USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი - საბედნიეროდ, საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია. ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ, უკრაინის მხარეს!
дата:  375

უკრაინამ მთელს მსოფლიოს მაგალითი მისცა, პოლარიზაციის დღევანდელ პირობებში, თუ რას ნიშნავს ერთობა და ერთი მიზნის ირგვლივ ხალხის გაერთიანება. ამ შემართებამ და ერთიანობამ შედეგიც გამოიღო - რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ომმა ახალი თვითდაჯერებული და ძლიერი ევროპა წარმოშვა.

„1 წელია, რაც რუსეთმა უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენობის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ერთი წელია, რაც უკრაინელი ხალხი ერთობლივად და არნახული შემართებით, უძლებს განუწყვეტელ შეტევას, დაბომბვას, დესტრუქციას, ქალაქების, სოფლების, ადამიანების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების განადგურებას. ერთი წელია, რაც მიმდინარეობს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი ყველა საერთაშორისო პრინციპებისა და კონვენციების დარღვევითა და უგულებელყოფით. ერთი წელია, რაც უკრაინამ მთელს მსოფლიოს მაგალითი მისცა, პოლარიზაციის დღევანდელ პირობებში, თუ რას ნიშნავს ერთობა და ერთი მიზნის ირგვლივ ხალხის გაერთიანება, ამ მიზანს კი უკრაინა ჰქვია. ამ შემართებამ და ერთიანობამ შედეგიც გამოიღო - რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია, ვერც უკრაინის მთავრობა გადააყენა, ვერც ხალხის მოთმინება ამოწურა, ვერც საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტა, პირიქით, უკრაინის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიმართ ნდობა და მხარდაჭერა დღითიდღე იზრდება. არნახული სოლიდარობა, არნახული დახმარება, არამხოლოდ სიტყვიერი და ფინანსური, არამედ ყველა შესაძლო რესურსით. რუსეთისთვის კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს საოცარი ერთობა, რომელსაც ვერც ენერგო შანტაჟმა, ვერც ბირთვულმა შანტაჟმა და ვერც ეკონომიკურმა კრიზისმა ვერ გადაათქმევინა მხარდაჭერა და ვერ შეაცვლევინა პრინციპული სოლიდარობა. შეიძლება ითქვას რომ ამ ომმა, ერთგვარად, ახალი თვითდაჯერებული და ძლიერი ევროპა წარმოშვა, რომელიც აქამდე სტრატეგიულად ვერ ყალიბდებოდა. დღეს მთელმა ევროპამ გააცნობიერა საიდან მოდის საფრთხე და რომ დღეს უკრაინა იცავს არა საკუთარ თავისუფლებას, არამედ იცავს ყველას თავისუფალ მომავალს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევში დღეს მხოლოდ ქართული ოპოზიციაა წარმოდგენილი.

„საზოგადოების სახელით, პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ამ ერთი წლის განმავლობაში ყველა შესაძლო ადგილსა და ფორმატში გამოვხატე უკრაინის მიმართ საქართველოს უდრეკი მხარდაჭერა და ასეც გავაგრძელებ. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში. ამისთვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ, პარლამენტმა მოწვევის მიუხედავად არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალური დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ კიევში წარმოდგენილი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან. ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს არ აქვს დახმარების ისეთი საშუალებები, როგორც ბევრად ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უსაფრთხოების გარანტიებს ანიჭებს, თუ ჩვენი სოლიდარობა ძირითადად მორალურ დონეზე გამოიხატება, მით უფრო მტკიცედ უნდა ვიცავდეთ ჩვენს პრინციპებს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს პოზიცია განსაკუთრებით გაუგებარია ქვეყნისგან, რომელმაც იგივე განსაცდელი არაერთხელ გაიარა. თუმცა ამასთან, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საბედნიეროდ, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია უკრაინის მიმართ.

„არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაცა მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია, გაუგებარი იმ ქვეყნისგან, რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი არაერთხელ. რომელმაც კარგად იცის თუ რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენიტეტის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე. საბედნიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია. ყველა ფორმა და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვანი მეგობარი ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს, სად დგას ქართველი ხალხი. გუშინ ჩვენთან ლევან სონღულაშვილმა უკრაინის ტრაგედიისთვის მიძღვნილი ნახატის დასათვალიერებლად მოიწვია ახალგაზრდები, დღეს ჩვენთან ერთად დიპლომატიური კორპუსი ეზიარება სიმბოლიკას ჩვენი ორი სახელმწიფოს ერთობის და სიახლოვისა, რაც ამ დროშებითა და ჩვენი ჰიმნებით გამოიხატება. საღამოს ახალგაზრდა მწერლები და მუსიკოსები ამ ტრაგედიის მიმართ საკუთარ ხედვას და განწყობას გაგვიზიარებენ. თბილისი კი, თავის მხრივ, მსოფლიოს გაახსენებს, რომ საქართველო დგას, სადაც საუკუნეების განმავლობაში იდგა და რაღაც საკუთარი ინტერესების ძახილმა არ დაგვავიწყა მთავარი- საკუთარი იდენტობა და საკუთარი ღირსება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დასასრულს მან აღნიშნა, საქართველოს განვლილი ომები უკრაინელების დღევანდელ განსაცდელთან გვაერთიანებს და არა გვაშორებს.

„დღეს 24 თებერვალია და დამთხვევად ვერ ჩაითვლება და ვერ მივიჩნევ, რომ ხვალ, 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის დღეა, 23 თებერვალს იუნკრების საგმირო ბრძოლის ხსოვნის დღე, 19 თებერვალი კი, მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე... ეს ნამდვილი სიმბოლური პარალელია, რომელიც არ შეიძლება, არ გავიგოთ როგორც ნიშანი; 1921 წელს მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლა, 1992-1993 წლის გამოუცხადებული ომი რუსულ საჰაერო და საზღვაო ძალების წინააღმდეგ, 2008 წლის ომი უკრაინელების დღევანდელ განსაცდელთან გვაერთიანებს და არა გვაშორებს! მინდა წუთიერი დუმილით ერთად მივაგოთ პატივი დაღუპულ უკრაინელ სამხედროებს და მოქალაქეებს, ბუჩაში, ირპენში თუ მარიუპოლსა და ბახმუტში. მათთან ერთად ჩვენი თანამემამულეები ვინც უკრაინელებთან გვერდიგვერდ იბრძოდნენ და იქ დაიღუპნენ. ისინი ქართულ ღირსებასა და მომავალს იცავდნენ.

მათთან ერთად მინდა გავიხსენოთ ყველა, ვინც საქართველოში თუ უკრაინაში იცავდა ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და მაშინ და დღეს ერთიან ევროპულ მომავალს.

არა სადღაც შუაში, არა გაუგებრობაში, არამედ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ, უკრაინის მხარეს! სხვა ალტერნატივაც არ არსებობს და ამ ომის შედეგი, როგორც ჩვენს, ასევე, მთლიანად ევროპის მომავალს გადაწყვეტს.

ქართულ ენას ყველაფრის სწორი გამოხატვა შეუძლია, ბრძნული ენაა: გამარჯობას ვიძახით და მშვიდობას და ვიცით, რომ ერთი მეორეს გარეშე ვერ იქნება.

მჯერა უკრაინელი ხალხის გამარჯვების და გამარჯვებული მშვიდობიანი მომავლის! მათი და ჩვენი ერთობლივად! გაუმარჯოს უკრაინას! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ჩვენს მეგობრობას და ჩვენს ერთიან მომავალს! Slava Ukraini“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати