USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
„საქართველო ევროკავშირზე და რუსეთზე დადებულ ფსონებს იცავს“ - «Politico» (აშშ//ბელგია)
Date:  212

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (რედაქცია განთავსებულია ბელგიაში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო ევროკავშირზე და რუსეთზე დადებულ ფსონებს იცავს“ (ავტორი - ჯეიმი დიტმერი).

„ქართული არეული პოლიტიკის გათვალისწინებითაც კი, დამოუკიდებლობის დღის ზეიმი თავისუფლების მოედანზე საკმაოდ მოულოდნელი და უცნაური  იყო: ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მოსახლეობის წინაშე ისეთი სიტყვებით გამოვიდნენ, რომ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ დუელიანტებს ჰგავდნენ“, - ნათქვამია პუბლიკაციის დასაწყისში, რომელშიც ვრცლადაა მიმოხილული საქართველოში მიმდინარე მოვლენები, განსაკუთრებით კი მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა რუსეთთან და ევროკავშირთან მიმართებით.

„დღეს საქართველო, როგორც ჩანს, ცხოვრების ყველა სფეროში არის პოლარიზებული - ყოველდღიურ პოლიტიკაში, ფასეულობებში და რასაკვირველია, მთავრობის კურსთან მიმართებით - რას აკეთებს და რას არ აკეთებს.

მთავრობის კრიტიკოსების აზრით, დიდი რისკია იმისა, რომ ქვეყანა მეზობლებისაგან გაირიყოს და მარტო დარჩეს: როცა თვით პრომოსკოვური ორგანიზაციის - „ოდკბ“-ის წევრებიც კი მოსკოვისადმი გულგრილები ხდებიან, საქართველო ამ დროს კრემლთან მეგობრულ განწყობას ამჟღავნებს“, - წერს ავტორი, რომელიც ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიორგი ვაშაძეს ესაუბრება, რომლის მტკიცებით, საქართველოს მთავრობის კურსს რეალურად მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს. თითქმის იგივე აზრი აქვს პროფესორ გია ნოდიას: „მთავრობის საქმიანობას ერთი ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] წარმართავს, მაგრამ ის ღიად არ მოქმედებს. არავინ იცის, როგორია მისი გათვლები. მართალია, კრიტიკოსები ამბობენ, რომ იგი თითქოსდა მოსკოვიდან კონტროლდება, მაგრამ, ჩემი აზრით, ასეთი განცხადება გადაჭარბებულია. მე უფრო ვფიქრობ, რომ მას მოსკოვის ეშინია რაღაც მიზეზის გამო“, - ამბობს გია ნოდია.

მთავრობის მომხრეების თქმით, „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად ალტერნატივა არ აქვს - გარდა იმისა, რომ ფრთხილი პოლიტიკა გაატაროს რუსეთთან. საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება აქვს, 20008 წელს მომხდარი ომის სახით, რომლის შედეგად რუსეთის არმიამ სულ რაღაც ხუთ დღეში საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ანუ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის) ოკუპირება მოახდინა. „ქართული ოცნების“ აზრით,  მოსკოვთან კიდევ ერთ ასეთ დაპირისპირებას ქვეყანა ვეღარ გადაიტანს. როგორც ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ და საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, ოპოზიცია მმართველი პარტიის მიმართ სიცრუეს ავრცელებს, როცა „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ პარტიად წარმოსახავს.

„ჩვენ არ გადაგვიდგამს არანაირი ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთისკენ გადახრად სეიძლება ჩაითვალოს. თუ თქვენ ჩვენ პოლიტიკას უფრო ღრმად ჩაუკვირდებით, დაინახავთ, რომ ის ყოველთვის თანმიმდევრულია. მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება არ მოხდება მანამ, სანამ მოსკოვის მხრიდან საქართველოს ტერიტორიები დეოკუპირებული არ იქნება და სანამ კრემლი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს“, - ამბობს გიორგი სამხარაძე სტატიის ავტორთან საუბრის დროს, - „ჩვენი მთავრობა ყოველთვის ანიშნებს მოსკოვს, რომ კრემლი არ უნდა ჩაერიოს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანში, რაც ჩვენთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს“. ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა - დღესაც ისეთივე კრიტიკულია, როგორიც უკრაინაში შეჭრამდე იყო“.

მართლაცდა, საქართველოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მთავრობამ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და კიევს სრული სოლიდარობა გამოუცხადა: პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, თბილისმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და თავშესაფარი მისცა 25 ათასამდე უკრაინელ ლტოლვილს. საქართველო არის იმ 38 სახელმწიფოს შორის, რომლებმაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამოძიების თხოვნით მიმართეს, რომლის საფუძველზე სასამართლომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

საქართველოს მთავრობის აზრით, თუ საქართველო შეუერთდება დასავლეთის მიერ ბოლო დროს გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს, ან თვითონ დააწესებს რაიმე დამატებით ემბარგოს, ასეთი ნაბიჯით ქვეყნის ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდება. „თუ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ რაღაც სანქციებს მივუერთდებით, ამით მხოლოდ საკუთარ თავს დავაზიანებთ, დაზარალდება ჩვენი ხალხის ინტერესები“, - ტქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი რარიბაშვილმა კატარში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე და ხაზი გაუსვა, რომ რადგან რუსეთისათვის საქართველოსთან ვაჭრობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ქართული სანქციები მოსკოვზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.

და მაინც, რჩება იმის შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობა გარკვეულწილად იცავს თავის პოლიტიკას რუსეთთან და თავს იზღვევს: სამშაბათს ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას მოსკოვის პოზიცია გაიმეორა - მან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მიზეზად ნატოს გაფართოება და მასში უკრაინის გაწევრიანობის მცდელობა დაასახელა.

გია ნოდიას ეჭვი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს „ხიდების საბოლოო დაწვა“ არც რუსეთთან და არც ევროპასთან. საბოლოო ჯამში, მისი მოქმედება რუსეთ-უკრაინის ომის შედეგით იქნება განსაზღვრული: „იგი ოპორტუნისტია. არ მჯერა, რომ მას რაიმე პოლიტიკური ხედბვა აქვს. ის ძალიან უცნაური პიროვნებაა. რა თქმა უნდა, მას ხელისუფლების შენარჩუნება სურს, რაც პოლიტიკოსისთვის უჩვეულო და დასაძრახი არ არის, მაგრამ მან ისიც იცის, რომ საქართველო პატარა და სუსტი ქვეყანაა. იგი ძალას პატივს სცემს. როგორც ჩანს, მან დაასკვნა, რომ დასავლეთი გარკვეულწილად დასუსტდა, ვლადიმერ პუტინი კი მარშით მიდის... მას ჰქონია, რომ კრემლისთვის ევროპას და ამერიკას ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ“, - ამბობს გია ნოდია..

მაგრამ როგორც დავით დარჩიაშვილი - ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგი და ექს-დეპუტატი - თვლის, რომ რუსეთთან დაახლოებას ბიძინა ივანიშვილისათვის ყოველთვის უპირატესი მნიშვნელობა აქვს. „მას და მის კლანურ მომხრეებს ასეთი აზროვნება ხელისუფლებაში მოსვლიდანვე ჰქონდათ“, - ამბობს ექს-პარლამენტარი.

ბიძინა ივანიშვილისათვის ის რეფორმები, რომელიც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით უნდა გაატაროს, ცხოვრებას გაართულებს. სწორედ ამიტომ მისთვის და მისი გარემოცვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი პროგრესული არ არის - იმის მიუხედავად, თუ რას აცხადებენ საჯაროდ“, - აღნიშნავს დავით დარჩიაშვილი.

წყარო: https://www.politico.eu/article/georgia-bet-european-union-and-russia-indepedence-day/

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way