USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია, თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ
Date:  349

საქართველოში, მთლიანობაში, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად, - ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს.

„დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს პატარა, მაგრამ ღია ბაზარი აქვს, რომელიც სარგებელს ნახულობს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტირებიდან. 1991 წლიდან განხორციელებული კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების შედეგად ქვეყანაში შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა ჩამოყალიბდა. 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და დადგინდა ცხრა ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას გაწევრიანების პროცესის გასაგრძელებლად, დეოლიგარქიზაციის და ანტიკორუფციული ძალისხმევის კუთხით წინსვლის ჩათვლით. საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა გამოიწვევს სტრუქტურული რეფორმების გატარებას ბევრ სფეროში, ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების, კონკურენციის კანონის, სახელმწიფო შესყიდვების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებისა და სანიტარიული და ფიტოსანიტარული ღონისძიებების ჩათვლით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატის პირობებში, საქართველო გამჭვირვალობის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური თავისუფლების კუთხით საერთაშორისო რეიტინგებში რეგულარულად იკავებს მაღალ ადგილს.

„2005 წლიდან 2023 წლამდე [ეკონომიკური ზრდის] საშუალო ზრდის ტემპი ხუთ პროცენტზე მეტი იყო. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია მცირე დეფიციტზე, ინფლაციის დაბალ დონესა და რეალურ მცურავ გაცვლით კურსზე. კოვიდ პანდემიისა და რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრისგან გამოწვეული ორმაგი შოკის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკაში კარგი შედეგები გრძელდებოდა. კოვიდ 19-ის პანდემიისგან გაჯანსაღების შემდეგ საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა 10.4 პროცენტიანი ზრდით და 2022 წელს გაგრძელდა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგების მიღება 10,2 პროცენტიანი ზრდით ტურიზმიდან შემოსავლების, ომთან დაკავშირებული იმიგრაციისა და ფინანსური ნაკადების ზრდის და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის ზრდის შედეგად. 2023 წელს ეკონომიკა გაიზარდა 7.5 პროცენტით და ინფლაცია დაეცა 0.4-მდე, რაც აღინიშნა უფრო ტრადიციული ეკონომიკური მამოძრავებლების დაბრუნებით: ტურიზმი, ექსპორტის ზრდა და უცხოური კაპიტალის ძლიერი შემოდინება. სამ წლიანი მდგრადი ზრდის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ საქართველოს მშპ გააგრძელებს ამ ტრაექტორიას და 2024 წელს 5-7 პროცენტით გაიზრდება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება.

„ზოგადად, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად, ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება. ზოგიერთი კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურობას, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობას, პოლიტიკურ ჩარევას, შერჩევით აღსრულებასა და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაჭრის სირთულეებს უჩივიან“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ საკითხების მოგვარებაზე მუშაობას და, არსებული სირთულეების მიუხედავად, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველოს მაღალი ადგილი უკავია რეგიონის მასშტაბით.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 1994 წელს აშშ-მ და საქართველომ ხელი მოაწერეს ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებას და პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის პროგრამის ფარგლებში საქართველოს შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალი პროდუქციის საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებული რეჟიმით ექსპორტი განაორციელოს.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი არასტაბილურობა განიცადა უშუალოდ პოსტ-საბჭოთა პერიოდში. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი სამოქალაქო ომი და სეპარატისტული კონფლიქტები გაჩაღდა რუსეთის საზღვრის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში.

"2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში დაძაბულმა ვითარებამ კულმინაციას მიაღწია რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე ომით. რუსეთი შეიჭრა საქართველოში და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს ოკუპაცია მოახდინა. რუსეთი განაგრძობს საქართველოს აღნიშნული რეგიონების ოკუპაციას და ცენტრალური მთავრობა თბილისში ვერ ახორციელებს ამ ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ სცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ადმინისტრაციული სასაზღვრო გამყოფი ხაზების სიახლოვეს კვლავ დაძაბული ვითარებაა, მაგრამ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისზე ეს უშუალო ზემოქმედებას ვერ ახდენს", - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ტრანზიტი და ლოჯისტიკა არის პრიორიტეტული სექტორები, რადგან საქართველო ცდილობს სარგებელი მიიღოს 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შემდგომი შეჭრის შემდეგ შუა დერეფნის გასწვრივ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გაზრდილი ვაჭრობის შედეგად.

"ცენტრალური აზიის ბაზრის გაფართოებამ ასევე განაპირობა ტვირთების გადაზიდვის ბოლოდროინდელი ზრდა შუა დერეფნის გავლით, რომელიც ევროპას ცენტრალური აზიის ბაზრებთან აკავშირებს და შეიძლება იყოს საქართველოს გრძელვადიანი ზრდის წყარო, განსაკუთრებით სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ინვესტიციებით და რეგიონული თანამშრომლობით. 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის, შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომლის თავდაპირველი ტენდერი მთავრობამ 2020 წელს გააუქმა. 2024 წლის მარტში მთავრობამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მშენებლობისთვის. 2024 წლის აპრილში მთავრობამ გამოაცხადა ახალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აშენების გეგმები", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way