USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდი ჯიხაიშის ერთ-ერთ ქუჩას ირაკლი ანდრიაძის სახელი მიენიჭა
Date:  1737

ირაკლი ანდრიაძე (დ. 15 ივნისი, 1930, სოფ. დიდი ჯიხაიში — გ. 2012) გახლდათ ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადო მოღვაწე. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით ქუჩას პიროვნების სახელი რომ მიენიჭოს ის ან ეროვნული გმირი უნდა იყოს, ან მოვალეობის შესრულების დროს უნდა იყოს დაღუპული გმირულად ან მისი გარდაცვალებიდან 20 წელი მაინც უნდა იყოს გასული.

თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც და სწორედ ასეთი გამონაკლისია ბ-ნი ირაკლი ანდრიაძის შემთხვევა.

სახელდების სამთავრობო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნა დიდი ჯიხაიშის მცხოვრებლების დიდი ნაწილის სურვილი, სამტრედიის საკრებულოს და მერიის მხარდაჭერა და თვითონ ბ-ნ ირაკლის დიდი ღვაწლი, როგორც სოფელ დიდი ჯიხაიშის, ისე თბილისის და ზოგადად საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს.

1953 წელს დაინიშნა თიანეთის რაისაბჭოს აღმასკომის მშენებლობის განყოფილების გამგედ; 1953-1967წწ. მუშაობდა რუსთავსა და ჭიათურაში - საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" სისტემაში, სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" რკინაბეტონის ქარხანაში, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" მთავარ ინჟინრად; 1967-1968წწ. იყო საქართველოს სსრ სახალხო კონტროლის კომიტეტის ინდუსტრიული და კომუნალური განყოფილების გამგე; 1968-1972წწ. საქართველოს მშნებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" მთავარი ინჟინერი; 1972-1974წწ. თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების დარგში; 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე" "საქართველოს ბუნებრივ ფენოვან შემავსებლებზე ელექტრო გახურებით დამზადებული მსუბუქი ბეტონების გამოკვლევა და დანერგვა", შემდეგ - სადოქტორო დისერტაცია;მისი პრორექტორობის პერიოდში მიმდინარეობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კომპლექსის მშენებლობა (მაღლივი კორპუსი, ბიბლიოთეკის კორპუსი და ცენტრალური ბიბლიოთეკა წიგნთსაცავებით), მისი ხელმძღვანელობა და კურატორობაც დაევალა; 1971-1985წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; გამოქვეყნებულ აქვს სამეცნიერო შრომები და სამი სახელმძღვანელო სამშენებლო-საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის; 1974-1976წწ. მუშაობდა საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტსა და მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილედ და პირველ მოადგილედ, სამეურნეო სამმართველოს უფროსად; 1980-1985წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს მთავარი სამეურნეო სამმართველოს უფროსი; 1985-1987წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველი: 1987-1991წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1991 წლიდა თბილისის პირველი პრეფექტი და პირველი მერი; 1992-2003წწ. სახელმწიფო საბჭოს საქმეთა მმართველი და სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 1992-1996წწ. იყო საზღვარგარეთ ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე და პრეზიდიუმის წევრი; 1994 წელს ხელმძღვანელობდა თბილისში ზურაბ წერეთლის "წმინდა ნინოს" მონუმენტის აღმართვას; საქართველოს პატრიარქის, ილია II დავალებით ხელმძღვანელობდა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას. საინჟინრო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საინჟინრო აკადემიის გადაწყვეტილებით მიღებული აქვს "XX საუკუნის გამოჩენილი ინჟინრის" წოდება (2000), მედალი -  "თბილისის ერთგულება", საქართველოს პრეზიდენტის სიგელი - "ერის გამორჩეული მოღვაწე" (2002). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადო მოღვაწე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-)

საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი (1992-1995)

საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი (1996-)

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდი, თავმჯდომარე და საავტორო ჯგუფის ხელმძღვანელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1995 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია

1978 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

წმინდა გიორგის I ხარისხის ორდენი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II გადაწყვეტილებით).

განუსაზღვრელად დიდი ბ-ნი ირაკლი ანდრიაძის როლი თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების და მშენებლობის საქმეში,.

მარტო იმის ხსენებაც  კი საკმარისის ირაკლი ანდრიაძის ღვაწლის აღსანიშნავად, რომ სწორედ  მისი ხელმძღვანელობით აშენდა და დამშვენდა სამების კათედრალური ტაძარი.

“აი, ეს დიდებული ტაძარი არის აშენებული მის მიერ და ვერავინ სხვა ვერ გააკეთებდა ამას”, –  ასე შეაფასა ირაკლი ანდრიაძის ღვაწლი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.

ღმერთმა განსაკუთრებული ხვედრი არგუნა იმ ადამიანებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება ქვეყნის, სამშობლოს შენებას მიუძღვნეს. სწორედ ასეთი გამორჩეული ბედის ადამიანი გახლდათ ბატონი ირაკლი ანდრიაძე და იმედია, მალე თბილისის ერთ-ერთ ლამაზ ქუჩასაც მისი სახელი დაარქმევა, დედაქალაქისთვის გაწეული დაუღალავი შრომის აღსანიშნავად.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way