USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
სამკუთხა წერილები ფრონტის ხაზიდან
дата:  2112

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში  მეორე მსოფლიო ომისდროინდელი წერილების საკმაოდ დიდი არქივი არსებობს. ეს  პროექტი, სახელწოდებით „მეორე მსოფლიო ომი ეპისტოლარულ ჟანრში, წერილები ფრონტიდან”, რამოდენიმე წლის წინ დაიწყო ემზარ ჯგერენაიასა და მაია სიმონიშვილის თაოსნობით.

„პოსტსაბჭოთა ადამიანის პრობლემაა, რომ ჩვენ ისტორია გვესმის, როგორც ის დაგვიწერა მთავრობამ და მასთან დაახლოებულმა ინტელექტუალებმა. მაგალითად, კომუნისტური პარტიის დავალებით დაწერილი მეორე მსოფლიო ომის ისტორია, მაღალ კონტროლს დაქვემდებარებული, რის შედეგადაც ჩვენ გვაქვს ამ ისტორიის მხოლოდ ერთი ვერსია. ამ წერილებიდან კი ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ ყოველდღიურობაში, ომში ჩაბმული ცოცხალი დამკვირვებლის პოზიციიდან დაწერილი ისტორია.“- აღნიშნავს ემზარ ჯგერენაია.

"სალამი ჩემს გულიდან განუშორებელს, საყვარელ ნინას. ძვირფასო და ძვირად სანახაო საყვარელო ნინა. მოგიკითხავ ძალიან დიდი მოწყენით და ძალიან მაგრა მაგრა მაგრა პირზე კოცნით - ისე კოცნით, რომლის დაწერა სიტყვებით ვერ მომიხერხებია. ჩემო გულიდან განუშორებელო ნინა, როგორ ხარ, როგორ სცხოვრობ, როგორ ატარებ თავისუფალ დროს, მუდამ წუთს მეინტერესება რომ ვიცოდე... ძვირფასო და ძვირად სანახაო ნინა, მე გამოგიგზავნე სურათები, პატარები გულის ბროშკისთვის. მართალია ჯავრი მომდის შენზე, რამდენსა გწერ, რომ ჩვენ რომ ერთად სურათი გადავიღეთ, ის გამომიგზავნემეთქი და არა ჰგზავნი... მწერე წერილები და რა გიჭირს, რა გაკლია, ან ხო არ გცივა. მოუარე შენს თავს. თუ როგორმე იშოვი ვალინკებს, იყიდე. ჩაიცოდე ჩემი ჩექმები. ტუფლები წითელი. ოღონდ ნუ შეიციებ, ოღონდ ნუ მოიმშიებ. იყავი კარგად, მოუწყენლად. გკოცნი ბევრს. მაგონდება ის საყვარელი საათები, როცა შენ თვალით გხედავდი, გკოცნიდი, მკოცნიდი და სიყვარულით მაინც ვერა ვძღებოდით. გწერს შენსკე მოწყენილი ლადო..."

 ეს წერილი ნაღვარეველმა ლადო ბუჩუკურმა თავის მეუღლე ნინას ფრონტიდან მისწერა. კიდევ ბევრი ასეთი სიტყვა უძღვნა მონატრებულ ცოლს, რომელიც ომში წასვლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ნახა, ათი დღით სოფელში შვებულებით ჩასულმა. 20 წლისები თუ იქნებოდნენ. ლადო ომიდან აღარ დაბრუნებულა, ნინას კი ერთი შვილი და ბევრი ასეთი წერილი დარჩა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა და კითხულობდა. აღარ გათხოვილა. დღეს ამ წერილების ნაწილი ლადოს და ნინას შვილიშვილის, ნინო ბუჩუკურის, ოჯახში ინახება.

„ეგეთი სიყვარულის შესახებ წიგნებში თუ წამიკითხავს. და რეალობაშიც რომ ამას წავაწყდი, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო. ხომ წარმოგიდგენიათ, ძველ დროში, როცა ადამიანები ძირითადად გარიგებით ქმნიდნენ ოჯახებს, ჩემს ბებიას და ბაბუას ასე უყვარდათ ერთმანეთი, ასეთი სიყვარულით დაქორწინდნენ. ბებიაჩემი ლამაზი ქალი იყო, ერთშვილიანს და ქვრივსაც ჰყავდა მთაში მთხოვნელი, მაგრამ ოჯახი აღარ შეუქმნია. სულ ელოდა და გზას გაჰყურებდა. მერე რომ ვკითხე, რატომ არ გათხოვდი-მეთქი, მიპასუხა, ახლაც მის გზას გავცქერი, სულ მეგონა დაბრუნდებოდა და ასე რომ მომხდარიყო და მე გათხოვილი დავხვედროდი, რა პირით შევხვედროდიო“.

 

დღეს ლადო ბუჩუკურს ოთხი შვილიშვილი და შვიდი შვილთაშვილი ჰყავს. ნინა ცოცხალი აღარ არის. წერილების ნაწილი თან წაიყოლა. მისი სიკვდილის შემდეგ კი რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში, საძმო სასაფლაოზე, შვილიშვილებმა ლადოს საფლავიც იპოვეს.

ყველაფერი დაიწყო ერთ დღეს, როდესაც დეიდასთან, ციური ხეთერელთან, სტუმრად მისულმა ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, მაია სიმონიშვილმა, თავისი ბაბუის, კარლო ხეთერელის, ფრონტიდან გამოგზავნილი წერილები ნახა და წაიკითხა. პროფესიით ლიტერატურათმცოდნე დეიდამისი წერილებს ჩაჰკირკიტებდა. ბაბუის წერილების შინაარსით და ენით მოხიბლულმა მაიამ მეორე დღეს ერთ-ერთი წერილის ტექსტი ფეისბუკზე მეგობრებსაც გაუზიარა და ასე დაიწყო:

 

„ჩემო ჭკვიანო ქეთუნია, მე მაქვს იმედი, რომ შენ შენებურად ვაჟკაცურად გაუმკლავდები ყველა დაბრკოლებას. ხომ გაქვს გამოცდილება შვიდი-რვა წლის? ათი წლით არის ხალხი გადასახლებული და ოჯახი იტანს გაჭირვებას. შენც, ჩემო ოქრო გოგო, იყავი შვილების ერთგული, ნუ გაუჯავრდები, გულს ნუ გაიხეთქავ და უფრო გაგიფრთხილდებიან. ღმერთმა თუ არ გაგვწირა, ყველაფერი კარგად იქნება... მე ახლა ფრონტზე ვარ უკრაინაში, ხარკოვთან. ასე წავიდა, ჩემო საყვარელო ცოლ-შვილო, ჩემი საქმე. მაგრამ მიუხედავად ყოვლისა, იმიტომ, რომ კიდევ ვეღირსო თქვენს დაკოცნას, თქვენს მოფერებას, თქვენს პატრონობას, როგორც ქვია, ისე ვარ, თუ ტყვიამ არ მიმსხვერპლა. ყველაფერს ავიტან თქვენთვის, ჩემი სულის სწორო ცოლ-შვილო. ცეცხლზე რომ დამდვან, არ შევუშინდები. ვარ ისეთ პირობებში, რაც კინოში გინახავს, მაგრამ არაფერია. ოღონდ თქვენს ნახვას ვეღირსო, ოღონდ თქვენთან მოვაღწიო და არ დავიშურებ არავითარ გამძლეობას“.

ამ წერილს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველამ თავისი ბაბუების და ბებიების ამბები გაიხსენა, ზოგმა ძველი წერილებიც ამოქექა და ასე, ბუნებრივად, დაიბადა ახალი - ომისდროინდელი წერილების შეგროვების - პროექტი, რომელსაც მაია სიმონიშვილთან ერთად ემზარ ჯგერენაიაც ჩაუდგა სათავეში.

„ბაბუაჩემის ჩანაწერების რვეულს რომ გადავხედე, ვნახე, რომ მხოლოდ სასიყვარულო წერილები კი არ იყო, ეწერა ომის წარმოებაზე, რასაც ჯარში ასწავლიდნენ, იმაზეც და რა გამოცდილებასაც აგროვებდა. ველოდი, რომ მშრალი წერილები უნდა ყოფილიყო, მაინც საბჭოთა კავშირის დროს წერდნენ ამ წერილებს, თვითცენზურის პირობებში, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასე არ იყო. ის სტერეოტიპიც დამენგრა, რომ თითქოს საბჭოთა კავშირში ყველა ერთმანეთს ჰგავდა - არ იყო ასე“.

 

მაია სიმონიშვილი გვეუბნება, რომ წერილები ფრონტიდან იმ დროზე ყველაფერს ჰყვება - რას ფიქრობდნენ, რა სურდათ, როგორ ცხოვრობდნენ, ომს როგორ აღიქვამდნენ. ჩანს, თუ როგორ ზრუნავდნენ ოჯახებზე შორი მანძილიდან.

„მახსენდება ერთი 20 წლის ბიჭის წერილიც, ვარდისფერ კონვერტში, შემოქმედებითი ირონიით გაჟღენთილი. თავის დას წერს ასეთი სიტყვებით: „სალამი ელიკოს აყვავებულ საქართველოში. გავიგე, რომ კანფეტები და გალეტები არ იშოვება, მათ გამოგზავნაზე ნუ შეწუხდებით. ჩემს ამბავს თუ შეეხებით და გაინტერესებთ, მე ისევ იმ ნაწილში ვიმყოფები”... წერს, თბილისში თოვლი თუ მოვიდა და ვენახები როგორ არისო...”

ზოგი, მაიას ბაბუის მსგავსად, ლექსების წერასაც იწყებდა და გზავნიდა.

მზევინარ რუხაძემაც მიიტანა ბიბლიოთეკაში მამის, ოთარ რუხაძის, წერილები. ის ჯერ ომში იბრძოდა თურმე, შემდეგ ტყვედ ჩავარდნილა, პოლონეთში ცეკვის ანსამბლი შეუქმნია, სამშობლოში წლების მერე დაბრუნებული კი სტალინის რეჟიმს ისევ გადაუსახლებია ციმბირში. იქ კი, შახტის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულა. ასეთი ამბებით გატენილია წერილები ფრონტიდან - თითო წერილი ზოგჯერ რომანის სიუჟეტიაო, ამბობს მაია. ემზარ ჯგერენაია კი გვეუბნება, რომ პირველ ეტაპზე ამ წერილების შეგროვება და ციფრულ ფორმატში შენახვაა მიზანი. ეს წერილები, მისი თქმით, გარდა შინაარსისა, ენობრივი თვალსაზრისითაც საინტერესოა - როგორ წერდნენ, როგორი იყო საშინაო, წერილების ენა. და, რაც მთავარია, ის, თუ რაზე წერდნენ:

„ქსელი, ოჯახები, ნათესაობა, ოჯახები. ძალიან ბევრს წერენ ფულზე, ფული თუ გაქვთო, ოჯახის წევრებს ეკითხებიან. აი, სწორედ მაიას ბაბუა წერს, ხუთასმანეთიანი პენსია გექნებათ, მე რო დავიღუპოო. ასე წერენ სხვებიც, ზრუნავენ შორიდან. ძალიან იშვიათად წერენ ადამიანები, რომ ლენინის და სტალინის გამო კვდებიან. წერენ საკუთარ შვილებზე, ოჯახზე, ტკივილზე, დაშორების სევდაზე, შიშზე. მთელი ეს ემოციები, პათოსის ეს ფორმები უაღრესად საინტერესო სურათს ქმნის, - გვეუბნება ემზარ ჯგერენაია და მიმართავს ყველას - თუ ვინმეს დღემდე აქვს შემორჩენილი წერილები პირველი მსოფლიო ომიდან, მიიტანონ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც შეუძლიათ როგორც დედნების, ისე წერილების ასლების დატოვებაც მათი ავტორების ფოტოებთან ერთად.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати