USD 2.7136
EUR 3.0211
RUB 2.9547
თბილისი
საინფორმაციო პანდემიის კვალდაკვალ
თარიღი:  854

მას შემდეგ, რაც კორონა ვირუსის პანდემია დაიწყო , მისი წარმოშობის შესახებ არა ერთი კონსპირაციული თეორია გავრცელდა. 

ერთ-ერთი მათგანი ამტკიცებდა, რომ ვირუსი ჩინეთში, ვუჰანის ლაბორატორიაში სპეციალურად შეიქმნა, როგორც მასობრივი განადგურების ბიოლოგიური  იარაღი.  თეორიას  საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებები ოფიციალურმა პირებმაც გააკეთეს, ტვიტერზე კი უამრავი პოსტი შეგიძლიათ მოიძიოთ #BIOLOGICALWEAPON ჰეშთეგით.

ცოტა ხანში ჩინეთმა ბრალდებებს ასევე კონსპირაციული თეორიების გავრცელებით უპასუხა და გამოთქვა ეჭვი, რომ ვირუსი სინამდვილეში ვაშინგტონის დაკვეთით შეიქმნა.

იმ მოსაზრებას, რომ ვირუსი ხელოვნურად იყო შექმნილი, არაერთი საინფორმაციო არხი თუ კონსპირაციული ჯგუფი ავრცელებდა. სოციალურ არხებზე შეგხვდებათ უამრავი ვიდეო, სადაც აუდიტორიას არწმუნებენ, რომ ვირუსი არ არსებობს და ეს პანიკა ხელოვნურადაა შექმნილი. აღნიშნულ თეორიას აქტიურად უკეთებდნენ ტირაჟირებას რუსული არხები, მათ შორის სახელმწიფო ტელევიზიები. 

დღეს შევეცდებით  შეძლებისდაგვარად ქრონოლოგიურად და ლოგიკურად მივყვეთ მოვლენებს და აღნიშნულ კონსპირაციულ თეორიებს ახლოს გავეცნოთ.

 

ჟაო ლიჟიანმა - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სრულებით დაუსაბუთებლად და არგუმენტების გარეშე გააჟღერა აზრი, რომ ვირუსი ამერიკელების შექმნილია. მან ამის შესახებ პირად ტვიტერზე 12 მარტს დაპოსტა.  მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ: „ეს არის უმნიშვნელოვანესი პოსტი, გთხოვთ გაეცანით და მაქსიმალურად გაავრცელეთ. გვაქვს მტკიცებულება, რომ კოვიდ-19  ამერიკის ხელისუფლების დაკვეთითაა შექმნილი და ჩინეთში ამერიკელმა სამხედროებმა გადმოიტანეს“. 13 მარტს მან ასევე საკუთარ ტვიტერზე გაავრცელა სტატია სათაურით: „ დამატებითი მტკიცებულებები კოვიდ-19-ის ამერიკული წარმომავლობის შესახებ“. 1 დღის შემდეგ სტატია უკვე წაშლილი იყო და აღარ იძებნებოდა. თუმცა ტალღა უკვე დაძრული იყო და ჩინეთის მთავარ გაზეთებში მომდევნო დღეებში მსგავსი პათოსის არა ერთი სტატია დაიწერა. სტატიებს ჩინეთის მოსახლეობის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე სოციალურ ქსელებში შეგვიძლია ვნახოთ ჩინელი მოქალაქეების ჩანაწერები იმის შესახებ, რომ ვირუსის წარმოშობის ვუჰანის ცხოველების ბაზართან დაკავშირება  ჩინეთის  მსოფლიო საზოგადოებისგან გარიყვას ისახავდა მიზნად.

რა თქმა უნდა, ამ ვარაუდს უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, ისინი ჟაო ლიჟიანს მტკიცებულებებს ან ბრალდების უარყოფას თხოვდნენ. BBC-ის კორესპონდენტის კერი ალენის თქმით კი ბატონი ჟაო აქამდე სოციალურ ქსელებში სრულებით პასიური პერსონა გახლდათ და სწორედ ეს იყო მისი პირველი პირადად გამოქვეყნებული პოსტი.

სამაგიეროდ ჟაო ლიჟიანს სრულებით ეთანხმება ეროვნებით ამერიკელი ლარი რომანოვი  -  შანხაის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი. მას არგუმენტებად იაპონელი და ტაივანელი მეცნიერების ნაშრომი მოჰყავს. ნაშრომში მიკრობიოლოგიურ დონეზეა განხილული, თუ რატომ ფიქრობენ ისინი, რომ ვირუსი ამერიკული წარმოშობისაა.  ხოლო რაც შეეხება  ამერიკელი სამხედროების მიერ ვირუსის გადმოტანას, რომანოვს აქაც აქვს არგუმენტი. მისი თქმით მერილენდის სამხედრო ლაბორატორია და ბაზები 1 წლით სრულიად უსაფუვლოდ იყო დაკეტილი,  რაც აფიქრებინებს, რომ ვირუსის დაბადების ადგილი სწორედ მერილენდია.

რომანოვის საწინააღმდეგოდ მალევე გამოჩნდა განცხადებები, ნიუ იორკ თაიმსმა დაწერა, რომ ნაშრომი მიკერძოებული ადამიანების დაწერილია, ხოლო მერილენდის სამხედრო ლაბორატორია და ბაზები სინამდვილეში დაკეტილი კი არა, კარგად დაცული იყო, რადგან იქ კვლევები ტარდებოდა, რასაც არანაირი კავშირი არ ჰქონია კორონა ვირუსთან. თავად რომანოვის შესახებ კი ნიუ-იორკ თაიმსი გვატყობინებს, რომ იგი მიკერძოებული პირია და მის განცხადებებში დიდი ხანია რაც ამერიკა კრიტიკულ, ხოლო ჩინეთი დადებით კონტექსტშია მოხსენიებული.

ვირუსის წარმოშობაში ვაშინგტონის დადანაშაულებამ, ცხადია, ამერიკის მთავრობის ყურადღებაც მიიპყრო. დონალდ ტრამპმა კორონავირუსი ჩინურ ვირუსად მოიხსენია, ხოლო თეთრი სახლის მდივანმა მაიკ პომპეომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ჩინეთს მოუწოდა თავი შეეკავებინათ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.  თავად ტრამპი „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასაც“ გადაწვდა და, არც მეტი, არც ნაკლები,  ჩინოცენტრული უწოდა. განცხადებას ორგანიზაციის პრეზიდენტი ტედროს ადჰანომ გებრეისუსი გამოეხმაურა. „ახლა ამის დროს არ არის, ურთიერთშეთანხმებულად უნდა ვიმოქმედოთ“ - თქვა მან.

ტრამპთან შედარებით ნაკლები სიხისტე გამოიჩინეს რესპუბლიკელებმა და განაცხადეს, რომ, თუ ვირუსი ჩინური წარმოშობისაა, მან სავარაუდოდ  ვუჰანის ლაბორატორიიდან შემთხვევით გაჟონა.

ამ განცხადებების პარალელურად მედიაში ჩინელი მკვლევარების ბოტაო და ლეი ჩაოების კვლევაც გამოჩნდა, რომელიც ასევე იუწყებოდა, რომ ვირუსის წარმოშობის ადგილი ნამდვილად ვუჰანის ლაბორატორია იყო.  ცხადია, კვლევის ავტორები მალევე აღმოჩნდნენ ყურადღების და წნეხის ქვეშ და ბოტაო ჩაოს უოლ სტრიტ ჟურნალთან ინტერვიუს დროს წამოსცდა, რომ კვლევა უტყუარი არგუმენტების მიხედვით არ იყო შექმნილი და ვარაუდის დონეზე შეგვიძლია განვიხილოთ.

ჩაოს განცხადების შემდეგ რამოდენიმე დღეში ვაშინგტონ პოსტმა შეგვატყობინა, რომ 2018 წელს ვუჰანის ლაბორატორიაში ამერიკის საელჩოს მიერ წარგზავნილი ორი ვირუსოლოგი იმყოფებოდა. მათი ჩანაწერებიდან კი ირკვევა, რომ ისინი ჯერ კიდევ 2 წლის წინ იუწყებოდნენ  ვუჰანის ლაბორატორიის არასაიმედოობის შესახებ. მათი თქმით ღამურებზე ძალიან სარისკო კვლევები ტარდებოდა.

დღეს მსოფლიოში კორონა ვირუსთან ომის გარდა საინფორმაციო ომიცაა გაჩაღებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მხარის პერსპექტივიდან დავინახოთ მომხდარი და დასკვნები თავად გამოვიტანოთ.

მომზადებულია BBC-ის მასალებზე დაყრდნობით.

უცნობი ნაცნობი
მიხეილ რამიშვილი: მამას სიმღერები აკრძალული იყო, მახსოვს, როგორ ჩამოხსნეს მისი კონცერტის აფიშები

ადვოკატ  მიხეილ რამიშვილს საზოგადოება გახმაურებული საქმეებით იცნობს,  რომელთა  შორის განსაკუთრებით რეზონანსული სანდრო გირგვლიანის, თამარ ბაჩალეიშვილის და ე.წ, ცინიდის საქმეები იყო. ყველა ამ საქმემი მიხეილ რამიშვილი, როგორც ადვოკატი, დაზარალებულთა ინტერესებს იცავდა, თუმცა მის მიერ გაკეთებული თამამი სამოქალაქო განცხადებებით, მისი გზა  ადვოკატობიდან პოლიტიკამდე მივიდა. ახლახან ის პოლიტიკური პარტიის „ჩვენ“ წევრი გახდა და  საკუთარ ძალებს უკვე  პოლიტიკურ ასპარეზზე მოსინჯავს.  

მიხეილ რამიშვილი ცნობილი ქართველი მომღერლის ოთარ რამიშვილის შვილია. მუსიკა მის ცხოვრებაშიც მთავარი ისტორია  იყო, თუმცა ადვოკატის საქმემ, რომელიც 25 წლის ასაკში დაიწყო, პროფესიულ მუსიკას მაინც ჩამოაშორა. დღეს   რამიშვილების დინასტიას აგრძელებს მიხეილ რამიშვილის შვილი ლიზა რამიშვილი, რომელიც ძალიან ცნობილი ჩელისტია და წარმატებული მუსიკალური კარიერა აქვს.  

საყვარელი საქმის, მუსიკის და ოჯახური ისტორიებით მიხეილ რამიშვილი  „თბილისი პოსტის“ სტუმარია.    

მიხეილ რამიშვილი: გარემო, რომელშიც გავიზარდე, იყო ძალიან ტრადიციული. ეს ტრადიციები  მოგვყვებოდა ჩემი ბებია -ბაბუადან,  რომელთაც გამორჩეული ოჯახი ჰქონდათ. ბაბუა მიხეილ რამიშვილი იყო კარგი პოეტი, ბებია იყო მარი მაისურაძე. დიდი ბებია მაშო მაყაშვილი და ქაქუცა ჩოლოყაშვილი ალალი ბიძაშვილ-მამიდაშვილი იყვნენ. ბებია ულამაზესი ქალი იყო, ძალიან დახვეწილი, ჩვენს ოჯახში იმ პერიოდიდან არსებობდა სიმღერა, პოეზია. ბაბუა კომუნისტებმა 17 წლის ასაკში გადაასახლეს, მან გადასახლებაში შეისწავლა ვოკალი, როცა თბილისში დაბრუნდა, ისეთი მონაცემები ჰქონდა ოპერის მომღერლობა შესთავაზეს, თუმცა ბაბუა ამაზე არ დათანხმდათ. ის წლები იყო მთავარი ბანკის რევიზორი.  კავსაძეზე, სახლში  სადაც დაიბადნენ მამა და მამიდა, ყოველდღე იმართებოდა პოეზიის, მუსიკის საღამოები.  მათთან იკრიბებოდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებიც ქალაქში ურთიერთობების, გემოვნების, ქცევის წესებს ამკვიდრებდნენ.   ეს ყველაფერი ძალიან აისახა მამაჩემზე და მამიდაჩემზე. მამა ძალიან ცელქი ყოფილა, პატარა იყო,  დაავლებდა თურმე ხელს მამამისის გიტარას და ვაკის ქუჩებში, ეზოდან ეზოში გიტარით დადიოდა, მთელი უბანი მას ეძებდა თურმე.  როდესაც  სამამულო ომი  დაიწყო,  ძმებმა მამაჩემი  და ბაბუას ერთ-ერთი ძმისშვილი გურიაში გაუშვეს, თითო -თითო შვილი კი  აქ, თბილისში დაიტოვეს. მამა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემო ფარცხმაში იზრდებოდა. იქ დაწერა თავისი პირველი სიმღერა“ მითხარ რად ხარ მოწყენილი“, სიმღერა მიუძღვნა გოგოს, რომელიც იქ ძალიან შეჰყვარებია. ომის დასრულების შემდეგ  ბიჭები დაბრუნდნენ თბილისში, მამამ, ცელქი ხასიათის გამო გურიიდან წამოიღო მეტსახელი „კვაჭიჭო“ ასე დააარქვა ბიოლოგიის მასწავლებელმა, რომელიც თურმე ვერ აჩერებდა გაკვეთილებზე (იცინის)

- რა გავლენა მოახდინა მამამ თქვენს ცხოვრებაზე და რა განსაზღვრა იმან, რომ პოპულარული მომღერლის შვილი იყავით?

- ყველაზე მძაფრად რაც მახსოვს ადრეული ბავშვობიდან, არის სტუმრები ჩვენს ოჯახში. დღე-ღამის რა დროც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენთან სულ იყო სტუმარი, სიმღერა, ქეიფი. მამასთან  მოდიოდნენ საოცარი ადამიანები. მათგან ვსწავლობდი, როგორ უნდა გყვარებოდა ქვეყანა, როგორ  უნდა მოქცეულიყავი ქალთან, როგორი უნდა ყოფილიყავი მტერთან, როგორ უნდა გეცხოვრა თბილისში, როგორი უნდა ყოფილიყავი  რაიონში, თუ სტუმრად ჩახვიდოდი, როგორ უნდა გამოგეხატა პატივისცემა ადამიანების მიმართ. ეს იყო  ნამდვილი აკადემია, შესაძლებლობა  - მესწავლა  ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ მამა აკრძალული იყო ანტისაბჭოური  სიმღერების გამო, ჩვენთან  სახლში  იკრიბებოდნენ სხვადასხვა რანგის ადამიანები, ცეკას მდივნები, კანონიერი ქურდები, მეცნიერები, ხელოვანები, ზოგი არც იცნობდნენ ერთმანეთს,   ყველას ერთმანეთი პროფესორი ეგონათ (იცინის) კაგებეს ერთ-ერთი პოლკოვნიკი მოგვიანებით თავის მოგონებებში წერდა, რომ უშიშროების თანამშრომელს ინაურისთვის შეუტანია მამას სიმღერების კასეტა, რომელიც  არალეგალურად ვრცელდებოდა. უკითხავს ინაურისთვის, რა მოვუხერხოთ ამ კაცსო. ინაურს მოუსმენია კასეტა, მერე მაგიდის უჯრაში ჩაუდია და უთქვამს: რას ერჩით ამ კაცს, დაანებეთ თავიო. მამას სიმღერები დიდხანს იყო აკრძალული. პირველად კონცერტზე იმღერა 1982 წელს, როდესაც გიზო ნიშნიანიძის საღამო  „პაემანი ვერაზე“  გაიმართა, რაზედაც ძალიან იბრძოლეს თავად გიზო ნიშნიანიძემ და დორიან კიტიამ. კომუნისტების ლიდერები, თურმე თავს იკლავდნენ, ოთარის ასე საჯაროდ სცენაზე გამოყვანა  არ შეიძლებაო. მაგრამ მათ მაინც თავისი გაიტანეს.  მამას მაინც იცნობდა მთელი ქვეყანა. მამიდაჩემი მღეროდა ტრიოში, სადაც მათ გიტარით აკომპანიმენტს მამა უწევდათ, დადიოდნენ გასტროლებზე საბჭოთა კავშირის მასშტაბით.  1985 წელს დაგეგმილი იყო მამას სოლო კონცერტი, მაგრამ არც ეს კონცერტი არ შედგა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ჩამოხსნეს მამას კონცერტის  აფიშები.   

იმ დროს მე და ჩემი ორივე  ძმა პატარები ვიყავით, მაგრამ მაინც  ვგრძნობდით, რომ მამა განსხვავებული იყო, ხანდახან საუბრებსაც მოვკრავდით ხოლმე ყურს. მამას ცხოვრების გამო ყველასთვის მისაღებები არ ვიყავით, მაგრამ ეს არ იყო ჩვენთვის პრობლემა. ჩვენ ვაკეში გავიზარდეთ, სადაც მძიმე 90 იან წლებშიც კი, რომელიც გავიარეთ, სრულიად სხვა წესები იყო. ერთმანეთზე მტრად გადაკიდებული ადამიანებიც კი მარტივ წესებს იცადნენ, არ გაუსწორდებოდნენ დაპირისპირებულ ადამიანს, თუ ის ქალთან,  ბავშვთან, ოჯახთან  ერთად იყო. ეს არაა ლეგენდა. ეს იყო ცხოვრების წესი, რომელსაც ქმნიდნენ ქართლოს კასრაძე, ნიაზ დიასამიძე, სხვები და სხვები. მამაც დიდი დამცველი იყო ამ წესების, რომელიც მაშინ ახასიათებდა თბილისს, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს აღარ არსებობს. მაშინ არ არსებობდა ჭორაობა, არ უნდა დაგეჩაგრა ადამიანი, არ უნდა გაგეყიდა მეგობარი. ადამიანებს არ ჰქონდათ დაუსჯელობის სინდრომი, ყველამ იცოდა, რომ თუ არასწორად მოიქცეოდა და რამეს დააშავებდა,  ჯერ ერთი მარტო რჩებოდა და მეორეც, აუცილებლად მიიღებდა  პასუხს  ადამიანებისგან, რომელთაც სიტყვაც ეთქმოდათ და ავტორიტეტი ჰქონდათ. ყველამ იცოდა, რომ თავისი ქცევით იყო პასუხისმგებელი  თავის  ღირსებაზე და  მომავალზე.  

ოთარი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, მოდიოდნენ  ბავშვები ჩვენთან  მამებთან ერთად, თუმცა შემდეგ გაირკვეოდა ხოლმე  რომ ეს „ყურადღებიანი“  მამები ჩვენს სახლში მამაჩემის ცხოვრების შესასწავლად დადიოდნენ კაგებეს დავალებით, ზოგი თვითონაც კაგებეს თანამშრომელი იყო. მიდიოდა შესწავლა, თუ როგორ ვცხოვრობდით, როგორები ვიყავით, რაზე ველაპარაკებოდით ბავშვებს. წლები რომ გადიოდა ალალად გვიყვებოდნენ  რაც ხდებოდა. მამას ეს წინააღმდეგობები ვერ აჩერებდა. ვერ იტანდა უსამართლობას და სასტიკად ებრძოდა, უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის დასაცავად ცხრა მთას გადაივლიდა, ყველაფერს გააკეთებდა, ყველას შეაწუხებდა და მაინც დაეხმარებოდა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ უსამართლობასთან შეუგუებლობა და ბრძოლა მამაჩემისგან გადმომეცა „მემკვიდრეობით“  

228083213_4639187999447956_8272943878168240914_n

- როდესაც პროფესიული არჩევანი იურისტის პროფესიაზე გააკეთეთ, მამას როგორი რეაქცია ჰქონდა?   

- მე თავიდან  ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი. ეს რა თქმა უნდა მამის გავლენაც იყო. ვიცოდი, რომ უნდა ვყოფილიყავი მუსიკოსი და შინაგანად დღესაც მუსიკოსი ვარ. ვწერ სიმღერებს, ლექსებსაც. 5 წლის ვიყავი, როდესაც უკვე გიტარაზე ვუკრავდი,  ფილარმონიაში გამიყვანეს კონცერტზე, რომელშიც მონაწილეობდნენ გიტარისტები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებიდან.  შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში, საკმაოდ კარგი პოტენციალი მქონდა, ალტისტი ვიყავი. 90 იან წლებში კონსერვატორიაში  გამოცდაზე ჩელოს ფუტლიარით რომ მივდიოდი, პოლიცია  მაჩერებდა და იწყებდა გამოკითხვას, რა მედო ჩელოს ფუტლიარში. ვეუბნებოდი, კაცო ალტი დევს, გამოცდაზე მივდივარ, რა ალტი,  სად შენ და სად  კონსერვატორია, ავტომატი ხომ არ გიდევსო, არ მანებებდნენ თავს (იცინის)   ცუდი დრო იყო. პირადად მეც მეგობრებთან მიმართებაში ბევრ უსამართლობას წავაწყდი, იყო უკანონო დაკავებები და ადამიანის უფლებების  დარღვევები.  იმის მიუხედავად, რომ სულ ვმალავდი ჩემს სახელ-გვარს და არ მინდოდა, რომ მამაჩემის სახელით მესარგებლა,  ხან რას ვიგონებდი, ხან -რას, რომ ჩემი  ვინაობა არ გამემჟრავნებინა, დადგა დრო, რომ უნდა მეთქვა ვინ ვიყავი. ვიფიქრე, რომ  უსამართლობასთან ბრძოლა უფრო კარგად შემეძლო, თუ გავხდებოდი იურისტი. ჩავაბარე უნივერსიტეტში, იურდიულზე. იქამდე  ვუკრავდი ვასო გოძიაშვილის  სახელობის გალა - ორკესტრში, ტელევიზიის ორკესტრში, კვარტეტში, მაგრამ დავანებე ყველაფერს თავი და გავხდი იურისტი. მამა მიხვდა, რატომ მივიღე ასეთი  გადაწყვეტილება და  რატომ გავაკეთე ეს არჩევანი. 2000 წლიდან დავიწყე მუშაობა ადვოკატად. მამას მოწონდა ჩემი საქმიანობა, ხშირად მეუბნებოდა ხოლმე ხუმრობით, დათესე თხილი ამოვა თხილი, რაც მამა არის, ის არის შვილიო, თუმცა მამაჩემი ბევრად მაგარი კაცი იყო, მე მისნაირი ვერასდროს ვერ ვიქნები (იცინის)

-კარიერის განმავლობაში რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე მოგიწიათ მუშაობა, პროფესიულად რას ნიშნავდა თქვენთვის სანდრო გირგვლიანის და თამარ ბაჩალეიშვილის საქმეებზე, ასევე ე.წ. ციანიდის საქმეზე მუშაობა? 

- ყველა ეს საქმე იყო უმძიმესი,  როგორც პირადად  ჩემთვის, ასევე - საზოგადოებისთვის. პირველი იყო, სანდრო გირგვლიანის საქმე,  მე პირველი ადვოკატი ვიყავი, ვინც ამ საქმეზე მუშაობა დაიწყო, ვიცავდი ირინა ენუქიძის ინტერესებს. როდესაც სტრასბურგიდან ჩამოვიდა გადაწყვეტილება, რომელმაც მთელი სისტემა ამხილა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის ჩაფარცხვაში, ეს აღმოჩნდა წინა ხელისუფლების დასასრული. ამ საქმის გამო აღმოვჩნდი დაპირისპირებული ხელისუფლებასთან, რომელმაც 2011 წელს დამაკავა, პროვოკაცია მომიწყვეს და გამიშვეს ციხეში. მამაჩემი ისე გარდაიცვალა და ისე  დაკრძალეს, პანაშვიდზეც კი არ გამომიყვანეს, რომ  მამას დავმშვიდობებოდი. დიდი ბრძოლის შემდეგ გამოვედი ციხიდან. მოვიდა ახალი ხელისუფლება, მერე იყო ციანიდის საქმე, რომლის გამოც  დავუპირისპირდი სუსს, გოგაშვილს. მთელი სისტემა იყო ჩართული ამ საქმეში, მათ შორის საპატრიარქო. დეკანოზს უსამართლოდ მიუსაჯეს  ცხრა წელი და დააინვალიდეს. ამის შემდეგ იყო თამარ ბაჩალეიშვილის ამბავი, ყოველთვის ვამბობ,  რომ  ის მოკლეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ  საქმე  არ გახსნილიყო. სტატისტიკურად იმხელა რესურსი ჩადეს ამ საქმის არგახსნაში, რომ არც ერთ საქმეში არ ყოფილა ჩადებული ამხელა რესურსი, რაც კი საქართველოში საგამოძიებო სისტემა არსებობს. ერთხელ ვუთხარი ირაკლი შოთაძეს, მე არ გელაპარაკებით როგორც ადვოკატი, გელაპარაკებით, როგორც მამობილი, რომელსაც შვილობილი მოუკალით-მეთქი. მართლაც ამ საქმის მიმართ განსაკუთრებული ემოციები მქონდა. მე არ ვიცნობდი ამ ოჯახს, როგორც კი მშობლებმა  მოაწყვეს აქცია, სადაც განაცხადეს, რომ  დაკარგულ შვილს ეძებდნენ, წავედი  აქციაზე, როგორც 27 წლის გოგოს და 18 წლის ბიჭის მშობელი. ბაჩალეიშვილებმა მთხოვეს დახმარება, როგორც კი მოხდა ამ საქმეში ჩემი ჩართვა, მეორე დღესვე  მიიყვანეს მანქანა იმ ადგილზე. თამარ ბაჩალეიშვილის საქმე იმდენად რეზონანსული გახდა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩემი დისკრედიტაცია მომხდარიყო. თვალთვალს და მიყურადებას მარტო ჩემზე კი არა, ჩემი ოჯახის წევრებზე, მეუღლეზე, შვილებზე, ძმებზეც კი  ახორციელებდნენ. ერთხელ ჩემმა შვილმა, ლიზიკომ მითხრა: მამა თეთრი „შკოდა“ მომაშორე, 5 დღეა დამდევსო, თუმცა არც ერთ ჩემი ოჯახის წევრს  თვალთვალის არ შეშინებია, ერთი საყვედური არ უთქვამთ ჩემთვის, პირიქით, ლიზა სულ მეუბნებოდა, მიდი მამა მიაწექიო (იცინის) საბოლოდ ისე გამოვიდა, არც ერთი ხელისუფლებისთვის არ აღმოვჩნდი  მისაღები ჩემი პოზიციის გამო.   

435211472_7782050445140472_7456057324438343252_n

- ცოტა ხნის წინ პოლიტიკური პარტიის წევრი გახდით. საბოლოოდ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ჩართვა? როგორც მახსოვს, წლების წინ   თბილისის მერის არჩევნებშიც აპირებდით კენჭისყრას.

- 2017 წელს, როდესაც თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდა, მე შევხვდი შალვა ნათელაშვილს, სადაც  ოპოზიციური სპექტრიც იყო შეკრებილი. მითხრეს, რომ თუ  ჩემი სურვილიც იქნებოდა, ოპოზიცია  წამოაყენებდა ჩემს  კანდიდატურას და მე  მექნებოდა მათი მხარდაჭერა თბილისის მერის არჩევნებში. მაშინ „ციანიდის საქმეში“ ისე  ვიყავი ჩართული, საქმეს ვერ მივატოვებდი და უარი ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი ქართული პოლიტიკის კულისები. სულ ვამბობ,  რა ღირსებითაც ვცხოვრობ საჯარო სივრცეში, იგივენაირად ვიცხოვრებდი, პოლიტიკაში რომ ვიყო. ვერაფერი შემიცვლიდა ღირებულებებს. არის წესები, რომელსაც მე არ ვემორჩილები. რომ ამბობენ, პოლიტიკა ბინძურიაო, სიბინძურე ყველგან შეიძლება იყოს, მათ შორის პოლიტიკაშიც, მაგრამ პოლიტიკაც შეიძლება აკეთო სიბინძურის გარეშე. გააჩნია, შენ როგორ უდგები შენს  ცხოვრებას და შენს საქმეს. მამაჩემს ჰქონდა ერთი კარგი ნათქვამი, სანამ ქართველები მარტო საკუთარ თავზე ფიქრს და ზრუნვას  და თხასავით „ მეე მეეს“ ძახილს არ გადავეჩვევით, მანამდე  ჩვენი საშველი არ იქნებაო. მართლაც ასეა.

პარტიაში „ჩვენ“ რომლის წევრიც ცოტა ხნის წინ გავხდი პატიოსანი, წესიერი, ქვეყნის მოყვარული  ადამიანები შედიან. მრავალი  წელია,  დავით ქაცარავა დიდ საქვეყნო საქმეს აკეთებს  საოკუპაციო ხაზთან. ამისი არდანახვა  შეუძლებელია.  მინდა ჩემი მსოფლმხედველობა, გამოცდილება გამოვიყენო  ჩემი ქვეყანის სასიკეთოდ. ძალიან მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყო  ძლიერი, მდიდარი, სამართლიანი,  ვხედავდე  ისეთ საქართველოს,  როგორიც იყო  წარსულში, როცა ადამიანებს ჰქონდათ ბედნიერი, გაღიმებული  სახეები, უხაროდათ სახლში სტუმარი და არ ეშინოდათ მასპინძლობის. მე ასეთი საქართველო მინდა და არა გაღორებული, კორუმპირებული ადამიანების მიერ გაღატაკებული ქვეყანა,  რომლებსაც მხოლოდ    საკუთარი  ოჯახები აინტერესებთ და ატყუებენ  საკუთარ ხალხს. ცდილობენ, დაამონონ, „დააჩმორონ“ ადამიანები,  წაართვან  ღირსება და თავმოყვარეობა. მათ არ იციან, რომ ყველაფერი არ იყიდება, მით უმეტეს სამშობლო არ იყიდება. დღეს არჩევანი დგას ასე - ან თავისუფლება, ან 1921 წელი. რომ გაიძახის ხელისუფლება ომი, ომიო, ვის უნდა ომი?  ომი არავის არ უნდა. ომი მხოლოდ იარაღით ხომ არ ხდება, ავტობანიდან რამდენ მეტრით არის დაშორებული ოკუპანტი, ხელისუფლების რომელიმე წევრი ჩასულა იქ და  უნახავს როგორ ცხოვრობს ხალხი საოკუპაციო ხალხთან?!  სამწუხაროდ, ასეთ მძიმე სიტუაციაში ვართ. არის წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადალახო - არც საქმეში და არც ცხოვრებაში, ეს წითელი ხაზები, სამწუხაროდ  ჩვენს ქვეყანაში ბევრმა გადალახა.

-  ოჯახზე მინდა გკითხოთ, თქვენი ქალიშვილი ლიზა რამიშვილი, რომელიც თქვენი ოჯახური ტრადიციის გამგრძელებელია.  

- როდესაც ოთარმა პატარა ლიზას მოუსმინა, მითხრა, დაიმახსოვრე, ლიზა ისეთი მუსიკოსი  დადგება, ყველა რამიშვილს გადაგვიჯოკრავსო. მაშინ ლიზას ახალი დაწყებული ჰქონდა ჩელოზე დაკვრა.15 წლის იყო ლიზა როდესაც გავუშვით  კრონბერგის  აკადემიაში და დამოუკიდებლად ავიდა იმ მწვერვალებზე. გერმანიიდან შვეიცარიაში გადავიდა, როდესაც ჟენევის კონსერვატორიიდან მიიღო მოწვევა. წლები იყო ესპანეთში, დღეს საქართველოში ცხოვრობს, აქედან დადის მოწვევით  კონცერტებზე და ფესტივალებზე  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ლიზას  ისე უყვარს თავისი სამშობლო, სხვაგან  დიდხანს ცხოვრება,  ალბათ  გაუჭირდება. ჩვენი ოჯახის ყველა სიკეთე ლიზაზე  გადავიდა. ერთხელ გამომიცხადა, შენ აღარ ჩაერიო, ბაბუას შემოქმედებას მე მივხედავო და ყველაფერი გადაიბარა. მამაჩემის  90 წლისთავის გადახდას ვაპირებდით, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ვერ მოვიძიეთ კონცერტისთვის საჭირო რესურსები. დარწმუნებული ვარ, ლიზა მაინც მოაწყობს საოცარ საღამოს,  ეს არ იქნება მხოლოდ კონცერტი, ეს  იქნება ოთარის  საღამო და გახსენება, თუ  როგორ უნდა იცხოვრო სწორად და ღირსებით.   

თამუნა ნიჟარაძე   

1488687_770856473007661_3753533640783965303_n

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.