საჭიროა ქვეყნის რეპუტაცია ამით არ დაშავდეს და სათანადო ზომები იყოს მიღებული, რომ არაფერი მოუვიდეს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო შეწყალება მის მიერ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ გარემოს უფრო მეტად დააზარალებს.
პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი სამედიცინო ექსპერტები საჭიროდ ჩათვლიან, რომ საქართველოში სათანადო მკურნალობის მიღების შესაძლებლობა არ არსებობს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ამას შესაბამისად უპასუხოს.
„ჩემი პოზიცია იცით შეწყალებაზე და აღარ გავიმეორებ ამას. აქაც მთავარი არის საზოგადოების პოლარიზაციის არდამატება, რაც არსებობს. სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, თუ ამის მიმართ არის კითხვები, ყველაზე იყოს პასუხი გაცემული, რომ ყურადღება იყოს სათანადო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ.
გამოვთქვი აზრი, რომ ალბათ, საჭირო იყო გადაყვანა სხვა დაწესებულებაში, რაც შემდეგ მოხდა და ეს ძალიან კარგია. მე ვერ ვიტყვი წინასწარ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, რომ მაინცდამაინც ამ ქვეყანაში არ არსებობს სათანადო მკურნალობის არანაირი საშუალებები. თუკი ექსპერტები ჩათვლიან, რომ რაღაც მიზეზების გამო, არ არის საშუალება აქ იყოს მიღებული ის მკურნალობა, რომელიც საჭიროა, მაშინ უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ამას უპასუხოს ან სხვაგან გაყვანით ან ვიღაცის ჩამოყვანით. საჭიროა ქვეყნის რეპუტაცია ამით არ დაშავდეს და სათანადო ზომები იყოს მიღებული, რომ არაფერი მოუვიდეს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, რამ შეიძლება შეაცვლევინოს პოზიცია პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი საზოგადოებაში დიდი დაპირისპირების საგანია, რაც პოლარიზაციას გააღრმავებს.
„იცნობთ ქართულ საზოგადოებას, იცით, რომ ეს იქნება უაღრესად დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი. მანამდე სამჯერ შევიწყალე ადამიანები სწორედ იმ მიზნით, რომ ჩაექრო პოლარიზაცია, შედეგი არ იქნა მიღწეული არც მაშინ და აქ ბევრად უფრო მძაფრად არის გამოხატული ადამიანების პოზიციები. გამომდინარე იმ ძალიან მძიმე წლებიდან, რაც საზოგადოებას ახსოვს, აქ არ შეიძლება მე ვიყო მონაწილე იმის, რამაც შეიძლება კიდევ გააღრმაოს ეს პოლარიზაცია ქვეყანაში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).
„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.
დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.
აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.
დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას, რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და სულელებად თვლიდნენ?
მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.
წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/