არსად გაჟღერებულა, რომ რამე სანქციებია დაწესებული ბიძინა ივანიშვილზე. თუ ეს იქნება, მაშინ შევაფასებ ამ სიტუაციას, მაგრამ დღეს, ასეთი რამ არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მან უპასუხა შეკითხვას, რამდენად არის მოსალოდნელი ბიძინა ივანიშვილი დასავლეთის მხრიდან სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდეს იმის გათვალისწინებით, რომ მისივე გარემოცვა ივანიშვილისთვის საერთაშორისო არენაზე „გარკვეული პრობლემების შექმნის შესახებ საუბრობს“.
„არ ვიცი, არავის დაუდია ფაქტები იმისა, რომ რეალურად რაღაც შეფერხებაა და ეს კიდევ სხვა, გაზვიადებული თემებია. არ მგონია, რომ ეს სერიოზული იყოს. მე ვლაპარაკობ სერიოზულ საკითხზე, რომელიც არის მეორე ფრონტის, თუ ომის თემა. არ არსებობს მეორე ფრონტის საფრთხე, არ არსებობს ომის პარტია თუ პარტიები საქართველოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ შეგვიძლია მორალურად სოლიდარული ვიყოთ უკრაინასთან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება ასევე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს პრობლემები შეექმნა გერმანიაში შეძენილი ვერტმფრენის ტრანსპორტირების მხრივ და ასევე შეძენილი ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის იმ ფაქტების შეფასება, რაც არავინ იცის.
„თქვენ მთხოვთ იმ ფაქტების შეფასებას, რაც არავინ ვიცით, რა ხდება რეალურად, რა შეფერხებებია, რატომ არის ეს შეფერხებები. მე რატომ უნდა შევაფასო ის, რაც ბატონი ივანიშვილის ფინანსური ურთიერთობაა თავის ბანკირებთან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი განმარტებით, „შეფასებები არ ჰქვია“ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა სანქციების სიაში აღმოჩნდეს.
„ამას შეფასებები არ ჰქვია, გაჩნდა ალბათობა, რაღაც ეჭვები, რომელზეც მედია სპეკულირებს. მე ვარ პრეზიდენტი, არ შემიძლია დავიწყო სპეკულირება და ეჭვები [გამოვთქვა]. არ მაქვს ინფორმაცია, არსად გაჟღერებულა, რომ რამე სანქციებია დაწესებული ბიძინა ივანიშვილზე. თუ ეს იქნება, მაშინ შევაფასებ ამ სიტუაციას, მაგრამ დღეს ასეთი რამ არ არსებობს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომლისგანაც უნდა მოისმინოთ სპეკულაციები და ეჭვები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.