USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
საქართველომ ეს ერთხელ უკვე სცადა ნეიტრალიტეტი, პირველი რესპუბლიკის პერიოდში და კიდეც გაქრა რუკიდან - გიორგი კობერიძე
Date:  1131
რომაელები ამბობენ, რომ მშვიდობას ერთადერთი გარანტი აქვს და რომ ეს არის - Si vis pacem, para bellum! - ანუ თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისათვის. ყველა პოლიტიკურ თუ სამხედრო ქმედებას თავისი ფასი აქვს. რაც უფრო დიდია ფასი, მით უფრო ნაკლებია მისი განხორციელების შანსი. და პირიქით, რაც უფრო ნაკლებია პოტენციური ზარალი თუ დანახარჯი, მით უფრო მეტია მოტივაცია აღნიშნული ქმედების განხორციელებისა. შესაბამისად, რაც უფრო სუსტი ხარ შენს წინააღმდეგ აგრესიის შანსი იზრდება. ადვილია და იმიტომ.
 
საქართველოში მშვიდობაზე რიტორიკა ბევრი გვესმის და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები აქტიურად საუბრობენ ნეიტრალიტეტზე, როგორც მშვიდობის გარანტზე. ახლაც არჩევნების წინ ხმამაღლა გაჟღერდა კონსტიტუციური უმრავლესობის და კონსტიტუციის ცვლილების მოთხოვნის სურვილი, რომელიც თითქოს მშვიდობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი იქნებაო. ეს ყველაფერი კი სრულიად ლოგიკურად შეიძლება მიანიშნებდეს კიდეც ნეიტრალიტეტის იდეაზე მუშაობას, მით უფრო რომ წინა თვეში დაფუძნდა კიდეც მოძრაობა "ნეიტრალური საქართველო". საქართველომ ეს ერთხელ უკვე სცადა, პირველი რესპუბლიკის პერიოდში და კიდეც გაქრა რუკიდან. შენი სურვილი დარჩე მიუმხრობელი არავის არაფერში არ აინტერესებს, თუკი მას ზურგს არ უმაგრებს შენი ძალა დაიცვა თავი.
 
გვაქვს ნეიტრალიტეტის ქრესტომათიული შემთხვევა: - ბერძნული კუნძული მილოსი ეგეოსის ზღვისა და პელოპონესის ომებში მონაწილეობისგან თავის დაღწევის მიზნით ნეიტრალიტეტი და განიარაღება გამოაცხადა. როგორ დასრულდა ეს? რამდენიმე თვეში მილოსი გაქრა რუკიდან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. რატომ? ადვილი იყო მისი დაპყრობა და იმიტომ. მილოსს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოსაც.
 
შვეიცარიის მაგალითზე ბევრს საუბრობენ ხოლმე, როგორც ნეიტრალურ სახელმწიფოზე, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ, რომ შვეიცარია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა, რომლის დაპყრობის სურვილი ნაცისტურ გერმანიას ჰქონდა და კოდური სახელწოდებაც ერქვა მათ აგრესიულ გეგმას - Unternehmens Tannenbaum (ოპერაცია ნაძვისხე). უბრალოდ გერმანიაში და იტალიაში დათვალეს და იანგარიშეს, რომ შვეიცარიის დაპყრობას იმაზე ბევრად უფრო დიდი რესურსი დასჭირდებოდა, რამდენიც საფრანგეთს დასჭირდა და თან ამ შემთხვევაში წარმატების შანსები ბევრად ცოტა იქნებოდა. რატომ? იმიტომ, რომ შვეიცარია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფო იყო. საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის 25%-ს ხარჯავდა შვეიცარია არმიაზე. შვეიცარიას ყველაფერი აქვს სამხედრო სისტემაზე აგებული. საცხოვრებელი სახლების ქვეშ სამხედრო ბუნკერებიდან დაწყებული საუბნო სასროლეთებით დასრულებული. საქართველოს შვეიცარიულ ნეიტრალიტეტზე საუბარი კი ღიმილისმომგვრელია.
 
გვქონდა-მეთქი ნეიტრალიტეტის შემთხვევაში - 1920 წელს 7 მაისის რუსეთ-საქართველოს შეთანხმებით საქართველომ "სასტიკი ნეიტრალიტეტი" იკისრა, მაგრამ ქვეყანამ ამ ხელშეკრულების დადების ერთი წლის თავამდეც კი ვერ მიაღწია დამოუკიდებლად. როგორი იყო იყო საქართველოს ნეიტრალიტეტი 1920 წელს? სუსტი და პოლიტიკურად მიამიტური. პრუსიული მიდგომაა: რუსეთთან დადებულ შეთანხმებას იმდენივე აქვს ფასი, რამდენიც იმ ქაღალდს, რომელზეც შეთანხმებაა დაწერილიო. შედეგად, 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველო რუკიდან გაქრა და 70 წლიან ტყვეობაში აღმოჩნდა.
 
ნეიტრალიტეტის ორი სხვა მძიმე შემთხვევაც გვაქვს: 2014 წლის ყირიმის ანექსიამდე უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო იყო. ხოლო მოლდოვა დღემდე ნეიტრალური სახელმწიფოა და მხოლოდ ახლა იცვლის პოზიციას. დაუბრუნდა მოლდოვას ოკუპირებული ტერიტორიები? ან უკრაინა გადარჩა ომებს? მე კარგად მახსოვს პრო-რუსების რეაქცია უკრაინაში ზელენსკის გამარჯვების დროს - ჩვენი კაცი მოვიდა სათავეშიო ცქმუტავდნენ სიხარულით. აღმოჩნდა, რომ რუსეთთან მხოლოდ კაპიტულაციაზე შეიძლებოდა მოლაპარაკება? აღმოჩნდა. მალევე მიხვდა ამას ზელენსკი. მიხვდა. ეს უკვე აღარ მოეწონათ პრო-რუსებს და დაიწყეს ზელენსკის ლანძღვა. დღემდე ასე გრძელდება.
 
მშვიდობას ერთადერთი გარანტი აქვს: ძალა. სისუსტის არავის ეშინია. ძალის - კი. ამიტომაცაა რომაული გამოთქმა: თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისათვისო. სიძლიერე ომს აგარიდებინებს თავიდან.
 
ძალა როგორ ფორმირდება?
ძალა პირველ რიგში ბევრი საერთაშორისო მოკავშირის არსებობაა, რომელთანაც სამხედრო და ეკონომიკური კავშირებით უნდა გიმაგრებდეს ზურგს. ყველაზე დიდი უძლურება მარტოობაა. ნეიტრალიტეტი ოფიციალური მარტოობის გამოცხადებაა.
ძალა კონსოლიდაცია და კონსენსუსია ქვეყნის შიგნით და არა ქაოსი. სულ რომ ძლიერი სახელმწიფო იყო, როგორც საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა გახლდათ, ისიც კი შიდა დაპირისპირების გამო იმდენად გამოიფიტა, რომ მისი დაპყრობა გარე ძალებმა სულ რამდენიმე კვირაში შეძლეს. საქართველო კი საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა ნამდვილად არ არის და ბევრად რთულ ვითარებაში ვიმყოფებით.
ძალა ქვეყნის ის მოქალაქეა, რომელსაც სახელმწიფოს დაცვა უღირს - თუკი მოქალაქეს სახელმწიფოსთან არავითარი ბმა არ აქვს ის მას არ დაიცავს. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც ხელისუფლება მოქალაქეს მეწველ ძროხად აღიქვამს და შერჩევითად სჯის თუ აჯილდოებს "რჩეულებს".
ძალა ქვეყნის ისეთი ხელისუფლებაა, რომელიც მისაბაძი, სანდო და სახელმწიფო ინტერესებისადმი ერთგულია. კონსერვატიზმზე საუბრობენ ხოლმე დღეს ადამიანები, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო კონსერვატიზმთან, მაგრამ კონსერვატიზმს მართლაც აქვს ერთი პრინციპი - შენი ქვეყნის საზოგადოების დიდი ნაწილი ფორმირდება ისეთ ადამიანად, როგორიც ხელისუფლებაა, რომელსაც თავისდაუნებურად ჰბაძავს ხოლმე. შენი როლური მოდელი და ავტორიტეტი თუ მოღალატეა შენც ვერ წახვალ შორს. ესაა კონსერვატიზმის ლოგიკა. საპირისპიროდაც ასეა ოღონდ - თუკი ხელისუფლება მტკიცე, პრინციპული, სახელმწიფო ინტერესებისა და თავისუფლების ერთგულია, მოქალაქეებიც იწყებენ ამ ღირებულებების საკუთარ თავზე ასახვას.
 
ამაზე მახსენდება შუა საუკუნეების ერთი ძალიან საინტერესო ამბავი ეშენბახის ნაშრომი "პარციფალიდან", რომელშიც ჩანს მოქმედი პერსონაჟი მეთევზე მეფე - რომელიც სრულიად უპოტენციო და უფორმოა. მისი ამ მდგომარეობის გამო მისი სახელმწიფოც ასევე ასეთივე გამოფიტული და დაცემულია. ასეთია კონსერვატიზმის ლოგიკა.
 
საგარეო პოლიტიკაში სუსტი და მხდალი სახელმწიფოები ხდებიან აგრესორში აგრესიის გამომწვევები - როგორც აღვნიშნეთ, რაც უფრო სუსტი ხარ უფრო მეტი მოტივაცია აქვთ რომ დაგიპყრონ. რატომ? ადვილი ხარ და იმიტომ. ადრეც გავიხსენეთ ის ცნობილი ალეგორიული იგავი, რომელიც პოლონელ ავტორ იგნაცი კრასიცკის ეკუთვნის, სადაც ტყეში მოხვედრილ ცხვარს ორი მგელი მიადგება და შეჭმას უპირებს. ცხვარი კი ეკითხება რა უფლებითო. მგლები პასუხობენ: იმ უფლებით, რომ შენ მარტო ხარ, იმ უფლებით რომ შენ სუსტი ხარ და იმ უფლებით რომ შენ გემრიელი ხარო. სამწუხაროდ, ასეა სახელმწიფოთა ურთიერთობებშიც. სისუსტე საშიშია.
 
დაბოლოს, ძალა სამხედრო ძალების არსებობაა, რომელიც საკუთარი სახელმწიფო ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად უნდა გყავდეს და თუ საჭიროა უნდა გამოიყენო კიდეც მათ მისაღწევად. "აბა ომი გინდათ?!" - საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად თუკი სახელმწიფო მზად არ არის გამოიყენოს სამხედრო ძალები, მას სახელმწიფო აღარც ჰქონია.
 
შეჯამებისთვის: იმ რიტორიკას, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან ვისმენთ არაფერი აქვს საერთო მშვიდობასთან და მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის დაშინებას ემსახურება. შეშინებულ მოქალაქეში ადვილად ვრცელდება ყველა ყალბი იდეა და ბოლოს "ოღონდ მშვიდობა იყოს" და გამოუცხადებელ ომში კაპიტულაციაზეც შეიძლება დაითანხმო. ინგლისურად ამას PSYOP ეწოდება და ფსიქოლოგიურ ოპერაციებს ნიშნავს. PSYOP სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენება და ჰიბრიდული ომის ნაწილია. ამაზე თავად რუსებიც საუბრობდნენ, კერძოდ კი რუსეთის მოქმედი გენშტაბის უფროსი გერასიმოვი 2013 წლის დოქტრინალურ სტატიაში, სადაც აღნიშნავდა, რომ მოწინააღმდეგის განადგურება მანამ უნდა მოხდეს, სანამ რეალურ ომზე გადახვალ. დაშინებული მოქალაქე განიარაღებული მოქალაქეა. უბრალოდ ტრაგედია ისაა, რომ ამას ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.
 
დღეს საქართველოში მშვიდობა არაა. მშვიდობა არაა როდესაც ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, ხოლო საოკუპაციო ხაზიდან მოსახლეობას იტაცებენ, აკავებენ, აწამებენ და კლავენ. რეალური მშვიდობა იქნება მაშინ, როდესაც ამ ყველაფრის განხორციელების შეეშინდებათ. სანამ შენი არ ეშინიათ, ყოველთვის იქნება ომის რეალური საფრთხე.
 
ნეიტრალიტეტი კი, რომელზე მინიშნებაც საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრისას კეთდება, კავკასიაში სუვერენიტეტის სიკვდილის ტოლფასი შეიძლება იყოს და არ დაიჯეროთ თუკი გეტყვიან, რომ ნეიტრალიტეტით ტერიტორიული მთლიანობის აღდგება მოხდება. ნეიტრალიტეტი ტერიტორიების დასაბრუნებლად არა, მაგრამ რუკიდან გასაქრობად კი გამოიყენება ხოლმე.
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way