USD 2.6638
EUR 3.1012
RUB 3.6306
Тбилиси
საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას თანხმობა გამოუცხადეს
дата:  574

თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრებს თბილისის მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რაც თბილისის მერიის სამოქმედო გეგმის ნაწილია. გიორგი ტყემალაძემ წარმატებები უსურვა თბილისის ახლად არჩეულ საკრებულოს მომავალ საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის და საკრებულოს მჭიდრო თანამშრომლობით ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება.

„მადლობას ვუხდი მოსახლეობას, რომ დაუჭირა მხარი ჩვენს გუნდს, თბილისის მერს. დღეს გაგაცნობთ იმ კანდიდატურებს, რომლებიც მერის მხრიდან არიან წარმოდგენილი. გუნდი დაკომპლექტებულია იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც მუშაობდა თბილისის მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში. მხოლოდ რამდენიმე სიახლეა იმ თანამდებობებზე, რომელიც ვაკანტური იყო. მჯერა, რომ ისინი აუცილებლად წარმატებულები იქნებიან მომავალი ოთხი წლის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თანხმობა გამოუცხადეს დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას, რომელსაც კენჭს საკრებულოს წევრები დღესვე უყრიან.

დასამტკიცებლად წარდგენილი კანდიდატურები არიან: თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი - ვლადიმერ ჭიღლაძე; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი - პაატა ტოგონიძე; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - ვახტანგ ლომჯარია; თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი - გოგი ჩიქოვანი; ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი აბუთიძე; იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი - სერგო ბირკაძე; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი - ირაკლი გვილავა; საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი - გაიოზ თალაკვაძე; მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი - დავით მალანია; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი - გელა ჩივიაშვილი; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი - ნიკოლოზ ჭონქაძე.

რაც შეეხება თბილისის რაიონების გამგებლებს, კანდიდატურები არიან: ჩუღურეთის რაიონი - დავით მაქაცარია, დიდუბის რაიონი - დავით გელოვანი, გლდანის რაიონი - ბესიკ კალაძე, ვაკის რაიონი - ლევან ყიფიანი, ისნის რაიონი - აკაკი ხლაბუსტოვი, კრწანისის - ლაშა ცაგურია, მთაწმინდის - დავით კირკიტაძე, ნაძალადევის - ირაკლი ანდღულაძე, საბურთალოს - გაიოზ ვასაძე, სამგორის რაიონი - კახა სამხარაძე.

общество
საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მისაღებად ახალი რეგულაციები შემოდის - წესდება ენობრივი ბარიერი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს“.

კერძოდ, მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას.

ასევე, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში უცხოელების მიერ სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

„საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მორიგი მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პაკეტი შსს-მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით მოამზადა და დაჩქარებული წესით პარლამენტს გადაეცა განსახილველად.

ცვლილებები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას და ძირითადად გაანალიზებულია პრაქტიკული გამოწვევები, რაც მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულებით არსებობდა. ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებს. აღნიშნული ბინადრობები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად გამოიყენებოდა. ჩვენ არაერთი შემთხვევა გამოვავლინეთ, როდესაც სასწავლო ბინადრობის მქონე პირები არადანიშნულებისამებრ იყენებდნენ აღნიშნულ უფლებას. შესაბამისად, წესდება კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციები. კერძოდ, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

გარდა ამისა, წესდება კონკრეტული აკრძალვა იმ უცხოელი ახალგაზრდებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს სასწავლო ბინადრობას.

საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ეს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. სპეციალური კომისია შეისწავლის თითოეულ ასეთ შემთხვევას და თუკი გაჩნდება ეჭვი, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, სისხლის სამართლის წესით მოხდება დანაშაულის ჩამდენი პირების წინააღმდეგ სანქციის გატარება.

მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესები, კერძოდ: პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება გამოიყენებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად და ამ ქმედების პრევენციის მიზნით, მარტივდება, როგორც გასაჩივრების ვადები და წარმოების პროცესი, ასევე მთლიანად იცვლება საკანონმდებლო ჩარჩო ამ კუთხით. იზრდება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები და მას დაემატება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაციის თითოეული შემთხვევა, ოპერატიულად, სამძებრო სამუშაოების შედეგად იქნეს გამოვლენილი", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати