USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
საქართველო: თბილისი ათი წლის წინანდელ მოსკოვს ჰგავს
Date:  346

გერმანულ ყოველკვირეულ ბიზნეს-ჟურნალ „ვირტჩაფტ ვოშეს“ (Wirtschafts Woche – „ეკონომიკური კვირა“, გამოდის 1926 წლიდან დიუსელდორფში) 5 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო: „თბილისი ათი წლის წინანდელ მოსკოვს ჰგავს“ (ავტორი - ანჟელიკა მელხერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთ უკრაინის ომის დაწყების დროიდან საქართველოში -  სამხრეთ კავკასიის პატარა სახელმწიფოში - ეკონომიკური ბუმი მიმდინარეობს, რომელიც ქვეყანაში ათობით ათასი რუსეთის მოქალაქის ჩასვლას უკავშირდება.

ივან სოკოლოვი (გვარი შეცვლილია, რომ რუსეთში დარჩენილი მისი ოჯახის წევრები არ დაზარალდნენ) თბილისის კაფეში მეპატიჟება, რომლის შესასვლელში დიდი ასოებით აწერია - „რუსეთი ოკუპანტია“. აქედან გამომდინარე, უკვე გასაგებია კაფეს მფლობელის პოზიცია. ქართველების გულის სიღრმეში ჯერ კიდევ არ გამქრალა 15 წლის წინანდელი ტკივილი, რომელიც მათ რუსეთმა მიაყენა - ისეთი, რაც ახლა უკრაინაში ხდება.

რუსი მიგრანტები საქართველოში

ივან სოკოლოვი ერთ-ერთია რუსეთის იმ ათასობით მოქალაქეებს შორის, რომლებიც საქართველოში ბოლო 15 თვის განმავლობაში გაიქცნენ - როგორც უკრაინასთან ომის დაწყების, ასევე ე.წ. „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების დროს.

ომი, სანქციები, თავისუფლების შეზღუდვის შიში - ეს ყველაფერი ახალგაზრდა რუსებს აიძულებთ თავიანთი სახლი დატოვონ და თავშესაფარი სხვა ქვეყნებში ეძებონ. ვლადიმერ პუტინი, უკრაინასთან ომის დაწყებით, სამშობლოდან გაქცევას, უპირველეს ყოვლისა, მაღალკვალიფიციურ ახალგაზრდებს აიძულებს. ისინი მიდიან აგრეთვე ყაზახეთში, უზბეკეთში, სომხეტში, თურქეთში და ევროპის ქვეყნებში.

რუსეთის მიგრანტ მოქალაქეთა უმრავლესობას, ანუ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამშობლოს ტოვებენ, უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული და ინტელექტუალებს წარმოადგენენ, მათგან 60% საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორშია დაკავებული და დისტანციურად აგრძელებენ მუშაობას. მათი საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით 2600 დოლარს შეადგენს. შედარებისათვის: ქართველების ხელფასი საშუალოდ თვეში მხოლოდ 650-მდე დოლარია.

ბუნებრივია, ასეთმა სიტუაციამ საქართველოს პოზიტიური შედეგი მოუტანა: 2022 წელს 3,7 მილიონიან ქვეყანაში ნამდვილი ეკონომიკური ბუმი დაიწყო - ზრდის ტემპებმა 10%-ს გადააჭარბა. რუსები ბანკებში ანგარიშებს ხსნიან, სარგებლობენ მომსახურებით, როგ შემთხვევებში კი თავიანთი ბიზნესი რუსეთიდან საქართველოში გადმოაქვთ. ორგანიზაცია Transparency International-Georgia-ს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 15 ათასამდე რუსული კომპანია იქნა რეგისტრირებული.

ივან სოკოლოვი თბილისში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა, 2022 წლის მარტში. იგი უკვე თითქმის ერთი წელია დისტანციურად მუშაობს ერთ-ერთ ბლოკჩეინ-კომპანიაში, რომელიც პორტუგალიაში მდებარეობს. საქართველოში უკვე მეგობრებიც გაიჩინა. „თბილისი ათი წლის წინანდელ მოსკოვს ჰგავს“, - ამბობს ივან სოკოლოვი.

მოგების პოზიტიური მხარე

მაგრამ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ ბუმს არამხოლოდ ისეთი მიგრანტები უზრუნველყოფენ, როგორიც ივან სოკოლოვია. საქართველო ისეთ რეგიონში მდებარეობს, სადაც ევროკავშირის მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციები ნაკლებად მოქმედებს. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთში იმატა პროდუქციის ექსპორტმა მესამე ქვეყნებიდან, გაიზარდა აგრეთვე ავტომობილების გატანაც. რადგანაც რუსეთში ევროპულმა კომპანიებმა ღვინის ექსპორტი შეწყვიტეს, 2022 წელს საქართველომ რუსეთის ბაზარზე 23%-ით მეტი ღვინო გაიტანა, წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტურიზმიც აღორძინების ეტაპზეა: საქართველო დღეისათვის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც რუსეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. 2022 წელს საქართველოში ჩასული ტურისტების 20% რუსები იყვნენ, ანუ 4,3%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით. Transparency International-Georgia-ს მონაცემებით, მთლიანობაში საქართველომ გასულ წელს ტურიზმით 3,6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ანუ სამჯერ მეტი, ვიდრე 2021 წელს.

მოგების ბნელი მხარეები

ეს ყველაფერი საქართველოს მნიშვნელოვანწილად რუსეთზე დამოკიდებულს ხდის. ექსპერტები თვლიან, რომ თუ თბილისი ვლადიმერ პუტინის იმპერიასთან ეკონომიკურ ურთიერთობას შეწყვეტს, ასეთი ნაბიჯი მისთვის ეკონომიკური კატასტროფის ტოლფასი იქნება.

რა თქმა უნდა, საქართველოში არ სურთ იმის აღიარება, რომ ქვეყანა უკრაინის ომისაგან სარგებელს იღებს. მთავრობა ცდილობს ომისაგან დისტანცირება მოახდინოს. ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, „ვირტჩაფტვოშესთან“ ინტერვიუში ხაზს უსვამს, რომ ომის ფაქტორი ეკონომიკურ ზრდაში გამონაკლისად უნდა იქნეს განხილული: „დღეს არსებული რთული სიტუაცია [ჩვენგან დამოუკიდებლად] არის შექმნილი. რა ტქმა უნდა, ეს ჩვენთვის სასიხარულო არ არის. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს“, - ამბობს  მინისტრის მოადგილე.

ეკატერინე გუნცაძე საუბრობს [რუსული მიგრაციის] ნეგატიურ შედეგებზეც: თბილისში საცხოვრებელი ბინების დაქირავებისა და შეძენის ფასები, რუსი მიგრანტების „წყალობით“, რეკორდულად გაიზარდა, ასევე მატულობს ინფლაციაც. „ჩვენთვის უმჯობესი იქნებოდა ტურისტები გვყოლოდა უკრაინიდან ან ბელარუსიდან, ვიდრე ომით გამოწვეული უკრაინელი ლტოლვილები ან რუსი მიგრანტები“, - აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ჟურნალ „ვირტჩაფტვოშესთან“ ინტერვიუში.

მაგრამ რადგანაც რუსეთის პროვოცირებაც საშიში, ამიტომ საქართველო კრემლთან კონფრონტაციას თავს არიდებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიილტვის, 2008 წელს, როცა რუსეთის ჯარები ქვეყანაში შეიჭრნენ და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება მოახდინეს, საქართველოსთვის არცერთ ევროპულ ქვეყანას ქმედითი და პრაქტიკული დახმარება არ გაუწევია. რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ბაზა, თავისი პირადი შემადგენლობით და სამხედრო ტექნიკით - რაკეტებით და ტანკებით, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით არის დისლოცირებული, ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“. კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზა განლაგებულია საქართველოს აფხაზეთის რეგიონში.

უკრაინის ომში ჩართული ვლადიმერ პუტინი ცდილობს საქართველოსთან დაძაბულობა შეარბილოს: რამდენიმე კვირის წინათ რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ბრძანებულებით საქართველოსთან არსებული სავიზო რეჟიმი გააუქმა და ქართულ და რუსულ ავიაკომპანიებს ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა. როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა რუს ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს, „რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ნაბიჯები გადადგას, რაც დამოკიდებული იქნება ჩვენი [ქართველი] პარტნიორების რეაქციაზე“.

წყარო: https://www.wiwo.de/politik/ausland/georgien-tiflis-fuehlt-sich-an-wie-moskau-vor-zehn-jahren/29184350.html

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way