USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
საქართველო და რეგიონი - ვაჭრობის დინამიკა
дата:  833

 


ეკონომიკურ ზრდაში საგარეო ვაჭრობის როლი
 
საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში საგარეო ვაჭრობას - წმინდა ექსპორტს თვალსაჩინო წვლილი გააჩნია, რაც ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელია. პანდემიამდე, 2019 წელს, საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, სადაც 1.4 პ.პ. წმინდა ექსპორტის კონტრიბუციაა. წმინდა ექსპორტის წვლილი წინა წლების ზრდაშიც თვალსაჩინო იყო. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის ტემპი დიდწილად სავაჭრო პარტნიორებში არსებული მდგომარეობითაა განპირობებული. თუ საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება იზრდება და მათი ვალუტა მყარდება, ეს საქართველოდან ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება. 2020 წელს პანდემიის გამო დაწესებული დიდი ჩაკეტვა კი საგარეო ვაჭრობაზე დრამატულად აისახა, რომლის უარყოფითი წვლილი გასული წლის კლებაში თვალსაჩინოა. 2020 წლის პირველ კვარტალში წმინდა ექსპორტის წვლილმა -7.1 პ.პ. შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში კი - 7.8 პ.პ. , როცა ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა. გასული წლის მესამე კვარტალში ეკონომიკის 5.5%-იანი კლება იყო, სადაც წმინდა ექსპორტს 16.9 პ.პ.-იანი კონტრიბუცია გააჩნდა. რაც შეეხება 2020 წლის ბოლო კვარტალს, ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, სადაც წმინდა ექსპორტის წვლილი 5.6 პ.პ. იყო.

გრაფიკი 1: საქართველოს ეკონომიკური ზრდა, დანახარჯების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ეროვნული ბანკი

თავის მხრივ, საქართველოს საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება და ვალუტის სტაბილურობა ნავთობის ფასს უკავშირდება, რადგან რეგიონიდან საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ეკონომიკის დაახლოებით ½ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უჭირავს. ევროპის ქვეყნებში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებიდან გამომდინარე ნავთობპროდუქტების ფასები და მოხმარება გაზრდილია, რაც რეგიონზე დადებითად აისახება. მიმდინარე წლისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის 3.5%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. ამავე პერიოდში, საგარეო ვაჭრობის მხრივ, ექსპორტის 9.3%-იანი და 4.3%-იანი ზრდები.

რეგიონის სავაჭრო პარტნიორები და მათი პარტნიორები

ექსპორტის მიხედვით, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე რეგიონის ქვეყნებია, სადაც, 2020 წლის მონაცემებით, ათი ძირითადი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 59.2%-ია, ხოლო მათგან იმპორტი კი - 49.2%. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის კალათა ქვეყნების მიხედვით სახეცვლილია. რაც შეეხება საქონლის სახეების მიხედვით, ამ ქვეყნებში საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, ღვინო და მინერალური წყლებია. საექსპორტო საქონლიდან ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტი ძირითადად რუსეთში ხორციელდება, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების 26.7%-ს შეადგენს. სპილენძის მადნების საექსპორტო ქვეყანა კი ბულგარეთია, რომლის რეექსპორტი ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ხორციელდება. გარდა ამ ქვეყნისა, რეექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ხდება, მაგრამ ამ შემთხვევში მსუბუქი ავტომობილების, რაც 2020 წელს არსებითად შემცირდა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შემცირება მხოლოდ ეკონომიკურ კრიზისს არ უკავშირდება, რადგან სომხეთმა გასული წლის დასაწყისიდან ევროპიდან და ამერიკიდან ავტომანქანების იმპორტზე ტარიფები გაზარდა, რაც საქართველოდან ამ უკანასკნელის რეექსპორტზე უარყოფითად აისახა. რეექსპორტის გარეშე, ამ ორ ქვეყანაში საქართველოს საექსპორტო საქონელი მრავალფეროვანია. აზერბაიჯანში ექსპორტის 16.4% მსხვილფეხა პირუტყვია. სომხეთში კი ძირითადად აზოტოვანი სასუქებია (8.8%).

გრაფიკი 2: საქართველოს სავაჭრო პარტნიორების წილი მთლიან ექსპორტ-იმპორტში, 2020 წლის მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც აღვნიშნეთ, გასულ წელს საექსპორტო ქვეყნების წილი შეიცვალა. 2020 წლის მიხედვით, რეგიონიდან სამი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი, რუსეთი და ბულგარეთია. ამ ქვეყნების მთლიანი ექსპორტის 1/3 -ზე მეტი უჭირავს, ხოლო უმსხვილესი საიმპორტო კი - თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. აღნიშნული ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 34.8% -ია. თურქეთიდან იმპორტი ძირითადად სურსათს უკავშირდება, ხოლო რუსეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში ნავთობპროდუქტებს და ელ. ენერგიას.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნიდან აზერბაიჯანის ნომერ პირველი პარტნიორი ქვეყანა იტალიაა, რომელსაც მთლიანი ექსპორტის 30.2% უკავია. თავის მხრივ, აზერბაიჯანის ძირითადი საექსპორტო საქონელი სწორედ ნედლი ნავთობია, რაც ევროპის ქვეყნებში გააქვს და მთლიანი ექსპორტის 90.0%-ს აღემატება. გასულ წელს აზერბაიჯანის ექსპორტი 11.5% -ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 36.2%-ით. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანის ექსპორტი 10.8%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის 4.1%-იანი კლებაა. ეს კი იანვარ-მარტთან შედარებით, ექსპორტის მხრივ არსებითად გაუმჯობესებული შედეგია, რადგან ამ პერიოდში ექსპორტი 10.6%-ით იყო შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 9.8%-ით. მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა კი რუსეთია, რომელიც თავისი საქონლის და მომსახურების ექსპორტს ჩინეთში (13.4%), ჰოლანდიაში (10.6%), გერმანიასა (6.6%) და თურქეთში (5.0%) ახორციელებს. მსგავსად აზერბაიჯანისა, ამ უკანასკნელის ძირითადი საექსპორტო საქონელი ნავთობი და გაზია. თუმცა, აღნიშნულ საქონელთან ერთად რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორიცაა. გასულ წელს კი ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე მნიშვნელოვანი გავლენა ნავთობის ფასების ვარდნამ რუსეთის შემთხვევაშიც იქონია. 2020 წელს რუსეთის ექსპორტი 21.0%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 5.8%-ით. ექსპორტის შემცირებაში არსებითი გავლენა ენერგო პროდუქტებზე შემცირებულმა მოთხოვნამ იქონია. 2021 წლის იანვარ-მარტში კი რუსეთის ექსპორტი 2.8%-ით მეტია. აღნიშნულ პერიოდში იმპორტი უფრო მეტით, 14.2%-ით გაზრდილი.

ცხრილი 1: საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების 2020 წლის სავაჭრო მაჩვენებლები, რეგიონი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს მესამე საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთია, რომელთანაც სავაჭრო სალდო დადებითია. ბულგარეთმა საექსპორტო კალათაში ეს პოზიცია სწორედ 2020 წელს, საქართველოდან სპილენძის მადნების რეექსპორტის ზრდის შედეგად მოიპოვა. ეს უკანასკნელი კი ბულგარეთში მთლიანი ექსპორტის 83.7%-ს შეადგენს. აღნიშნული პროდუქციის საქართველოში იმპორტი ძირითადად სომხეთიდან ხორციელდება და შემდეგ ბულგარეთში რეექსპორტირდება. თავი მხრივ, ბულგარეთის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ევროკავშირის წევრებია. გარდა, ევროკავშირისა, ბულგარეთის მთლიან ექსპორტში თურქეთი 7.2%-იან წილს იკავებს. გასულ წელს ბულგარეთის ექსპორტი, 2019 წელთან შედარებით, 6.9%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, იმპორტის უფრო მეტი, 9.6%-იანი კლება იყო. 2021 წლის იანვარ-მარტში თებერვალში ექსპორტის 7.3%-იანი ზრდაა, ხოლო იმპორტის 9.2%-იანი. ხოლო, რიგით მეოთხე საექსპორტო ქვეყანა უკრაინის სავაჭრო პარტნიორები კი რუსეთი (7.7%), პოლონეთი (6.9%), იტალია (5.6%), თურქეთი (5.0%) და გერმანიაა (4.7%). 2020 წელს კი უკრაინის ექსპორტი 1.7%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 11.0%-ით ნაკლებია [მხოლოდ საქონელი]. მიმდინარე წელს უკრაინის სავაჭრო მაჩვენებლები შედარებით უკეთ გამოიყურება, რადგან იანვარ-მარტში საქონლის ექსპორტი 12.0%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტის ზრდამ 11.0% შეადგინა.

რეგიონის ქვეყნებიდან რიგით მეხუთე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა თურქეთია. თავად ამ ქვეყნისთვის კი ძირითადი საექსპორტო ეკონომიკები გერმანია (9.4%), დიდი ბრიტანეთი (6.8%), იტალია (5.7%) და ერაყია (4.7%). რეგიონიდან თურქეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკა 2020 წელს არ შემცირებულა. ამ ფონზე კი, 2020 წელს ექსპორტი 6.3%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი - 4.3%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს თურქეთის ეკონომიკა 1.8%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი თურქეთიდან ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 33.1%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი კი - 19.7%-ით. რეგიონიდან საქართველოს რიგით მეექვსე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის უმსხვილესი საექსპორტო ეკონომიკები რუსეთი (27.2%), შვეიცარია (17.5%), ბულგარეთი (7.9%), ჩინეთი (7.4%) და ერაყია (6.8%). ამ ქვეყნებში სომხეთის მიერ ძირითადად სპილენძის, ფეროშენადნობების და ოქროს ექსპორტი ხდება, რაც მისი ექსპორტის 43.3%-ს იკავებს. გასულ წელს სომხეთის ექსპორტი 3.9%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 17.7%-ით. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში კი ექსპორტის 3.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო იმპორტის კი - 8.7%-იანი კლება. რაც შეეხება იანვარ-აპრილს, ამ პერიოდში სომხეთის ექსპორტი 16.7%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.2%-ით გაიზარდა.

საერთო ჯამში, 2020 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებიდან საქართველოს ათი უმსხვილესი პარტნიორი ეკონომიკების სავაჭრო მაჩვენებლების კლებაა. მათ შორის, იმპორტის მხრივ ყველაზე მაღალი კლება რუსეთშია, ხოლო ყველაზე დაბალი კი - სომხეთში. აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტით აზერბაიჯანის იმპორტი შემცირდა, რაც საქართველოდან ამ უკანასკნელში ექსპორტზეც აისახა და ყველაზე უკეთესი მდგომარეობა კი თურქეთშია, სადაც იმპორტი არა თუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც. თუმცა, მიმდინარე წლიდან ყველა ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, რაც დიდწილად მარტი-აპრილის პერიოდს უკავშირდება. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო მაჩვენებლების ზრდა კი საბაზისო ეფექტითაა განპირობებული. კერძოდ, გასული წლის ამ დროს რიგ ქვეყნებში შეზღუდვები დაწესებული იყო და ეკონომიკური აქტივობა შემცირებული. შესაბამისად, 2020 წლის მარტ-აპრილში სავაჭრო მაჩვენებლებიც შემცირებული იყო.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა - ქვეყნები

გასული წლის იანვარ-დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 12.3%-ით შემცირდა, რაც იანვარ-ნოემბერში 12.0%-იანი კლება იყო. გასული წლის ბოლოს სავაჭრო ბრუნვის გაუარესება კი ქვეყნის ხელახალ ჩაკეტვას უკავშირდება, რაც მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. 2021 წლის იანვარ-აპრილში, წინ წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა 12.9%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი 19.6%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი კი - 10.1%-ით. ეს მაჩვენებლები იანვარ-აპრილში არსებითად გაუმჯობესებულია, რაც ნაწილობრივ საბაზისო ეფექტსაც უკავშირდება, რადგან 2020 წელის იანვარ-აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის 11.8%-იანი და იმპორტის 12.2%-იანი კლება იყო. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა მხოლოდ 0.7%-ითაა გაზრდილი, სადაც იმპორტის 1.0%-იანი კლებაა, ხოლო ექსპორტის 5.2%-იანი ზრდა.

გრაფიკი 3: საქართველოს სავაჭრო ბალანსი, თვეების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

იანვარ-აპრილში ექსპორტის ზრდა, მისი მოცულობიდან გამომდინარე, ყველაზე თვალსაჩინო რუსეთისა და თურქეთში იყო. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 26.8%-ითაა გაზრდილი, რაც 159.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი იანვარ-მარტში 19.6%, 109.5 მლნ აშშ დოლარი იყო. რაც შეეხება თურქეთს, იანვარ-მარტში ექსპორტის 40.1%-იანი ზრდა იყო, რამაც 75.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი იანვარ-აპრილში მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა, რადგან ამ პერიოდში საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულებამ 104.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ოთხთვიან პერიოდში 65.1%-იანი ზრდაა. ამავე პერიოდში, გარდა ამ ორი ქვეყნისა, მაღალი ზრდი ნიშნული დაფიქსირდა უკრაინაში. კერძოდ, იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტის ღირებულება 61.2%-ითაა გაზრდილი, რაც ძირითადად აპრილის ზრდა უკავშირდება. თუკი 2020 წლის აპრილში ექსპორტის ღირებულება მხოლოდ 6.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 31.1 მლნ აშშ დოლარი იყო. ზრდა კი არამხოლოდ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს, არამდე ადგილობრივ წარმოებასაც უკავშირდება. რეექსპორტის მხრივ კი გამორჩეული ბულგარეთია, სადაც მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტის ღირებულება 23.3%-ით შემცირებულია. ბულგარეთში ექსპორტის კლება კი სპილენძის მადნების რეექსპორტს უკავშირდება, რაც მხოლოდ აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10.0%-ით ნაკლები იყო. იანვარ-მარტში ექსპორტი აზერბაიჯანშიც შემცირდა, მაგრამ მიმდინარე წლის ოთხი თვის მაჩვენებლით უკვე 2.6%-იანი ზრდაა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულებამ 152.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც აპრილში 47.6 მლნ აშშ დოლარი იყო. აპრილში ექსპორტი 104.0%-ითაა გაზრდილი. ეს კი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება, რამაც მხოლოდ ამ პერიოდში 22.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ აპრილის მდგომარეობით აზერბაიჯანში ექსპორტის ზრდაა, სომხეთში პირველ ოთხ თვეში ექსპორტი კვლავ შემცირებულია. იანვარ-აპრილში სომხეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 2.7%-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო. თუმცა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაუმჯობესებულია, რადგან ამ პერიოდში ექსპორტის 18.6%-იანი კლება იყო. მიმდინარე წელს სომხეთში ექსპორტის კლება იანვარ-თებერვალს უკავშირდება, რადგან ამ პერიოდში კლების ნიშნულები 24.4% და 33.4%-ებს აღწევდა.

გრაფიკი 4: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გარდა ზემოთ აღნიშნული ქვეყნებისა, იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტის ზრდა რეგიონის სხვა ქვეყნებშიც იყო. აღნიშნულ პერიოდში, რუმინეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 38.3%-ით გაიზარდა, რაც პირველ კვარტალში 19.4% იყო. 2021 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან რუმინეთში სულ 9.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, რომლის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი ექსპორტი იყო. უშუალოდ აპრილში თვის ექსპორტმა კი 3.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93.5%-ით მეტია. ამავე პერიოდში, შედარებით მეტი, 13.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი და მომსახურების ექსპორტი ბელარუსში განხორციელდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 33.0%-იანი ზრდაა. აპრილის თვეში ბელარუსში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულებამ 4.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რომლის 24.1% ადგილობრივი წარმოების, ღვინო და მინერალური წყლები იყო.

გრაფიკი 5: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ფართო რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო კავშირი ცენტრალური აზიის ქვეყნებთანაც გააჩნია. მათგან საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის უზბეკეთი და ყაზახეთია. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან უზბეკეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 12.5%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში, 24.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. უზბეკეთში ძირითადი საექსპორტო საქონელი დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, რომელის ექსპორტი 2021 წლის პირველ კვარტალში 13.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იყო. იანვარ-აპრილში ექსპორტი ყაზახეთშიც გაიზარდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულებამ 13.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.0%-იანი ზრდაა. ყაზახეთში ექსპორტის ზრდა კი მარტსა დ აპრილში არსებულ 71.3% და 71.8%-იან ზრდებს უკავშირდება. ამ ქვეყანაში ექსპორტი ადგილობრივი და რეექსპორტია. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ყაზახეთში 2.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო ამავე პერიოდში 2.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა.

მიმოხილვის შეჯამება

საქართველო ისტორიულად ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებთან ვაჭრობს, ხოლო ეკონომიკურ ზრდაში საგარეო მოთხოვნას - წმინდა ექსპორტს მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია, რაც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შედეგია. თუმცა, პანდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები საგარეო ვაჭრობაზეც მძიმედ აისახა. საქართველოს სავაჭრო რეგიონი ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის არასტაბილურობით გამოირჩევა, რასაც ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებითი გავლენა გააჩნია და საგარეო ვაჭრობის კუთხით უარყოფითად აისახება. გასულ წელს რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა არამხოლოდ ‘დიდმა ჩაკეტვამ’, არამედ ნავთობის ფასების მკვეთრმა ვარდნამაც იქონია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა კავკასიაში შეიქმნა, რადგან ხსენებულ ფაქტორებს სომხეთ-აზერბაიჯანის ომიც დაემატა. ამდენად, გასული წელი რეგიონისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რაც მათ სავაჭრო მაჩვენებლებზეც მკაფიოდ აისახა. არც მიმდინარე წელი დაიწყო პოზიტიურად, რადგან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მთავრობებმა შეზღუდვები გაამკაცრეს, რასაც საქართველოსა და სომხეთში არსებული პოლიტიკური კრიზისიც დაემატა. თუმცა, პირველი კვარტლის შემდეგ გლობალურად და მათ შორის, რეგიონში ეპიდსიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა, რაც სავაჭრო მაჩვენებლებშიც აისახა.

საერთო ჯამში, გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 12.9%-ით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2019 წელს. ამავე პერიოდში, იმპორტი უფრო მეტით შემცირდა. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, 2020 წელს საქართველოში 13.9%-ით ნაკლები ღირებულების საქონელი და მომსახურების იმპორტი განხორციელდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარ-აპრილში ექსპორტის 19.6%-იანი ზრდაა, ხოლო იმპორტის 10.1%-იანი. აღნიშნული 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით არსებითად გაუმჯობესებულია. კერძოდ, იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტი 5.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 1.0%-ით შემცირდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზრდის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების ცვლილების პროცენტული ნიშნულები საბაზისო ეფექტსაც უკავშირდება, რადგან გასული წლის მარტ-აპრილში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები უკვე შემცირებული იყო.
წყარო:bm.ge
аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати