USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
Тбилиси
"საია" - რა ცვლილებები შევა შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში?
дата:  563

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტავს თუ რა ცვლილებები შევა შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

"თბილისი პოსტი" გთავაზობთ ტექსტს უცველად:

2024 წლის 13 დეკემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის[1] კიდევ უფრო რეპრესიულ იარაღად ქცევის მოტივით. 

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები ისეთ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც წესი, საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს. ასევე, კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევები და დაკავების ახალი საფუძვლები.

 

აშკარაა, რომ შეკრებებთან, მანიფესტაციებთან და საპროტესტო გამოხატვასთან დაკავშირებულ ქმედებებზე სანქციების არაპროპორციული ზრდითა და ახალი საფუძვლების დამატებით, „ქართული ოცნება“ მოსახლეობის დაშინებას ცდილობს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენება შსს-ს მიერ, რასაც სასამართლო ხელისუფლება, მართლმსაჯულების რეალურ განხორციელებაზე უარის თქმით, აკანონებს. 

 

შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ სანქციებს სახელმწიფო არა მართლწესრიგის დასაცავად, არამედ გამოხატვის და შეკრების უფლებების წინააღმდეგ გამოიყენებს.

 

ცვლილებები შემდეგია:

 

(1) ახალი სამართალდარღვევები

 

1.1. სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

1.2. შეკრების მონაწილეებს ასევე აეკრძალებათ თან იქონიონ „ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას, ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას.“

მიმდინარე აქციების პარალელურად შსს რუტინულად ატარებს უკანონო ჩხრეკებს და ადამიანებს, მათ შორის, ისეთ ლეგალურ ნივთებს ართმევს, როგორიცაა აირწინაღი და ნიღაბი.  შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ შეზღუდვას შსს უკანონო ჩხრეკების გასამართლებლად გამოიყენებს და არაპროპორციულად გამოიყენებს, მათ შორის, ისეთი ლაზერული ან მანათობელი ნივთების მფლობელთა წინააღმდეგ, რომელთაც არ შეუძლიათ აღნიშნული ხელსაწყოებით რეალურად შეაფერხონ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობა ან მათი ტექნიკის ფუნქციონირება. 

 

აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისთვის სანქცია, ასევე, 2000 ლარი იქნება.

 

1.3. მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას ემატება ამავე კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა). აღსანიშნავია, რომ პოლიცია, როგორც წესი, სწორედ 173-ე მუხლს იყენებს დემონსტრანტების უსაფუძვლო დაკავებისას.

1.4. კოდექსში ჩნდება ახალი სამართალდარღვევა (მუხლი 1983) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის უკანონოდ ტარება ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლისთვის ანდა ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლის/ატრიბუტიკის ტარება იმ პირის მიერ, რომელიც არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, რასაც შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით შეცდომაში შეჰყავს ობიექტური დამკვირვებელი.

აღნიშნული სამართალდარღვევისთვის სანქციად გათვალისწინებულია 2 000 ლარი, საგნის კონფისკაციით.

 

(2) გაზრდილი სანქციები

 

2.1. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა

კოდექსის 1741 მუხლის მე-4 ნაწილის ახალი რედაქციის მიხედვით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და 111 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები.

აღნიშნული ნორმები უკავშირდება აკრძალულ ადგილებში აქციების და მანიფესტაციების ჩატარებას, აკრძალული მოწოდებების გაკეთებას, აკრძალული ნივთების ქონას და მონაწილეთა მცირე რაოდენობის მიუხედავად გზის გადაკეტვას.

ძველი რედაქცია ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ახალ რედაქციაში ჯარიმების ოდენობა, შესაბამისად, არის 5000 ლარი და 15000 ლარი.

(1)   ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული

125-ე მუხლის 61 ნაწილი აქამდე ითვალისწინებდა ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ახალი მოწესრიგებით, ასევე გამიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას (კუმულაციურად).

2.2.  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება

150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისთვის (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება[2]) ჯარიმის ოდენობა იზრდება და 1000 ლარი ხდება, 50 ლარის ნაცვლად.

იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა (150-ე მუხლის მე-2 ნაწილი) 500-ის ნაცვლად 2000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

მსგავსად არის გაზრდილი ჯარიმების ოდენობა აღნიშნული მუხლის სხვა ნაწილებისთვის:

მსგავსად არის გაზრდილი ჯარიმების ოდენობა აღნიშნული მუხლის სხვა ნაწილებისთვის:

- სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 000 ლარისა, ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

- ტერიტორიის იერსახის დამახინჯება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 000 ლარისა. განმეორებით იგივე ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა.

- ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.

 მსგავსად იზრდება სანქციები 1502  მუხლის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება) შემთხვევაშიც:

-  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით, ნაცვლად 1 000 ლარისა.

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 000 ლარისა. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა.

- ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 000 ლარისა. განმეორებით იგივეს ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა.

 

2.3.  ვანდალიზმი

გაზრდილია ჯარიმების ოდენობა ვანდალიზმის მუხლის (1662 მუხლი) პირველი და მეორე ნაწილებისთვის, შესაბამისად, 300 ლარის ნაცლად 1000 ლარი და 500 ლარის ნაცლად 2000 ლარი.

 

(3)  დაკავების საფუძვლები

 

აღსანიშნავია, რომ, ასევე, იზრდება იმ საფუძველთა ჩამონათვალი, რომელთა გამოც დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. კოდექსში უკვე არსებულ საფუძვლებს ემატება:

  • - სამართალდამრღვევის სასამართლოში დროულად წარდგენა;
  • - საქმის გაჭიანურების თავიდან აცილება;
  • - ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობისთვის თავის არიდების პრევენცია;
  • - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენცია (მუხლი 244)
  •  
  •  
  • [1] კანონპროექტი და მასთან დაკავშირებული ფაილები იხ. https://info.parliament.ge/#law-drafting/29789 [11.12.2024].
  • [2] არაკონსტიტუციურად არის ცნობილი 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ ის ნორმატიული შინაარსი რომელიც გამორიცხავს მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური საპროტესტო აქციის ფარგლებში ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსების შესაძლებლობას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება №1/5/1271 – ვებგვერდი, 09.07.2019წ.
мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати