USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
საია - ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია
Date:  340

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება სერიოზულ ზიანს მიაყენებს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელს, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს გამძაფრებას.

„საია მონიტორინგს უწევდა სისხლის სამართლის პროცესებს და მიგვაჩნია, რომ გამოტანილი განაჩენი პრობლემურია როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე არსებობს საეჭვო გარემოებები მართლმსაჯულების განხორციელებასთან მიმართებით. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორის და წილის მფლობელის მიმართ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, სერიოზულ ზიანს მიაყენებს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელს, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს გამძაფრებას.

ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდებების უმეტესობა მის მიერ 2015 წელს მიღებულ მენეჯერულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, როდესაც ის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო.

2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვის ფაქტზე.

გამოძიების დაწყებიდან მალევე, 2019 წლის 9 აგვისტოს გამოტანილ იქნა დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამავე წლის 6 სექტემბერს მიღებულ იქნა ახალი დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენების ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ნიკა გვარამიასთან ერთად პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილ ფინანსურ დირექტორს - კახაბერ დამენიას და ინტერ მედია პლიუსის დირექტორს - ზურაბ იაშვილს.

ნიკა გვარამიას მოგვიანებით ბრალდება კიდევ უფრო დაუმძიმდა და დამატებით ბრალი წარედგინა საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“,-აღნიშნულია განცხადებაში.

საია-ს განმარტებით, ნიკა გვარამია გარდა იმისა, რომ არის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ის ასევე წარმოდგენს ამ კომპანიის დამფუძნებელს და გამოძიების დაწყების ეტაპზე ფლობდა „მთავარი არხის“ წილის 51%-ს. მათივე ინფორმაციით, ამ გარემოებიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე მიმდინარე გამოძიება და სასამართლოს შედეგი არ წარმოადგენდა მხოლოდ კონკრეტულად ბრალდებული ნიკა გვარამის მიმართ სამართლებრივი შედეგის მატარებელ საქმეს.

„საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლოს მიმართა სასამართლო მეგობრის პოზიციით, სადაც მიუთითებს, რომ კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების/სტანდარტების გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, შესაძლებელია ემსახურებოდეს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს და უზრუნველყოფდეს მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას. ამასთან, სახალხო დამცველის მოსაზრებით, ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებული გარემოებების გადაწყვეტა უშუალო გავლენას ახდენს როგორც ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე.

ასევე, ამავე საქმეზე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარდგენილი სასამართლო მეგობრის მოსაზრების მიხედვით, არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტი. აგრეთვე, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება ვერ პასუხობს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული ფულის გათეთრების დანაშაულის ნიშნებსა და მის კონვენციურ შინაარსს.

საგულისხმოა, რომ საქმეზე საწყის ეტაპზე სწრაფად წარიმართა გამოძიება და მცირე ინტერვალში მოხდა ნიკა გვარამიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, არაერთი გაჭიანურებული გამოძიების ფონზე აღნიშნული გარემოებაც შესაძლოა დამატებით მიუთითებდეს მოცემული საქმით სავარაუდო დაინტერესებაზე.

გარდა ამისა, საქმის არსებითი განხილვისას თავდაპირველ ეტაპზე სასამართლომ ერთპიროვნულად განსაზღვრა სხდომის თარიღები, ისე რომ არ მიიღო მხედველობაში დაცვის მხარის პოზიცია. ადვოკატები საუბრობდნენ, რომ მითითებულ დღეებში არ ეცალათ, რადგან სხვა პროცესებს ემთხვეოდა ეს თარიღები. დაცვის მხარის პროტესტის მიუხედავად, მოსამართლემ ფორსირებულად და ახლო შუალედებში ჩანიშნა სხდომები. ორი სხდომის შემდგომ, 2020 წლის 10 იანვრის სხდომაზე, მოსამართლემ თვითაცილების შესახებ განაცხადა, მიზეზად კი აღნიშნა, რომ მასსა და ბრალდებულს შორის დაპირისპირებამ პირადი ხასიათი მიიღო და შესაძლოა მას ობიექტურად ვერ წარემართა პროცესი.

საქმის არსებითად განმხილველი პირველი მოსამართლის თვითაცილების მიუხედავად, კვლავ გაჩნდა კითხვები საქმის ახალი მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელი ჰოლდინგის დირექტორის ზ. გ.-ის ბავშვობის მეგობარი. შესაბამისად მას, როგორც ჰოლდინგის დირექტორს გააჩნია პირდაპირი ფინანსური ინტერესი საქმის შედეგის მიმართ. მოსამართლემ თავი არ აიცილა მაშინვე, როდესაც შეიტყო რომ საქმე რუსთავი 2-ს ეხებოდა და ზ. გ. ბრალდების მხარეს მოწმეთა სიაში ჰყავდა. შემდგომში აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარემაც დააყენა მოსამართლის აცილების თაობაზე შუამდგომლობა. პროცესზე წარმოდგენილი იქნა მოსამართლისა და ზ. გ.-ს ახლო მეგობრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მოსამართლემაც არ უარყო. მათ შორის მტკიცებულებებიდან ირკვეოდა, რომ მათ მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდათ საქმის მიმდინარეობის პერიოდშიც. ამის მიუხედავად, მოსამართლემ თავი არ აიცილა.

მართალია, ამგვარი შემთხვევების დროს კანონი პირდაპირ არ უთითებს სავალდებულო აცილების გარემოებებზე მაგრამ განსაზღვრავს, რომ მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. გარდა ამისა, საქართველოს სამოსამართლეო ეთიკის წესების მიხედვით, მოსამართლე უნდა შთააგონებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობისადმი, ამასთანავე მოსამართლეს ეკრძალება პროცესის მხარეებთან ან საქმით დაინტერესებულ პირებთან ცალ-ცალკე (ex parte) შეხვედრა ან ნებისმიერი სხვა ფორმით კომუნიკაცია სასამართლოში ან მის გარეთ, საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ზემოხსენებული გარემოებები კი აჩენდა ეჭვს მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობის შესახებ.

პროცესების ჩანიშვნის პერიოდულობა პრობლემური გახდა ახალი მოსამართლის პირობებშიც. ის რიგ შემთხვევაში კვირაში ორ პროცესს ნიშნავდა, ნიკა გვარამია დასკვნითი სიტყვისთვის მოსამზადებლად 1 კვირას ითხოვდა, სასამართლომ კი მხოლოდ 3 დღე მისცა. რის შემდგომაც მოულოდნელად გაურკვეველი მიზეზებით პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, ჯამში 2 თვით.

საბოლოოდ საქმეზე განაჩენის 2022 წლის 16 მაისს გამოცხადებით, დაირღვა საქმის განხილვის 24 თვიანი ვადაც. კერძოდ, სასამართლომ თითქმის ხუთი თვით გადააჭარბა კანონმდებლობით დადგენილ ვადას. საქმის საბოლოო შეფასებას ორგანიზაცია სასამართლო განაჩენის გაცნობის შემდგომ წარმოადგენს“,-აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

კახაბერ დამენია „ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი. დამენიას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირდა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი.

ზურაბ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way