თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლებაში, N26 და N27 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 12 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა.
„ტერიტორიაზე მოეწყო განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი პავილიონები, სპორტული არეალები, ასევე გამოყოფილია ატრაქციონები პატარებისთვის და საბავშვო მოედნები, სასმელი წყლის შადრევანი და განთავსდა საპარკო ავეჯი. ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებულია აღნიშნული სივრცე, რაც ძალიან კარგია. ახლა მთავარია, მოვუაროთ აღნიშნულ ტერიტორიას. ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა რაიონში, უბნების დონეზე უნდა ვაწარმოოთ ამ ტიპის სამუშაოები, რათა იქ მცხოვრებ პატარებსა, თუ დიდებს ნორმალურ გარემოში დასვენების, გართობისა და ვარჯიშის საშუალება ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთანავე, სკვერში ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. ტერიტორიაზე შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, მოეწყო სარწყავი სისტემა, 9 525 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128