საპარტნიორო ფონდს სახელწოდება ეცვლება და საქართველოს განვითარების ფონდი ერქმევა. შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.
კანონპროექტში განმარტებულია, რომ ზუსტდება და ფართოვდება ფონდის მიზნები. კერძოდ, ფონდის მიზნები იქნება: კომერციულად მდგრადი პროექტების განხორციელება, მოგების ფინანსური აქტივების გაზრდა; საქართველოს პოტენციალის ათვისება; ადგილობრივი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებში საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად ფულადი და არაფულადი თანამონაწილეობის გზით; ახალი პროექტების შემუშავება ან დაფინანსება; განხორციელებულ პროექტებში არსებული თავისი კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა.
კანონპროქტში აღნიშნულია, რომ უნდა განისაზღვროს ფონდის ვალდებულება, 100%-ით გამოვიდეს განხორციელებული პროექტებიდან. ასევე, უნდა განხორციელდეს ფონდის მმართველობის სტრუქტურის ოპტიმიზაცია. კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტდეს მთავრობის წარმომადგენლების გარეშე და, შესაბამისად, ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ შეითავსოს საინვესტიციო საბჭოს ფუნქციები.