USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
Date:  

ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის დრამატულ თეატრში დიდი ქართველი მსახიობის, ეროსი მანჯგალაძის, საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საღამოზე გაცოცხლდა ეროსი მანჯგალაძის შემოქმედების ამსახველი საარქივო მასალა, მისი ცხოვრებისეული ეპიზოდები. მსახიობის ფილმებიდან და სპექტაკლებიდან სიმღერები შეასრულეს „თეატრალურის კვარტეტმა“ და ნეკა სებისკვერაძემ. კონცერტმაისტერი იყო ნინო გულიაშვილი. საღამოს უძღვებოდა ნიკოლოზ წულუკიძე.

საღამო ხელოვანის მშობლიურ სამტრედიაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მონაწილეობითა და ბიზნესმენ სერგო რუხაძის მხარდაჭერით გაიმართა.

ეროსი მანჯგალაძე 1947 წლიდან მუშაობდა ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის თეატრში, 1948 წლიდან კი - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. 1980 წლიდან იგი მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინომსახიობთა თეატრის დირექტორად და მსახიობად.

დიდი მსახიობის მიერ თეატრში შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ივანე მრისხანე (ვ. სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე“), ზიმზიმოვი (გ. სუნდუკიანის „პეპო“), ლოპესი (ჯ. ფლეტჩერის „ესპანელი მღვდელი“), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), გვადი (ლ. ქიაჩელის „გვადი ბიგვა“), ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), დათვი (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), იური დევიატოვი (ა. გელმანის „ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი“), ვანო ფანტიაშვილი (ა. ცაგარლის „ხანუმა“) და სხვა.

ეროსი მანჯგალაძემ არანაკლებ საინტერესო სახეები შექმნა ქართულ კინოში. ბუნებრივი არტისტიზმი, უშუალობა, ტემპერამენტი, ლამაზი ტემბრი, მუსიკალურობა, დახვეწილი იუმორი და ირონია განუმეორებელ მომხიბვლელობას ანიჭებდა მის ეკრანულ სახეებს, რომელთა შორის აღსანიშნავია: ალექსანდრე („წარსული ზაფხული“), სევერიანი („თოჯინები იცინიან“), მღვდელი („ლონდრე“), სამჭკუაშვილი („ქვევრი“), აღა გეურქოვი („ვერის უბნის მელოდიები“), ბუმბულა („ნატვრის ხე“), კაკუტა („ყვარყვარე“), დათიკო („ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“), ვარდენი („შეხვედრა წარსულთან“), გვანჯ აფაქიძე ( „მთვარის მოტაცება“) და სხვა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ეროსი მანჯგალაძის მიერ ფილმების გახმოვანება. მისი ხმით მეტყველებენ ვასილ ჩხაიძის პერსონაჟები ელდარ შენგელაიას ფილმებში „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (პიპინია) და „შერეკილები“ (ქრისტეფორე). გაახმოვანა თოჯინური პერსონაჟი თავადი ფანტიაშვილი მარიონეტულ ფილმში „კოჯრის ტყის სიზმრები“ და მრავალი სხვა.
ეროსი მანჯგალაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ტელე- და რადიოთეატრის (რომელიც ამჟამად მისი სახელობისაა) განვითარებაში. მონაწილეობდა ტელესპექტაკლებში: გურამ დოჩანაშვილის „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, რეზო ჭეიშვილის „შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი“, ლეო ქიაჩელის „გვადი ბიგვა“ და სხვა.

იგი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც სპორტული კომენტატორი. დაწესებულია ეროსი მანჯგალაძის სახელობის პრემიები სპორტულ რადიოჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისა და ტელესივრცეში თეატრის პოპულარიზაციისათვის.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way