USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
საელჩოები ითხოვენ: მხარი დაუჭირეთ ყველა ადამიანის უფლებების დაცვას - შეწყვიტეთ დისკრიმინაცია და ძალადობა საქართველოში ლგბტქი+ პირთა მიმართ
Date:  690

მხარი დაუჭირეთ ყველა ადამიანის უფლებების დაცვას - შეწყვიტეთ დისკრიმინაცია და ძალადობა საქართველოში ლგბტქი+ პირთა მიმართ , - ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც აქვეყნებენ საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის საელჩოები, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

განცხადეში, ისინი ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT) კიდევ ერთხელ მიესალმებიან მრავალფეროვნებას და სოლიდარობას უცხადებენ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას. მათ არ აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოში უმცირესობათა უფლებების დასაცავად გაძლიერებულ საზოგადოებრივ მხარდაჭერას – 2015 წლიდან გაორმაგდა მათი რაოდენობა, ვინც აცხადებს, რომ დაცული უნდა იყოს ლგბტქი+ პირთა უფლებები.[1] ასევე მივესალმებით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოხატვის გამო ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვას, რასაც 2014 წლიდან უზრუნველყოფს საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. ჩვენ ვაღიარებთ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ძალისხმევას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად.

თუმცა გვაშფოთებს, რომ ძალისხმევის მიუხედავად, ამ მიმართულებით წინსვლა შეფერხდა. ახლად მიღებული ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტები, კერძოდ, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022−2030 წლებისთვის, საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია და ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია, არ შეიცავს მექანიზმებს ლგბტქი+ პირთა დაცვისა და ჩართულობის გაძლიერებისთვის. ზოგიერთი საჯარო მოხელის, პოლიტიკოსის, მედიისა და სასულიერო პირის მხრიდან სტიგმატიზაცია, დისკრიმინაციული გამონათქვამები და სიძულვილის ენა ხელს უწყობს ლგბტქი+ პირების მეტად შევიწროებას და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. ბოლო წლებში მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარა ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ ძალადობის აშკარად წამქეზებელ და ჩამდენ ადამიანთა უმრავლესობა, მათ შორის, 2021 წლის ივლისის პრაიდ კვირეულის ძალადობრივი ჩაშლის ორგანიზატორები. ეს კიდევ უფრო ზღუდავს ლგბტქი+ პირთა შესაძლებლობას გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრების უფლება.

საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა აძლიერებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უთანასწორობასა და უსამართლობას, რაც აფერხებს საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, საყოველთაოდ დაიცვან ადამიანის უფლებები, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ, იმუშაონ ლგბტქი+ თემებთან და უზრუნველყონ მათთვის ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა შეუსაბამოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. დაიცვას ლგბტქი+ პირთა უფლებები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას, რომელშიც ყველა შეძლებს უსაფრთხოდ და თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ თავთან და ცხოვრების წესთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მხარდამჭერები, ჩვენ მზად ვართ, ქართველ პარტნიორებთან ერთად, განვაგრძოთ მუშაობა ამ მიზნების მისაღწევად”, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა ავრცელებს.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way