USD 2.6625
EUR 3.0683
RUB 3.6325
Тбилиси
სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 4 მლნ-მდე ლარის ზიანის მიყენებისთვის რვა პირია დაკავებული, რომელთაც სვანეთიდან 102 მილიონი ლარის ღირებულების ხის მასალის რეალიზაცია განახორციელეს
дата:  415

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 4 მლნ-მდე ლარის ზიანის მიყენებისთვის რვა პირი დააკავა, რომელთაც უწყების ინფორმაციით, 2021–2024 წლებში სვანეთიდან სხვადასხვა რეგიონში 102 მილიონი ლარის ღირებულების ხის მასალის რეალიზაცია განახორციელეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოტყუებით 3 926 261 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, რვა პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებში დააფუძნეს ათეულობით კომპანია, მათ შორის: შპს „ნამორა 2021“, შპს „თბილი კერა“, შპს „ოლიმპუს 1988“, შპს „რამინა 22“, შპს „ნამორა“, შპს „კუბიკი“, შპს „რანდა 2023“, შპს „ზაზა 2022“ და შპს „ევი 2022“.

ასევე დგინდება, რომ დასახელებული კომპანიების მეშვეობით, 2021–2024 წლებში, სვანეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა 102 მილიონი ლარის ღირებულების, დაახლოებით 130 000 კუბური მეტრი ხის მასალის ტრანსპორტირება და შემგომ რეალიზაცია.

ხის მასალის რეალიზაციისას, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დღგ-ს დეკლარაციებში ყალბი მონაცემების მითითებით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით — 3 926 261 ლარის ზიანი მიაყენეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205¹ მუხლის მე-3 ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით. ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, ხოლო გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული გაიზარდოს ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

общество
საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მისაღებად ახალი რეგულაციები შემოდის - წესდება ენობრივი ბარიერი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს“.

კერძოდ, მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას.

ასევე, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში უცხოელების მიერ სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

„საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მორიგი მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პაკეტი შსს-მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით მოამზადა და დაჩქარებული წესით პარლამენტს გადაეცა განსახილველად.

ცვლილებები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას და ძირითადად გაანალიზებულია პრაქტიკული გამოწვევები, რაც მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულებით არსებობდა. ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებს. აღნიშნული ბინადრობები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად გამოიყენებოდა. ჩვენ არაერთი შემთხვევა გამოვავლინეთ, როდესაც სასწავლო ბინადრობის მქონე პირები არადანიშნულებისამებრ იყენებდნენ აღნიშნულ უფლებას. შესაბამისად, წესდება კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციები. კერძოდ, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

გარდა ამისა, წესდება კონკრეტული აკრძალვა იმ უცხოელი ახალგაზრდებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს სასწავლო ბინადრობას.

საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ეს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. სპეციალური კომისია შეისწავლის თითოეულ ასეთ შემთხვევას და თუკი გაჩნდება ეჭვი, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, სისხლის სამართლის წესით მოხდება დანაშაულის ჩამდენი პირების წინააღმდეგ სანქციის გატარება.

მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესები, კერძოდ: პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება გამოიყენებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად და ამ ქმედების პრევენციის მიზნით, მარტივდება, როგორც გასაჩივრების ვადები და წარმოების პროცესი, ასევე მთლიანად იცვლება საკანონმდებლო ჩარჩო ამ კუთხით. იზრდება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები და მას დაემატება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაციის თითოეული შემთხვევა, ოპერატიულად, სამძებრო სამუშაოების შედეგად იქნეს გამოვლენილი", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати