აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე აცხადებს, რომ სახლის ჩამონგრევისას დაშავებული და საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„უმძიმესი სიტუაციაა ადგილზე, გრძელდება სამაშველო ოპერაცია და ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ ცოცხალი იქნება ვინმე. ვერსია არის სარდაფში მიმდინარე სამუშაოები, რომელიც წესების დარღვევით მიმდინარეობდა, მაგრამ უმჯობესია, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. 2 დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთის მდგომარეობა ნაკლებად მძიმეა, მეორის კი უფრო მძიმე, მაგრამ არსებული ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებს ტიტე აროშიძე.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.
სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 5 გარდაცვლილია. კიდევ 2 ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.