საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდებს.
როგორც პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, საკითხები, რომელიც საბჭოზე უნდა განიხილონ, საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, ასევე საზღვარზე სანქცირებული პირების სიების გამოყენებაა.
“როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ვალდებული ვარ დეტალურად გავეცნო მოვლენების განვითარებას და ყველა შესაძლო გავლენას ქვეყნის ინტერესებზე. ამიტომ გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მათიაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ.სამწუხაროდ, ვერ მივიღე საჭირო ინფორმაცია ვერც ერთი სხვა პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურისგან, ვერც შს მინისტრისგან, რომელსაც ევალება ჩვენი საზღვრის კონტროლი და ამავე დროს როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს უნდა ფლობდეს, ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომლის ერთ-ერთი მიმართულება, საკუთარი უწყების კანონის თანახმად, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვაა; ვერც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომელსაც კანონით ევალება საგარეო რისკების განსაზღვრა და ქვეყნის თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა. არათუ ინფორმაციის მიღება, დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, რაც ამ მდგომარეობაში საგანგაშოა. ამიტომ იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო. მიმაჩნია, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც განხილული უნდა იყოს და დრო აღარ ითმენს. ერთი არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა. მეორე არის სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე. ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას, საზოგადოებამ უნდა მიიღოს დროულად და დეტალურად მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება, რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება, რათა არ შეიქმნას არც უსაფუძვლო შიშები და ცრუ ინფორმაციის გავრცელება არ მოხდეს, ასევე, საბჭომ უნდა განიხილოს, არსებული რეაქციები აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა სეპარატისტებს საშუალება არ მივცეთ, ეს მოვლენები იმისათვის გამოიყენონ, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას, ეს უნდა ითქვას და უნდა გავიმეოროთ. დაბოლოს, აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდეს ინფორმაციის გაცვლა და მჭიდრო კომუნიკაცია", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/