USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
თბილისი
საია მერიას მოუწოდებს, შეაჩეროს დემონტაჟის პროცესი და გაატაროს მხარდაჭერის პოლიტიკა
თარიღი:  760

საია ეხმაურება 15 დეკემბერს თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში ნებართვის გარეშე აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროცესს და მოუწოდებს თბილისის მერიას, შეწყვიტოს დემონტაჟი, ამასთანავე, უზრუნველყოს და გაატაროს უსახლკარო პირთა მიმართ მხარდაჭერის პოლიტიკა.

ორგანიზაციის განცხადებით, 25 ნოემბერს ქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის შეხვედრაზე განაცხადა და მუნიციპალური ინსპექციის უფროსს დაავალა, რომ უკანონოდ მითვისებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დროულად განხორციელდეს, თუმცა აღნიშნულ შეხვედრაზე მერიას არ წარმოუდგენია ხედვა ნაგებობების დემონტაჟის შემთხვევაში იქ მცხოვრები პირების მდგომარეობის შესახებ, რომლებიც დიდი ალბათობით აღმოჩნდებიან ქუჩაში. მათივე განცხადებით, მერიას საჯაროდ არ შეუთავაზებია იქ მცხოვრებთათვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები.

“მერიის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო მიუღებელია მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძვინვარებს COVID-19-ის პანდემია. გლობალური COVID-19 პანდემიის მიერ შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი დამატებითი გამოწვევაა უსახლკარო ადამიანებისთვის. თბილისის მერიის აღნიშნული გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ქალაქის მთავრობას არ გააჩნია მგრძნობელობა ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ. ნაცვლად ჰუმანური პოლიტიკის გატარებისა, მერია ამგვარ ნაგებობებში მცხოვრებ პირებს ტოვებს ღია ცის ქვეშ, რაც განსაკუთრებული პრობლემების წინაშე აყენებს მათ.

უსახლკარო ადამიანებში ვირუსის გამწვავების ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი უსაფრთხო და სათანადო საცხოვრებლის არარსებობაა. COVID-19 – ის სწრაფი გავრცელების განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგანან მიუსაფარი ადამიანები. ქუჩაში, ღია ცის ქვეშ ადამიანების დატოვება ზღუდავს მათ წვდომას ჰიგიენისა და სანიტარული საშუალებების, შესაბამისი ჯანდაცვის სერვისებზე”, — აცხადებს საია.

უსახლკაროთა პრობლემებზე წლებია საუბრობს სამოქალაქო საზოგადოება და სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის განცხადებით „არ არსებობს უსახლკარო პირთა სამთავრობო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო-კანონმდებლობა.

“პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა ერთიანი და რიგ მუნიციპალიტეტებში – ადგილობრივი მონაცემთა ბაზების უქონლობა, შეზღუდული საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურული რესურსები, თავშესაფრებსა და სოციალურ საცხოვრისებში მოთავსებული პირებისთვის მხარდამჭერი პროგრამების არარსებობა, ხოლო ცალკეულ მუნიციპალიტეტებში – მათი არაეფექტიანობა“.

საიას განცხადებით, ყველა ეს პრობლემა პანდემიის და შემოღებული შეზღუდვების პირობებში კიდევ უფრო გამწვავდა, ხოლო მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო პრობლემურს ხდის არსებულ რეალობას და ნაცვლად სახელმწიფოს მხარდაჭერისა, ამ ადამიანების წინააღმდეგ იყენებს რეპრესიულ პოლიტიკას.

სიას თბილისის მერიას მოუწოდებს:

  • შეაჩეროს შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროცესი, რათა იქ მცხოვრები პირები არ აღმოჩნდნენ ქუჩაში, ღია ცის ქვეშ.
  • გაატაროს მხარდაჭერის პოლიტიკა და ნებართვის გარეშე გაცემული ნაგებობების დემონტაჟის შემთხვევაში, იქ მცხოვრები პირები უზრუნველყოს სათანადო საცხოვრებელი ფართებით.

საია ასევე მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რომ COVID-19-ის პანდემიის დროს, შეაჩეროს უსახლკარობის პირას მყოფი ადამიანების უძრავი ქონების აღსრულება, მათ შორის შეაჩეროს ნებართვის გარეშე გაცემული ნაგებობების დემონტაჟი.

აფრიკის დასახლებაში თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ტექნიკა აქვს მობილიზებული. შენობების დანგრევას წინააღმდეგობას უწევს ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძეც. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს “დატაცებული მიწებია”.

რამდენიმე საათის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ თბილისის მერის დავალებით, ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყეს.

განცხადებაში ინსპექციამ  ასევე აღნიშნა, რომ ინსპექტირების შედეგად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოავლინეს, რასთან დაკავშირებითაც მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს დაიწყო მოკვლევა. მოკვლევის შედეგად კი დაადგინეს, რომ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

თბილისი
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.