"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შევა. საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს, იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის.
"ქართული ოცნების" - ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ამ მიმართულებით, განვლილი 13 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში ჩატარებული საერთაშორისო კვლევები და გამოქვეყნებული რეიტინგებიც ადასტურებს. საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ანტიკორუფციული რეფორმების მიმართულებით მოწინავეა რეგიონში და უსწრებს არაერთ ევროპულ სახელმწიფოს. ამ ხელშესახები შედეგების მიუხედავად, ჩვენ არ ვაპირებთ მიღწეულით დაკმაყოფილებას და იმ ამბიციური, გაცხადებული მიზნის ერთგული ვრჩებით, რომლის თანახმადაც, საქართველო კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო სამეულში უნდა შევიდეს.
სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაცხადებულ კურსს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას უკავშირდება, საქართველოს პარლამენტიც სრულად იზიარებს და მხარს უჭერს. ბუნებრივია, ამ პროცესში განსაკუთრებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი, რომლის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ სამოხელეო დანაშაულის, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის ფაქტების, მათ შორის, "ელიტური კორუფციის" პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა წარმოადგენს. უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებთ განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებები და გამოვლენილი დანაშაულები კიდევ ერთი დასტურია, რომ სახელმწიფო, მსგავსი ტიპის დანაშაულის მიმართ უკომპრომისო და შეურიგებელია.
იმისათვის, რომ სამომავლოდ საკანონმდებლო დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმები გაჩნდეს, საქართველოს პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა, რომლის თანახმადაც ცვლილებები შევა "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს, იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის.
ეს ცვლილებები პირდაპირი სიგნალია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორუფციულ გარიგებებში ჩართულობით, სავარაუდო სარგებლის მიღებაზე, შემდეგ შემოსავლის ლეგალიზებაზე და გრძელვადიან პერიოდში პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე არიან ორიენტირებულნი. მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რომ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება და მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გახდება შესაძლებელი, რაც ფაქტობრივად, მათი მხრიდან მითვისებული ქონების ლეგალიზებასა და პირადი ინტერესებით გამოყენებას, სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს.
ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. მჯერა რომ, საზოგადოების გვერდში დგომით, იმ ამბიციურ მიზანს, რომლის თანახმადაც კორუფციის სიმცირის მაჩვენებლით მსოფლიო ქვეყნების სამეულში უნდა შევიდეთ, აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.
"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.
აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
წყარო: https://bm.ge