USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Тбилиси
სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს
дата:  632
სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახორციელებს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
2400 მეტრის სიგრძის ქუჩაზე, პროექტის პირველ ეტაპზე, წყლისა და წყალარინების ქსელის შეცვლის სამუშაოები ხორციელდება, მეორე ეტაპზე კი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური სანიაღვრე ქსელის მოწყობას და საგზაო სამუშაოებს დაიწყებს.
თბილისის მერის თქმით, გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია აპრილში დასრულდება.
„აღნიშნული ქუჩა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ვისაც გაუვლია ამ ქუჩაზე, ყველა დამეთანხმება, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო, ფაქტობრივად, გზა ჩავარდნილი იყო და ჭირდა გადაადგილება. სამუშაოები ორ ეტაპად არის გაყოფილი. პირველ ეტაპზე მუშაობს კომპანია „ჯორჯიამ უოთერ ენდ ფაუერი“ და მთლიანად ცვლის მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. ოქტომბრამდე ეს სამუშაოები დასრულებული იქნება, შემდეგ კი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დაიწყებს საგზაო სამუშაოებს. აპრილში პროექტი დასრულებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.
პროექტის ფარგლებში საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, მოეწყობა ახალი გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება რამდენიმე ფენა ასფალტის საფარი, ფეხით მოსიარულეებისთვის მოეწყობა ტროტუარები; ქუჩაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის, მოეწყობა საფეხმავლო კუნძულები და ზებრა გადასასვლელები.
სამუშაოები 12 ივლისს დაიწყო. რეაბილიტაციის პერიოდში ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, კახეთის გზატკეცილის მხრიდან მოძრავი ავტომობილები კი გიორგი აბაშვილის, რომანოზ ხომლელის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩით და მათი დამაკავშირებელი გზის გავლით იმოძრავებენ. გადაადგილება ასევე, დასაშვები იქნება დიმიტრი ალექსიძის, სესილია თაყაიშვილის, იოთამ ზედგენიძის, ვიქტორ კუპრაძის, რაჭის, მეგობრობის, მშვიდობისა და ევგენია მაისურაძის ქუჩებით. დროებით შეიცვალა მიკროავტობუსების მარშრუტებიც.
Тбилиси
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати