირდებათ ირანის ტერიტორიის გავლით ნახიჩევანში გადასვლა, რაც თავის მხრივ შეასუსტებს ირანის გავლენას. დერეფანი ასევე პირდაპირ დააკავშირებს აზერბაიჯანს თურქეთთან. ირანი შეშფოთებულია, რომ აზერბაიჯანი აპირებს ირანის საზღვრის გადაკეტვას სომხეთთან, რადგან ზანზეგურის დერეფნის პროექტის შემოთავაზებული მარშრუტი ირან-სომხეთის საზღვრის მთელ სიგრძეზე გადის.
 
მეორე მხრივ, როგორც ჩანს, თეირანისთვის მიუღებელია სომხეთთან ისტორიული საზღვრების გადასინჯვა რამოდენიმე მიზეზის გამო:
 
- თეირანი თვლის, რომ ზანგეზურის დერეფნის შექმნა უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენების შესუსტებას და, თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ სხვადასხვა ეკონომიკური, პოლიტიკური და იდეოლოგიური უპირატესობის მოპოვებას;
 
- ირანი მიიჩნევს, რომ ზანგეზურის დერეფნის მშენებლობით აზერბაიჯანი და თურქეთი ცდილობენ ხელში ჩაიგდონ საქონლისა და ენერგორესურსების სატრანზიტო გზები და ამოაგდონ ირანი ამ მარშრუტებიდან;
 
- თეირანს ეკეტება პირდაპირი გზა სომხეთის მეშვეობით შავი ზღვის პორტებისკენ;
 
- გაიზრდება თეირანის დამოკიდებულება ანკარასა და ბაქოზე თავის სამხრეთკავკასიურ პოლიტიკაში;
 
- ზანგეზურის დერეფანზე ერთობლივი კონტროლის დამყარებით მნიშვნელოვნად გაძლიერდება ბაქო-ანკარას გეოპოლიტიკური ღერძი, რითაც, ასევე, ისინი ხელსაყრელ გეოეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან;
 
- თავის მხრივ, თურქეთი, რომელიც NATO-ს წევრია, აქვს საერთო საზღარი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. ზანგეზურის დერეფნის გახსნით, თურქეთისა და NATO-ს კასპიის ზღვაზე გასვლა გაადვილდება.
 
ირანმა, თავის მხრივ, საკუთარი ინტერესების დასაცავად აქტიურ ნაბიჯებს მიმართა. 2020 წლის ოქტომბერში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მონაწილეობით კაპანში (სიუნიქის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი) ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულო გაიხსნა. სიტყვით გამოსვილას ჰ. ამირ-აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ თეირანი რეგიონში ისტორიული საზღვრების არანაირ ცვლილებას არ მიიღებს.
 
შეიძლება ითქვას, რომ კაპანში ირანის საკონსულოს გახსნით თეირანმა სერიოზული სიგნალი გაუგზავნა ბაქოს და ანკარას, რომ ისლამური რესპუბლიკა სერიოზულად არის მიმართული სომხეთთან საზღვრის დაცვაში და არ დაუშვებს ორ ქვეყანას შორის საზღვრის გადასინჯვას.
სომხეთი, სავარაუდოდ, უკიდურესად შეშფოთებული იქნება ირანთან საზღვრის პოტენციური დაკარგვით და შესაბამის რეაგირებას მოახდენს პროექტის წინააღმდეგ, თუ ირანთან საერთო საზღვრის მომავალი ეჭვის ქვეშ დადგება.
 
ირანელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დათანხმდება მსგავს გეგმას (ზანგეზურის დერეფნის გახსნას), მაშინ ეს მოხდება, პირველ რიგში, მოსკოვის უკიდურესი სისუსტის, შიდა ზეწოლისა და გულგრილობის გამო, ხოლო თეირანისთვის კი ეს ნამდვილი გეოპოლიტიკური კატასტროფა იქნება, რომელიც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ირანის გეოპოლიტიკურ პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати