USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
საპატრიარქომ სინოდის სხდომის განჩინება გამოაქვეყნა
თარიღი:  334

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომის განჩინება გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მისასალმებელი სიტყვით სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე).

1. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც სასულიერო პირთ და, მით უმეტეს, მღვდელმთავრებს აკისრიათ. ითქვა, რომ: ,,ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის სულიერი წინსვლისათვის, მშვიდობისა და გამთლიანებისათვის“. შემდეგ სიტყვა გადასცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი). წმიდა სინოდის წევრების სახელით მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიულოცა აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღები და თქვა: - ,,გამოვხატავთ თქვენ წინაშე შვილებრივ სიყვარულს და მადლობას თქვენი მამამთავრული ღვაწლისა და შრომისათვის, რომელიც გასწიეთ ეკლესიის აღმშენებლობისა და ერის სულიერი აღორძინებისათვის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ამ ურთულესი 45 წლის განმავლობაში თქვენი წინამძღოლობით და თქვენი სამოციქულო მსახურების შედეგად, ღვთის შეწევნით, ერის სულიერი მოქცევა მოხდა მეორედ. განსაკუთრებით გვინდა ასევე აღვნიშნოთ, რომ დღეს ყოველი ჩვენგანი მღვდელმთავრად თქვენი ხელდასხმულია, რაც უნიკალური შემთხვევაა როგორც ჩვენი, ისე სხვა ეკლესიის ცხოვრებაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას და თქვენი წინამძღოლობით საქართველოს გამთლიანებას და ჩვენი ერის ერთსულოვნებას“.

2. შემდეგ მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ საჭიროა შეიქმნას ჯგუფები, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან მღვდელმთავრები და სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები, რათა შეისწავლონ საკითხები სინოდისათვის წარსადგენად.

3. სინოდის სხდომამ საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინადადება და დაადგინა: - დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ზედამხედველობა დროებით გადაიბაროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა; ხოლო მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დარჩეს დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად.

4. სინოდის სხდომაზე განხილულ იქნა მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხი. მოხსენება გააკეთა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე). მან სინოდის წევრებს გააცნო სერბეთის ეკლესიის მეთაურის, უწმინდესი პატრიარქის, პორფირეს (პერიჩი), ჩვენდამი მოწერილი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ,,განიკურნა სქიზმა და აღდგენილია ევქარისტიული კავშირი ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელ ეკლესიასთან", და რომ აღნიშნულ ეკლესიას სერბეთის პატრიარქმა უბოძა ავტოკეფალიის ცნობის ტომოსი. მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალია, სერბეთის ეკლესიის გარდა, ასევე აღიარეს რუსეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიებმა, ხოლო მასთან ავტოკეფალიის აღიარების გარეშე ევქარისტიულ კავშირში შევიდნენ შემდეგი ეკლესიები: კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ელადისა და პოლონეთის. წმიდა სინოდმა დაადგინა: საქართველოს ეკლესია ევქარისტიულ კავშირში შევიდეს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ჩრდილოეთ მაკედონიაში, რომლის მეთაურია უნეტარესი მთავარეპისკოპოსი სტეფანე (ველიანოვსკი).

5. განხილულ იქნა რიგ სასულიერო მოღვაწეთა წმინდანად შერაცხვის შესახებ საკითხის შესწავლა და მომზადება შემდეგი სინოდის სხდომაზე წარსადგენად დაევალა წმინდანთა კანონიზაციის მოსამზადებელ კომისიას.

6. წმიდა სინოდზე ისაუბრეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებულ მძიმე მოვლენებზე, ასევე ომზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს მოჰყვა. აღინიშნა, რომ ომი საშინელება და დიდი ტრაგედიაა. იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა და მეომრები, ნადგურდება ეკლესია-მონასტრები, ინფრასტრუქტურა, სოფლები და ქალაქები. ადგილი აქვს სხვა ნეგატიურ მოვლენებსაც, რის გამოც გამოითქვა დიდი მწუხარება. ითქვა, რომ საქართველოს ეკლესია ლოცულობს დაძაბულობის განმუხტვისათვის; ლოცულობს, რათა მოვლენებმა კიდევ უფრო საშიში ხასიათი არ მიიღოს და, პირიქით, უფალმა უკრაინასა და მსოფლიოს მოანიჭოს მშვიდობა. წმიდა სინოდმა გამოხატა მწუხარება თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის გამო და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს“, - აღნიშნულია განჩინებაში.

თბილისი
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.