გლობალურ საფონდო ბირჟებზე აქციებზე ფასების ვარდნა მეორე დღეა გრძელდება, იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულმა ტარიფებმა ეკონომიკური ვარდნის შიში გააღვივა, - ინფორმაციას theguardian.com ავრცელებს.
The Guardian-ის ცნობით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 100-ის ინდექსი 99 პუნქტით, ანუ 1.17%-ით, 8375 პუნქტამდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია იანვრის შუა რიცხვების შემდეგ. პარიზის საფონდო ბირჟის ინდექსი - Cac 40 - 0.92% -ით დაეცა, ფრანკფურტის Dax-ი - 0.74% -ით, ესპანეთის IBEX კი - 1.4%-ით დაეცა. იაპონიის Nikkei 225 ინდექსი დღეს 2.75%-ით დაიხურა, რაც, The Guardian-ის მტკიცებით, იმას ნიშნავს, რომ გასული წლის ივლისის რეკორდული დახურვის მაჩვენებელთან შედარებით 19.996%-ით დაეცა.
ეცემა ნავთობის ფასიც. კერძოდ, Brent-ის ნავთობის ფასი დღეს დილით 1.85%-ით დაეცა და ბარელზე 68.83 აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია თითქმის ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
Bloomberg-ის გამოთვლების მიხედვით, მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება გუშინ, საერთო ჯამში, 208 მილიარდი დოლარით შემცირდა.
გამოცემა წერს, რომ ეს ვარდნა არის ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნა „კოვიდ-19“-ის პანდემიის პიკის შემდეგ.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ყველაზე დიდი - 17.9 მილიარდი აშშ დოლარი Meta-ს დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა დაკარგა. ბიზნესმენმა ჯეფ ბეზოსმა 15.9 მილიარდი აშშ დოლარის პირადი ქონება დაკარგა, რადგან მისი კომპანია Amazon-ის აქციების ფასი გუშინ 9%-ით დაეცა. ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა კი 11 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.
ბოლო სავაჭრო სესია ამერიკულ საფონდო ბირჟაზე შემდეგი შედეგებით დასრულდა:
S&P 500 Index: -4.84%
Nasdaq Index: -5.97%
Dow Jones Index: -3.98%
ევროპის რეგიონში ასეთი ვითარება იყო:
Europe Stoxx 600: -1.62%
London FTSE 100: -1.28%
Frankfurt DAX: -1.65%
აზიის რეგიონში ასეთი ტენდენციები იკვეთება:
Asia Dow: -3.34%
Nikkei 225: -2.75%
Shanghai: -0.24%
სასაქონლო ბირჟებზე შემდეგი ვითარებაა:
ნავთობი:
WTI: -3.8% | $64
Brent: -3.6% | $67
RUS Urals: -3.5% | $65
გაზი:
EU TFF: -1.3% | €40
US Gas: -2.8% | $38
ოქრო: -0.9% | $3,085
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.