ყოველ კვირას საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს რა სახელმწიფო ქონება გადასცეს პირდაპირი პრივატიზაციის წესით ამა თუ იმ კომპანიას ან ფიზიკურ პირს. ამ გადაწყვეტილებებზე მიღებული განკარგულებები უკვე მესამე წელია კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ ქვეყნდება, რის გამოც უცნობია, ქონება ვინ რა პირობებით დაისაკუთრა ან რა შეღავათებს უწესებს მთავრობა. სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კორუფციის მაღალი რისკის მატარებელია, ამიტომაც ამ სფეროში გაუმჭვირვალობა დაუშვებელია.
2023 წლის დეკემბერში მთავრობის სხდომებზე განსახილველი 32 საკითხიდან 14 სახელმწიფო ქონების პრივატიზებას შეეხებოდა, რომელთაგან 6 გარკვეულ კითხვებს აჩენს:
ანონიმური პრივატიზაცია
მთავრობის დღის წესრიგში შეტანილი იყო პრივატიზების ორი გადაწყვეტილება, რომელთა შესახებ არაფერია ცნობილი: არც საპრივატიზებო ქონების აღწერა, არც ქონების მიმღები პირის ვინაობა და არც პირობები.
შპს “სომგოს კომპანია”
4 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები შეუცვალა შპს “სომგოს კომპანიას”, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია. ამ კომპანიას მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს პირდაპირი პრივატიზების გზით, სიმბოლურ ფასად გადასცა 35,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიღნაღში, სასტუმროს აშენების პირობით. სავარაუდოა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება საინვესტიციო ვალდებულებების გადავადებას გულისხმობდა, რისი დეტალებიც უცნობია, რადგან შესაბამისი განკარგულება კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ გასაჯაროვდა.
შპს “გლობალ ენტერპრაიზი”
4 დეკემბერს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გაეტარებინა გარკვეული ღონისძიებები შპს “გლობალ ენტერპრაიზისის” საქმიანობის ხელშესაწყობად. 2018 წელს შპს “გლობალ ენტერპრაიზისმა” სახელმწიფოსგან 15,512 კვ.მ. მიწა და მასზე არსებული 5 შენობა მარილის საწარმოს აშენების პირობით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიიღო. ამასთან, კომპანია დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში-ს“ მიერ. გაურკვეველია ხელშეწყობის რა ღონისძიებების გატარებას აპირებს მთავრობა ამ კომპანიასთან მიმართებაში.
შპს “ნიკორა”
4 დეკემბერს მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები ასევე შეუცვალა შპს “ნიკორას”. საუბარია კომპანიისთვის 2021 წლის 14 დეკემბერს გადაცემულ 8,925 კვ.მ. უძრავ ქონებაზე თბილისში, რომლის საპრივატიზაციო პირობები ასევე უცნობია, რადგან შესაბამისი განკარგულება არც მაშინ გამოქვეყნებულა.
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი
19 დეკემბერს მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები შეუცვალა ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს. 2009 წელს ლაშა პაპაშვილს აბასთუმანში 78,998 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა, სასტუმროს აშენების პირობით. პირობის არშესრულების შემდეგ, მთავრობამ პაპაშვილის ხელშესაწყობად პრივატიზაციის პროექტში ცვლილებები სამჯერ შეიტანა: 2014, 2016 და 2018 წლებში. მთავრობის 2023 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებაც, შესაძლოა, საინვესტიციო ვალდებულებების მორიგ ჯერზე გადახედვას ეხებოდეს, თუმცა ამჯერად დეტალები უცნობია, რადგან მთავრობა შესაბამის დოკუმენტს არ ასაჯაროებს.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/