USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
თარიღი:  2117

შემდგენელი: მღვდელი აკაკი მეგრელიშვილი
წიგნი, „მწუხრისა და ცისკრის ლოცვათა და წირვის განმარტებანი“,
თბ. 2003

აგიოგრაფია (ჰაგიოგრაფია) – სასულიერო მწერლობის დარგი, ქრისტიან წმინდანთა ცხოვრება-მოღვაწეობის ან მათი მოწამეობრივი აღსასრულის აღწერა.

აგრაფები – მაცხოვრის გამონათქვამები, რომლებიც წმინდა ოთხთავში არ არის ჩაწერილი. „ბევრი სხვაც არის, რაც იესომ მოიმოქმედა, რომელიც დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, რომ თვით ქვეყნიერებაც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს“ (იოანე 21, 25).

 

„ადიდებდითსა“ – საეკლესიო საგალობელი, რომელსაც ღვთისმშობლის გალობა ეწოდება – „და სთქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა“ (ლუკა 1, 46).

ადონაი (ძვ. ებრ. უფალი ჩემი) – ღვთის ერთ-ერთი ბიბლიური სახელი.
ათორმეტი სახარება – სახარების თორმეტი მონაკვეთი, სადაც აღწერილია ქრისტეს ვნება (წამება), იკითხება ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს (საღამოს), და პარასკევს (ცისკრის ჟამს).

აიაზმა – ნაკურთხი წყალი, არის დიდი და მცირე. დიდი აიაზმა: – 1) ნათლისღების დღესასწაულზე ნაკურთხი წყალი, რომელსაც მორწმუნეები მთელი წლის განმავლობაში იყენებენ. 2) ნათლობის საიდუმლოს შესრულების დროს ნაკურთხი წყალი

მცირე აიაზმა – პარაკლისების და სხვა მსახურებათა აღსრულების დროს ნაკურთხი წყალი

აკათისტო (დაუჯდომელი) – სადიდებელი საგალობელი; ლოცვა, რომლის შესრულების დროს მღვდელმსახურები და მრევლი არ უნდა დასხდნენ, არამედ ფეხზე უნდა იდგნენ ან დაიჩოქონ.

„აკურთხევდითსა“ – საეკლესიო საგალობელი. (კანონის) მე-8 გალობის სახელწოდება, რომელიც აღებულია „სამთა ყრმათა დასაწყისი სიტყვების მიხედვით: „აკურთხევდით ყოველი საქმენი უფლისანი“ (დანიელი, წინასწარმეტყველება 57)

აკოლოთია – ლოცვათა კრებული, ზიარების წინ შესასრულებელი კანონ

ალილო – ქართული საგალობელი. სრულდება შობის წინა ღამეს

ალილუია (ძვ. ებრ. „ადიდეთ უფალი“) – დიდება ღვთისა ყველაფრისათვის, ღვთის სადიდებელი შეძახილი, სამგზის წარმოითქმის როგორც ყოვლად წმიდა სამების თითოეული პირისადმი მიმართული სადიდებელი

ამაღლება უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი – დღესასწაული აღინიშნება აღდგომის მე-40 დღეს, როცა მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე ხორცით ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისა (მარკ. 15, 14-19). ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის: იხსენიება ეკლესიის მამებთან (გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვა)

ამბა – მონასტრის წინამღძვარი, „მამის“ შესატყვისი. საქართველოში მე-11 საუკუნიდან ალავერდის ეპისკოპოსის ზედწოდება იყო. ტრადიცია მომდინარეობს ალავერდის მონასტრის პირველი წინამძღვრის, ერთ-ერთი თორმეტთაგანი სირიელი მამის – იოსებისაგან, რომელიც ამბა ალავერდელად იწოდებოდა

ამბიონი – განსაკუთრებული ამაღლებული ადგილი ეკლესიაში. აღსავლის კარის (კანკელის სამი კარიდან შუა კარი) წინ, სადაც იკითხება სახარება, ფსალმუნი, წარმოითქმის ქადაგება და ლოცვები

ამინ – დამამტკიცებელი, დასკვნითი სიტყვა. წარმოთქვამენ ლოცვის, საგალობლის, ქადაგების ბოლოს, საზეიმო ფიცის ან აღთქმის დადების დროს

ანათემა – ეკლესიისაგან განკვეთა, შეჩვენება. ქართულ ეკლესიაში ზოგჯერ იხმარებოდა „შერისხვა“

ანალოგია (ანალოღია) – დახრილი, პატარა მაგიდა, ღვთისმსახურების დროს ხატისა და სახარების დასაბრძანებელი

ანაფორა – 1) მღვდლის განიერი და გრძელი შესამოსი; 2) წირვის დროს დარჩენილი პური და ღვინო, რომელსაც გლახაკებს ურიგებენ

ანგელოზთა გალობა – 1) გალობა, რომელსაც განუწყვეტლივ აღავლენენ ღვთის ტახტს გარშემორტყმულნი სერაფიმები „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ“; 2) გალობა, რომელიც ანგელოზებმა იგალობეს მაცხოვრის შობის ღამეს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება (ლუკა 2, 14)“

ანგელოზთა დასი – იხ. ანგელოზთანი

ანგელოზი (ბერძ. მაცნე) – ღვთის ზეციური მსახური, რომელიც ფლობს ადამიანზე ბევრად აღმატებულ ცოდნას, სიწმინდეს, ძალას, არის სულიერი, უსხეულო არსება

ანტიდორი – სეფისკვერის ნაწილი, რომლიდანაც ამოღებულია ტარიგი. იგი ურიგდება მლოცველებს ზიარების შემდეგ

ანტიფონი – საეკლესიო გალობის ფორმა; ორი გუნდის მონაცვლეობით გალობა

ანფოლოგიონი – წიგნი, რომელიც შეიცავს საეკლესიო დღესასწაულთა, ლოცვათა თანმიმდევრობას.

აპოლოგეტიკა – მოძღვრება, რომელიც ღვთის მიერ გამოცხადებულ ჭეშმარიტებას იცავს ფილოსოფოსთა და მოაზროვნეთა ცრუ სწავლებისაგან

არტოკრასია – პურის კურთხევა.

არტოსი (ბერძნ. პური) – გაფუებული ცომისაგან დამზადებული პური, რომელიც იკურთხება აღდგომის დღეს განსაკუთრებული ლოცვით, მას ინახავენ კანკელის წინ, ანალოღიაზე ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში. პასექის შაბათს იმტვრევა და ურიგდება მორწმუნეებს, როგორც სიწმინდე.
არქიდიაკონი – მთავარ დიაკონის ბერული წოდება იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ბერია.

არქიელი – მღვდელმთავარი.

არქიეპისკოპოსი – მთავარეპისკოპოსი, მაღალი იერარქიის ტიტული, უმეტესად მთავარი ქალაქების ეპისკოპოსები.

არქიერატიკონი (ბერძ. სამღვდელმთავრო) – ლიტურგიის წესების სახელმძღვანელო წიგნი, რომელიც განკუთვნილია მღვდელმთავართათვის. არქიერატიკონი ანუ „სამღვდელმთვარო კონდაკი“, სამღვდელო კონდაკისაგან განსხვავებით, შეიცავს ხელთდასმის („ქიროტონიის“) წესებსაც

არქიმანდრიტი (ბერძ. ზღუდის უფროსი, იგულსხმება მონასტრის ზღუდე, გალავანი) – მართლმადიდებელი ეკლესიის ბერთა უმაღლესი სასულიერო წოდება. რამდენიმე მონასტრის წინაძღვრის, ზედამხედველის ტიტული

არწივი – იხ. სამღვდელმთავრო არწივი

ასამაღლებელი – სამების სადიდებელი ლოცვათა ბოლო ნაწილი, რომელსაც საზეიმო კილოთი ხმამაღლა წარმოთქვამს მღვდელი

ასკეტიზმი (ბერძ. ასკეტის – გმირობა, ვარჯიში) – განდეგილობა, ხორცის გვემა, ცხოვრების სიამეთა უარყოფა, მორწმუნის პირადი ცხოვრების ძირითადი კანონი

აქსიოს (ბერძ. ღირსი) – ეპისკოპოსისა და მღვდლების, ზოგჯერ კი დიაკვნის ქიროტონიის დროს სამღვდელოთა და მრევლის შეძახილი, რომლითაც ისინი გამოხატავენ დასტურს, რომ საკურთხებელი პიროვნება გამოირჩევა თავისი წმინდა, შეურყვნელი ცხოვრებით და ღირსია ხელდასხმის.

აღაპი (ბერძ. სიყვარული, ქრისტიანთა ძმური ტრაპეზი) – რიტუალი, რომელიც ძველად მიცვალებულის მოსახსენიებლად ეწყობოდა. საქართველოში მას თან ახლდა წირვა და ზოგჯერ პანაშვიდი. სააღაპო ტრაპეზზე უნდა შეესვათ ღვინო მიცვალებულის ცოდვების შესანდობლად, ხოლო წირვისას მოეხსენებინათ მისი სახელი.

აღდგომა – ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული „ოდეს ყოველი ხარობს, რამეთუ აღსდგა ქრისტე“. მოძრავია და აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ სავსე მთვარის მომდევნო კვირა დღეს, ებრაული პასექის სწორს, მას წინ უსწრებს დიდმარხვა, რომელიც მორწმუნეებს აღდგომის შესახვედრად ამზადებს. აღდომის დღესასწაული გრძელდება ერთ კვირას (ბრწყინვალე შვიდეული) ახალ კვირამდე (კვირაცხოვლობა). სააღდგომო კვერცხებს წითლად ღებავენ (წითელი ფერი ქრისტეს მიერ ადამიანთა კეთილდღეობისათვის დაღვრილი სისხლის მოსაგონია, კვერცხი კი მარადიული სიცოცხლის სიმბოლო), აღდგომის აღნიშვნის დღე დაადგინა ნიკეის საეკლესიო კრებამ (325 წ.) სააღდგომო საგალობლების უმეტესი ნაწილი იოანე დამასკელს ეკუთვნის.

