USD 2.7181
EUR 3.1875
RUB 3.4792
Tbilisi
საერთაშორისო პოლიტიკაში ძალიან დიდ პოლიტიკურ ძვრებს ვადევნებთ თვალს - გიორგი კობერიძე
Date:  486
როგორც მოსალოდნელი იყო, საერთაშორისო პოლიტიკაში ძალიან დიდ პოლიტიკურ ძვრებს ვადევნებთ თვალს. თუკი უკრაინაში რუსეთმა უპირატესობას მიაღწია და არსებულ ანექსირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ამით დრამატულად ახალ მსოფლიო წესრიგს მივიღებთ. მოდით პუნქტობრივად მივყვეთ და გავაანალიზოთ ისინი:
 
1. დაპყრობითი ომების დაბრუნება საერთაშორისო პოლიტიკაში - თუკი ერთ ქვეყანას მეორე ქვეყნის ტერიტორიების დაპყრობის ფაქტობრივი პრეცედენტი შეექმნება ეს იქნება ომების, როგორც ტერიტორიული გაფართოების საშუალების საერთაშორისო პოლიტიკაში გრანდიოზული დაბრუნება. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარება შექმნის ფუნდამენტურ პრეცედენტს ევროპის საზღვრების ომით ცვლილების შესახებ. ეს კი ომების სერიის დასაწყისი იქნება ყველგან სხვაგან - ევროპა ყოველთვის იყო მაგალითი სხვებისათვის. ამით კი ყველაზე მეტად უკრაინამ კი არა ჩვენნაირმა პატარა სახელმწიფოებმა შეიძლება იზარალონ, რადგან სწორედ ისინი აღმოჩნდებიან შემდგომი საფრთხის ქვეშ. არც დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეები იქნებიან გულხელდაკრეფილები - ისინი დადგებიან ლოგიკური არჩევნის წინაშე - მრავალღერძიან (მრავალპოლუსიან) მსოფლიოში ან გაძლიერდნენ და იპოვონ/შექმნან თავიანთი ღერძი ან დასუსტდნენ და უმნიშვნელო ძალად იქცნენ. პირველ შემთხვევაში მათი მილიტარიზაცია იქნება საჭირო. ეს კი ყოველთვის მშვიდობიანად არ ხდება ხოლმე.
ამასთან, გეოპოლიტიკის მაკინდერისა და სფაიქმანის თეორებს თუ დავუჯერებთ სწორედ ჰართლენდის მოსაზღვრე ტერიტორიები და ე.წ. "შიდა კუნძულია" ყველაზე აქტიურ საომარ ზონად წარმოჩენილი. სწორედ ამ ზონაში ხვდება საქართველოც, უკრაინაც, აღმოსავლეთ ევროპაც. თუმცა რეგიონში მოქმედი ძალებისა და აშშ-ს საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით, საქართველოს გეოპოლიტიკურად შეიძლება უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე უკრაინას. ეს კარგია თუ ცუდი - ჯერ ადრეა თქმა.
 
2. საერთაშორისო სამართლის დასასრულის დასაწყისი - ომის დანაშაულებისათვის ძებნილი ვლადიმერ პუტინი თუკი გადაურჩა დაპატიმრებას და თავისუფლად დაბრუნდა გავლენიან მოთამაშედ, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო იქნება უფუნქციო და ღიმილისმომგვრელი ინსტიტუცია, რომელსაც არანაირი გავლენა აღარ შერჩება. ხოლო გენოციდისა და ომის დანაშაულების პრეცედენტის შექმნა სხვა დიქტატორებს დამატებით მოტივაციას მისცემს თავიანთი გენოციდები საწარმოებლად.
 
3. ჩინური აგრესიული ომების დასაწყისი - თუკი რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს ჩინეთისათვის ეს იქნება სიგნალი, რომ დასავლეთი დამარცხებადია, მით უფრო ხანგრძლივი დაწოლის შემთხვევაში. რუსეთი ჩინეთზე სუსტია. და თუ ეს შეძლო რუსეთმა ევროპის ტერიტორიაზე, რატომ ვერ შეძლებს ჩინეთი იმავეს აზიაში? შეეცდება მაინც. ჩინეთი აუცილებლად გაიწევს ტაივანზე, რომლისათვისაც ის აქტიურად ემზადება და ჯერ კიდევ ხუთი წლის წინანდელი ანალიზით 2025-27 წლებში უკვე მზად უნდა ყოფილიყო/არის ის ომისათვის. ტაივანის დაკავების შემთხვევაში ჩინეთს აღარ ექნება არავითარი ფიზიკური კუნძულოვანი ბარიერი, რომელიც წყნარ ოკეანეში გადაადგილებაში შეუშლის ხელს.
ჩინეთი აქტიურად აშენებს და ამაგრებს ხელოვნურ კუნძულებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. მისი ერთ-ერთი სამიზნე ფილიპინებისა და ვიეტნამის საზღვაო აკვატორიის მიტაცებაა, რასაც დაჩქარებული წესით ახორციელებს. სანამ დასავლეთი გადაეწყობა ახალ რეალობაზე, ჩინეთი შეეცდება საკუთარი პოზიციების იმგვარად გამაგრებას, რომ მისი შეკავება ძალიან რთული იყოს.
ჩინეთს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: შეუძლია დაძრას კორეის საკითხიც. მისი წაქეზებით ჩრდილოეთ კორეის მხრიდან აგრესიის საფრთხის ზრდასთან ერთად დასავლეთის მხრიდან ფოკუსის რამდენიმე საკვანძო თემაზე გასწორება კიდევ უფრო გართულდება. ეს კი ჩინეთის მოქმედებას მხოლოდ გაამარტივებს.
ჩინეთს ძალიან შორს მიმავალი გეგმები აქვს აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაშიც. ომის შემდეგ რუსულ-ჩინური ღერძი ნამდვილად არ დაიშლება და პირიქით, გაძლიერდება კიდეც, რადგან ეს ერთგვარ წარმატების ფორმულად იქნება გააზრებული მოსკოვსა და პეკინში. ცხადია, გრძელვადიანად მათ შორის კონფლიქტი გარდაუვალია, მაგრამ ამ ეტაპზე, სანამ სხვები ჰყავთ უფრო მნიშვნელოვან მეტოქეებად, მანამ ერთმანეთთან ყოფნა უფრო მეტად მისაღები იქნება.
 
4. რუსული საბოტაჟები, ულტიმატუმები და ომები - ომისაგან გათავისუფლებული რუსეთი აუცილებლად შეეცდება საბოტაჟების გაძლიერებას ევროპის წინააღმდეგ. ეს საბოტაჟები შეიძლება იყოს როგორც თავდასხმები ინფრასტრუქტურაზე ისე პოლიტიკური პარტიებისა და თუ ჯგუფების დაფინანსება და შიდა ქაოსის გამოწვევა ევროკავშირის შიგნით.
რუსეთი შეეცდება ბელარუსის ანექსია მოახდინოს. არა ომით, არამედ ულტიმატუმით ლუკაშენკასა და მისი მთავრობის მიმართებით.
რუსეთი შეეცდება საკუთარი მთავრობა დასვას სომხეთში. იმავეს იზამს მოლდოვაშიც. არის სიტუაცია ბულგარეთსა და რუმინეთში და გააძლიეროს პრო-რუსული ძალები. წარმატებით თუ არა - გამოჩნდება. ხოლო ყაზახეთში რუსული მოსახლეობის გამოყენება როგორც ყაზახეთზე მაქსიმალური პოლიტიკური კონტროლის მოსაპოვებლად, ჩვეულ ამბად გადაიქცევა. ამას გარდა რუსეთი ყაზახეთს ჩრდილოეთის ტერიტორიებსაც ედავება. ამაზე მედვედევი ჯერ კიდევ 2022 წელს წერდა. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან უშუალო აგრესიაც არაა გამორიცხული.
რუსეთის მიერ უმცირესობების გამოყენება, წაქეზებული დემონსტრაციები და კრიზისი ლატვიასა და ესტონეთში - რიგასა და ნარვაში - სულაც არაა გამორიცხული. ისედაც ჰყავს კრემლს თავისი მომხრეები იქ, პუტინს რომ ეხვეწებოდნენ შემოდი ტანკებით ბალტიისპირეთშიო. გამარჯვების შემთხვევაში არც ეს კრიზისი იქნება გამორიცხული. ზოგადად რუსეთი შეეცდება იჩქაროს და უკრაინაში ომის დასრულების შედეგად მიღებული დაბნეულობით ისარგებლოს.
რუსეთი ბალკანეთს დიდ სიურპრიზს უმზადებს. ბოსნიაში სერბულ და ბოსნიურ ნაწილებს შორის ომის განახლება საკმაოდ რეალისტური ამბავი იქნება. სერბული ნაწილი ისედაც მილიტარიზებული და უკიდურესად პრო-რუსულია.
უშუალოდ სერბეთში კი კოსოვოს კრიზისის დაძვრაც არ იქნება რთული.
 
5. უკრაინა - ამ ომში კიევის ვერ აღებით უკრაინა, როგორც სახელმწიფო უკვე გადარჩა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა თავის უპირველესი ამოცანა სრულად ვერ შეასრულა, მაგრამ რუსეთი მაინც შეეძლება მის სხვაგვარად ან დროში გაწელილად მიღწევას. უკრაინას სჭირდება გარანტიები, რომელსაც აშშ არ იძლევა, ევროპას ჯერ არ აქვს ამის საშუალება. თუმცა უკრაინა გარანტიების გარეშე ნიშნავს, რომ - 1. რუსეთი შეეცდება ომისშემდგომ უკრაინაში შიდა არეულობის გამოწვევასა და თავის სასარგებლო მთავრობის დასმას; 2. ხელახალ მზადებას ახალი ომის/ულტიმატუმისათვის. ახლა უკვე გაუმჯობესებული პოზიციებით. ამიტომ უკრაინას რთული გზის გავლა მოუწევს - ან უნდა იპოვოს ევროპაში ძლიერი სამხედრო-ეკონომიკური მხარდამჭერი ან სულაც ბირთვულ პროგრამაზე დაიწყოს მუშაობა.
 
6. ევროპა - ევროპა დიდი ხანია დგას იმ რეალობის წინაშე რომ ის და მისი წევრები ან უნდა მილიტარიზდნენ და დამოუკიდებლად შეძლონ სამხედრო-პოლიტიკური ღერძის წარმოშობა ან იქცნენ უმნიშვნელო ძალად აშშ-ს ქოლგის ქვეშ. ევროპის ან მისი წევრი სახელმწიფოების მილიტარიზაცია თუკი აშშ-ს წინათ დიდად არ სურდა ახლა ამის მომხრეა. ამის ფაქტობრივი მტკიცებულება ისიცაა რომ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა უკრაინის საკითხზე პასუხისმგებლობის აღება სწორედ ევროპას გადააბარა. ამასთან, ტრამპი ღიად მოუწოდებს ევროპულ სახელმწიფოებს გაზარდონ თავიანთი დაფინანსება. ამ ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ აშშ ნაკლებად ინტერესდება ევროპული სამხედრო-პოლიტიკური თეატრით და სხვა კონტინენტებსა და თუ აუზებზეა გადასული. გაძლიერებული ევროპა ჩვენს ინტერესებშიც შედის.
თუმცა ყველაფერი რაც ზემოთ ითქვა მაინც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი უკრაინაში რუსეთმა ტერიტორიები მართლაც მიითვისა და შემდგომ სამართლებრივად შეინარჩუნა/აღიარება მოიპოვა. მანამდე წინ მიუნხენის კონფერენცია გვაქვს, სადაც დასავლეთის ლიდერები აშშ-ს წარმომადგენლებთან ერთად გაივლიან, რომ რუსეთისათვის მწვანე შუქის ანთებისა და დაშოშმინების პოლიტიკის შემთხვევაში დასავლეთის პოლიტიკურ ინტერესებს დიდი დარტყმა მიადგება. ეს აშშ-ს სენატშიც კარგად უწყიან. ასე რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და ასე მარტივადაც შეიძლება არ იყოს.
 
ჩვენი, ისევე როგორც დასავლეთის ინტერესი რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მარცხია. რუსეთმა უკვე მიიღო ამ ომში რამდენიმე მარცხი: გაფართოვდა ნატო, ვერ აიღო კიევი, კიდევ უფრო შეიარაღდა უკრაინა, გადაიარაღება დაიწყო აღმოსავლეთ ევროპამ და რუსული ეკონომიკა დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. მაგრამ ეს რთულად გადაწონის იმ შესაძლო რეალობას, რომელიც იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს, თუკი რუსეთმა ანექსირებული ტერიტორიების აღიარება მიიღო ხოლო უკრაინა გარანტიების გარეშე დარჩა.
 
ასისტენტ-პროფესორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 2016-2020 წლებში მოწვეული ლექტორი. უფროსი მკვლევარი საგარეო პოლიტიკის საბჭოში (FPC). 2020-2022 წლებში საერთაშორიო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი. 2022 წლიდან პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი. 
DSC_9793
analytics
„ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის თამაშები რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ“ - ინტერვიუ ზატულინთან

სომხეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გთავაზობთ «Московский комсомолец» (რუსეთი)-ის ინტერვიუს რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინთან.

– სომხეთი, როგორც ჩანს, პოლიტიკური რეპრესიებისა და შპიონომანიის ბნელ ეპოქაში შედის.
სამართალდამცავი სტრუქტურები აცხადებენ, რომ გამოვლენილია ფართომასშტაბიანი შეთქმულება, რომლის მიზანი იყო ფაშინიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. ამ შეთქმულებაში, ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და ყოფილი პრეზიდენტების გარდა, თითქოს მონაწილეობდნენ ეკლესიის მაღალი იერარქები და მსხვილი ბიზნესმენები. საქმე იქამდე მივიდა, რომ ფაშინიანის მმართველობამ შეეცადა აიკრა ეტჩმიაძინის კათოლიკოსის რეზიდენცია, რათა დაეპატიმრებინათ არქიეპისკოპოსი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ფიგურირებდა ამ საქმეში. – რატომ სჭირდება ფაშინიანს ეს ყველაფერი?

– ფაშინიანმა იგრძნო, რომ იმ ჩიხში, რომელშიც ის მიაქანებს სომხეთსა და სომეხ ხალხს, უკვე საჭიროა ახალი მსხვერპლი.
სომეხი ერის ცნობიერების გადატრიალება, თანამშრომლობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან, რუსეთის უარყოფა და სომხეთის დასავლეთზე ორიენტაცია – ამ ყველაფერს ძალიან მაღალი ფასი აქვს და ის თანდათან იზრდება. ამისთვის საჭიროა დათმო ტრადიციული ურთიერთობები რუსეთთან – როგორც სომეხთა ისტორიულ მფარველთან, დათმო სომხეთის გმირული წარსული და არმენული გენოციდის მეხსიერება. ფაშინიანის გეგმით, საჭიროა უარი ტრადიციულ სარწმუნოებაზეც, პატივისცემაზე სომხური სამოციქულო ეკლესიისადმი.

მისი აზრით, ასე უნდა „გადავარჩინოთ“ სომხები ძველი წარმოდგენებისგან სიკეთესა და ბოროტებაზე და გადავიყვანოთ სომხეთი იმ ბანაკში, რომელიც რუსეთის მოწინააღმდეგედ მიიჩნევა. თუმცა, მაგალითად, საბერძნეთი წარმატებით თანაარსებობს დასავლეთთან თავისი მართლმადიდებლური იდენტობის დაკარგვის გარეშე.

ჩემი აზრით, ფაშინიანს თან სდევს დევნის მანია – რაც არ არის გასაკვირი, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მას ჩაუდენია. ადამიანი, რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა საკუთარ ერს, ბუნებრივია, ღელავს საკუთარ მომავალზე. სწორედ ამიტომ ის ცდილობს პრევენციული დარტყმებით გაანეიტრალოს ყველა, ვისაც საფრთხედ აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ისინი რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობენ. მისთვის რუსეთი ყოველთვის და ყველაფერში დამნაშავეა.

ამავე ლოგიკით, ის ყველა თავის მოწინააღმდეგეს „მარიონეტად“ აცხადებს. ადრე ასე მოიხსენიებდა კოჩარიანსა და სარგსიანს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ფაშინიანის ეკლესიაზე თავდასხმები გააკრიტიკა მისმა ყოფილმა მენტორმა – პირველმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა და შეხვდა კათოლიკოსს, ფაშინიანმა მაშინვე გამოაცხადა, რომ ტერ-პეტროსიანიც მარიონეტია. ვის მარიონეტებზეა საუბარი – აშკარად რუსების, თუმცა იმის მტკიცება, რომ ტერ-პეტროსიანი კრემლის აგენტია, ცოტა არ იყოს, ფანტაზიის სფეროდანაა.

მთელი ეს პროცესები, სინამდვილეში, დაკავშირებულია მომავალი წლის (2026) ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან.

– აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ფაშინიანს მისი ოპონენტების შესახებ კომპრომატებით ამარაგებენ უცხოური სპეცსამსახურები – დასავლური ან თურქული. რამდენად რეალურია ეს?

– დასავლეთმა და თურქეთმა ფაშინიანი დიდი ხანია საკუთარ კლიენტად აღიქვეს. ის არასდროს მალავდა თავის შეხედულებებს. ჯერ კიდევ 10 წლის წინ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „დავივიწყოთ გმირული“, რომელშიც ითხოვდა სომხეთის გამოყოფას რუსეთისგან, გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის გაუქმებას და ჰეროიზმის იდეის მოცილებას სომხური პოლიტიკიდან.

მას მიაჩნდა, რომ არმენული გენიალური წარსული – მეხსიერება დიდი სომხეთის, სპარსული, რომაული და ბიზანტიური ეპოქების შესახებ – სომხეთს მხოლოდ ჩიხში აქცევს. ის კი არ სჯერდებოდა გენოციდის მეხსიერებას – მას ხელს უშლის „დღევანდელობაში“.

უნდა ვაღიაროთ: ფაშინიანი თავისი ღალატის გზაზე მტკიცედ დგას. ბუნებრივია, ასეთმა პერსონამ უკვე მაშინ მიიპყრო მათ ყურადღება, ვისაც სჭირდებოდა იდეოლოგიური ინსტრუმენტი რეგიონში.

საინტერესოა, რომ დღეს ფაშინიანის კავშირებზე უცხოურ სპეცსამსახურებთან ხმამაღლა სწორედ აზერბაიჯანული მედია საუბრობს. თითქოს ასე ურჩევნიათ: „თუ მას ამარაგებენ MI6, CIA ან თურქული მიტი – ე.ი. რაღაცას იციან, აბა, ტყუილად ხომ არ ილაპარაკებდნენ!“

– ფაშინიანი წმენდს ოპოზიციას მომავალ არჩევნებამდე?

– აბსოლუტურად. ის კარგად იცის, რომ „მოტოციკლი დგება მხოლოდ მაშინ, როცა მიდის“. როგორც კი გაჩერდება – დაეცემა. ფაშინიანს გამარჯვება სჭირდება, სხვა შემთხვევაში მას სხვადასხვა ბედი ელის – ან გაქცევა, ან რეპრესიების გაგრძელება და კრიზისების დამყარება.

მაგრამ დაპატიმრებულების ნაცვლად ახალი ოპონენტები მოდიან. ეს პროცესი არ დასრულდება. აქ კითხვები ფაშინიანს კი არა, სომხეთის ამომრჩეველს და დიასპორას უნდა დაესვას.

– მართლაც გაჩნდა იმედგაცრუება რუსეთში, როგორც მოკავშირეში, თუ ეს მხოლოდ ფაშინიანის პროპაგანდის შედეგია?

– 2020 წლის ომის დროს და შემდეგ რუსეთმა ხშირად ამბობდა: „არ შეგვიძლია ვიყოთ უფრო სომხები, ვიდრე თავად სომხები“. ფაშინიანის მთავრობა არჩეულია იმავე პარლამენტის მიერ, რომელიც სომხურმა ხალხმა აირჩია. შესაბამისად, რაც ხდება – სომხეთის არჩევანია.

აქტიური ჩარევა იმ პერიოდში ნიშნავდა რუსეთის ჩათრევას ახალ, კავკასიურ კონფლიქტში, რაც აბსოლუტურად არ გვეხერხებოდა უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე.

მთელი ეს ისტორია მეტია, ვიდრე რუსეთ-სომხეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა – ეს არის რუს და სომეხ ხალხებს შორის კავშირი. მანამდე ყველა სომეხს, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობდა, ჰქონდა განცდა, რომ რუსეთი – ეს არის ის ძალა, რომელმაც მათი ერი გენოციდისგან იხსნა.

შეახსენეთ, რამ გამოიწვია გენოციდი 1915 წელს? ოსმალებმა შიშით, რომ სომხები რუსეთის მხარეს აღმოჩნდებოდნენ, ჯერ სამხედროები გაწყვიტეს, შემდეგ – ინტელიგენცია და ბოლოს – უბრალო გლეხები. ეს ისტორია სომხებისთვის ტკივილია, მაგრამ ვალდებულებაა რუსეთისთვისაც – გვსურს ეს თუ არა.

ფაშინიანი ცდილობს ეს ყველაფერი მოსპოს და რუსეთის პასუხისმგებლობად წარმოადგინოს როგორც 2020, ასევე 2023 წლების წარუმატებლობები. 120 ათასი სომეხი გააძევეს ყარაბაღიდან, მაგრამ ფაშინიანისთვის ისინი არასასურველი ხალხია – ვერ იტანენ მის რეჟიმს. ის კი ცდილობს მათი მარგინალიზებას. მაგრამ დასმული კითხვაა: თქვენ რატომ არ დაიცავით თქვენი თანამემამულეები?

– რატომ არ გაუმჯობესდა რუსეთის ურთიერთობა აზერბაიჯანთან, თუ ის აღარ უჭერს მხარს სომხეთს?

– იმიტომ, რომ აზერბაიჯანს ჩვენ აღარ ვჭირდებით. მას სჭირდება განსაკუთრებული ურთიერთობა თურქეთთან, ისრაელთან, ბრიტანეთთან. ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან კარგია, მაგრამ უკვე მეორე პლანზეა. ამიტომ ბაქო ეძებს მიზეზებს, რატომ არ ეთანხმება რუსეთს – ხან ზელენსკის ეხუტება, ხან უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები აქვს. ჩვენ კი ეს თითქოს არც გვესმის.

ამ დროს მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ფაშინიანმა და ალიევმა ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას დასავლურ არენაზე – ყველაზე უკეთ აშშ-ში, რომ ტრამპი კვლავ იქცეს „მშვიდობისმყოფელად“ და აიღოს ნობელი.

სუბიექტური მიზეზი თავად ილჰამ ალიევია – გამარჯვებული, რომელიც დღეს ქედმაღლობით სუნთქავს. მისი დამოკიდებულება რუსეთთან დაძაბულობაში შედის, თუმცა ამას თავიდან აიცილებდა.

მისი ქმედებები ეჭვს იწვევს. ილჰამი – ეს არის პოლიტიკოსი ევროპულ კოსტიუმში და აზიური ქცევებით. რომელი ასპარეზით არ ჰგავს ფაშინიანს? ორივენი არბევენ ეკლესიებს, ამტკიცებენ, რომ არ ყოფილა სომხური ეკლესია ყარაბაღში – თითქოს იქ მხოლოდ „ალბანური მონასტრები“ იყო.

ცნობისათვის:
ამარასი – IV საუკუნეში დაფუძნებული სომხური მონასტერი.
დადივანკი – XII–XIII საუკუნეების სომხური მონასტერი.
განძასარი – X–XIII საუკუნეების სომხური მონასტერი.

წარმოიდგინეთ, ვიღაც გამოვა და იტყვის, რომ კრემლი – იტალიური კულტურის ძეგლია. ასე შეიძლება ღირსეული მშვიდობა ააშენო? – არა. ეს იქნება მშვიდობა სომხეთის სრული დამცირების ფასად.

დღეს ფაშინიანი ამ გზით მიდის. კარაპეტიანის საქმე ეკლესიასთან ერთად გაჩნდა იმ ფონზე, როცა ფაშინიანი პირველად ათწლეულებში ჩავიდა თურქეთში და იქ განაცხადა: „მშვენიერია, რომ სომხეთი გახდება მსოფლიო გზაჯვარედინი“.

ადრე ის ამტკიცებდა, თითქოს ზანგეზურის კორიდორი რუსეთს სურდა. სინამდვილეში, ამას ყოველთვის თურქეთი და აზერბაიჯანი მოითხოვდნენ – „დიდი თურქული სამყაროს“ იდეისთვის. და ახლა ფაშინიანმა აღიარა, რომ ის მათ ხელს უწყობს.

თუ ის დიდხანს დარჩება, სომხეთი გახდება მორიგი ახლოაღმოსავლური ქვეყანა – საკუთარი ისტორიისა და იდენტობის გარეშე.
და ეს იმ ქვეყანაში, რომელმაც პირველმა მიიღო ქრისტიანობა – 301 წელს, ვერც ბიზანტიამ და ვერც საქართველომ ვერ დაასწრეს. ფაშინიანი კი ამბობს, რომ სომხური ეკლესია „ვიზანტიის დროიდან უცხო აგენტია“. ის ეკლესია, რომელმაც მრავალი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნა სომეხი ერის იდენტობა სახელმწიფოს გარეშე.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way