USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
საქართველო ევროკავშირთან ერთად ევროპის დღეს აღნიშნავს
Date:  897

9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც 1950 წლის, შუმანის ისტორიული დეკლარაციის აღსანიშნავად დაწესდა. მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე გაკეთებულ ამ მიმართვაში ჩამოყალიბებული იყო ევროპის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის იდეა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროკავშირის შექმნას.

დღეს, 27 წევრი სახელმწიფოსგან და თითქმის 446 მილიონი ადამიანისგან შემდგარი ევროკავშირი, ამ დეკლარაციის სამოცდამეათე წლისთავს აღნიშნავს. 2020 წლის ევროპის დღის მთავარი მოწოდებაა - „ერთად უფრო ძლიერები ვართ“, რაც ხაზს უსვამს COVID-19-ს პირობებში ერთიანობის აუცილებლობას.

9 მაისთან – ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განცხადება გააკეთა:

„დღევანდელ დღეს, ზუსტად 70 წლის წინ, წარმოდგენილ იქნა ევროპის მომავლის ახალი ხედვა, რომლის თანახმადაც ომებისა და კონფლიქტების ნაცვლად კონტინენტზე თანამშრომლობა და მშვიდობა უნდა დამყარებულიყო.

იმ დროს, შესაძლოა, ეს იდეა უტოპიურად ჟღერდა, თუმცა მოგვიანებით, ევროკავშირის შექმნითა და გაძლიერებით, ის რეალობად იქცა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ევროპის დღეს ერთად ვერ აღვნიშნავთ.

სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ, ამ გამოწვევასთან გამკლავება ბევრი მიმართულებით უკეთესად შეძლო - მტკიცე პოლიტიკური ნების, მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალისა და მაღალი შეგნების მქონე მოსახლეობის წყალობით. ამასთანავე, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე რთულ მდგომარეობაში იმყოფება, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ასევე ეკონომიკური მიზეზებით. თანაგრძნობა მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც დღეს განსაცდელშია.

სწორედ კრიზის დროს გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები ყველაზე მეტად. ნათქვამია „კარგი მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო“. ამიტომ, ჩემთვის საამაყოა, რომ ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და საფინანსო ინსტიტუტები - ანუ “ევროპის გუნდი” - გააქტიურდნენ ამ გამოწვევის დასაძლევად იმის მტკიცე დასტურად, რომ ჩვენი მეგობრობა მხოლოდ სიტყვები არ არის. ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ.

დაუღალავი მუშაობისა და მტკიცე პოლიტიკური ნების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ 1.5 მილიარდი ლარის მობილიზაცია, რათა დავეხმაროთ საქართველოს კრიზისის დაძლევაში. ეს უპრეცედენტო თანხა საქართველოს დაეხმარება ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისიდან გამოსვლაში და მომავალ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან ბრძოლისთვის უკეთ მომზადებაში.

საქართველომ, სადაც სტუმართმოყვარეობა და სოლიდარობა ეროვნული იდენტობის შემადგენელი ნაწილია, კარგად იცის მეგობრის ფასი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს იმ თანაგრძნობისთვის, რომელსაც ის გასული კვირების განმავლობაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მის მოსახლეობას უცხადებდა.

ეს იქნება რთული წელი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის, მაგრამ ერთად ჩვენ ძლიერები ვართ და ერთად ყველაფერს მოვერევით.

გაუფრთხილდით თქვენს მშვენიერ ქვეყანას და ერთმანეთს.

გილოცავთ ევროპის დღეს!“

დღევანდელი დღის მნიშვნელობას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარიაც.

“დღეს ევროპის დღეა და სიმბოლურია, რომ ზუსტად 5 წლის შემდგომ, როდესაც ჯანსაღმა მსოფლიომ ფაშიზმი დაამარცხა, ევროპაში გაჩნდა ერთიანი თანაცხოვრების იდეა და ამ იდეამ იმხელა მაგნიტიზმის ძალა მიიღო, რომ დღესაც ჩვენ ქართველები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ერთიანი ოჯახის წევრები გავხდეთ. მე მინდა მივულცო თითოეულ ევროპელს, ყველას, ვინც თავს ევროპელად თვლის, მათაც და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო იმ დახმარებისთვის, რომელსაც გვიწევენ დღეს. უხილავ მტერთან ბრძოლაში ევროპა და ევროკავშირი იყო პირველი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რომელმაც გამოთქვა სურვილი და კონკრეტული ნაბიჯებით დაეხმარა საქართველოს როგორც ფინანსური, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით, ინფორმაციით გაცვლის თვალსაზრისით და კიდევ ბევრი მიმართულებით”, - განაცხადა გახარიამ.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. 

პრეზიდენტი აცხადებს, რომ 75 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, 70 წელი კი - ევროპული ოჯახის - ევროკავშირის იდეის დაბადებიდან.

„პირველ რიგში, მინდა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჩვენს ვეტერანებს მივულოცო ეს თარიღი, გამოვხატო მადლიერება მათ მიმართ და ვუსურვო დღეგრძელობა და მხნეობა.

სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის თანამშრომლობისა და სოლიდარობის სრულიად ახალ ფორმატს ევროპაში - ევროკავშირს. ევროკავშირის იდეა იმ გამანადგურებელი ომის ფონზე წარმოიშვა. მთელი ამ წლების განმავლობაში ევროპის ქვეყნები ერთად იღვწიან ადამიანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.

საქართველო კი, თავისი ღირებულებებით, ჭეშმარიტად ევროპული კულტურით, საკუთარი მიღწევებით ევროპული ოჯახისკენ დამაჯერებელ და შეუქცევად ნაბიჯებს დგამს"- ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way