USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
საქართველომ 2023 წელს ტურიზმიდან 4.1 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო
Date:  473

საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში რეკორდული შედეგები დაფიქსირდა: ქვეყანამ ტურიზმიდან 4.1 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, საქართველოს აეროპორტები 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა, მათ შორის, რეკორდული იყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გატარებულ მგზავრთა რაოდენობა - 1,6 მლნ. მგზავრი.

ანგარიშის მიხედვით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა საქართველოს მთის კურორტებზე - ბაკურიანში აშენდა 3 საბაგირო კომპლექსი, 2 ხელოვნური რეზერვუარი, 29 კმ. ხელოვნური გათოვლიანების სისტემა (ჯამში, 35 კმ), რისთვისაც 300 მლნ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება გუდაურს, გასულ წელს კურორტზე აშენდა 2 საბაგირო კომპლექსი, 6 კმ-იანი ახალი სასრიალო ტრასა (ჯამში 76 კმ.), განახლდა უკონტაქტო გამშვები პუნქტები, მოეწყო და დამონტაჟდა საინფორმაციო მონიტორები, საგზაო და სათხილამურო ტრასის მანიშნებლები, სველი წერტილები და ა.შ. 2023 წელს გუდაურში განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა 70 მლნ. ლარია.

ამასთან, 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ტურიზმის დღეს, ასევე იქნება m&I Forum-ის მასპინძელი ქვეყანა.

“ამ ძალისხმევამ და წარმატებით ჩატარებულმა ჩემპიონატებმა განაპირობა ის ფაქტი, რომ საქართველო, კერძოდ, გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მუდმივ კალენდარში მოხვდა. გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, რომელშიც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, ჩემპიონატი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო და 175 მილიონიანი აუდიტორიისთვის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. აქვე აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის 29 თებერვალს საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდა. გუდაურმა და ბაკურიანმა ასევე დიდი წარმატებით უმასპინძლეს მსოფლიო თასის ეტაპებს.

ტურიზმის ინდუსტრიაში გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან ხაზგასასმელია საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB ბერლინი 2023, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ღირსეულად წარდგა მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის ორასი ათასამდე ვიზიტორის წინაშე. ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე, რომელშიც 80-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა, საქართველოს სტენდი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზე იყო განთავსებული.

ტურიზმის ინდუსტრიის 2023 წლის შედეგებიდან აღსანიშნავია საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები, რომლის ოდენობამ შვიდ მილიონს გადააჭარბა. გასულ წელს, საქართველოში 4,669,467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდელი 2019 წლის მონაცემის 91.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +27.8%-ია. 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით), ხოლო 2022 წლის მონაცემებს 17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით) გადააჭარბა. ტურიზმიდან გლობალური შემოსავლების მიხედვით, აღდგენა 93%-ს შეადგენს.

განთავსების ობიექტებთან დაკავშირებით სტატისტიკა ასეთია: 2023/24 წლებში ინვესტიციების ჯამური საშუალო ოდენობა 220 მილიონი ლარია, ხოლო 2024/27 წლებში ეს ციფრი ერთ მილიარდამდე გაიზრდება. ამავე პერიოდში 9 300-ს მიაღწევს ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა, 320-მდე განთავსების ახალი ობიექტი შეიქმნება, ხოლო საწოლი ადგილების ოდენობა 2024/27 წლებში 37 000-ს გადააჭარბებს.

ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ინიციატივებიდან ასევე აღსანიშნავია ტურიზმის ახალი კანონის პროექტი, პარაპლანით ფრენების რეგულირება, ახალი კურორტების განვითარების მიზნით 60-მდე კურორტის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა და ა.შ.

2024 წელს საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ტურიზმის დღეს, ასევე იქნება m&I Forum-ის მასპინძელი ქვეყანა. მიმდინარე წლის ღონისძიებებიდან აღსანიშნავია სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი, აგრეთვე მსოფლიო თასის ეტაპები და ფრირაიდის მსოფლიო ტური”,- ნათქვამია ანგარიშში.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way