აღვივსენითი“, „აღვივსენი“ – მცირე ფორმის საეკლესიო საგალობელი, რომელსაც გალობენ ფსალმუნის გალობასთან ერთად, ცისკრის ღვთისმსახურებაზე. სახელწოდება აღებულია 89-ე ფსალმუნის მე-14 მუხლის დასაწყისი სიტყვის მიხედვით: „აღვივსენით ჩუენ ცისკარსა, წყალობითა შენითა, უფალო“.

აღსავალთა გალობა – ცისკრის ლოცვის წინარე მუხლი რვა ხმისათვის, აღსავლები, ანტიფონი წირვის პირველი სამი საგალობელია.
აღსავლის კარი – ტაძრის კანკელის შუა კარები.

აღსარება – ერთ-ერთი შვიდ საიდუმლოთაგანი, რომლის დროსაც მორწმუნე უფლის წინაშე აღიარებს და ინანიებს თავის ცოდვებს, ხოლო მღვდელი უფლის სახელით შეუნდობს მას.

აღსაყდრება (ინტრონიზაცია) – პატრიარქის კურთხევის ცერემონია.

ახალი აღთქმა – საღვთო წიგნების კრებული, ბიბლიის ნაწილი, რომელშიც წარმოდგენილია იესო ქრისტეს ცხოვრება და მოძღვრება. ახალი აღთქმის წიგნების (სულ 27) პირველი ნაწილია „ოთხთავი“ ანუ ოთხი სახარება: მათესაგან, მარკოზისაგან, ლუკასაგან და იოანესაგან. მას მოსდევს „საქმე მოციქულთა“, „კათოლიკე ეპისტოლენი“ (სულ 7), „ეპისტოლენი წმიდისა მოციქულისა პავლესნი“ (სულ 4) და „გამოცხადება იოანესი“ ანუ „აპოკალიფსისი“.

ახალი ისრაელი – მართლმადიდებელი ეკლესია.

ბაზილიკა – მოგრძო, ნავისებრი ფორმის ტაძარი, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს ნავს ცხოვრების ზღვაში, რომლის მესაჭეც არის იესო ქრისტე და მისი საშუალებით შეგვიძლია გავცუროთ ზღვა და მივიდეთ სამშვიდობო ნავსადგურში, ე.ი. სასუფეველში

ბაია – პალმის რტო.

ბაიაობა – იხ. ბზობა

ბაირაღი – ეკლესიის წმიდა დროშა, რომელიც გამოიყენება დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ჯვრით მსვლელობის დროს. ის აღნიშნავს მართლმადიდებლობის ამ ქვეყანაზე გამარჯვებას

ბაპტისტერიუმი (ბერძ. ნათლობა) – განსაკუთრებული შენობა, ნათლობის საიდუმლოს ჩასატარებლად, სადაც მოწყობილია ემბაზი

ბარტყულა (კუნკული) – მონაზვნის თავსაბურავი

ბარძიმი – ძვირფასი ლითონისაგან (ოქრო, ვერცხლი) დამზადებული მაღალფეხიანი სასმისი, რომელშიც ღმრთისმსახურების დროს ღვინო გარდაიქმნება ქრისტეს სისხლად. ბარძიმიდან ხდება ზიარება

ბასილი დიდის წირვა – საღვთო ლიტურგიას ძველ დროში სხვადასხვანაირად ასრულებდნენ. ის ხშირად მთელ ღამეს გრძელდებოდა, ამიტომ ქალაქ კესარიის მთავარეპისკოპოსმა, წმ. ბასილი დიდმა, შეადგინა საყოველთაო წირვის სახელმძღვანელო, შემდეგ იგი შეამოკლა წმინდა იოანე ოქროპირმა. დღეს ხმარებაშია უმეტესწილად იოანე ოქროპირის ლიტურგია. ბასილი დიდის წირვა წელიწადში 10-ჯერ სრულდება: დიდმარხვის 1-5 კვირებში, ქრისტეშობის ან მის წინა დღეს, ბასილი დიდის ხსენების დღეს, ნათლისღების ან მის წინა დღეს, დიდ ხუთშაბათს და დიდ შაბათს.

ბაღდადი – მეწამული ფერის ოთხკუთხა ნაჭერი, იხმარება ზიარების შემდეგ ბაგეს მოსაწმენდად.

ბერ-მონაზვნობა (ბერძ. „მონახოს“ – კენტად მცხოვრები, განდეგილი) – წუთისოფლისაგან განდგომა, ცხოვრების გატარება საკუთარი ნების უარყოფაში, ლოცვაში, მარხვაში და მუდმივად ღმერთზე ფიქრში. ბერ-მონაზვნულ ცხოვრებას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ მე-3 საუკუნეში, რომელიც განვითარდა მე-4 საუკუნეში. მის ფუძემდებლად ითვლება წმ. ანტონი დიდი.

ბზობა (ბაიაობა), ბზობის კვირა – ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში (უკანასკნელი კვირა აღდგომის წინ). ერთი ათორმეტი საუფლო დღესასწაულთაგანი. დამკვიდრებულია მე-4 საუკუნიდან. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გადმოცემულია იესო ქრისტეს იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე დასასწრებად შესვლა. მოსახლეობა იესოს ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი – პალმის ტოტს – ბაიას უფენდა, თან ოსანას შესძახოდნენ.

ბისონი – 1) ძვირფასი, რბილი, თხელი ქსოვილი მეწამული მოყვითალო ფერის. 2) ამავე ქსოვილისაგან დამზადებული მდიდრული სამოსი. 3) ეპისკოპოსის შესამოსელი. სიმბოლურად აღნიშნავს იმ სამოსელს, რომლითაც იესო შემოსეს განსჯის დროს.

გადმოცემა წმიდა – მაცხოვრისა და მოციქულების მიერ ზეპირად გადმოცემული სწავლება, რომლებიც მოგვიანებით იქნა ჩაწერილი. ის შეიცავს: 1) უძველესი ადგილობრივი ეკლესიების სარწმუნოების სიმბოლოს; 2) „მოციქულთა წესებს“, რომელიც მიიღო კანონიკურად მართლმადიდებელმა ეკლესიამ; 3) მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა დადგენილებებს, რომელთა ავტორიტეტი აღიარებულ იქნა VI მსოფლიო კრებაზე; 4) წმიდა მამათა მიერ ჩამოყალიბებულ ხიმბოლოებს; 5) მსოფლიო და ადგილობრივი კრებების გადაწყვეტილებებს; 6) პირველ ლიტურგიებს, რომელთა წარმოშობა ეკუთვნით მოციქულებს; 7) პირველ წმინდანთა მარტვილობას, რომელიც შედგენილია თვითმხილველთა მიერ; და სხვა.

განბანვა – ნათლობისა და მირონცხების შემდეგ მირონის მოწმენდა წყლით. პირველ საუკუნეებში სრულდებოდა მირონცხების შემდეგ მე-8 დღეს. თანამედროვე პრაქტიკაში სრულდება იმავე დღეს

განდეგილობა – ბერ-მონაზვნური ცხოვრების განსაკუთრებული წესი, განმარტოებით დაყუდება აღმატებული მარხვისა და ლოცვისათვის.

„განიცადე“ – გალობა, რომელიც სრულდება ღვთისმსახურთა ზიარების დროს და წარმოადგენს ჟამის წირვის ბოლო ნაწილს, სახელწოდება მოდის ფსალმუნისაგან: „განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი“

განკვეთა – ერესის გამო ეკლესიიდან გაძევება.

განკითხვის დღე – ქვეყნის აღსასრული, ღვთის საშინელი სამსჯავრო, რომელზეც გადაწყდება ცოდვილთა და მართალთა საბოლოო ბედი. პირველნი ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩაიყრებიან, მეორენი კი – ნეტართა სასუფეველში მოხვდებიან.

„განმანათლებელი“ – ცისკრის ლოცვაზე მე-9 ძლიპირის გალობის შემდეგ წასაკითხი სამმუხლიანი ლოცვა

განტევება – კურთხევით პატიება შეცოდების

„განძლიერდასა“ – საგალობლის (კანონის) მე-3 გალობა, სახელწოდება აღებულია ბიბლიური ანას გალობის დასაწყისის მიხედვით: „განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიერ“ (1 მეფეთა 2, 1)

გაპატიოსნება – მიცვალებულისათვის ყველა საჭირო წესის აღსრულება, პატივის დადება, დასაკრძალავად მომზადება, შემოსვა, წესის აგება

გარდამავალი დღესასწაულები – 13 საეკლესიო დღესასწაული, გამოითვლება არა რიცხვით, არამედ სხვა დიდი დღესასწაულების მიხედვით. მაგ. შიო მღვიმელის (ყველიერის ხუშთაბათი), გამოცხადება ივერიის ღვთისმშობლის ხატისა (ბრწყინვალე სამშაბათს) და სხვ.

გარდაცვალება – სულის გამოსვლა სხეულიდან, რომლის შედეგად სხეული მიწისაგან შექმნილი „მიწად მიიქცევა“, ხოლო სული განაგრძობს არსებობას და წარსდგება ღვთის წინაშე

გარდამოხსნა (მოხსნა, ჩამოღება) – 1) ქრისტეს ჩამოღება ჯვრიდან. 2) ქსოვილი, რომელზეც გამოსახულია მაცხოვრის ცხედარი. 3) მსახურება, რომელიც აღესრულება დიდ პარასკევს.

გერი – ასე ეწოდება მიბაძვით გალობებს, სტიქრონებს, რომელთაც უმთავრესად საკუთარი მელოდია აქვთ

გვერდნი („გუერდი“) – ჰიმნოგრაფიული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს პლაგალურ ე.ი. დამატებით ხმას, ძირითადი ხმებისაგან განსხვავებით

გვირგვინი – ქორწინების საიდუმლოში გვირგვინის თავზე დადგმა ნიშნავს მეუღლეების მიერ ვნებებზე გამარჯვებას და მათ მიერ ქორწინებამდე კეთილსინდისიერად განვლილი ცხოვრებისათვის მინიჭებულ ჯილდოს (იხ. ქორწინება)

გინგილა – დიაკონის შესამოსელის ნაწილი. მხარზე გადასაკიდი გრძელი ვიწრო ბაფთი. სიმბოლურად ნიშნავს ანგელოზთა არანივთიერ ფრთას

„გიხაროდენი“ – ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საგალობელი. სახელწოდება მოდის გაბრიელ მთავარანგელოზის მიერ მარიამ ღვთისმშობლისადმი ხარების დროს წარმოთქმული მიმართვის დასაწყისი სიტყვებიდან: „გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა“ (ლუკა 1, 28)

გულანი – საეკლესიო წიგნების კრებული, რომელშიც თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები: სახარება, საქმე მოციქულთა, მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის საგალობლები, მარხვანი, ზატიკი, საწინასწარმეტყველო, ფსალმუნნი, ჟამნი, სვინაქსი, ტიპიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხავები და სხვა. გულანი ორიგინალური ქართული კრებულია და არც ერთ სხვა ეკლესიას არ აქვს.

დავითნი – დავით მეფის მიერ დაწერილი საგალობლების ანუ ფსალმუნების კრებული

დაისის ლოცვა – მწუხრის ლოცვა.

დალოცვა – მღვდელმსახურისაგან ლოცვის მიღება

დასდებელი – ლოცვების კრებული, ცალკეული ვრცელი ლოცვების ბოლოს ჩასართავი (მუხლებში), აგრეთვე ეწოდება ამა თუ იმ საეკლესიო დღესასწაულის წირვათა მთელ საგალობელ მასალას

დასნი ანგელოზთანი – ანგელოზთა ციური კრებული. იყოფა სამ იერარქიულ საფეხურად, ხოლო თითოეული მათგანი იყოფა სამ დასად ანუ მხედრობად, უმაღლესი იერარქია – სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი. საშუალო იერარქია – უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი. დაბალი იერარქია – მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი

დაუჯდომელი – იხ. აკათისტო

დაფარნა – საგანგებოდ გამოჭრილი და შეკერილი გადასაფარებელი. დაფარნა სამია: ერთი დიდი და ორი პატარა – პატარებით იბურება ბარძიმი და ფეშხუმი ცალ-ცალკე, დიდით – ორივე ერთად. დაფარნა სიმბოლურად აღნიშნავს სახვევლებს, რომელშიც ღვთისმშობელმა შეახვია ახალშობილი ქრისტე და სუდრებს, რომელშიც შეგრაგნეს მიცვალებული ქრისტე.

დაყუდებული – ბერები, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში იკეტებოდნენ გამოქვაბულებში ან კელიებში, თავს უძღვნიდნენ ღვთისადმი ლოცვას და ადამიანურ ვნებებთან ბრძოლას.

დეკანოზი – 1) საეკლესიო იერარქიაში – უფროსი მღვდელი. ტაძრის წინამძღვარი. დიდ ეკლესიებში დეკანოზს ზოგჯერ ცალკე სამმართველო – „სადეკანოზო“ ებარა. 2) ქართულ მონასტრებში – მღვდლებისა და მგალობლების უფროსი, მონასტრის წინამძღვრის შემდგომ მეორე პირი. მისი თანაშემწე მღვდელმსახურებაში. 3) აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ხატის მსახური, რომელიც სახატო რიტუალს ასრულებდა და ხატის ქონებას განაგებდა (წარმართული გადმონაშთი).

დიაკონი – სამღვდელმსახურო იერარქიის ქვედა საფეხურის წევრი, მოძღვრის თანაშემწე, რომელიც მას ეხმარება ღვთისმსახურების წესების შესრულებაში.

დიდება – ღვთის სადიდებელი შეძახილი.

დიდება მაღალიანი“ – საცისკრო ლოცვის საგალობელი, რომელიც იწყება სიტყვით „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“

დიდი აიაზმა – იხ. აიაზმა.

დიდი ოთხშაბათი – იუდას მიერ მაცხოვრის გაცემის დღე

დიდი სქემა – იხ. სქემა.

დიდი შაბათი – იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღე. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით იმყოფებოდა საფლავში, ხოლო სულით ჩაბრძანდა ჯოჯოხეთში, მართალთა სულების ამოსაყვანად. შაბათს შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი.

დიდი ხუთშაბათი – ქრისტეს უკანასკნელი სერობის (ვახშმის, სამხრობის) დღე, როდესაც მან მოწაფეებისადმი სუფრა გააწყო, რომელსაც 12 მოციქული შემოუსხდა. მოძღვარმა მათ ჯერ სათითაოდ დაბანა ფეხები, შემდეგ პური გაუტეხა. გაუწოდა მოციქულებს და უთხრა: „ეს არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა“, შემდეგ ღვინო მიაწოდა: „ეს არის სისხლი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა“. ასე აღესრულა პირველი ზიარება.

დიკასტერია – ოლქი იმ მიტროპოლიტისა, რომელიც, თვით პატრიარქს ექვემდებარება, მაგრამ თავის მხრივ განაგებს ზოგიერთ ეპარქიებს თავისი არქიეპისკოპოსებით, ეპისკოპოსებით და განსჯის მათ პატრიარქისგან მინიჭებული უფლებების მიხედვით.

დიკირი – ორსანთელა, გამოიყენება სამღვდელმთავრო მსახურების დროს, სიმბოლურად აღნიშნავს მაცხოვრის ორბუნებოვნებას.

დიოფიზიტობა – მართლმადიდებლობის ერთ-ერთი ძირითადი დოგმატი, რომელიც ცნობს ქრისტეში განსხვავებული და თანაბარი, შეურეველი და განუყოფელი ორი ბუნების ღვთაებრივისა და ადამიანურის არსებობას.

დიპტიხი – მოსახსენებელი წიგნი. გამოიყენება მოციქულთა დროიდან. ფართო გავრცელება ეკლესიებში ჰპოვა მე-4 საუკუნიდან. დიპტიხში მოხსენიება ითვლებოდა დიდ პატივად. მასში შედიოდნენ მხოლოდ წმინდა ცხოვრების წესით განსაკუთრებულად გამორჩეული ადამიანები. დიპტიხები იყოფა: 1) ნათლობის; 2) ცოცხალთა; 3) წმინდანთა ანუ მარტიტოლოგები; 4) მიცვალებულთა, რომელშიც პირველად შედის ეპისკოპოსთა, სამღვდელოთა და ბოლოს, ერისკაცთა სახელები. ეხლა არსებობს დიპტიხების ორი სახეობა საერო ანუ საეკლესიო და კერძო (მოსახსენებელი) (იხ. მოსახსენებელი). პირველი გამოიყენება მონასტრებსა და ეკლესიებში და მასში შედის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიების მამათმთავართა სახელები. მეორე გამოიყენება ყოველ მართლმადიდებელ ოჯახში.

დოგმატიკური ღვთისმეტყველება – ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლების სისტემური გადმოცემა. დოგმატური ღვთისმეტყველება ჩამოყალიბდა იუდაიზმისა და მწვალებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ქრისტიანული სარწმუნოების დაცვისა და განმტკიცების მიზნით.

ეგზარქოსი (ბერძ. – „თავი უფროსი“) – 1) ძვ. ბერძენთა ქურუმთუფროსი; 2) ბიზანტიაში ბარბაროსთაგან წართმეული, ოლქის მმართველი; 3) ბიზანტიაში ეკლესიის ეპისკოპოსი (III ს-მდე); 4) მართლმადიდებლური ეგზარქატის თავი; 5) ეგზარქატი – მართლმადიდებელი ეკლესიის ოლქი, რამდენიმე ეპარქიის გამაერთიანებელი, რომლის უფროსი – ეგზარქოსი ემორჩილება პატრიარქს.

ეგზეგეტიკა – ღვთისმეტყველების დარგი, რომლის მიზანია საღმრთო წერილის – ბიბლიის ახსნა-განმარტება.

ეგზორცისტი – საეკლესიო ლოცვებით ეშმაკთა და ბოროტ სულთა განმდევნელი.

ეგუტერი (ეკვდერი) – რომელიმე წმინდანის სახელზე, ეკლესიაზე მიშენებული მცირე სამლოცველო.

ედემი (ნეტარება, სიტკბოება) – ღმერთის მიერ ადამიანისათვის შექმნილი წალკოტი – ედემის ბაღი, სადაც ადამიანი ყოველგვარ გასაჭირს, ავადმყოფობის
და სიბერის გარეშე ცხოვრობდა სრულ ნეტარებაში.
ევანგელია – ხარება, კეთილი სასიხარულო ამბავი. ევანგელია შედგება ოთხი წიგნისაგან: მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებისაგან.

ევლოგია (ბერძ. – დალოცვა) – სეფისკვერი, რომელიც ურიგდება მორწმუნეებს ეკლესიაში, წირვის დამთავრების შემდეგ.

ევქარისტია (ბერძ. – მადლობა) – ზიარება, ქრისტიანული ეკლესიის ერთი შვიდ საიდუმლოთაგანი – მორწმუნის მიერ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღება. საგანგებო ღვთისმსახურების წირვის (იხ. ლიტურგია) დროს, პური და ღვინო ქრისტეს ხორცად და სისხლად იქცევა, რომლის მიღებით მორწმუნე ქრისტეს სიწმინდეს ეზიარება და ცოდვებისაგან იწმინდება.

ეკლესია – ღმერთის მიერ დადგენილი ადამიანთა საზოგადოება, რომელსაც აერთიანებს მართლმადიდებლური რწმენა. ეკლესიას განეკუთვნებიან არა მარტო ცოცხალი მართლმადიდებელი ქრისტიანები, არამედ გარდაცვლილებიც, რომლებიც ჭეშმარიტ რწმენაში და სიწმინდეში იყვნენ. მოციქული პავლე გვამცნობს: „თქვენ მიეახლეთ სიონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს ზეციურ იერუსალიმს და აურაცხელ ანგელოზების კრებულს და პირმშოთა ეკლესიას ცაში რომ არიან ჩაწერილნი, და ყველას განმკითხავ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს, და ახალი აღთქმის შუამდგომელს იესოს, და საპკურებელ სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს (პავ. ებრ. 12, 22-24).

ეკლესიარქი – აღმოსაველთის ეკლესიაში, განსაკუთრებული თანამდებობა, რომელსაც ევალება ეკლესიაში წესრიგის დაცვა.

ემანუელი (ჩვენთან არს ღმერთი) – იესო ქრისტეს წინასწარმეტყველური სახელი. „აჰა, მუცლად იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებს სახელად ემანუელს“ (მათე 1, 23) (ესაია 7, 14).

ემბაზი (ბერძ. – შესვლა) – ნათლისღებისათვის განკუთვნილი ქვის, ხის ან ლითონის ჭურჭელი. „ემბაზის“ შვილი ნიშნავს მონათლულს.

ენკრატისი – მოწესე დედა, მონაზონი.

ენქერი – გვერდზე ჩამოსაკიდი რომბისებური, სამღვდელმთავრო საკმაული, რომელიც სიმბოლურად ნიშნავს: ღვთის ძალის სიდიადეს და მაცდურზე, სიკვდილზე გამარჯვებას. ასევე ენქერი აღნიშნავს სულიერ მახვილს, რომელიც იარაღის მსგავსად მარჯვენა მხარეს დაიკიდება.

ეპარქია – საეკლესიო ტერიტორიული ერთეული, რომელსაც სათავეში უდგას ეპისკოპოსი.

ეპისკოპოსი (ბერძ. – მეთვალყურე, ზედამხედველი) – ღვთის-მსახურთა უმაღლესი წოდება, საეკლესიო იერარქიის უმაღლესი წარმომადგენელი, მღვდლობის უმაღლესი ხარისხის მქონე, რომელსაც უფლება აქვს შეასრულოს შვიდივე საიდუმლო და აკურთხოს მირონი. მართავს ეპარქიას, სადაც მისი პრეროგატივაა საეკლესიო იურისდიქცია, ქრისტიანული დოგმატების სწავლება, დაქვემდებარებული სამღვდელოების ქიროტონია (ხელთდასხმა) და სხვ.

ეპიტიმია (ბერძ. – სასჯელი) – მორალურ-გამასწორებელი სასჯელი, რასაც სულიერი მამა დაადებს მორწმუნეს (ხანგრძლივი მარხვა, ლოცვა და სხვ.).
ეპიტრაქილი – იხ. ოლარი.

ეპიფანია (ბერძ. – „გამოცხადება“ ღვთისა) – ქრისტეს გამოცხადება, ნათლობა იორდანეს წყალში.

ერგასი – ძველ ქართულად 50-ს ნიშნავს. ქართული ლიტურგიკული ტრადიციით „ერგასი“ ეწოდება პერიოდს აღდგომიდან სულთ-მოფენობამდე. სახელწოდება ამ დღეების რაოდენობასთანაა დაკავშირებული. სულთმოფენობის დღესასწაული აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. იხ. ზატიკი.

ერგასის განზოგება (განახევრება) – დღესასწაული, ერგასის შუა პერიოდი, აღდგომიდან 25-ე დღე.

ერესი – მწვალებლობა, ეკლესიის დოგმების წინააღმდეგ მიმართული მოძღვრებანი.

ერესიარქი – მწვალებლური სწავლების დამმარსებელი.

ერეტიკოსი – მწვალებელი.

ერთდღიანი მარხვები – 1) ყოველი შვიდეულის ოთხშაბათი და პარასკევი (გარდა ხსნილისა); 2) ნათლისღების წინა დღე 5(18) იანვარი; 3) წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე 29 აგვისტო (11 სექტემბერი); 4) ჯვართამაღლების დღე 14(27) სექტემბერი.

ესქატოლოგია (ბერძ. – უკანასკნელი მოძღვრება) – რელიგიური მოძღვრება ქვეყნის აღსასრულზე.

ექტენია – იხ. კვერექსი.

ვარდის წყალი – გამოიყენება ტრაპეზის კურთხევის დროს.

ვარსკვლავი – ორი ერთიმეორეზე გადაჯვარედინებული ლითონის მოღუნული ვიწრო, თხელი ფირფიტა, რომელსაც დგამენ ფეშხუმზე, იმ მიზნით, რომ დაფარნა არ შეეხოს ტარიგს. სიმბოლურად ნიშნავს ვარსკვლავს, რომელიც წინ უძღოდა აღმოსავლეთიდან მომავალ მოგვებს.

ვნება – 1) ცოდვა, რომელიც მავნე ჩვევად იქცა; 2) გულისწყრომა, გულისთქმა; 3) ხორციელი სნეულება, წყლული, ჭრილობა.
ვნების კვირა – აღდგომის წინა დიდმარხვის ბოლო კვირა.

ზარი – ხარების ქრისტიანული სიმბოლო ღვთისმსახურებაში. პირველად შემოღებულ იქნა მე-4 საუკუნეში, ნოლანის ეპისკოპოსის – პავლინის მიერ.

ზატიკი – 1) მსხვერპლი, „ვნება“ იესოსი, დღესასწაული პურისა, – ზატიკად ჩვენდა დაიკლა ქრისტე“ (1 კორინთ. 5, 7); 2) საეკლესიო წიგნი, რომელშიც მოთავსებულია აღდგომიდან სულთმოფენობამდე და ყოველთა წმინდანთა კვირამდე წარმოსათქმელი ლოცვები და საგალობლები; 3) პასექის დღესასწაული, იგივე ერგასი, ზატიკში იგულისხმება პერიოდი აღდგომიდან ყოველთა წმინდანთა კვირამდე. ამ პერიოდში უდიდესი საუფლო დღესასწაულებია: მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა, ამაღლება და სულთმოფენობა, რის გამოც ამ პერიოდს საეკლესიო მსახურება განსაკუთრებული საზეიმო ხასიათით და ლიტურგიკული თავისებურებებით გამოირჩევა. იცვლება სხვადასხვა ლოცვები და მათი კითხვის წესები.

ზატიკი მცირე – საეკლესიო წიგნი, რომელშიც მოთავსებულია ბრწყინვალე შვიდეულში წარმოსათქმელი ლოცვები და საგალობლები.

ზედაშე – ყურძნის სუფთა წვენისაგან დამზადებული წითელი ღვინო. გამოიყენება ლიტურგიის დროს.

ზესკნელი – ზევით, უმაღლესი კიდე, ანგელოზთა სამყოფელი.

ზიარება – იხ. წმ. ზიარება.

თანამდები – მევალე

თანანადებნი (მათე 6, 12) – ვანდებული.

თბე – გაფუებული ცომი.

თეოკრატია – სახელმწიფო წეს-წყობილება, სადაც, უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის უშუალოდ ღმერთს, ღმერთი განაგებს ასეთ სახელმწიფოს სასულიერო პირთა მეშვეობით.

თვენი – 1) საეკლესიო წიგნები, რომლებიც შეიცავს ლოცვებსა და საგალობლებს, თითოეული დღისათვის ცალკე; 2) წიგნი, რომელიც შეიცავს ეკლესიის კალენდარში ხსენებულ წმინდათა ცხოვრებას.

თვითავაჯნი – საგალობელი, რომელსაც საკუთარი მელოდია აქვს და არ არის დამოკიდებული ძლისპირზე.

თბე – გაფუებული ცომი.

თეოკრატია – სახელმწიფო წეს-წყობილება, სადაც, უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის უშუალოდ ღმერთს, ღმერთი განაგებს ასეთ სახელმწიფოს სასულიერო პირთა მეშვეობით.

თვენი – 1) საეკლესიო წიგნები, რომლებიც შეიცავს ლოცვებსა და საგალობლებს, თითოეული დღისათვის ცალკე; 2) წიგნი, რომელიც შეიცავს ეკლესიის კალენდარში ხსენებულ წმინდათა ცხოვრებას.

თვითავაჯნი – საგალობელი, რომელსაც საკუთარი მელოდია აქვს და არ არის დამოკიდებული ძლისპირზე.

იადგარი – ძველ ქართულ მწერლობაში ჰიმნებისა და საგალობლების
კრებული.

იაჰვე (ებრ. იეჰოვა) – ძვ. აღთქმით ღვთის გამომხატველი სიტყვა – „მე ვარ რომელი ვარ“.

იბაკო – მცირე ფორმის საგალობლების სახეობა. იგალობება კვირა დღეებში, ცისკრად, 118-ე ფსალმუნის შემდეგ, სრულდება ფეხზე დგომით ე.ი. საზეიმოდ; იბაკო მოთავსებულია კანონის მესამე გალობის შემდეგ.

იერარქი (ბერძ. – ჰიეროს – წმინდა, არქე – საწყისი, საფუძველი ძალაუფლება) – ქრისტიანული სამღვდელოების უმაღლესი რანგი (პატრიარქი, მიტროპოლიტი, არქიეპისკოპოსი, ეპისკოპოსი. არქიელი).

იერარქია საეკლესიო (ბერძ. – სასულიერო ძალაუფლება) – ეკლესიის მსახურთა ხარისხობრივი კიბე ქვემოდან მაღლა. უწინარეს ყოვლისა არჩევენ „თეთრ“ და „შავ“ სამღვდელოებას. „თეთრს“ ეკუთვნის სასულიერო პირი, რომელსაც ჰყავს ოჯახი. „შავს“ – საბერო დასი. ორივეს საწყისი საფეხური დიაკვნობაა, შემდეგ მღვდლობა („თეთრისათვის“) და მღველ-მონაზვნობა („შავისათვის“), შემდგომ მოდის შესაბამისად დეკანოზი და იღუმენი. „თეთრი“ სამღვდელოებიდან ინიშნება პროტოპრესვიტერი (პატრიარქის ან მღვდელმთავრის ღვთისმსახურების მომწესრიგებელი). იღუმენთა შორის უმაღლესი წოდებაა არქიმანდრიტი. არქიმანდრიტებიდან ირჩევენ ეპისკოპოსს. ეპისკოპოსთა შორის არის სამი წოდება: ეპისკოპოსი, არქიეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. ეპისკოპოსთა ხარისხიდან ირჩევენ პატრიარქს. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში დგას კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც წმ. სინოდი ირჩევს. მღვდელმთავრები განაგებენ ეპარქიებს, უმაღლესი ორგანოა საეკლესიო კრება. პატრიარქის მოადგილე ქორეპისკოპოსი განაგებს მშენებლობას, არის საგარეო საქმეთა განყოფილება და სხვა.

იერეი – მღვდელი.

იეროკირიქსი – ღვთის სიტყვის მქადაგებელი, საეკლესიო კათედრიდან.

იერომნიმონი – დავიწყებული სამღვდელო საქმის მომგონებელი.
იერუსალიმს დიდებით შესვლა უფლისა – იხ. ბზობა.

იკოსი – კონდაკთან საკითხავი გრძელი მუხლი (VI ლოცვა). დაუჯდომელის გრძელ მუხლებსაც იკოსს უწოდებენ.

იპოსტასი (ბერძ. – პიროვნება, პირი) – სამების თითოეული პირი, ჰიპოსტასი.

ირმოლოგიონი – ღვთისმსახურების წიგნი, რომელშიც მოცემულია მოძრავი და უძრავი დღესასწაულების საგალობლები.

ირმოსი (ბერძ. – დაკავშირება) – ქართ. ძლისპირი – ყოველ კანონში პირველი მუხლის სახელწოდება, ის აკავშირებს ერთიმეორესთან მომდევნო ტროპარებს.

ისიხაზმი – XIV საუკუნის ბერძენი ბერების მიერ ათონის მთაზე ჩამოყალიბებული მისტიკური სწავლა-მოძღვრება, რომლის მიხედვითაც მარადიული შეუქმნელი ღვთიური ნათელის (რომელიც ღვთის ფერისცვალების დროს მოევლინა თაბორზე) ხილვის მიღწევა შესაძლებელია განსაკუთრებული ასკეტური მოღვაწეობით.

იღუმენი – მართლმადიდებლური მონასტრის წინამძღვარი.

კაბა – სამღვდელო შესამოსელი.

კათაკმეველი – მოუნათლავი, ქრისტიანული წესით მოსანათლად გამზადებული. ის ვინც ქრისტიანულ ეკლესიაში ემზადება ნათლობისათვის, სწავლობს სარწმუნოების საფუძვლებს და ეკლესიური ცხოვრების წესებს. კათაკმევლობაში დარჩენილი – მოუნათლავად დარჩენილი.

კათედრა – 1) ადგილი, საიდანაც ქადაგებენ; 2) ეპისკოპოსის (არქიელის) სავარძელი; 3) ეპისკოპოსის რეზიდენციის ტრადიციული ადგილი (ქალაქი, დაბა, მონასტერი).

კათოლიკე (ბერძ. – საყოველთაო) – ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოსა საყოველთაო და კრებითი, იგი ყველა ადგილსა და ყველა დროის მორწმუნეებს მოიცავს.

კათოლიკოსი (ბერძ. – საყოველთაო, სრულიად) – საქართველოს ეკლესიაში პატრიარქი, წოდება უმაღლესი მღვდელმთავარი.

კანდელი (სანათი, ლამპარი) – ქრისტიანულ ეკლესიაში მსახურების ერთ-ერთი აუცილებელი ნივთი, ეკლესიის ჭერზე ჯაჭვით ჩამოკიდებული ლამპარი, რომელშიც ზეთი ანთია. ქორკანდელი – სასანთლეთა წრე, ერთ საკიდზე დაკიდებული რამდენიმე კანდელი. აღაპები უთითებენ, რომელი ხატის წინ უნდა დაინთოს კანდელი სააღაპე პირისათვის და რამდენი ზეთი უნდა დაიხარჯოს.

კანკელი (იკონოსტასი) – მართლმადიდებელ ეკლესიაში ტიხარი, ზღუდე, რომელიც საკურთხეველს გამოყოფს ეკლესიის ძირითადი ნაწილისაგან. მას სამი კარი აქვს. შუა კარს აღსავლის, ანუ სამეფო კარი ჰქვია, აქედან შედიან საკურთხეველში მღვდელმსახურნი, ხოლო ჩრდილოეთისა და სამხრეთის კარიდან შედიან საეკლესიო მსახურნი და ერისკაცნი. ჩრდილოეთის კარიდან სრულდება დიდი და მცირე გამოსვლა წირვის დროს.

კანონი (ბერძ. – „ჯოხი“, მითითება, წესი) – 1) ეკლესიის სწავლება – მოძღვრების ამსახველი წესი, ფორმა, რომელიც ეკლესიის კრებითი დადგენილებით არის მიღებული; 2) ღვთაებრივი შთაგონებით დაწერილი რელიგიური წიგნი; 3) საზეიმო გალობა, ცხრა გალობის ერთობლიობა, ყოველი შეიცავს ხუთ მუხლს, ეძღვნება ამა თუ იმ წმინდანს.

კანონიზაცია (ბერძ. – ვაკანონებ) – სარწმუნოებისათვის თავდადებულთა, მოწამეთა, ეკლესიის მოღვაწეთა, წმინდანად შერაცხვა.

კანონიკა – საეკლესიო სასულიერო მწერლობის დარგი, მოიცავს საეკლესიო იურიდიულ ლიტერატურას, რომელიც უმაღლესი საეკლესიო ორგანოების მიერ ნებადართულია იურიდიულ საკითხებში პრაქტიკული ხელმძღვანელობისათვის.

კარიბჭე (პორტიკი) – ეკლესიის დასავლეთის ან სამხრეთის მხრიდან წინ გამოწეული შენობის ნაწილი, რომელიც სახურავის საყრდენი კედლით ან სვეტებით და თაღებით არის შექმნლი და ღიაა ერთი ან სამი მხრიდან.

კარშიკი – მღვდლის შესამოსი, შესაკრავი ღილი, ბალთა.

კატაბასია (ბერძ. – მისვლა) – კანონის დასამთავრებელი, ბოლო მუხლი (ლექსი), რომელიც თავშიც იმღერება და ბოლოშიც („დასაფარებელი“). მისი შესრულების დროს ორივე მგალობელთა გუნდი ერთმანეთს უახლოვდება და დგება ამბიონთან.

კატაკომბები – რომის იმპერიაში, ქრისტიანთა დევნისას შექმნილი მიწისქვეშა სამარხები, სადაც მოწყობილი იყო მართალთა სალოცავი და მოსასვენებელი ოთახები, აგრეთვე, მათი სამალავები.

კატეხიზმო (ბერძ. – ზეპირი დარიგება, განცხადება) – ეკლესიაში ახალმოსულთა სასწავლად გამიზნული წიგნი. ქრისტეს მოძღვრების გადმოცემა კითხვა-პასუხის სახით.

კელია – ბერის საცხოვრებელი, სენაკი.
კერპი – წარმართული ღმერთების სკულპტურული გამოსახულება, მათ როგორც ღმერთებს მსხვერპლს სწირავდნენ, რასაც ქართული წყაროებით „ზორვა“ ან „გება“ ეწოდება.

კერძო ღვთისმსახურება – ღვთისმსახურება, რომელიც სრულდება რომელიმე კერძო პირისათვის, ცოცხალთათვის ან მიცვალებულთათვის. მაგ.: პანაშვიდი, პარაკლისი, სახლის კურთხევა და სხვა. შესაძლებელია შესრულდეს სახლში.

კვართი (სტიქარი) – მღვდელმსახურების დროს მედავითნის, დიაკვნის, მღვდლის და ეპისკოპოსის ჩასაცმელი. მიჩნეულია ქრისტეს სამოსელის სიმბოლურ გამოხატულებად.

კვართი საუფლო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი იესო ქრისტეს ზედა სამოსელი. გოლგოთაზე ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მისი სამოსელი მცხეთელმა ებრაელებმა იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოიტანეს. კვართი დამარხულია მიწაში სვეტის (სვეტიცხოვლის) ქვეშ და ის სვეტიცხოვლის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს.

კვეთა – იხ. პროსკომიდია.

კვეთებული – სპეციალური ლოცვა, კანონი სულიერად ავადმყოფთათვის.

კვერექსი – გარკვეული თანმიმდევრობით დალაგებული მოკლე ლოცვების წყება, რომელსაც კითხულობს დიაკონი ან მღვდელი, ხოლო ლოცვების თითოეულ მუხლზე გუნდი პასუხობს: „უფალო შეგვიწყალენ“, ზოგიერთ შემთხვევაში „მოგვმადლენ უფალო“. სახეები: მცირე, დიდი, მრჩობლი, თხოვნითი, მიცვალებულის მოსახსენიებელი და სხვა.

კვერთხი – ეძლევა მღვდელმთავარს ეპისკოპოსად კურთხევის დროს ლიტურგიის შემდეგ. იგი წარმოადგენს მამობრივი მზრუნველობის სიმბოლოს თავისი სამწყსოს მიმართ.

კიდამონი – მირონის სურნელი.

კლირი – მღვდელმსახურთა, ეკლესიის მსახურთა, სასულიეროთა მრევლის საერთო სახელი.

კოვზი – კოვზით აზიარებენ მორწმუნეებს, სიმბოლურად ნიშნავს ლერწამს, რომლითაც ჯვარცმულ მაცხოვარს მიაწოდეს ნაღველნარევ ძმარში დასველებული ღრუბელი.

კონდაკი (ბერძ. – მოკლე) – 1) სამღვდელმსახურო წიგნი, რომელსაც იყენებენ მღვდელმთავარი და დიაკონი. მასში მოთავსებულია მწუხრზე, ცისკარზე და წირვაზე სათქმელი ლოცვები; 2) ჯოხი, რომელზეც დახვეული იყო პერგამენტის გრაგნილები, სადაც აღწერილი იყო ქრისტიანული საგალობლები. შემდგომ ასევე ეწოდა თავად საგალობლებსაც, რომლებშიც მოცემულია საეკლესიო დღესასწაულის, რომელიმე წმინდანის ცხოვრების, ან ყველაზე უმნიშვნელოვანესი მოვლენის მოკლე აღწერა.

კორკოტი – მიცვალებულთა დაკრძალვისა და მოხსენიების დროს შესაწირი. კორკოტი მოხარშული ხორბალია თაფლით შეკაზმული. სიმბოლურად ხორბალი აღნიშნავს, რომ მიცვალებული ჭეშმარიტად აღსდგება, ხოლო თაფლი – ნეტარი ცხოვრების სიტკბოებას, რომელიც მოელის მართლებს აღდგომის შემდეგ.

კრავი – საღვთო კრავი, ტარიგი, იესო ქრისტეს სახელი, რომელიც მას უწოდა იოანე ნათლისმცემელმა (იოანე 1, 29) იმის აღსანიშნავად, რომ მან თავისი სისხლით ცოდვებისაგან იხსნა კაცობრიობა.

კრიალოსანი – ძაფზე ასხმული მძივი, რომელიც გამოიყენება ლოცვისას კანონის შესასრულებლად. სახელწოდება წარმოდგება ბერძ. „კირიე ელეისონიდან“ რაც ნიშნავს „უფალო შემიწყალეს“. მძივებით მლოცველი წარმოთქმული ლოცვების რაოდენობას განსაზღვრავს.

კტიტორი – იხ. ქტიტორი.

კუნკული – იხ. ბარტყულა.

კურთხევა (ბერძ. – ქიროტონია, ხელის ძალით მოქმედება) – 1) ეპისკოპოსის, მღვდლის ან დიაკვნის ამაღლება სამღვდლო ხარისხში ხელდასხმით; კურთხევის დროს უპირატესი ეპისკოპოსი ხელს დაადებს თავზე მას, ვინც უნდა აკურთხოს, ამით გადასცემს უფლის მადლს; 2) მღვდელმსახურის მიერ მორწმუნის დალოცვა რამე საქმეზე.

კურთხევანი – ღვთისმსახურების წიგნები. მასში მოთავსებულია საეკლესიო საიდუმლოებების და სხვა საეკლესიო წესების შესრულების დროს საჭირო ლოცვები.

კურთხეულ არსა“ – საეკლესიო საგალობლის (კანონის) მე-7 გალობა, რომლის სახელწოდება აღებულია დანიელის წინასწარმეტყველების „სამთა ყრმათა გალობის“ დასაწყისი სიტყვიდან „კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“ (დანიელი 3, 26).

ლავრა – ბერთა დიდი მონასტერი.

ლახვარი – ხის ან ლითონის ტარზე წამოგებული ორპირიანი სამკუთხა დანა, რომლითაც კვეთენ (ჭრიან) საზიარებლად გამზადებულ სეფისკვერს. სიმბოლურად მოგვაგონებს იმ ლახვარს, რომლითაც უგმირეს ჯვარცმულ ქრისტეს.

ლიტანია, ლიტანიობა
 – დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ეკლესიის გარშემო აღვლენილი სავედრებელი ლოცვა. რომელსაც გალობით უერთდებიან მორწმუნენი. მაგ: აღდგომა დღეს მსვლელობა სრულდება შუაღამისას, მღვდელმსახურნი ჯვრით, ხატებით და მორწმუნენი ანთებული სანთლებით, ლიტანიით გარს უვლიან ტაძარს.


ლიტურგია (ბერძ. – საერთო მსახურება) – 1) პურის ტეხვა, ევქარისტია, ზიარების წმინდა საიდუმლო, რომელიც შეიწირება მთელი ერისათვის, ცოცხალთა და მიცვალებულთა სახელებზე. ლიტურგია სამნაწილიანია: კვეთა, კათაკმეველთა და მართალთა. (საქმე მოციქულთა 3, 25); 2) წირვა (ჟამის წირვა), როდესაც სრულდება საიდუმლო ზიარება (ევქარისტია), უსისხლო მსხვერპლის შეწირვა. ტიპიკონის მიხედვით შედგება საკითხავებისა და საგალობლებისაგან. მისი საყოველთაო წესები საბოლოოდ შემუშავდა მე-4 საუკუნეში. არსებობს სამი სახის ლიტურგია: იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის და გრიგოლ დიოლოღოსის პირველშეწირულის წირვა.

ლიტურგიკა – ქრისტიანული ღვთისმსახურების შემსწავლელი დისციპლინა, რომელიც იკვლევს მის თეორიულ საფუძვლებს, განვითარების ისტორიულ პროცესებს და ტრადიციებს. ადგენს საეკლესიო დღესასწაულთა ციკლს, ღვთისმსახურების შესრულების წესებს და რიგს და ა.შ.

ლოგოსი (ბერძ. – სიტყვა) – წმ. სამების მეორე პირი. – ძე ღვთისა, როგორც სამარადისო და ღვთის იპოსტასური სიტყვა. მარადისობაში მყოფი მამა ღმერთთან და შემდეგ განხორციელებული ქვეყანაზე, რომელმაც იტვირთა ადამიანური ბუნება ცოდვის გარდა ადამიანისათვის და მათ გადასარჩენად. „თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი“ (იოანე 1, 1).

ლოცვა – საუბარი ღმერთთან და წმინდანებთან. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ უნდა ვილოცოთ ყურადღებით და მოწიწების გრძნობით, ლოცვის მიზანი სინანული უნდა იყოს და მხოლოს იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს სამი თვისება: ყურადღება, მოწიწების გრძნობა და სინანული მუდამ თან ახლდეს ჩვენს ლოცვას: „ლოცვა არის თხოვნითი მიმართვა ღვთისადმი მადლობით და დიდებით. ლოცვაში ჩვენ შევთხოვთ ღმერთს ყოველივეს რაც გვჭირდება, შევწირავთ მადლობას მოწყალებისათვის და ვადიდებთ მას უზენაესობისათვის“ (წმ. იოანე ოქროპირი).

მადლი (1 ტიმოთე 1, 2) – ღვთის მიერ მინიჭებული წყალობა ადამიანისათვის, მიუხედავად მათი მოღვაწეობისა,მადლი ეძლევა ყველა ადამიანს, რათა ისინი განიწმინდონ ამ ქვეყნის ცოდვებისაგან, რათა უჩვენოს მათ ხსნის გზა, სასუფევლისკენ მიმავალი.

მანტია – მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელთმთავართა საზეიმო სამოსელი.

მარადისობა – განასხვავებენ ორი სახის მარადისობის გაგებას: 1) მასში იგულისხმება დრო, რომელიც უსასრულოდ გრძელდება, მოვლენათა უსასრულო ჯამს, რომელიც შედგება წარსულის, აწმყოსა და მომავლისაგან; 2) მარადისობაში გულისხმობენ დროის არ არსებობას, რომელიც არ უშვებს თავის თავში არავითარ ცვლილებებს.

მართალთა ლიტურგია – ლიტურგიის მთავარი ნაწილი, რომლის დროსაც პური და ღვინო გადაიქცევა მაცხოვრის სისხლად და ხორცად, მასზე დასწრების უფლება არა აქვთ კათაკმეველებს და ეპიტიმია დადებულ მორწმუნეებს, მას ესწრებიან მართლები.

მართალნი – მრევლის ის ნაწილი, რომელიც შეურყვნელად იცავს ღვთის მცნებებს.

მართლმადიდებლობა – პირველი ერთიანი ეკლესიის მემკვიდრე, მადლმოსილებით, სწავლა-მოძღვრებით, შესაბამისი ტრადიციებით. მართლმადიდებლობა ეყრდნობა საღმრთო წერილს (ბიბლიას), მოციქულთა 7 მსოფლიო საეკლესიო კრების და ადგილობრივი კრებების დადგენილებებს (IV-VIII სს.) ეკლესიის მამათა თხზულებებს, 7 საიდუმლოებას და სხვა. მართლმადიდებლურ დოგმატურ სწავლებას მოკლედ გამოხატავს „სარწმუნოების სიმბოლო“, რომელიც მიიღო ნიკეის (325 წ.) მსოფლიო და კონსტანტინოპოლის (381 წ.) კრებებმა. ეს სიმბოლო გამოხატავს აბოსოლუტურ, უცილობელ, მარადიულ, შეუცვლელ და მიუწვდომელ ჭეშმარიტებას. მართლმადიდებლობისაგან განსხვავებით კათოლიციზმმა შეიტანა ცვლილებები ეკლესიის სწავლებაში. კერძოდ: მამა ღმერთთან ერთად ძე ღმერთისაგან სული წმიდის გადმოსვლა, რომის პაპის ღვთის მოადგილეობა და უცოდველობა, გასაწმენდელის არსებობა, მადლის გაცემა ინდულგენციებით და სხვა. მართლმადიდებლები იყენებენ იულიუსის კალენდარს, კათოლიკები – გრიგორიანულს.

მართლმადიდებელი ეკლესია – იესო ქრისტეს მიერ სულიწმიდის გარდამოსვლით დაფუძნებული მოციქულთა ეკლესია, რომლის გამომხატველი სახე ჩამოყალიბდა ბიზანტიის იმპერიაში IV-IX სს-ში. ამჟამად მსოფლიოში არსებობს 15 ევტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: 1) კონსტანტინოპოლის; 2) ალექსანდრიის; 3) ანტიოქიის; 4) იერუსალიმის; 5) რუსეთის; 6) საქართველოს; 7) სერბეთის; 8) რუმინეთის; 9) კვიპროსის; 10) ელადის; 11) ბულგარეთის; 12) ალბანეთის; 13) პოლონეთის; 14) ჩეხოსლოვაკიის; 15) ამერიკის, რომლებიც ქმნიან ერთ მსოფლიო ეკლესიას.

