USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Тбилиси
საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიენიჭა
дата:  1265

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიანიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს საკუთარი წვლილი ქალაქის განვითარებაში.

„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზურაბ აბაშიძეს, დამსწრე საზოგადოებას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ჩვენს უცხოელ სწტუმრებს, მივესალმები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მივესალმები ჩვენს საყვარელ თბილისსა და თბილისელებს.

„თბილისობის“ დღესასწაულს გილოცავთ ყველას. თბილისი თავად არის სასწაული - ქალაქი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გაუძლო უამრავ განსაცდელს, ფერფლიდანაც ბევრჯერ აღდგა და მუდამ სიცოცხლით სავსე, მუდამ ახალგაზრდული სულით აგრძელებს სვლას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისის გულში, ზემოდან გადმოგვყურებს ნარიყალა, ბუმბერაზი ქართველების სამყოფელი - მთაწმინდა, ქვემოთ სოლოლაკი და ხმაურიანი აბანოთუბანია, აქვეა მეტეხი, ავლაბარი, ჩუღურეთი. აქ ყველა ადგილი, ყველა ქუჩა უდიდეს ისტორიას ინახავს, თუმცა, თბილისი მხოლოდ ღირშესანიშნავი ადგილები და უძველესი არქიტექტურა არ არის. ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზია, როდესაც ქმნის, ფეხს უწყობს თანამედროვეობას, ყოველდღიურად ვითარდება, ინარჩუნებს თავის ისტორიას და საფუძველს უყრის მომავალს.

ყველაფერი, რაც ღირებულია თბილისისთვის, რასაკვირველია, შექმნილია ამ ქალაქის მცხოვრებთა შრომით, მათი პროფესიონალიზმით, ზრუნვით, სიყვარულით და ერთგულებით დედაქალაქის მიმართ. თბილისს ქმნით თქვენ, თბილისელები და იგი ზუსტად ისეთია, როგორიც არის ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ. სწორედ აქ და ახლა ჩვენ ვქმნით თბილისის დღევანდელობას და მე, როგორც ამ ქალაქის მერი, ვარ ბედნიერი ადამიანი, რადგან თბილისს ჰყავს გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი კვალი დაატყვეს ქალაქს.

საპატიოა ყველა მოქალაქე, ვინც ზრუნავს ქალაქზე, დახმარების ხელს უწვდის გაჭირვებაში მყოფებს, ვინც კეთილსინდისიერი შრომით ემსახურება ქალაქს და ქვეყანას. მინდა, თითოეულ მათგანს, მთელი გულით, მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის და საქმიანობისთის. ტრადიციას არც წელს დავარღვევთ და თბილისის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ თბილისის საპატიო მოქალაქეობა მხოლოდ წოდება არ არის, ეს, პირველ რიგში, არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, უდიდესი პასუხისმგებლობა თბილისისა და თბილისელების წინაშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ თურმანიძე - ექიმი, ქირურგი, სამხედრო-სამედიცინო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; თინათინ მღვდლიაშვილი - პოეტი, მხატვარი; ჯენარო ქრისტესაშვილი - ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ნოდარ ჩხარტიშვილი - ბიოლოგი, მეცნიერი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; ბაკურ კიღურაძე - არქიტექტორი, მეცნიერი; ოთარ გაბელაშვილი - ინჟინერი, სამთო გეოლოგი; გივი ჭიჭინაძე - ინჟინერი, მომღერალი, პოლიტიკოსი; თენგიზ გუგეშაშვილი - ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; გოგა პიპინაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასის წევრი; თომზირ ცომაია - სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე; თინა მგალობლიშვილი - დიქტორი, მსახიობი; დავით ევგენიძე - კომპოზიტორი, პიანისტი; ზურაბ აბაშიძე - დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი; არჩილ გოგელია - მოფარიკავე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი; თეიმურაზ ჩიგოგიძე - ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; ვლადიმერ (ვახტანგ) ვეფხვაძე - გამომცემელი, მეცენატი; გიორგი ბურჯანაძე - ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; ლაუზ (რეზო) ჭანიშვილი - ქორეოგრაფი-ქორეოლოგი, მოცეკვავე, დოქტორი, პროფესორი; ნუგზარ კვაშალი - მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი, ანსამბლ „ხომლის“ წევრი; რომან (რომა) რცხილაძე - მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი; თინათინ ბუკია - ექიმი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი; ნოდარ მითაგვარია - ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი; ნანული აბესაძე - მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; მანანა თოდაძე - მომღერალი, მსახიობი; ნანული სარაჯიშვილი - კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; ლეილა მუმლაძე - მუსიკოსი, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი; თამაზ მოლაშვილი - მუსიკოსი; ნიკოლოზ შენგელაია - მხატვარი, ფილმ „სოფიკოს“ დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი; მალხაზ დოლიძე - პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ჯიმი ყიფიანი - იურისტი.

„ვიდრე გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ვიდრე არ ვიღლებით მასზე ზრუნვით, ვიდრე პროფესიონალიზმით და თავდადებით ვემსახურებით მას, თბილისი მუდამ იქნება ახალგაზრდული, ძლიერი, განვითარებული ქალაქი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი. არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს. თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. მადლობას გიხდით ყველას მობრძანებისთვის. გპირდებით, შემდეგი ოთხი წელი ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, ვინც დღეს ეს ჯილდო მიიღო და გისურვებთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, რადგან თქვენ კიდევ სჭირდებით ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.

общество
გილოცავთ პეტრე-პავლობას !!!

მართლმადიდებლური სამყარო 12 ივლისს, პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მოციქულების - პეტრეს და პავლეს ხსენების დღე, პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღოდა, რომელიც დღეს თევზით არის ხსნილი. 12 ივლისს მარხვა სრულდება. მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე და პავლე მოციქულებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს.

პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება.

სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე — 7 დღე.

ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ, ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრეპავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, დადგინდა, რომ მათი ხსენების დღემდე, ანუ 12 ივლისამდე ემარხულათ.

წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა და მანვე მიიყვანა იგი იესოსთან (იოანე; 1,41-42).

ერთხელ პეტრე იაკობთან და იოანესთან ერთად გენესარეთის ტბაზე თევზაობდა, მთელი ღამის უშედეგო თევზაობით დამაშვრალ და შეწუხებულ სიმონს უფალმა ურჩია, კიდევ ერთხელ გადაესროლა ბადე ტბაში. ისიც კურთხევას დაემორჩილა და სასწაული იხილა: „შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსქდებოდეს ბადენი მათნი“.

საკვირველი სახილველით შეძრულმა პეტრემ დიდი სულიერი ნათლის ფონზე ცხადად შეიგრძნო თავისი ბიწიერება და ფეხებში ჩაუვარდა ქრისტეს: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო“. იესომ მიუგო: „ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე“. ნაპირზე გამოსულმა უფლის რჩეულმა ზებედეს ძეებთან ერთად დაუტევა ყოველი და მიჰყვა მესიას (ლუკა; 5,1-11).

ერთხელ ქრისტემ მოწაფეებს ჰკითხა: „თქვენ ვინ გგონიე მე ყოფად?“ პეტრემ უპასუხა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“. ამაზე უფალმა მიუგო: „ნეტარ ხარ შენ, სჳმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან; და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას; და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი. და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მთ. 16,15-19) (ამ სიტყვებით „კლიტენი“ და „შეკვრისა და გახსნის“ უფლება მიენიჭა „თავკიდურ ლოდზე“ - ქრისტეზე დაფუძნებულ ერთიან მსოფლიო ეკლესიას და არა ერთ ადამიანს). პეტრე, მისი ფიცხი ხასიათისა და დიდი მოშურნეობის გამო, ადამიანურ სისუსტეებსაც ხშირად ავლენდა ხოლმე.

უკანასკნელი პასექის დროს განკაცებულმა ღმერთმა მოწაფეებს ამცნო: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი“. პეტრემ განაცხადა: „დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არა სადა დავბრკოლდე“. უფალმა მიუგო: „ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე“ (მთ. 26,31-34).

ოცდაათ ვერცხლად გაყიდული უფალი, მართლაც, იმავე ღამეს შეიპყრეს გეთსიმანიის ბაღში და კაიაფას მიჰგვარეს. მოციქულები დაიფანტნენ. მხოლოდ პეტრე და იოანე შეჰყვნენ ქრისტეს მღვდელთმოძღვრის ეზოში. შეკრებილებმა იცნეს პეტრე და ამბობდნენ: „ესეცა მის თანა იყო“, ის კი იფიცებოდა: „არა ვიცი კაცი იგი“. როცა მესამეჯერ უარყო მაცხოვარი, „მეყსეულად. ქათამმან იყივლა და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს“. მოწაფეს მოაგონდა მოძღვრის სიტყვები, სინანულმა შეიპყრო, „განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“. სინანულის ეს გრძნობა არ დასცხრომია პეტრეს სიკვდილის დღემდე.

უფალმა არ დააგდო საყვარელი მოწაფე - მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იგი ტიბერიის ზღვაზე გამოეცხადა თომასა და ნათანაელთან ერთად სათევზაოდ გასულ პეტრეს, და მიმართა: „სჳმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?“ პეტრემ მიუგო: „ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“. „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“, - უთხრა ქრისტემ. უფალმა სამჯერ გაიმეორა შეკითხვა და წმიდა მოციქულმაც სამჯერ აღიარა მაცხოვარი. მოძღვარმა ამით მიანიშნა მოწაფეს, რომ პატიობდა სულმოკლეობას, სიტყვებით „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“ კი იმ ღვაწლზე მიუთითა, რომლითაც იგი შეძლებდა, განსაკუთრებით სათნოჰყოფოდა უფალს და გამოესყიდა თავისი შეცოდება (იოანე 21, 1-23).

ამიერიდან პეტრე ღვთის სიტყვის მხურვალე მქადაგებელი და პირმეტყველ ცხოვართა ერთგული მწყემსი შეიქნა. სულთმოფენობის დღეს მისმა მადლმოსილმა სიტყვებმა სამი ათასი კაცი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე; იოპიაში უფალმა პეტრეს სასწაულებრივ მიანიშნა, რომ წარმართებსაც წმიდა-ჰყოფდა, რის შემდეგაც მოციქულმა კორნილიოს ასისთავის სახლში შეკრებილ უცხოტომელებს შორის იქადაგა, მათზე სულიწმიდის გადმოსვლის მოწმე შეიქნა და ნათლისღების მადლით განანათლა ღვთისგან შეწყნარებულები (საქმე 10,1-48). სხვადასხვა დროს პეტრე იმყოფებოდა: ანტიოქიაში, რომში, მცირე აზიის, ეგვიპტის, საბერძნეთის, ესპანეთისა და ბრიტანეთის ქალაქებში იგი ყველგან ქრისტეს სწავლების მარცვლებს თესდა და აფუძნებდა ეკლესიებს. მის ქადაგებებს მრავალი სასწაული ახლდა თან: სნეულები პეტრეს ჩრდილითაც კი იკურნებოდნენ.

წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა რომის სისხლიანი იმპერატორის, ნერონის ზეობისას. ქრისტიანებმა წინასწარ აუწყეს პეტრეს მოსალოდნელი საფრთხე და სთხოვეს, დაეტოვებინა რომი. ისიც დამორჩილდა მვედრებლებს, მაგრამ როცა ქალაქიდან გადიოდა, იხილა ქრისტე, „შემომავალი ჰრომედ“. პეტრემ იკითხა: „აქ ვიდრე ხუალ, უფალო?“ მაცხოვარმა მიუგო: „შევალ ჰრომედ ჯუარ-ცუმად“. მოციქულს გაუკვირდა: „კუალად ჯუარს-ეცუმია, უფალო ჩემო?“ როცა გაოცებისგან გამოერკვა, უფალი უკვე ზეცად მაღლდებოდა. პეტრემ ეს ჩვენება მიიღო ნიშნად იმისა, რომ „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ და უკანვე გაბრუნდა.

მტარვალებმა წმიდანს ჯვარცმა გადაუწყვიტეს. პეტრემ ითხოვა: „ამას გლოცავ თქუენ ერისაგანთა მაგათ, ესრეთ ჯუარს-მაცუთ მე თავ-დამოქცევით და ნუ სხუად, რაჲთა არა მსგავს ვიყო მე უფლისა ჩემისა“.

ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალულ უფლის რჩეულს სულის ამოხდომამდე არ შეუწყვეტია ქადაგება.

წმიდანის ცხედარი მისმა მოწაფემ, მარკოზმა გარდამოხსნა, რძითა და ღვინით განბანა, სურნელოვანი ნელსაცხებლებით შემურა, რჩეული თაფლით სავსე მარმარილოს ლუსკუმაში ჩაასვენა და საკუთარ საფლავში (მაშინ ძალზე გავრცელებული იყო საკუთარი საფლავების წინასწარ მოწყობის ტრადიცია) დაფლა.

პეტრე მოციქულმა დაგვიტოვა ორი ეპისტოლე, რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებშია ჩართული. პეტრეს მოწაფის, მარკოზის სახარებაც მის მიერ არის მოწონებული და ნაკურთხი.

წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა; მოციქულად მოწოდებამდე მას სავლე ერქვა. საერო მეცნიერებებს იგი მშობლიურ ქალაქში დაეუფლა, შემდეგ კი სჯულის უკეთ შესასწავლად იერუსალიმში გაემგზავრა, მაშინდელ გამოჩენილ რაბინ გამალიელთან. გულისხმიერი ჭაბუკი მშვენივრად განისწავლა მოსეს სჯულში და, როგორც ფარისეველი, მისი მტკიცე აღმსრულებელი შეიქნა.

სავლეს ისე სძულდა ქრისტიანები, რომ „ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ“ (საქმე, 8,3).

იერუსალიმში აღძრული დევნის გამო ქრისტიანები პალესტინის სხვადასხვა ადგილებში გაიხიზნნენ. ბევრმა დამასკოს შეაფარა თავი. გულისწყრომით აღსავსე სავლემ მღვდელთმოძღვრისგან გამოითხოვა ქრისტიანთა დატყვევების ნებართვა და დამასკოში გაემგზავრა, რათა ქრისტეს მიმდევარი „მამები, ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ“ (საქმე 9,2). დამასკოს მიახლოებულმა სავლემ ზეციდან გარდამოსული ნათელი იხილა, ზეციური ხილვით გაოგნებული და შეშინებული სავლე „დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას, საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე?“. კითხვაზე: „შენ ვინ ხარ, უფალო?“ ნათლით გამო მოისმა: „მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი!“ (საქმე 9,3-5). იესუმ უბრძანა სავლეს, ქალაქში შესულიყო და დანარჩენი იქ გაეცხადებოდა. სავლე წამოდგა, მაგრამ დამოუკიდებლად წასვლა ვეღარ შეძლო - იგი ვერაფერს ხედავდა. განცვიფრებულმა მხლებლებმა სავლე დამასკოში შეიყვანეს. სამი დღის შემდეგ უფლისმიერი კურთხევით მოციქულმა მოწაფემ, ანანიამ სავლე მონათლა და მხედველობაც დაუბრუნდა.

ამის შემდეგ უწინდელი ფარისეველი და ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი მტკიცე აღმსარებელი და უფლის გამორჩეული მოციქული გახდა. ნათლისღების შემდეგ მან არაბეთს მიმართა, სადაც, გადმოცემით, სამი წლის განმავლობაში თავად მაცხოვარი ეცხადებოდა, სჯულს ასწავლიდა და ქრისტიანობის საქადაგებლად ამზადებდა. არაბეთიდან წმიდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა პეტრე, იაკობ და იოანე მოციქულებთან, იქიდან კი - ქალაქ ტარსუში, სადაც ბარნაბა მოციქულთან ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწყობაში.

სულიწმიდის ბრძანების თანახმად, პავლე მოციქული, მარკოზისა და ბარნაბას თანხლებით, წარმართთა შორის ქრისტეს სჯულის საქადაგებლად გაემგზავრა. მან მოიარა სელევკია და კუნძული კვიპროსი. მისგან ქადაგებული სჯულის ჭეშმარიტება მრავალი სასწაულით მტკიცდებოდა. ეს იყო წმიდა პავლე მოციქულის პირველი მოგზაურობა. ამის შემდეგ იგი ლუკას და შილას თანხლებით კვლავ გაემგზავრა ქრისტეს სწავლების გასავრცელებლად. გაიარა სირია, კილიკია და ლიკაონია, გადავიდა ევროპაშიც - მაკედონიაში, იყო საბერძნეთშიც. პავლე წელიწადნახევარი ცხოვრობდა კორინთოში, შემდეგ კი უკან დაბრუნდა და გზად ეფესოსა და კესარიაში გაჩერდა. მცირე შესვენების შემდეგ წმიდა მოციქული მესამედ გაემგზავრა საქადაგებლად: დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის ეს მოგზაურობა უკანასკნელი იყო. ქრისტეს არც ერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ვნება, ტანჯვა და წვალება, რამდენიც უფლის ამ რჩეულმა ჭურმა დაითმინა. თავად წერს: „ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე. სამ გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ. გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან“. (2 კორ. 11,24-26).

ტკივილებითა და განსაცდელებით დამძიმებული პავლე ღვთის ნებით ამ სოფელშივე შეიქნა ენითაუწერელი ნეტარების ღირსიც: იგი მესამე ცაზე იქნა ატაცებული, სამოთხის სიტკბოება იგემა „და ესმნეს უთქმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად“ (1 კორ. 12,2-4).

უფლის სათნომყოფელი მოციქული მტარვალებმა კესარიაში შეიპყრეს, აქედან კი რომში გააგზავნეს, სადაც 67 წელს იმპერატორი ნერონის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს: „წარუპყრა ქედი თჳსი წმიდამან პავლე მეჴრმლეთა მათ სიხარულითა. და ვითარცა მოჰკუეთა თავი მეჴრმლემან მან, მეყსეულად მადლითა ღმრთისაჲთა სძჱ გამოჴდა სისხლისა წილ ქედისაგან წმიდისა პავლჱსა“. ამ სასწაულის მხილველებმა ადიდეს უფალი. რომში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც წმიდა მოციქული სიკვდილით დასაჯეს.

პავლე მოციქულმა დაგვიტოვა 14 ეპისტოლე, რომლებიც „ახალი აღთქმის“ წიგნებში შედის. ერთ-ერთი სახარებისა და „საქმე მოციქულთას“ ავტორი - ლუკაც მისი მოწაფე იყო.

უფლის სათნომყოფელნი - პეტრე და პავლე თავიანთი ღვაწლით იმდენად გამოირჩნენ ქრისტეს სხვა მოწაფეებს შორის, რომ ეკლესიამ თავნი მოციქულნი უწოდა წმიდანებს და ერთ დღეს დააწესა მათი ხსენება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати