USD 2.6742
EUR 3.1521
RUB 3.4899
Tbilisi
სამშენებლო სექტორი ზღვარზე
Date:  627

ვროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გადადებას უკვე თვენახევარზე მეტია საზოგადოება რუსთაველზე უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს. პროცესმა ბევრი რამ გადაავადა, გადაავადა პიროვნულ თუ კორპორაციულ დონეზე... შეიცვალა ბევრი გეგმა...

ბევრი ადამიანი ახალ წელს ახალ სახლში ვერ შეხვდა. იმიტომ კი არა რომ ბაზარზე დეფიციტია, არა! ბევრმა ვეღარ გაბედა, ვეღარ გარისკა და უძრავი ქონების ბაზარზე გაურკვევლობის პირველი ნიშნებიც გამოჩნდა.

უძრავი ქონების ბაზრისთვის დეკემბერი ყველაზე აქტიური თვეა. 2024 წლის ბოლო თვის ტრანზაქციების ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა თითქმის ყველა კომპანიაში აცხადებენ, რომ გაყიდვები მინიმუმამდე შემცირდა.

სამშენებლო სექტორს და უძრავი ქონების ბაზარს ბოლო წლების განმავლობაში ბევრ კრიზისთან მოუხდა გამკლავება. პირველი 2008 წელს იყო. კრიზისი იმდენად მასშტაბური გამოდგა, რომ იმდროინდელი მშენებლობების ნაწილი დღესაც დაუსრულებელია. იმ პერიოდიდან უძრავი ქონების სექტორში მხოლოდ 3 კომპანია შემორჩა. დღეს ბაზარზე მოქმედი კომპანიები სწორედ მას შემდეგ არის დაფუძნებული. ეს რეალობა ადასტურებს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე არსებული პრობლემები დიდ და ხანგრძლივ კვალს ტოვებს.

„სექტორი ძალიან მოწყვლადია და ნებისმიერი კრიზისის პირველ ნიშნებს მყისიერად გრძნობს, რადგან უძრავი ქონების შეძენა დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. მომხმარებლები, პირველ რიგში, ასეთი ხარჯებისგან იკავებენ თავს. ახლაც თვალსაჩინოა მძიმე რყევები“, — ამბობს „არსის“ გენერალური დირექტორი, ბესო ორთოიძე და კოვიდის რთულ პერიოდს იხსენებს.

სექტორს პანდემიის პერიოდში 2008 წლის გამოცდილება, მთავრობის სწრაფი რეაგირება და ანტიკრიზისული გეგმა დაეხმარა. ვინაიდან მომხმარებლის ქცევა მოლოდინებსა და ნდობაზეა დაფუძნებული, ანტიკრიზისულმა გეგმამ ბაზარზე ნდობა დააბრუნა და უფრო მეტიც, სუბსიდირებულმა სესხებმა მასტიმულირებელი ეფექტი შექმნა.

„იმ პერიოდში სტუმარმასპინძლობის, სოფლის მეურნეობის თუ ბევრი სხვა სექტორი გაჩერდა. ერთადერთი იყო მშენებლობა, რომელიც მუშაობას აგრძელებდა და ფაქტობრივად, ერთადერთი სექტორი იყო, რომელიც ბიუჯეტს ავსებდა. ანტიკრიზისულმა გეგმამ და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა შექმნეს რეალობა, რომ ყველას შეეძლო დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის აღება და უძრავი ქონების შეძენა“, — განმარტავს ბესო ორთოიძე.

წინა კრიზისებისგან განსხვავებით დღეს სხვა რეალობაა. სიტუაციას ართულებს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის იზოლაციისა და სანქციების საფრთხეები. გაურკვევლობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის დროში გაწელილი პროცესი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ დროისთვის არსებული რყევები, შესაძლოა, ძალიან სწრაფად გადაიზარდოს სიღრმისეულ კრიზისში და ამისთვის დიდი დრო სულაც არ არის საჭირო. შესაძლოა, ერთი ორი თვეც კი საკმარისი იყოს და სწორედ ამიტომ სწრაფი დეესკლაცია მნიშვნელოვანია.

„არსის“ გენერალური დირექტორი ხსნის, რომ მშენებლობა გრძელვადიანი პროცესია. თუ ბინა არ გაიყიდა, თუ მომხმარებელმა ფული არ გადაიხადა ბევრ პროექტს პრობლემა შეექმნება და მისი გაჩერება ნდობის დაკარგვის ტოლფასია. წინა კრიზისებისგან განსხვავებით, ბესო ორთოიძე იმედოვნებს, რომ ფინანსური ინსტიტუტები, ასეთი რისკის შემთხვევაში, უფრო პარტნიორულ ნაბიჯებს გადადგამენ.

ის ამბობს, რომ 2008 წლის კრიზისის პერიოდში ფინანსური ინსტიტუტები გამოუცდელები იყვნენ და სექტორის მიმართ არაპარტნიორული ნაბიჯებიც გადაიდგა, მიმდინარე სესხები გაჩერდა და სამშენებლო კომპანიები ფინანსური რესურსის გარეშე აღმოჩნდნენ. დღეს განსხვავებული მდგომარეობაა. ფინანსური ინსტიტუტები გაიზარდნენ, კომპანიებთან უფრო პარტნიორული თანამშრომლობა აკავშირებთ და სექტორში იმედოვნებენ, რომ ამ კრიზისულ პერიოდში შეცდომებს არ დაუშვებენ და დაფინანსებულ პროექტებს ბოლომდე მიყვებიან.

უძრავი ქონება და მოლოდინები ფასებთან დაკავშირებით

არსებული რეალობა კომპანიებისთვის დაბალი ფასის შეთავაზების ცდუნებას შექმნის. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ თუ უძრავი ქონების მშენებლობა დასრულებულია ან დასრულების პროცესშია, რისკი ნაკლებია (რადგან კომპანია საკუთარი მოგების ხარჯზე ცდილობს ფასის შემცირებას). გრძელვადიანი პროექტის შემთხვევაში კი ფასის შემცირება ბევრ, მათ შორის სამშენებლო პროცესის დაუსრულებლობის რისკს ქმნის. შესაბამისად, შემცირებული მოთხოვნა უძრავი ქონების გაიაფებას არ ნიშნავს.

ბოლო 3 წლის განმავლობაში უძრავი ქონების თვითღირებულება ჩქარი ტემპით იზრდებოდა. ძირითადი მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო გაძვირებული სამშენებლო მასალები და დეფიციტური კადრების პირობებში დასაქმებულთა გაზრდილი ხელფასები იყო. „გალთ & თაგგარტის“ მონაცემებით, პირველად ბაზარზე უძრავი ქონების ფასი კვ. მ-ზე, 2022 წლის ნოემბერში 1 031 დოლარი იყო, ერთი წლის თავზე — 1 231 დოლარი, 2024 წლის ნოემბერში კი 1 312 დოლარი. ბაზრის მონაწილეები ამბობენ, რომ უძრავი ქონების გაძვირების სწრაფი ტემპი დასრულდა, ფასმა გასულ წელს ახალ ნიშნულს მიაღწია და 2025 წლისთვის ფასების დასტაბილურების მოლოდინი შექმნა.

„ბაზარზე ფასის შემცირების ერთდაერთი გზა სამშენებლო მასალების გაიაფებაა. როგორც წესი, ეს იშვიათად ხდება, შესაბამისად, ფასების შემცირებას, გაყიდვების ვარდნის მიუხედავად, არ ველი. თავად პროცესი დამოკიდებულია თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მალე, შესაძლოა, ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდოს“, — ამბობს ბესო ორთოიძე.

სამშენებლო სექტორი ეკონომიკისთვის

მშენებლობა ნებისმიერ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ინდიკატორად გამოიყენება. მისი ზრდა პირდაპირ აისახება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც. სექტორს უკვე წლებია ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს და მომიჯნავე სექტორებთან ერთად ეკონომიკის, დაახლოებით, 10% უკავია.

მაღალია სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც და საქსტატის მონაცემებით, 68 000 ადამიანს აღწევს. საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება კი 3 024 ლარია. ის სხვა სექტორების განვითარების ერთგვარი მოტივატორიცაა. მაგალითად, უძრავი ქონების ტრანზაქციებზეა დამოკიდებული სარემონტო მასალების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯისა თუ სხვა ინდუსტრიის განვითარება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელში უძრავი ქონების სექტორი თითქმის 12%-იანი წილით პირველ სამეულშია. ამ დროისთვის კომპანიები ახალი მიწის შეძენასა და ახალი ვალდებულებების აღებისგან თავს იკავებენ.

„ამ რეალობაში ახალი მიწის შეძენა და ახალი ინვესტიციის განხორციელება არარელევნატურია. საბოლოოდ, ეს ეკონომიკაზე აისახება. მნიშვნელოვანია, კომპანიებს მოლოდინები შეექმნას, რომ ახალი პროექტების განხორციელება დაიწყონ. სექტორი დღეს საკმაოდ ძლიერია, ბევრი რისკი გაცილებით უფრო გააზრებულია, თუმცა ზუსტად იმის თქმა, სადამდე შეიძლება გაძლონ კომპანიებმა, რთულია. ზოგი პროექტის შემთხვევაში ერთი თვის დაყოვნებაც საკმარისია და ზომები ძალიან სწრაფოდ არის მისაღები... იმის თქმა, რომ თებერვლამდე თუ მივედით მერე გამოსწორდება მდგომარეობა, არასწორია. პრაქტიკა ადასტურებს, რომ ნებისმიერ სექტორში შექმნილი მსგავსი პრობლემიდან თავის დაღწევა გაცილებით უფრო ძვირი გვიჯდება. 2008 წლის კრიზისის დროს დაუსრულებელი მშენებლობები სახელმწიფოს პრობლემად იქცა, რადგან ამ საკითხის მოგვარება მუნიციპალიტეტისა და ბიუჯეტის ხარჯზე ხდება“, — ამბობს ბესო ორთოიძე.

წყარო:https://um.ge/

society
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

1921 წლის 25 თებერვალი, თავისი შედეგებით, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს ბოლშევიკურირუსეთის არმიამ აიღო თბილისი, დაამხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სასტიკი და სისხლიანი კომუნისტური რეჟიმი დაამყარა საქართველოში. 1921 წლის თებერვლის მოვლენების გახსენება იუნკრების გარეშე წარმოუდგენელია, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას გმირულად შესწირეს თავი ქართველმა იუნკრებმა, თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა.კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, 23 თებერვალი კი იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა.

იუნკერთა სამხედრო სკოლა 1919 წლის აგვისტოში გაიხსნა გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით. სასწავლებელში, ძირითადად, ქართველ თავადაზნაურთა შვილები სწავლობდნენ.  სამხედრო ხელოვნებას სულ 182 იუნკერიეუფლებოდა (“იუნკერ”  გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ- ოფიცერს ნიშნავს).

 ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომლის სასწავლო პროგრამა იმჟამინდელი ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ზედმიწევნით ითვალისწინებდა.სკოლის ხელმძღვანელმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, თანაშემწედ პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე მიიწვია. 

სამხედრო სკოლის სახელი და მისი მნიშვნელობა არ გამოჰპარვიათ საქართველოს დაუძინებელ მტრებსაც. 1920 წლის მაისის დასაწყისში, აზერბაიჯანის იოლი გასაბჭოებით გათამამებული ბოლშევიკები წითელი დროში აღმართვას საქართველოშიც ესწრაფვოდნენ. თავდასხმა 2 მაისს, ღამით მოხდა. სკოლამ თავდასხმა ღირსეულად მოიგერია. რამდენიმე საათის შემდეგ იუნკერთა სიმამაცეზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. თავდასხმის მოგერიება სამხედრო სკოლას მთავრობის თავჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ პირადად მიულოცა.

1921 წელს კი იუნკერები ბრძოლაში 17 თებერვალს ჩაერთნენ, ისინი თბილისის მისადგომებს იცავდნენ. პირველი იერიშების მოგერიება მამაც იუნკრებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები წაართვეს.

ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს, რამდენიმეჯერ იერიშზეც გადავიდნენ და რუსები აიძულეს უკან დაეხიათ.როდესაც გენერალმა ანდრონიკაშვილმა ბრძანება გასცა იუნკრებს უკან დაეხიათ, პოლკოვნიკმა ჩხეიძემ უკან დახევის მაგივრად თავის ოფიცრებს უბრძანა ხიშტებით მოეგერიებინათ მოწინააღმდეგე და იერიშზე გადასულიყვნენ. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ტყვიამფრქვევისკენ. მოიერიშეებს მალევე გამოეყო, 22 წლის შალვა ერისთავი. მან საოცარი სისწრაფით აირბინა აღმართიდა საკუთარი სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს.

გაზეთი „ერთობა“ წერდა „20 და 21 თებერვალს ჩვენმა ჯარმა იერიში მიიტანა მტრის მარცხენა ფრთისკენ- კოჯორისა და ტაბახმელას სიმაღლეებზე და მარჯვენა ფრთისკენ სადგურ ვაზიანის რაიონში. ამ ძალების ლიკვიდაციით ტფილისს სრულიად ეხსნება ალყა, ტფილისი გადარჩენილია და პირდაპირი საფრთხე მოკლე დროში მას აღარ მოელის.“

თუმცა, შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა.23 თებერვალს ის თბილისში, რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში დაკრძალეს რუსეთთან ომში დაცემულ 10 იუნკერთან ერთად იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.

საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების და მცხეთის მიმართულებით უკანდახევის შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა.მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას. “

26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ იუნკერთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. "ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესისათვის ხელი შეეშლა" იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way