USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
სალომე ზურაბიშვილი: - მზად ვარ შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ეროვნული თანხმობის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება
Date:  732

ორბელიანების სასახლეში დღეს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით ეროვნული თანხმობის პროცესის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს პროცესში ჩართვისა და დისკუსიაში მონაწილეობის მზაობისათვის. პრეზიდენტის თქმით, დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგ ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ის პრაქტიკულად ჩაძირულია დაპირისპირებაში.

„მადლობელი ვარ, იმისთვის, რომ მოხვედით სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები და სხვადასხვა პოლიტიკური აზროვნების მქონე ადამიანები. ეს არის ის ნიშანი, რომ ყველას ყველასთან შეუძლია დაჯდომა, ყველას ყველას მოსმენა შეუძლია და თუ ეს ვერ შევძელით და ვერ გავიტანეთ გარეთ საზოგადოებაში, ჩვენ არც საზოგადოება ვიქნებით და არც ქვეყანა არ გვექნება!

30 წელი გავიდა ჩვენი დამოუკიდებლობიდან. ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პრაქტიკულად ეს ქვეყანა ჩაძირულია დაპირისპირებაში, გაჩერებული და ორად გაყოფილია. სად ვართ, საით მივდივართ, როგორ უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა, რას ვუტოვებთ და ვუმზადებთ მომავალ თაობას? საჭიროა, დავფიქრდეთ რატომ ხდება ის რაც დღეს მოგვდის და ამისათვის ჩვენს წარსულში უნდა ჩავიხედოთ.

ეს არ არის პროცესი, რომელიც იწყება და მთავრდება საუბრით. ამ პროცესს აქვს კათარზისის როლი, რომ სიმართლე ვთქვათ და ჩვენვე ჩავიხედოთ ჩვენს შეცდომებსა, თუ დანაშაულებში და ვაღიაროთ ზოგიერთი მათგანი. საზოგადოება არის ის, რომელიც დაკვეთას აძლევს პოლიტიკურ სფეროს. საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა და აიღოს თავის ხელში ეს პროცესი. დღევანდელ დღეს მას არ გააჩნია სივრცე, სადაც შეუძლია ისაუბროს, მედიაში აღარ მიმდინარეობს ნამდვილი დებატი.

საზოგადოების გარეშე პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ბერკეტი არ გააჩნია, თუ არა თქვენი გაძლიერება და თქვენთან ერთად იმ დაკვეთის შექმნა, რომელიც შემდეგ გადაეცემა პოლიტიკურ პარტიებს. საზოგადოებამ თუ რეალურად იცის რა უნდა, ის ძალიან დიდი ძალაა. ამას შეიძლება დღეს ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ხვალ ვიგრძნობთ.

მე გთავაზობთ ახალ სივრცეს. თემების აღმოჩენა იქნება პირველი პროცესი და გაიშლება ძალიან ბევრ ჯგუფებზე სხვადასხვა ფორმატებში, გავალთ რეგიონებში, უნივერსიტეტებში, სოფლებში. იმისთვის, რომ პროცესი იყოს შთამბეჭდავი და გაშლილი, საჭიროა იყოს ძალიან თავისუფალი. ანუ ვისაც ექნება მოსაზრება და ინიციატივა, იქნება ეს რომელიმე უნივერსიტეტი, რომელიმე სოფელი, თუ რომელიმე ჯგუფი შეუძლიათ თავისუფლად იმსჯელონ ამ საკითხებზე. აქ არ არის არანაირი მონოპოლია.

მე არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები ყველა ჯგუფის ორგანიზატორი, ინიციატორი თუ მმართველი. იარსებებს მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებსაც პროცესში ჩართული ყველა ჯგუფი ხელს მოაწერს. ეს არ უნდა გადავიდეს პოლიტიკურ მსჯელობაში და აკრძალულია ლანძღვა-გინება. ადამიანებს თავიანთი მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა ინტერნეტპლატფორმების საშუალებითაც შეეძლებათ.

იქნება სხვადასხვა თემატური ჯგუფები, რომლებიც დაიწყებენ საუბარს მაგალითად, ვინც იყვნენ სხვადასხვა პერიოდში დაზარალებულები, რა არის მათი ხედვა? სახელმწიფოსგან რას ელოდებიან? და ვნახოთ, სახელმწიფოს რა და რა დოზით შეუძლია უპასუხოს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. არავინ უნდა დავრჩეთ უსამართლობის განცდაში, რადგან ესეც პოლარიზაციის ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზია.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში დიასპორის როლი, რადგან მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი ჩვენი ქვეყნის გარეთაა. როცა იქიდან უყურებ ამ ქვეყნის მდგომარეობას, ალბათ, სხვანაირად გესახება და ამიტომ აუცილებელია, ისინიც ჩავრთოთ, რათა იგრძნონ, რომ ამ ქვეყნის დღევანდელი ტკივილი და ხვალინდელი მომავალი მათიცაა. არ შეიძლება მათთან ეს ურთიერთობა გაწყდეს და ამაშიც თქვენი დიდი დახმარებაა საჭირო,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს ცოცხალი და ინკლუზიური პროცესი, საიდანაც არავინ არაა გარიყული.

„ეს უნდა იყოს თავისუფალი პროცესი, სადაც ყველამ სიძულვილის, ლანძღვისა და დაპირისპირების გარეშე უნდა შეძლოს ნებისმიერი თემის წამოწევა. აქ არ უნდა იყოს რამე ტაბუდადებული თემა.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის უშუალოდ პოლიტიკური თემა, თუმცა ამას არ შეიძლება არ ჰქონდეს თავისი პოლიტიკური გაგრძელება.

ჩვენ ჩვენს ოცდაათწლიან გამოცდილებაში უნდა ვეძებოთ რა მოგვივიდა, რა არის ის რაზეც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ამ ქვეყანაში აღარ უნდა მოხდეს. რა არის ის, რაც მოხდა - რაც დემოკრატიის მანკიერი ფორმა, ან პირიქით, ტოტალიტარიზმის სისტემური მემკვიდრეობაა.

რა არის ის, რაზეც გვინდა, რომ უარი ვთქვათ. როგორც საზოგადოება, რაზე ვამბობთ და ვაცხადებთ, რომ ხვალინდელ საქართველოში აღარ უნდა მოხდეს. იმ საქართველოში, რომელიც გვინდა, რომ დავუტოვოთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს. უნდა ჩავიხედოთ წარსულში და ამოვიღოთ ის პრინციპები, მოვლენები და ფაქტები, რომელზეც შეიძლება შევთანხმდეთ და მოვნახოთ შეთანხმების კუნძულები.

საუბრის ფორმატში უნდა გამოვლინდეს ის თემები, რომლებიც პოლარიზაციის მთავარი ღერძი და საფუძველია და რის გამოც ქვეყანა ვერ მიდის წინ. შეგვიძლია დავინახოთ და შევთანხმდეთ, რა არის წარსულიდან ის მანკიერი ფორმები, რომელიც შესაძლოა ოცდაათი წლის წინ დაიწყო, მაგრამ შეიძლება დღესაც გრძელდება. ჩვენ არა ბრალის, არამედ მიზეზების ძებნაში ვართ, მიზეზების, რომლებმაც ამ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მოგვიყვანა.

რატომ ქალები? ჩვენ გვაქვს ისტორიული ტრადიცია, რომ ქალებს ძალიან რთულ მომენტებში, ძალიან რთული როლი ჰქონდათ. ვწუხვარ, რომ დღეს მთავრობაში, პარლამენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში ძალიან ცოტა ქალია. ეს არასწორია იმ ქვეყანაში, სადაც ყველა დარგში ქალები ძლიერად არიან წარმოდგენილნი.მათი ადგილი პოლიტიკაში კი, არ ასახავს მათ როლს საზოგადოებაში. იმედია, ეს დისბალანსი ახლო მომავალში გამოსწორდება.

ბოლო პერიოდში, ქალებს სიძულვილის ენა ყველაზე მეტად შეეხოთ, ამიტომ ქალებმა უფრო კარგად იციან, რამდენად დამანგრეველი და მიუღებელია სიძულვილის ენა, მათ იციან როგორ განიცდიან შვილები, როცა დედას საჯაროდ ლანძღავენ და ეს ამ ქვეყნისა და მისი კულტურისთვის სრულიად მიუღებელია!

ქალებს ოჯახის მიმართ სხვა პასუხისმგებლობა აქვთ და სხვანაირად ფიქრობენ ხვალინდელ ქვეყანაზე, სხვანაირად ფიქრობენ იმაზე, გაუძლებს თუ ვერა ეს ქვეყანა ყველა ამ გამოწვევებს. ამიტომ მათი იმედი მაქვს!

დაბოლოს, ქალებში უფრო მეტი ემპათია და მეტი მოსმენის უნარია, რაც დღეს ძალიან გვჭირდება,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან პროცესში პრეზიდენტის როლზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მასზეა და ამას სრულად იღებს.

„მე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, მზად ვარ შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება: რა არის ის პუნქტები, რომელზეც ვთანხმდებით როგორც პრინციპებზე - რა აღარ გვინდა, რა არის ის მოთხოვნები, რაც გააჩნია საზოგადოებას. მე კი, ამ მოთხოვნებს პოლიტიკურ პარტიებამდე და პარლამენტში მივიტან და აქ ვიქნებით ერთად, არა მხოლოდ მთქმელი, არამედ ერთი მომთხოვნი ძალა.

ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემზეა და ამას ვიღებ სრულიად. თუ რაღაც არ გამოვიდა, იქნება იმიტომ, რომ მე არ დავიწყე სწორად, ან რაღაც დავაკელი, თქვენ კი, ხართ ამ პროცესის თანაავტორები, რადგან ყველა თქვენი მოსაზრება, ყველა თქვენი ინიციატივა ძალიან საჭირო და აუცილებელია,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way