USD 2.6071
EUR 2.9911
RUB 3.0972
Тбилиси
სალომე ზურაბიშვილი - ისრაელი ავტომატურად ანიჭებს მოქალაქეობას თუ ადამიანი ამტკიცებს, რომ წარმოშობით ებრაელია. ჩვენ რაღა გვიჭირს, რისი გვეშინია ან ჩვენების რატომ უნდა გვეშინოდეს?!
дата:  1936

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,  რომ წარმოშობით ყველა ქართველს აქვს უფლება, დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა .

მისი თქმით, ქვეყანა, რომელმაც ძალიან კარგად შეძლო თავის დიასპორასთან ურთიერთობა და მისი გაძლიერება, ისრაელია.

„თქვეს, რომ ერთი მილიონი ქართველი არის რუსეთში, აღარ არის ერთი მილიონი რუსეთში, ეს კარგად ვიცით. დაახლოებით, ნახევარი მილიონი თუ არის და ისინიც ნახევრად ქართველები და ნახევრად რუსები. მაგრამ დათვლა ძალიან რთულია იმიტომ, რომ დათვლილი არალეგალები არ არიან არსად. მაგრამ დანარჩენ მსოფლიოში, ალბათ მილიონს უახლოვდება და ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ მათთან შევინარჩუნოთ ყველანაირი კავშირი და არ დავკარგოთ ჩვენი მოქალაქეები თუ თანამემამულეები. ამის ერთი მაგალითი მსოფლიოში, რომელმაც ძალიან კარგად შეძლო თავის დიასპორასთან ურთიერთობა და მისი გაძლიერება, როგორც თავის თავის გაძლიერება, არის ისრაელი. ისრაელს აქვს ამ მხრივ ძალიან ბევრი ჩვენთვის სასწავლებელი, რომ ჩვენ მივყვეთ ამ გზას და ამითი ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი დიასპორა, ე.ი. ჩვენი თავი იმიტომ, რომ ეს არის კავშირი იმ ყველა ქვეყანასთან, რომელსაც გვინდა, რომ დავემსგავსოთ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, მისი წვლილიცაა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში ორმაგი მოქალაქეობა არსებობს.

„მათი ერთად ყოფნა ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის პირველი არის მოქალაქეობა და აქ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ არ შეიძლება გაგრძელდეს, როგორც გრძელდება კომისიის მუშაობა. მივაღწიეთ იმას და ამაში მე ჩემი წვლილი მქონდა, მაგრამ არამხოლოდ ყველას მიღწევა არის ის, რომ ორმაგი მოქალაქეობა არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში, მაგრამ არ უნდა იყოს ის, რომ პრაქტიკა ხელს უშლის ამ კანონმდებლობის შესრულებას. ჩვენ არ უნდა ვიგონებდეთ რაღაც მიზეზებს, ვიღაცას რატომ არ ვაძლევთ მოქალაქეობას.

„არ ჩამოსულა ქვეყანაში დიდი ხანიაო“, „არა აქვს რაღაცა კავშირები ქვეყანასთანო“, ყველა ქართველი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ დაიბრუნოს, აღიდგინოს ან მივანიჭოთ იმიტომ, რომ არ ჰქონია მოქალაქეობა, აქვს ამის უფლება. ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ, რომ მას აქვს უფლება, რომ დაიბრუნოს, არა აქვს მნიშვნელობა, ის ჩამოვიდა ქვეყანაში, რამდენჯერ ჩამოვიდა, აქ ფლობს რამე ქონებას თუ არ ფლობს, ეს ხომ არ წერია კანონმდებლობაში, რომ ეს კრიტერიუმები უნდა იყოს გამოყენებული?! რატომ იგონებს ვიღაცა ჩინოვნიკი კომისიაში რა უნდა იყოს ახლი დამატებითი კრიტერიუმები. მე მიმაჩნია და ამას ჩემი წარმომადგენლები კომისიაში ბოლომდე მიყვებიან, რომ წარმოშობით ყველა ქართველს, მათ შვილებს, ყველას აქვს უფლება, რომ დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. სამწუხაროდ, არის რაღაც ტესტები, სამი წელია იუსტიციის სამინისტროსთან გვაქვს გაუთავებელი მოლაპარაკებები, გავამარტივოთ, ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს ვინ იყო შუშანიკის დედა. ნუ ვეკითხებით! ნუთუ არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანები ხვალ იყვნენ ქართველები?! ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, „ოჰ, ქართველია თურმე“. ახლა უნდა ჩვენ მათ მივაწვდინოთ ეს ხელი, რომ, მოდით, იყავით ქართველი, იყავით ინგლისელი, გერმანელი, ამერიკელი, რუსი, რაც გინდათ, მაგრამ იყავით ასევე ქართველი, იმიტომ, რომ ეს ბმა, რაც გაქვთ ჩვენთან, არის ჩვენთვის, ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის ძალიან ძვირფასი და ძალიან აუცილებელი. ამიტომ იმის მაგივრად, რომ ფრენებზე ვიფიქროთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ მივცეთ მოქალაქეობა. ეს არის მათი პირველი მოთხოვნა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს არ აქვს უფლება, რომ დიასპორაში მყოფი ხალხი დაკარგოს.

„აქ მაქვს მთელი სია, 15 მაისიდან დღემდე, რაც გავიდა კომისიაში რუსეთიდან მოთხოვნები მოქალაქეობის, მე პირადად, სადაც არის რამე უსაფრთხოების კითხვა, იქ ჩემი წარმომადგენელი არ აძლევს ხმას. მაგრამ თუ არ არის უსაფრთხოებიდან რამე კითხვა, რომ ვთქვათ, სამხედრო თანამდებობა ეკავა ან რაღაც უსაფრთხოების კუთხით შეიძლება იყოს კითხვის ნიშანი, იმათ არა, დანარჩენებს ყველას. იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვენი შვილები, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ. არ მაინტერესებს რუსეთში თუ ამერიკაში ცხოვრობდნენ და ვერ თუ არ ჩამოდიოდნენ, მთავარი არის, რომ ამ ქვეყანას არ აქვს უფლება, რომ ეს ხალხი დაკარგოს. და სხვათა შორის, არცერთ ქვეყანას არა აქვს ამის უფლება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის პატარა ქვეყნისთვის. აბა, რისთვის ჩვენ მერე რაღაც ცეკვა-თამაშებისთვის იქ რაღაც თანხებს ვუგზავნით, ეს არ არის დაცვა დიასპორის. ეს არ არის დახმარება დიასპორის. დახმარება არის, რომ ჩავთვალოთ ისინი როგორც ჩვენიანები და კიდევ ერთხელ ისრაელი არის ამის მაგალითი. ავტომატურად უბრუნებენ მოქალაქეობას თუ ადამიანი ამტკიცებს, რომ წარმოშობით ებრაელია. ჩვენ რაღა გვიჭირს, რისი გვეშინია?! არ ვიცი, ჩვენების რატომ უნდა გვეშინოდეს?!“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მეორე რაც უნდა გაკეთდეს დიასპორისთვის არის, რომ „ჩვენ მათ მივცეთ, არამხოლოდ მოქალაქეობა, მაგრამ მოქალაქეობასთან ერთად განცდა, რომ ისინი მონაწილეობენ ქვეყნის ყველაფერში“.

„ჩართულები არიან და არამხოლოდ იმიტომ, რომ გვიგზავნიან ტრანსფერებს და ამით ამდიდრებენ ბიუჯეტს ან თავიანთ ოჯახებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი წვლილი აქვთ ამას ჩვენ განვითარებაში, რომელსაც არ ვაღიარებთ ხშირად. მაგრამ მთავარი არის, რომ მათ იგრძნონ, რომ აქვთ რაღაც როლი ამ ქვეყანაში, ეს იქნება პოლიტიკური, ეს იქნება ეკონომიკური, სოციალური, განათლებაში, რომ ჩამოვიდნენ, დაგვეხმარონ. ექიმები გვყავს მთელ მსოფლიოში, ყველანი წარმატებული. ჩვენ აქ არ ვუხსნით გზას, რომ მაინცდამაინც ჩამოვიდნენ და დაგვეხმარონ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати