USD 2.5971
EUR 2.9090
RUB 3.2237
თბილისი
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლი განვითარებადი ქვეყნებისთვის პოსტ-COVID პერიოდში
თარიღი:  1474

ნიკა გილაური

2021-2022 წლებში მსოფლიო კვლავ ექსტრაორდინარული კრიზისის პირისპირ დარჩება – გლობალური ეკონომიკის სტაგნაციისა პანდემიის და პოსტპანდემიის პერიოდში. განვითარებული ქვეყნების უმეტესმა ნაწილმა შესაძლოა მცირედი დანაკარგებით შეძლოს ამ კრიზისიდან გამოსვლა, მაგრამ ეკონომიკური ვარდნის შედეგები მძიმე იქნება განვითარებადი ქვეყნების უმეტესობისთვის, და ჯერ კიდევ რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ეს ქვეყნები მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში.

პანდემიით გამოწვეული ნეგატიური გავლენის მასშტაბი, განსაკუთრებით კი მისი გავლენა განვითარებადი ქვეყნების მცირე და საშუალო ბიზნესზე (SME) ჯერ არ არის სრულად ნათელი (გადავადებული საგადასახადო და სასესხო ვალდებულებებისა და რიგ შემთხვევებში რაღაც ტიპის სახელმწიფო დახმარებების გამო), მაგრამ მისი შედეგები მძიმე იქნება მრავალი ქვეყნის ეკონომიკისთვის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში და შესაძლოა, ამ ქვეყნებში პოლიტიკური არასტაბილურობის მიზეზიც კი გახდეს.

წინამდებარე სტატიაში განხილულია პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისების დაძლევის რამდენიმე ახალი იდეა, რომლებიც მოიცავს განვითარებად ქვეყნებში SME-სექტორის გადარჩენის ახალ გზებს, ასევე, შედარებით სწრაფი აღდგენის მიზნით ისეთი აუთვისებელი პოტენციალის გამოყენებას, როგორიცაა სახელმწიფო საწარმოების სტრუქტურული რეფორმა და საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) ახალი ფორმულები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება განვითარებად სამყაროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების ჩანაცვლება.

ამჟამად თითქმის ყველა განვითარებადი ქვეყანა ებრძვის ეკონომიკურ კრიზისს, ვალის ზრდას, სამუშაო ადგილების დაკარგვას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, SME-სექტორის მნიშვნელოვან შემცირებას, რაც შესაძლოა, პოლიტიკური არეულობის მიზეზი გახდეს მომავალში. SME-სექტორი ბევრად უფრო სწრაფი ტემპით მცირდება, ვიდრე თავად ეკონომიკები, რადგან ბაზარზე მათ ადგილს მსხვილი კომპანიები, მულტინაციონალური კორპორაციები და ოლიგარქები იკავებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე შეიძლება ჯერ მკაფიოდ არ ჩანს სტატისტიკურ მაჩვენებლებში, მაგრამ 2021 წლის ბოლოსთვის, როდესაც საბანკო სესხების დაფარვის და გადასახადების გადახდის დრო დადგება, მცირე და საშუალო კომპანიების დიდი ნაწილი რეგიონში შესაძლოა გაკოტრების რისკის წინაშე აღმოჩნდეს. აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის განვითარებად ქვეყნებში „ოლიგარქიზაციის” ხარისხი გაცილებით მაღალია, რაც არ არის კარგი არც ამ ქვეყნების ეკონომიკებისთვის და არც რეგიონის შემდგომი პოლიტიკური განვითარებისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (IFIs) პრიორიტეტი პოსტ-COVID პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის გადარჩენა უნდა იყოს.

პოსტ-COVID SME ფონდი

გასული წლის განმავლობაში ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ შეიმუშავა ფინანსური დახმარების სქემები SME-სექტორისთვის – მოხდა საგადასახადო ვალდებულებების გადახდის გადავადება ან „გაყინვა“, ბანკებმა საშეღავათო პერიოდი მისცეს ბიზნესს სასესხო ვალდებულებების გადახდისთვის და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო დაფინანსება მცირე და საშუალო კომპანიების გადარჩენის მიზნით.

ამ სქემებთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად (თუმცა არა ყველა ქვეყნის შემთხვევაში) პროგნოზირებადობის ნაკლებობა და მკაფიო წესების არარსებობაა. SME-სექტორის წარმომადგენლებმა არ იციან, თუ რას უნდა ელოდონ შემდგომი სამი-ექვსი თვის განმავლობაში, მაგალითად, რა სახის სახელმწიფო დახმარებას, თუ ახალი რეგულაციების შემოღებას COVID- პანდემიიდან გამომდინარე. ბუნდოვან სქემებზე გაცილებით დიდი პრობლემაა კორუფციის შესაძლებლობების ზრდა და, შედეგად, დაფინანსების ისეთი მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც დაფინანსება მიზნობრივ სეგმენტამდე არ აღწევს.

სწორედ აქ შეიძლება ითამაშონ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა მნიშვნელოვანი როლი და დაეხმარონ მთავრობებს პოსტ-COVID SME ფონდის შექმნაში – მთავრობებთან ერთად გამოყონ თანადაფინანსება ასეთი ფონდებისთვის (შესაძლოა 50/50 ფარდობით) და ყველასთვის აუცილებელი გამჭვირვალე წესები შეიმუშაონ. IFI-ების მხარდაჭერის ფორმა უნდა იყოს გრძელვადიანი, სუბსიდირებული სესხები, დაახლოებით 2-წლიანი საშეღავათო პერიოდით, რომელთა საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება ქვეყნების მიერ გამოშვებული ევრობონდების/საერთაშორისო ბირჟაზე განთავსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობის (yield) შესაბამისად.

სესხის მოცულობა ყოველი კომპანიისთვის შეიძლება განისაზღვროს მისი შემოსავლებისა და კომპანიის მიერ 2019 წელს გადახდილი გადასახადების საფუძველზე, ამასთან სხვადასხვა სექტორისთვის შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა პროცენტი. მაგალითად, HORECA-სექტორისთვის (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) შეიძლება განისაზღვროს ამ სექტორის მიერ 2019 წელს გადახდილი გადასახადების უფრო მაღალი პროცენტი (ვინაიდან კრიზისმა ყველაზე მეტად ეს სექტორი დააზარალა), საცალო ვაჭრობის სექტორის მცირე და საშუალო კომპანიებისთვის შედარებით ნაკლები პროცენტი, ხოლო სამშენებლო სექტორის მცირე და საშუალო კომპანიებისთვის – კიდევ უფრო ნაკლები პროცენტი და ა.შ.

ასეთი სქემის მთავარი პრინციპი გამჭვირვალე და ყველასთვის აუცილებელი წესები უნდა იყოს. თითოეულმა სუბიექტმა უნდა იცოდეს, ზუსტად რა ეკუთვნის და როგორ ხდება გაანგარიშება, რათა ყველასათვის თანაბარი პირობები შეიქმნას და კორუფციის შესაძლებლობა მინიმუმამდე შემცირდეს.

PME – საფონდო ბირჟაზე კვოტირებული საშუალო ზომის კომპანიების სექტორის შექმნა

კიდევ ერთი და ასევე თანაბრად მნიშვნელოვანი მიზანი უნდა იყოს ორიოდე წლით წინ ხედვა და განვითარებად ქვეყნებში საშუალო ზომის კომპანიების მხარდაჭერა კაპიტალის მოზიდვის მიზნით. განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორის ერთ- ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ კაპიტალის ნაკლებობაა.

ყველაზე დიდი სტიმული განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდისთვის შესაძლოა იყოს ისეთი სპეციალური პროდუქტების შექმნა საშუალო ზომის კომპანიებისთვის, როგორიცაა წამყვანი ე.წ. „ღუზა“ (anchor) ინვესტორის როლის შესრულება, იურიდიული და ფინანსური კონსულტაციის გაწევა, ან სპეციალური სესხი მას შემდეგ, რაც კომპანია გამოუშვებს ევრობონდს, ან განახორციელებს IPO-ს საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე. შედეგად, კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა, გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე და გამოიყენონ განვითარებული ქვეყნების ფინანსური რესურსები, რომლებიც განვითარებადი ქვეყნებისათვის ამჟამად მიუწვდომელია, რადგან განვითარებული ქვეყნების ინვესტორების უმრავლესობის ინტერესი, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ პორტფელური ინვესტიციებია. უკვე აშკარაა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განვითარებად ქვეყნებში მცირდება და შემდგომი განვითარებისთვის საჭიროა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტფელური ინვესტიციებით ჩანაცვლება. სწორედ ამიტომ, PME-სექტორის შექმნა შეიძლება უსწრაფესი გზა იყოს განვითარებადი ქვეყნებისათვის ამ მიზნის მისაღწევად.

IFI-ის მიერ სპეციალური პროდუქტების შექმნა განვითარებადი ქვეყნების საშუალო ზომის კომპანიებისთვის (IPO-სთვის მოსამზადებელი ხარჯების თანადაფინანსება და/ ან „ღუზა”-ინვესტორის მნიშვნელოვანი როლი), გაზრდის ამ კომპანიების მფლობელთა მოტივაციას, შეაღწიონ საერთაშორისო ბაზრებზე და მოიპოვონ წვდომა უცხოურ კაპიტალზე, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებზე. საერთაშორისო ბაზრებზე გასვლამდე ასეთ კომპანიებს ბიზნესის გაჯანსაღება მოუწევს. მათ უნდა დაიწყონ გადასახადების სრულად გადახდა, დანერგონ კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკა და ა.შ. ეს ბევრ ქვეყანას დაეხმარება კერძო სექტორის მთავარი პრობლემის გადაჭრაში, რაც უკავშირდება ფინანსური რესურსის მოზიდვას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ოჯახური ბიზნესის კორპორაციულ ორგანიზაციად გარდაქმნა. ეს კი ამ კომპანიებს მისცემს სწრაფად ზრდისა და ფინანსური ბაზრებიდან უფრო მეტი რესურსის მოზიდვის, ასევე სხვა კომპანიებთან უფრო ეფექტიანი შერწყმის, ან კომპანიების უფრო ეფექტიანად შეძენისა და გაყიდვის შესაძლებლობებს და სხვა. ამავდროულად, ეს ტრანსფორმაცია დაეხმარება ამ ქვეყნებს თავიანთი რისკის პროფილის შექმნაში, PME-სექტორი კი საკუთარი ქვეყნის სარეკლამო აგენტების როლს შეასრულებს.

განვითარებად ქვეყნებში PME-სექტორის განვითარებისთვის დამატებითი ნაბიჯი შეიძლება იყოს სპეციალური საფონდო ბირჟის შექმნა IFI-ების მონაწილეობით, რომლებიც განვითარებადი ქვეყნების საშუალო ზომის კომპანიებს დაეხმარებიან ფინანსურ ბაზრებზე გასვლასა და უცხოური კაპიტალის მოზიდვაში, მათ შორის, იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში კონსულტაციებით, „ღუზა- ინვესტორის” როლის შესრულებით, ან სპეციალური სესხების გამოყოფით იმ შემთხვევაში, თუ კომპანია წარმატებით განათავსებს აქციებს საფონდო ბირჟაზე. ამავე დროს, უნდა შეიქმნას შედარებით მორგებული წესები ასეთი კომპანიების საფონდო ბირჟაზე დასაშვებად – მაგალითად, ისეთი, როგორიც აქვს AIM London Stock Exchange-ს. IFI-ების საფონდო ბირჟას შეუძლია ერთგვარი „შესაწვდომი საფეხურის“ (stepping stone) როლი შეასრულოს ვარშავის, ფრანკფურტის ან ლონდონის საფონდო ბირჟებზე გასვლისთვის (წარმატების შემთხვევაში).

განვითარებადი მსოფლიოს მრავალი საშუალო ზომის კომპანია არც კი ოცნებობს საფონდო ბირჟაზე გასვლას, რადგან იციან, რომ ამისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება მათი კომპანიების ზომაა. IFI-ების დახმარებით (რომელთაც ყველა განვითარებად ქვეყანაში აქვთ ოფისები და რომელთაც ამ პროცესების წარმართვა შეუძლიათ), მეწარმეები შეძლებენ, პირველი ნაბიჯები სწორი მიმართულებით გადადგან, შეცვალონ თავიანთი კორპორაციული სტრუქტურა – საოჯახო ბიზნესები გარდაქმნან კორპორაციებად და წარმატების შემთხვევაში უფრო მეტი შესაძლებლობები ეძებონ.

IPPP – IFI-საჯარო-კერძო პარტნიორობა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც განვითარებადი ქვეყნები დადგებიან პანდემიის გამო, იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, რაც უკვე აშკარაა. პოსტ-COVID პერიოდში ამ გამოწვევის დაძლევის გზა შეიძლება იყოს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე (არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის სფეროში) ფოკუსირებული PPP-სქემების გამოყენება და ამ კუთხითაც შეუძლიათ IFI-ებს, გადამწყვეტი როლი ითამაშონ.

უნდა აღინიშნოს, რომ IFI-ების უმრავლესობა უკვე დიდი ხანია, PPP-პროექტებს აფინანსებს. ამ ორგანიზაციებმა პარტნიორობა უნდა გაუწიონ კერძო კომპანიებს განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელებაში, თუმცა ამ შემთხვევაში არ იგულისხმება ფართოდ დამკვიდრებული მიდგომა.

შემოთავაზებული მოდელის იდეა არის IFI-ების ფინანსური დახმარების დიდი ნაწილის IPPP (IFI-საჯარო-კერძო თანამშრომლობა) პროექტებად გადაქცევა და ასევე სპეციალური ფორმულის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტულ გარემოს კერძო პარტნიორის შერჩევისთვის. ეს მიდგომა ასევე უზრუნველყოფს IFI-ების მიერ პროექტისთვის საჭირო დაფინანსების მინიმიზაციას, პროექტების მდგრადობას გრძელვადიან პერიოდში მათი კერძო სექტორისთვის გადაცემით გზით და ასევე მინიმუმამდე ამცირებს კორუფციის რისკს.

ინფრასტრუქტურული/ახალი საწარმოს/ინდუსტრიულ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების დამოუკიდებლად დაფინანსების ნაცვლად, IFI-ებს შეუძლიათ, გამოიყენონ IPP-მიდგომა, რაც გულისხმობს კერძო კომპანიების ჩართულობას პროექტების მართვაში, რომლებიც სახელმწიფოს თუ IFI-ის წილს პროექტში შემდგომ გამოისყიდიან.

ეს მოდელი გულისხმობს შემდეგს: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მთავრობასთან ერთად აცხადებენ ინტერესს პოტენციური კერძო ინვესტორის მოსაძებნად, რომელიც პროექტში ინვესტიციას განახორციელებს, რეალურად კი იყიდის პროექტის ნაწილს. მაგალითად, ინვესტორი ჰესის მინორიტარი ან საწარმოს მაჟორიტარი აქციონერი გახდება, მთავრობის პოლიტიკიდან გამომდინარე. მომდევნო ნაბიჯია აუქციონის გამოცხადება შემდეგი პრინციპის საფუძველზე: რომელი კომპანია მოითხოვს ნაკლებ კაპიტალს და ნაკლებ სესხს IFI-ისგან/მთავრობისგან და განახორციელებს მეტ ინვესტიციას. ანდა ტენდერის ფორმულა შეიძლება ითვალისწინებდეს ფასს (მაგ: PPA-ს, ტარიფს ჰესის შემთხვევაში) და IFI-ისგან/მთავრობისგან მოთხოვნილ ფინანსურ რესურსს (სესხის ნაწილს განსაზღვრავს IFI). ამ შემთხვევაში IFI დახარჯავს ნაკლებს, ხოლო აქტივების პრივატიზაცია, სრულად ან ნაწილობრივ, თავიდანვე მოხდება და კომპანიას მმართველობაში ეყოლება კერძო მენეჯმენტი, რომელიც გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე მთავრობა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა კერძო სექტორისთვის დამატებითი კომფორტია პოლიტიკური და გეოპოლიტიკური რისკებისგან დაცვის თვალსაზრისით და სტიმულს აძლევს საერთაშორისო ინვესტორებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განვითარებად ქვეყნებში განახორციელონ.

პროცესის ეფექტიანი წარმართვის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება პროექტის მაქსიმალურად კონკურენტული ფასი, ხოლო IFI-ებისგან საჭირო დაფინანსების მოცულობა ამ შემთხვევაში მინიმალური იქნება. კერძო სექტორში კონკურენციის გაზრდის მიზნით, IFI-ებმა შეიძლება დააზღვიონ პროექტის რისკების ნაწილიც, რათა პროექტს ჰქონდეს საინვესტიციო რეიტინგი (BBB-) და გაიზარდოს მისი მიმზიდველობა ინვესტორებისთვის, შესაბამისად, მოხდეს გაცილებით მეტი ინვესტორის მოზიდვა.

არსებულ სიტუაციაში IFI-ების როლი უნდა იყოს შედარებით ღარიბი ქვეყნების დახმარება ეკონომიკის გაჯანსაღებაში, რაც შეიძლება უფრო ეფექტიანად მიიღწეს განვითარებადი ქვეყნების შეძლებისდაგვარად ფართოდ გახსნით კერძო ინვესტიციებისთვის განვითარებული ქვეყნებიდან, ამ ქვეყნებში ინვესტორების მოზიდვით, ან განვითარებადი ქვეყნების პროექტების/კომპანიების იმ ბაზარზე შეღწევის ხელშეწყობით, საიდანაც ყველაზე მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვაა შესაძლებელი.

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განვითარებადი ქვეყნებისთვის არა მხოლოდ კაპიტალის შემოდინებისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფარვის კუთხით, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ნოუ ჰაუს ტრანსფერის თვალსაზრისითაც, რაც, თავის მხრივ, გრძელვადიან პერიოდში ზრდის პერსპექტივას იძლევა.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების კორპორატიზაცია

განვითარებად ქვეყნებში სახელმწიფო საწარმოები არაეფექტიანობის ერთ- -ერთი მთავარი მიზეზია და ამასთან, აქ არის ყველაზე მეტი აუთვისებელი პოტენციალი, რომელიც ამ ქვეყნებმა შეიძლება ეფექტიანად გამოიყენონ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის პოსტ-COVID პერიოდში.

კერძოდ კი, სახელმწიფო საწარმოების უმრავლესობა კორუფციისა და შესაძლებლობების არასწორად გამოყენების ყველაზე დიდი წყაროა ქვეყანაში. ისინი ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება – ასაქმებენ პოლიტიკურ ელიტას, აფინანსებენ პოლიტიკურ პროექტებს, ან თუნდაც, თამაშობენ პოლიტიკურ როლს საერთაშორისო ურთიერთობებში – ნაცვლად იმისა, რომ ორიენტირებულნი იყვნენ ეფექტურ და ეფექტიან მენეჯმენტსა და ინოვაციებზე, რათა მოგების მაქსიმალიზაციას მიაღწიონ.

ამჟამად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მნიშვნელოვანი მოცულობის სესხებს გამოყოფენ სახელმწიფო საწარმოებისთვის პირდაპირი ან საბიუჯეტო დაფინანსების სახით. პირდაპირი (ან საბიუჯეტო) დაფინანსების სანაცვლოდ IFI-ებმა მათ უნდა მოსთხოვონ კონკრეტულ ვადებში ევრობონდების გამოშვება, ან IPO-ს განხორციელება (ეს, მთავრობის პოლიტიკიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს აქციების მცირე ან დიდი წილი). ამ შემთხვევაში, IFI-ებს სესხის გამოყოფასთან ერთად, შეუძლიათ „ღუზა”-ინვესტორის როლის შესრულებაც. გარდა ამისა, IFI-ების მხრიდან დაფინანსების (და „ღუზა”-ინვესტორად ყოფნის) პირობა უნდა იყოს საწარმოს მენეჯმენტის ანაზღაურება ევრობონდის „წანაცვლების“ (სუვერენულ და სახელმწიფო საწარმოს ევრობონდების შემოსავლიანობებს შორის სხვაობა) საფუძველზე, ან საერთაშორისო ბირჟაზე საწარმოს აქციების შემოსავლიანობის საფუძველზე (Performance Share) IPO-ს შემთხვევაში, ან შესაძლებელია ანაზღაურების ნაწილი იყოს კომპანიის წილის გადაცემა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ – მას შემდეგ, როდესაც სარწმუნო გახდება, რომ კომპანიის გრძელვადიანი განვითარება მენეჯმენტის ინტერესში იყო.

რატომ არის ასეთი სქემა მნიშვნელოვანი?

პირველ რიგში, სახელმწიფო საწარმოსთან დაკავშირებული ყოველი ტრანზაქცია საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ქვეყანას რისკის რუკის შექმნაში ეხმარება. ფინანსურ ბაზრებზე ხდება სხვადასხვა ტიპის რისკის (სუვერენული, სუბსუვერენული ევრობონდები, კომპანიისა და ფინანსური ინსტიტუტების აქციები და სხვა) შეფასება, რაც დაეხმარება ამავე ქვეყნის სხვა კომპანიებს, უკეთ მოიზიდონ ინვესტორები, ან დაეხმარება ადგილობრივ ბანკებს ფინანსური რესურსის მოზიდვაში, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებულ საპროცენტო განაკვეთებზე. როდესაც ქვეყანას არ გააჩნია რისკის რუკა, ეს მხოლოდ ზრდის საინვესტიციო რისკებს და, შესაბამისად, იზრდება სესხის ღირებულება და მცირდება აქტივების ფასი.

მეორე – მაშინ როდესაც სახელმწიფო საწარმოს მენეჯმენტის ანაზღაურება ხდება საფონდო ოფციონების ან ევრობონდების შემოსავლიანობის „წანაცვლების“ საფუძველზე, მენეჯმენტს განსხვავებული მიდგომა აქვს კომპანიის მართვისადმი – ის ცდილობს გადაჭრას არაეფექტიანობის პრობლემა, თავიდან აირიდოს პოლიტიკურად მოტივირებულ პროექტებში ჩართულობა, პოლიტიკური ნიშნით დასაქმება ან პოლიტიკური ნიშნით დაფინანსება, მთავრობებმა კი იციან, რომ სახელმწიფო საწარმოების ნებისმიერი არაპროფილური საქმიანობა ზიანს მიაყენებს სახელმწიფო აქციების ან ევრობონდების ღირებულებას, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება მთავრობის მდგომარეობაზე. სახელმწიფო საწარმოს მენეჯმენტი მოტივირებული ხდება, მიიღოს ზომები კომპანიის გასაჯანსაღებლად – გამჭვირვალე პოლიტიკა შეიმუშაოს და კორპორაციული მმართველობის საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტები დანერგოს.

და მესამე – კომპანიის მენეჯერები ამავდროულად ხდებიან როგორც მთავრობის, ასევე ქვეყნის სარეკლამო აგენტები. მათი ანაზღაურება დამოკიდებულია ფასიანი ქაღალდების ღირებულებაზე საერთაშორისო ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ ისინი მუდმივად კომუნიკაციაში უნდა იყვნენ ინვესტორებთან და მიაწოდონ მათ ინფორმაცია ქვეყნის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებიც დაინტერესებულნი არიან ქვეყნის პოპულარიზაციისთვის უკეთესი პლატფორმის შექმნაში, რაც სხვა შემთხვევაში არარელევანტური იქნებოდა მათთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი შეცდომისა და კრიტიკის მიუხედავად, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები წარმატებით ეხმარებიან განვითარებად ქვეყნებს ზრდასა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ პოლიტიკაში რამდენიმე ცვლილებაც მოხდა, რაც ძირითადად ეფექტიანი აღმოჩნდა.

ახლა, როდესაც პანდემიამ განვითარებადი ქვეყნების ყველა არსებული ეკონომიკური პოლიტიკა ფაქტობრივად ჩამოშალა, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც მოერგონ ახალ რეალობას და პოლიტიკა შეცვალონ. SME-სექტორის გადარჩენა და განვითარებადი ქვეყნების დახმარება ახალი ინვესტიციების მოზიდვაში, სახელმწიფო საწარმოების გაჯანსაღებასა და ფინანსური დახმარების გამჭვირვალე წესების შემუშავებაში – ეს შეიძლება იყოს საუკეთესო როლი, რომელსაც IFI- ები შეასრულებენ COVID-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში.

წყარო:https://forbes.ge/

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის