USD 2.8746
EUR 3.0252
RUB 2.7011
Тбилиси
სალომე ზურაბიშვილის განცხადება
дата:  297

ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ, დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, "ეს თანხმობა არის, პირველ რიგში, იმის ნიშანი, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ".

"საზოგადოებას, რომელიც გარეთ დგას, მინდა ვუსურვო მშვიდობა და მხნეობა.

როგორც გუშინ მქონდა ნათქვამი, მოვიწვიე ქარტიის პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ეს არის იმის დასტური, რომ აქაც, ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, საით მივდივართ და საით არა. ეს თანხმობა არის, პირველ რიგში, იმის ნიშანი, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ, რაც იყო ჩვენი, ყველსა გამოცხადებული მიზანი და თუ ვინმემ გადაუხვია, საზოგადოებას არ გადაუხვევია და რჩება ამ მიზნის ერთგული", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რასაც აქციებზე ვხედავთ, ეს ცივილიზებულ ქვეყანაში სრულიად მიუღებელია.

„ჩვენ განვიხილეთ პროტესტი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს და რომელიც სრულიად დამოუკიდებელ პროცესია პოლიტიკური პარტიებისგან და რაიმე ორგანიზაციისგან. თვითორგანიზებული და სპონტანურია, რაც ძალიან კარგად ჩანს იმაში, რომ პრაქტიკულად, დღეს არ არის ქალაქი საქართველოში, რომელიც არ არის ჩართული ამ პროტესტში. მოიცავს ყველა თაობას, პროფესიასა და სოციალურ სფეროს. ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს როგორიც არის თავისი სპონტანურობით, თავისუფლებითა და თვითორგანიზებით. ყველა შევთანხმდით, რომ არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური პარტიების და არც ჩემი ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა. მხარდაჭერა რაშიც უნდა გამოიხატებოდეს, ეს პირველ რიგში არის საზოგადოების, არასამთავრობოების და იურისტების საქმე, რომლებიც ასევე წარმოდგენილი იყვნენ. მორალური ვალდებულებაა იმ ადამიანების პირდაპირი მნიშვნელობით სამართლებრივი დაცვა, რომლებიც დაკავებულები არიან. მათი არდავიწყება ასევე ჩემი ვალდებულებაა. ყველა უწყებას უნდა მივმართოთ, რომ ვინც დაშავდა ყველა უნდა იყოს დაცული. ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ძალადობის მიმართ და წინააღმდეგ მათი ხმაც ისმოდეს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ცივილიზებულ ქვეყანაში სრულიად მიუღებელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, აქციაზე იმყოფებიან სუს-ის წარმომადგენლებიც და საჭიროა, პროვოკაციებისგან თავის დაცვა.

„მათი დაცვა, ასევე, იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება ძალიან მალე საჭირო იყოს რამე ფონდის შექმნა. დღეს, ჯერ კიდევ არის იმის საშუალებები, რესურსები სხვადასხვა არასამთავრობოებიდან იმისთვის, რომ ჯარიმები დაფარული იყოს, მაგრამ შეიძლება დადგეს მომენტი, როცა დიდი საზოგადოებრივი ძალისხმევა იყოს იმისთვის საჭირო, რომ ფონდი შეიქმნას და ამ ადამიანებს დავეხმაროთ. დახმარება კიდევ სხვა რამეში გამოიხატება, ჩვენ დავიცვათ ისინი პროვოკაციებისგან. მინდა პირდაპირ ვთქვა, ჯერ ერთი, თქვენს შორის, ვინც ქუჩაში გამოდიხართ, შეიძლება სუს-ის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც პროვოკაციებს ეწევიან, მათ მიმართ სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ მე ამას ვერ გასწავლით, მაგრამ მე შემიძლია იმაზე გაგაფრთხილოთ, რომ მე რამდენიმე გზავნილი მომივიდა სხვადასხვა ფორმით, რომელიც იმას ეხება, ვითომც, უკრაინიდან ქართველი სამხედროები ემზადებიან, ან ჩამოსულები არიან იმისთვის, რომ ჩაერთონ, როგორც სამხედროები ამ პროტესტში, ეს პირდაპირი პროვოკაციაა, ასეთი რამ არ ხდება, არავინ დაიჯეროთ ამას, რადგან ეს პირდაპირ მიმართულია პროტესტის წინააღმდეგ, ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აწუხებს მმართველ პარტიას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, საგარეო უწყებისა და ელჩების ნაბიჯებმა ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ახალი სურათი შექმნა.

"მინდა, შევეხო საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებას. როგორც ჩანს, ძალიან შეშფოთდა ახალი მინისტრი და საერთოდ, მმართველი პარტია იმის გამო, რომ უწყების 274 თანამშრომელმა გააკეთა განცხადება და პროტესტი გამოხატა ამ მიმართულებით, გადადგა რამდენიმე ელჩი მნიშვნელოვან ქვეყნებში და ეს ყველაფერი ქმნის ახალ სურათს ჩვენი საგარეო უწყების, რომელიც არა თუ საბოტაჟი და არა თუ დისკრედიტაციაა და მე მაქვს ყოველდღიურად საუბრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან, ეს უბრუნებს ჩვენს საგარეო დიპლომატიურ ტონს, უბრუნებს კორპუსს, უბრუნებს ნდობას ჩვენი პარტნიორებისგან იმიტომ, რომ მათთვის სრულიად გაუგებარია, ელჩები და საელჩოები მუშაობდნენ პრემიერის განცხადების მერე, ვითომც არაფერი მომხდარა და ის, რომ არის ესოდენ დიდი რეაქცია საგარეოში, არის ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის პოზიტიური, რისთვისაც უნდა ვიყოთ მადლობელი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს ხელში აქვთ უზარმაზარი, უნიკალური საშუალება, რომ გადაწყვიტონ ქვეყანაში არსებული „ძალიან ღრმა კრიზისი“.

„ჩვენ არა მხოლოდ ვრჩებით კონსტიტუციურ ჩარჩოში, არამედ პირველი ეტაპი და ქმედება, რაც დაიწყება ამ საღამოსვე ბათუმში, არის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს ხელში აქვთ უზარმაზარი, უნიკალური საშუალება ქვეყნის და ადამიანის ისტორიაში, რომ გადაწყვიტონ ქვეყანაში ეს ძალიან ღრმა კრიზისი, რაც არ ვიცით, საით შეიძლება წავიდეს, ეს კრიზისი გადაწყვიტონ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ამის მაგივრად, საკონსტიტუციო არათუ არაფერს აკეთებს, ჯერ არც ნიშნავს სხდომას. ამიტომ, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა და განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც შეტანილია და რომლის პოზიტიურად გადაწყვეტაც დაგვაბრუნებს კონსტიტუციის ჩარჩოებში. სტატუს-კვო ანტი - არჩევნები არ შემდგარი, პარლამენტი არაა ლეგიტიმური, მაგრამ დაბრუნდება ძველი პარლამენტი და გვექნება გარდამავალი, სტაბილური ცვლა ახალი არჩევნებისკენ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ არ ელოდებოდა საზოგადოებისგან იმგვარ რეაქციას, როგორიცაა და „დაბნეულები არიან“.

„არ ელოდებოდნენ ამგვარ საზოგადოებრივ რეაქციას, არა მხოლოდ ქუჩის პროტესტს, რომელსაც, ალბათ, ელოდებოდნენ, მაგრამ უკვე აღარ იციან, როგორ მართონ გარდა ძალადობისა. ეს ძალადობა ბოლომდე ვეღარ იქნება და აქვს თავისი ლიმიტი. ალბათ, უფრო დაბნეულები არიან იმის გამო, რაც ხდება სამოქალაქო საზოგადოებაში, ბიზნეს სექტორში და თუნდაც ეკლესიაში, როცა ახალი ხმები ისმის, რომელიც ასევე არ ეთანხმება ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას, რომელიც გვაშორებს ევროკავშირიდან, ევროინტეგრაციიდან და მიჰყავს ეს ქვეყანა იქითკენ, საითკენაც არცერთი ჩვენი წინაპარი არ მიდიოდა თავისი ნებით. ჩვენი ეკლესია იქითკენ თავისი ნებით ნამდვილად არ მიდიოდა და ეს არის ის მომავალი, რომელზედაც ქუჩაში ისევე, როგორც ყველა სხვადასხვა დაწესებულებაში, საქართველო დღეს უარს ამბობს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებებისა, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ პრემიერის გადაწყვეტილება, დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები 2028 წლამდე, ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებაა.

„განცხადებები, რომებიც დღეს კეთდებოდა, რომ თურმე ჩვენ ვერ გავიგეთ და არ აჩერებენ [ევროინტეგრაციას], მაგრამ რაღაც უშვრებიან, რაც გაუგებარია. სრულიად ბუნდოვანი განცხადებები ამას არ ცვლის იმიტომ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ეს იყო ცვლილება ჩვენი ორიენტაციის და რეალურად ზურგის შექცევა ევროკავშირისთვის და პირიქით, მიბრუნება რუსეთისკენ. ძალიან კარგად გაიგეს ჩვენმა პარტნიორებმა იგივე. ეს ვითომ დაზუსტებები არაფერს არ ემსახურება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით,  სწორი იქნება, რომ პრეზიდენტი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთად უნდა ემსახურებოდნენ საზოგადოებას და მის ინფორმირებას.

„მადლობელი უნდა ვიყოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის, რომელიც იმედი მაქვს ჩქარ-ჩქარა დაიბრუნებს თავის ნამდვილ როლს, რომელიც არის, რომ ემსახუროს საზოგადოებას და რომელიც მას დავიწყებული ჰქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ასეთი ცოცხალია დღეს. ის ნამდვილად იმსახურებს, რომ ჰქონდეს ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ღირსია ასეთი საზოგადოების.

მე მინდა აქვე გამოვაცხადო ის, რაც არ მომხდარა უკვე ძალიან დიდი ხანია, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიშვებდნენ. მე მზად ვარ, რომ სპეციალური ინტერვიუ მივცე საზოგადოებრივ მაუწყებელს და მგონი ეს სწორიც იქნება, რადგან პრეზიდენტი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთად უნდა ემსახურებოდნენ საზოგადოებას და მის ინფორმირებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

бизнес
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати