სანამ მიმართვას დავიწყებდე, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მეგობარ უკრაიანას, დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან ერთი წლისთავი და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას.
სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტმა საუბარი რეფერენდუმის 32-ე წლისთავის განხილვით დაიწყო და განაცხადა, რომ გამოსვლისთვის სწორედ ეს სიმბოლური დღე აარჩია, რადგან საქართველო დღესაც გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას.
"31 მარტი ჩვენთვის ისტორიულად უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღია, როცა ქართველმა ერმა რეფერენდუმით საკუთარი მომავალი გადაწყვიტა.
"აღსრულდა ნება ქართველი ერისა" — ამ სიტყვებით 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მან შეძლო ამ მიზნის ირგვლივ ერის გაერთიანება და ქვეყნის საკუთარ გზაზე მტკიცედ დაყენება".
პრეზიდენტმა თქვა, რომ მაშინ, ეროვნული ინტერესი, ხელისუფლებისგან მოითხოვდა გამბედავი ნაბიჯის გადადგმას და ახლაც ეროვნული ინტერესი, მისგან მოითხოვს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას.
"31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია — ეს ევროპული მომავალია! ხელისუფლებამ კი დღესაც, უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება!
სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი, სწორედ ამისთვის ხართ აქ, და ამიტომ მინდა შეგახსენოთ კონსტიტუციაში თქვენს მიერვე ჩაწერილ მუხლი 78: "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".
ამიტომ დღეს არ შემიძლია, არ შეგახსენოთ სად იდექით გუშინ, როცა ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატის შესრულებას შეუდექით", — განაცხადა ზურაბიშვილმა და მოხსენება დაიწყო.
ქართული ოცნების "ფერისცვლებაზე"
ზურაბიშვილის განცხადებით, ქართული ოცნება იყო ხელისუფლება, რომელმაც აღასრულა ხალხის ნება, "დაამარცხა ავტორიტარიზმი და დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიულ სამყაროში".
"არჩევნებით, მშვიდობიანად, რევანშიზმის გარეშე გადაიბარა ხელისუფლება, შეუდგა სამართლიანობის აღდგენას და ყოფილ პრეზიდენტთან კოჰაბიტაციას (ქვეყნის სახის, დემოკრატიული სისტემის და რეპუტაციის დასაცავად), თავი მოუყარა თითქმის ყველა ოპოზიციურ ძალას და შექმნა მრავალპარტიული მმართველი კოალიცია, გაათავისუფლა ბიზნესი ტერორისა და წნეხისგან, დაუბრუნა მედიასივრცეს პლურალიზმი და სიტყვის სრული თავისუფლება", — თქვა მან და იმაზეც ისაუბრა, რომ ამ ხელისუფლებამ გაამყარა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი და "წაართვა წინა ხელისუფლებას ერთგვარი მონოპოლია პროდასავლურობაზე".
ზურაბიშვილმა გაიხსენა ივანიშვილის პირველი საერთაშორისო ვიზიტი ბრიუსელში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ვიზალიბერალიზაციის მიღება, კონსტიტუციაში ევროპული მომავლის ჩაწერა, მისი საპრეზიდენტო კანდიდატურის მხარდაჭერა და 2021 წლის დაპირება 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებაზე. ამის შემდეგ კი თქვა:
ამ დროს დარბაზში ხმაური გაისმა, თუმცა რთულია გარჩევა, ვისგან. პრეზიდენტმა პასუხად თქვა "ახალ გეტყვით" და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება და სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები.
"დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები, (მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მოსამართლეების განწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი) ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას.
ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო რეფორმა კი, ჩიხშია შესული, თქვენმა ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, რაც ასევე, შეიძლება ემსახურებოდეს ძალაუფლების გამყარებას".
ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ქართული ოცნებიდან ნელ-ნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა და მათ რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს. მისივე თქმით, დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე, პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე დდა ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
ხელისუფლების ანტიევროპულ რიტორიკაზე
პრეზიდენტმა ქართულ ოცნებას უთხრა, რომ 2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით, მათ მიმართ პირველად გააჩინეს ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა მისი აზრით, ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ამ დროს დარბაზში ფონად დეპუტატების განხილვები ისმოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს არაფორმალურ მმართველობასა და გავლენებზე წლების საუბრობენ, პრეზიდენტმა ქართული ოცნების დამფუძნებლის კრიტიკას ისევ აარიდა თავი და თქვა, რომ მისი წასვლის შემდეგ დაიწყო დიდი გაუგებრობა იმაზე, ვინ არის პასუხისმგებელი ახალ კურსზე.
"ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის შეურაცხყოფა და მისი ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ თუნდაც მისი გაფრთხილება. იმავე წელს უარი ითქვა ევროკავშირის სესხზე.
არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ".
უკრაინაზე და რუსეთისთვის არდაწესებულ სანქციებზე
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ უკრაინასთან მიმართებაში ვერც დიპლომატია გამოიჩინადა ვერც ისტორიული სოლიდარობა. იქვე მთავრობის ტრადიციული ნარატივი იქამდე განიხილა, სანამ ქართული ოცნება წამოაძახებდა.
"დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაეროში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა მორალური, პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვერიდებით, თუ ვემიჯნებით.
25 თებერვალს, სრულიად უადგილო ადგილას, ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაშინ, როდესაც პირიქითაა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ და არ დავაწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, მაგრამ ვუერთდებით საერთაშორისოს — მეტს არავინ არაფერს გვთხოვდა არც ჩვენ და არც მოლდოვას", — თქვა მან.