მარიამობა – წმ. მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული. აღინიშნება 15(28) აგვისტოს.

მარტვილობა (წამება) – ჰაგიოგრაფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძველესი ჟანრი: ასახავს ქრისტიანობისათვის თავდადებული წმინდანების ცხოვრებას და მათ მოწამეობრივ აღსასრულს.

მარხვა – განსაზღვრული დროით გარკვეული სახის საკვების (ხორცის, თევზის, რძის პროდუქტების) მიღების აკრძალვა. მარხვის დაცვა სავალდებულოა ყოველი მორწმუნისათვის; ამ დროს ლოცვითა და თავშეკავებით ადამიანის სხეული იწმინდება, როგორც სულიერად, ასევე ხორციელად. მართლმადიდებლობაში დაწესებულია 4 მრავალდღიანი მარხვა: დიდი (7 კვირა), პეტრე-პავლეს (1-დან 5 კვირამდე, დამოკიდებულია აღდგომის დღეზე), ღვთისმშობლის მიძინების (2 კვირა), საშობაო (6 კვირა) მარხვა. აგრეთვე, ერთდღიანი მარხვები, ყოველი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს, ასევე ზოგიერთ სხვა დღესაც (მაგ.: ჯვართამაღლების დღეს). სულ დაახლოებით, 200 დღეა. ყველაზე მნიშვნელოვანია დიდი მარხვა.

მარხვანი – საღვთისმსახურო წიგნი, რომელიც შეიცავს საეკლესიო წელიწადის მოძრავი პერიოდის – დიდმარხვისათვის დაწესებულ საგალობლებს.

მებრძოლი და მოზეიმე ეკლესია – მართლმადიდებელ მებრძოლ ეკლესიას წარმოადგენს ამჟამად გზაზე მავალ მორწმუნეთა ერთობლიობა, რომლებიც ებრძვიან მიწიერ ვნებებს, ცოდვებსა და დემონებს. ხოლო მოზეიმე ეკლესია წარმოადგენს – ზეციურ ეკლესიას, რომელმაც დაამარცხა ჯოჯოხეთი, სიკვდილი და იმყოფება მარადიულ ნეტარებაში. მებრძოლი და მოზეიმე ეკლესიის მღვდელმთავარია იესო ქრისტე.

მედავითნე – წირვა-ლოცვის დროს ფსალმუნთა მკითხველი; წიგნის მკითხველი.

მეორედ მოსვლა – ქვეყნიერების დასასრულს იესო ქრისტეს გამოჩენა მხოფლიოს წინაშე. თავის მეორედ მოსვლაზე იესო ქრისტე არა ერთხელ ეუბნებოდა თავის მოწაფეებს; იესოს ცადამაღლებისას ანგელოზებმა მოციქულებს აუწყეს: „გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ“ (საქმე 1, 2). მეორედ მოსვლისას იესო ქრისტე მოვა მთელი თავისი დიდებით, ანგელოზთა და წმინდანთა გარემოცვაში. ეს თარიღი არა მარტო ადამიანთა, არამედ თვით ანგელოზთათვისაც უცნობია. მეორედ მოსვლა მოხდება უეცრად, ყველასათვის მოულოდნელად, თუმცა წმინდა წერილში მინიშნებულია რამოდენიმე ნიშანი (დიდი არეულობა მსოფლიოში, ბუნებრივი კატაკლიზმები, სახარების მსოფლიოში ქადაგების შემდეგ სარწმუნოებისაგან განდგომა, უსჯულოების გამრავლება, ანტიქრისტეს გამოჩენა და სხვა), რომლებიც წინ უსწრებს მას.

მესვეტეობა – განდეგილობის ერთ-ერთი სახეობა. მესვეტეები დადებული აღთქმის მიხედვით ეყუდებოდნენ ხანგრძლივი დროით სვეტზე. მესვეტეობა წარმოიშვა მე-3 საუკუნის ბოლოს, ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ცნობილნი არიან: სვიმონ მესვეტე, ნეტარი დანიელი, ნეტარი იოანე და სხვა.
მესია („მხსნელი“) – ძე ღვთისა, რომელიც მოავლინა ღმერთმა ადამიანის მხსნელად, ბოროტების აღმოსაფხვრელად და მარადიული ცხოვრების დასამკვიდრებლად.

„მესმასა“ – საეკლესიო საგალობლების (კანონის) მე-4 გალობა, რომლიც სახელწოდება აღებულია ბიბლიური ამბაკუმის გალობის დასაწყისი სიტყვიდან: „მესმა უფალო, სასმენელი შენი და შემეშინდა“ (ამბაკუმი 3, 1).

მეტანია (ბერძ. – აზრის შეცვლა, სინანული) – საკუთარი უღირსების შეგრძნებით ღვთის წინაშე თაყვანისცემა ან სინანულით შევრდომა (ორივე მუხლით დაჩოქება და შუბლით მიწაზე შეხება).

მეტაფრასი – 1) შესწორებული და შევსებული საეკლესიო ლიტერატურული ნაწარმოები, უპირატესად აგიოგრაფიული ჟანრისა. 2) ასეთი ნაწარმოების ავტორი.

მეუდაბნოე – უდაბნოში (ქვაბებში, სენაკში, უდაბურ მხარეში) დაყუდებული ბერი, მლოცველი, განდეგილი.

მეუფე – მღვდელმთავარი.

მდუღარება – ცხელი წყალი, რომელიც მართალთა ლიტურგიის დროს წმინდა ძღვნის კურთხევის შემდეგ ისხმება ბარძიმში და უერთდება ქრისტეს სისხლს. სიმბოლურად აღნიშნავს სულიწმიდას.

მირონი – 1) მცენარეული სურნელოვანი ზეთი, იხმარება ქრისტიანულ ეკლესიაში ნათლობის შემდეგ მირონცხების დროს, ტაძრისა და ტრაპეზის კურთხევისას, აგრეთვე მეფის კურთხევისას. გადმოცემის თანახმად, საქართველოში წმინდა მირონი გადმოდიოდა მცხეთაში იმ ხიდან, რომელიც იესო ქრისტეს მიწაში დაფლულ კვართზე იყო ამოსული. შემდგომში ამ ადგილზე სვეტიცხოვლის ტაძარი აიგო. ამჟამად მირონს ამზადებენ 30-ზე მეტი სურნელოვანი ნივთიერებისგან (ზეითუნის ზეთი, თეთრი ღვინო, საკმეველი, სხვადასხვა ყვავილი, ვარდის ზეთი და სხვა). მირონი მზადდება ყველა დამოუკიდებელ ეკლესიაში, ეს არის ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ-ერთი ნიშანი. მირონის ხარშვა იწყება აღდგომის წინ, დიდ ოთხშაბათს და 3 დღეს გრძელდება. მირონს აკურთხებს პატრიარქი საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვის დროს. საქართველოში მირონს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოვლის ტაძარში; 2) ხატებიდან და წმინდანთა უხრწნელი ნაწილებიდან მომდინარე, სასწაულებრივი ძალის მქონე სურნელოვანი ნივთიერება.

მირონცხება – ქრისტიანული სარწმუნოების ერთი შვიდ საიდუმლოთაგანი, ნათლობის შემდეგ სრულდება. მირონის ცხებისას ადამიანზე გადმოდის სულიწმიდა და ხდება მისი გაეკლესიურება, შემოდის ეკლესიის წიაღში.
მირქმა (მიკონება) იესო ქრისტესი – საეკლესიო დღესასწაული, მოსახსენიებლად შობიდან მე-40 დღეს იესო ქრისტეს ტაძრად მიყვანებისა, როგორც ამას სჯული ითვალისწინებდა, რომლის დროსაც ეკლესიაში მართალმა სვიმეონმა ხელში აიყვანა იესო და თქვა: „აწ განუტევე მონაჲ შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი“ (ლუკა 1, 29-30). მირქმას აღნიშნავენ 2(15) თებერვალს.

მიტრა (ბერძ. თავსაკრავი) – მღვდელმთავართა თავსაბურავი ღვთისმსახურების ჟამს. სიმბოლურად აღნიშნავს ეკლესიის გვირგვინს.
მიტროპოლიტი – ოლქის (ეპარქიის) ან პროვინციის მთავარი ქალაქის (მეტროპოლიის) მღვდელმთავარი. მიტროპოლიტის ხარისხი მიიღეს I მსოფლიო კრებაზე 325 წ. და ანტიოქიის კრებაზე 341 წ. საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიაში მიტროპოლიტის ხარისხით დაჯილდოებული მღვდელმთავარი იერარქიულად ეპისკოპოსზე და მთავარეპისკოპოსზე მაღლა დგას.

მიძინება ღვთისმშობლისა – ერთი თორმეტთაგანი საუფლო დღესასწაული. ღვთისმშობელი მარიამი იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, მისი ანდერძის თანახმად, მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა. მთვარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს სამი დღით ადრე აცნობა, რომ ის გარდაიცვლებოდა (მიიძინებდა). ამ დროისათვის, ღვთის ნებით იერუსალიმში შეიკრიბა ყველა მოციქული, თომას გარდა. ოთახი, სადაც ღვთისმშობელი ესვენა, უჩვეულო ნათელმა გააბრწყინა და მისი სული უფალმა თან წაიყვანა. აღინიშნება 15(28) აგვისტოს.

„მიწყალე“ – 50-ე ფსალმუნი, რომელიც იკითხება ღვთისმსახურების სხვადასხვა შემთხვევაში და წარმოადგენს მონანიებას ადამისა და ადამის მოდგმის შეცოდებათა გამო.

მკრეხელობა – ეკლესიის სიწმინდეთა შეურაცხყოფა, ეკლესიის განძარცვა, ღვთისმგმობი და შეურაცხმყოფელი სიტყვა.

მნათე – სტიქაროსანი, რომელსაც ევალება ზეთის ჩასხმა კანდელში და ანთება, ნახშირის გაღვივება საცეცხლურებში, ზარების რეკვა და სხვადასხვა დამხმარე საქმიანობა საკურთხეველში.

მოთმინება – სათნოება, რომლის მეშვეობითაც მორწმუნემ უნდა გადაიტანოს ყოველგვარი გასაჭირი და უბედურება, რომელიც გარდაუვალია თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში „ხოლო მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთში ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ“ (რომ. 15, 5).
მომაკვდინებელი ცოდვა – იხ. შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა და მათი წამალი – შვიდი სათნოება.

მონაზვნობა – იხ. ბერმონაზვნობა.

მონანიება – საიდუმლოება, რომლის დროსაც მორწმუნე თავისი მოძღვრის წინაშე ცოდვებს აღიარებს. ამ დროს ის ცოდვების მიტევებას იღებს თვით იესო ქრისტესაგან, რაც ხორციელდება მოძღვრის შუამავლობით.

მონასტერი – ბერ-მონაზონთა საცხოვრებელი, საკრებულო. არსებობს დედათა და მამათა მონასტერი.

მონოფიზიტები – მწვალებლური მიმდინარეობა, რომელიც აღიარებს ქრისტეს მხოლოდ ერთ ბუნებას – ღვთაებრივს. წარმოიშვა V საუკუნეში კონსტანტინეპოლში და ალექსანდრიაში. მონოფიზიტების წარმომადგენლები არიან სომხური, კოპტური და ეთიოპიური ეკლესიები.

მორჩილი – მონასტერში პირი, რომელიც ემზადება ბერ-მონაზვნობის მისაღებად. მათ არა აქვთ დადებული საბერმონაზვნო აღთქმები, არ განეკუთვნებიან სამონასტრო საძმოს, არ ატარებენ საბერმონაზვნო შესამოსელს, ისინი მორჩილად ასრულებენ მოძღვრის დავალებას.

მოსახსენებელი – სპეციალური წიგნაკი, რომელშიც ჩაწერილია მფლობელების ცოცხალ და გარდაცვლილ ნათესავთა სახელები. მოსახსენებელი საკურთხეველში შეიგზავნება სეფისკვერთან ერთად მწუხრზე ან წირვის დაწყებამდე.

მოციქულები – ღმერთის დესპანი, შუამავალი. ქრისტეს რჩეული მოწაფეები, მისი მუდმივი თანამგზავრები და ქრისტეს ამაღლების შემდეგ ქრისტიანობის გამავრცელებელნი, ცნობილია 12 უახლოესი მოციქული და 70 მოციქული. 12 მოციქულის სახელებია: პეტრე, ანდრია პირველწოდებული, იოანე, მათე, ფილიპე, ბართლომე, თომა, იაკობი ალფესის ძე, თედეოსი, სვიმონ კანანელი, იუდა ისკარიოტელი, რომელმაც იესო ქრისტე გასცა და შემდეგ თავი ჩამოიხრჩო. დანარჩენმა თერთმეტმა მის ნაცვლად კენჭისყრით აირჩია იესო ქრისტეს სამოცდაათ მოწაფეთაგან ერთი – მატათა. მოციქულები მოღვაწეობდნენ იერუსალიმში და მის ფარგლებს გარეთ. საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს. სვიმონ კანანელი საქართველოში ეწამა. დაკრძალულია ახალი ათონის მთაზე. ხოლო მატათა დაკრძალულია გონიოში.

მოციქულთა წესები – წარმოადგენს ეკლესიის უძველეს წეს-ჩვეულებათა და გადმოცემათა კრებულს, რომლებიც ასახავენ ეკლესიის ურთიერთობისა და ცხოვრების წესს და დასაბამს იღებენ მოციქულთა დროიდან. ამიტომ ისინი შემდგომში საფუძვლად დაედო საეკლესიო კანონმდებლობას. მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს 85 წესი; მე-4 საუკუნიდან დაწყებული მსოფლიო კრებები ამ წესებს იყენებდა საფუძვლიანად და გმობდა მათგან თვითნებურ განდგომას.

მოძღვარი – სასულიერო პირი. მღვდელი, ხუცესი, სულიერი მამა.

მოხსენება – იხ. აღაპი.

მოშიშეობა (ღვთის შიში) – არის ქრისტიანული სათნოება.

მრავალთავი – სხვადასხვა ხასიათის თხზულებათა კრებული.

მრევლი – ეკლესიურ ლიტურგიკულ ცხოვრებაში ჩართული მორწმუნე ერი. ქრისტიანები, რომელთაც არ აქვთ საეკლესიო წოდება და იმყოფებიან საეკლესიო იერარქიის ხელმძღვანელობის ქვეშ. მრევლის წარმომადგენლები მონაწილეობენ ადგილობრივ კრებებში და აქტიურ მონაწილეობას იღებენ საეკლესიო ცხოვრებაში.

მრუშობა – ცოლიანი კაცის ან გათხოვილი ქალის არა მეუღლესთან სქესობრივი კავშირი.

მრწამსი – ქრისტიანული რწმენის არსის გამომხატველი ლოცვა.

მსგეფსი – 1) „შვიდეულთა დღეთა სწორით სწორი“ (საბა), ერთი კვირა-შვიდეული; 2) დროის მონაკვეთი, პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია.

მსხვერპლი – მართლმადიდებელ ეკლესიაში სამკვიდრებულია უსისხლო მსხვერპლშეწირვის ტრადიცია, რომელსაც ევქარისტიული მსხვერპლი ეწოდება; შეიწირება ღვინო და პური, რომელიც ლიტურგიის დროს გარდაიქმნება ქრისტეს სისხლად და ხორცად.

მტრედი – სულიწმინდის სიმბოლო, მტრედის სახით სულიწმინდა განცხადდა იესო ქრისტეს ნათლისღების ჟამს.

მღვდელი – ეკლესიის მსახურის წოდება. მღვდლის ხელდასხმა (კურთხევა) ხდება ეპისკოპოსის მიერ საღმრთო ლიტურგიის დროს. მართლმადიდებელ ეკლესიაში მღვდელს ევალება ქადაგების წარმოთქმა, წირვა-ლოცვა და რელიგიური წესების შესრულება. მღვდელს მხოლოდ ერთხელ ქორწინების უფლება აქვს.

მღვდლობა – ღვთისმსახურების შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთი მთვარი. მღვდლად კურთხევის დროს, ეპისკოპოსი წარმოთქვამს განსაკუთრებულ ლოცვებს და თავზე ხელს ადებს მღვდლად საკურთხებელ ადამიანს.

მწირი – წმინდა ადგილთა მომლოცველი.

მწუხრი – მწუხრის ლოცვა დიდი და მცირე. იკითხება შებინდებისას, კვირადღეების წინა საღამოს, სადაგ დღეებში – მცირე, დიდ დღესასწაულებზე –
დიდი.
მწყემსი – მოძღვარი; მაცხოვრის ალეგორიული სახე.

მწყემსმთავარი – ეპისკოპოსი.

მხეცის რიცხვი – წმ. იოანეს გამოცხადებაში მხეცის ანუ ანტიქრისტეს ნიშანი „666“, რომლითაც დაინიშნება ყველა მისი მიმდევარი.

მოხსენება – იხ. აღაპი.
მოშიშეობა (ღვთის შიში) – არის ქრისტიანული სათნოება.
მრავალთავი – სხვადასხვა ხასიათის თხზულებათა კრებული.
მრევლი – ეკლესიურ ლიტურგიკულ ცხოვრებაში ჩართული მორწმუნე ერი. ქრისტიანები, რომელთაც არ აქვთ საეკლესიო წოდება და იმყოფებიან საეკლესიო იერარქიის ხელმძღვანელობის ქვეშ. მრევლის წარმომადგენლები მონაწილეობენ ადგილობრივ კრებებში და აქტიურ მონაწილეობას იღებენ საეკლესიო ცხოვრებაში.

მრუშობა – ცოლიანი კაცის ან გათხოვილი ქალის არა მეუღლესთან სქესობრივი კავშირი.

მრწამსი – ქრისტიანული რწმენის არსის გამომხატველი ლოცვა.

მსგეფსი – 1) „შვიდეულთა დღეთა სწორით სწორი“ (საბა), ერთი კვირა-შვიდეული; 2) დროის მონაკვეთი, პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია.

მსხვერპლი – მართლმადიდებელ ეკლესიაში სამკვიდრებულია უსისხლო მსხვერპლშეწირვის ტრადიცია, რომელსაც ევქარისტიული მსხვერპლი ეწოდება; შეიწირება ღვინო და პური, რომელიც ლიტურგიის დროს გარდაიქმნება ქრისტეს სისხლად და ხორცად.

მტრედი – სულიწმინდის სიმბოლო, მტრედის სახით სულიწმინდა განცხადდა იესო ქრისტეს ნათლისღების ჟამს.

მღვდელი – ეკლესიის მსახურის წოდება. მღვდლის ხელდასხმა (კურთხევა) ხდება ეპისკოპოსის მიერ საღმრთო ლიტურგიის დროს. მართლმადიდებელ ეკლესიაში მღვდელს ევალება ქადაგების წარმოთქმა, წირვა-ლოცვა და რელიგიური წესების შესრულება. მღვდელს მხოლოდ ერთხელ ქორწინების უფლება აქვს.

მღვდლობა – ღვთისმსახურების შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთი მთვარი. მღვდლად კურთხევის დროს, ეპისკოპოსი წარმოთქვამს განსაკუთრებულ ლოცვებს და თავზე ხელს ადებს მღვდლად საკურთხებელ ადამიანს.

მწირი – წმინდა ადგილთა მომლოცველი.

მწუხრი – მწუხრის ლოცვა დიდი და მცირე. იკითხება შებინდებისას, კვირადღეების წინა საღამოს, სადაგ დღეებში – მცირე, დიდ დღესასწაულებზე –
დიდი.
მწყემსი – მოძღვარი; მაცხოვრის ალეგორიული სახე.

მწყემსმთავარი – ეპისკოპოსი.

მხეცის რიცხვი – წმ. იოანეს გამოცხადებაში მხეცის ანუ ანტიქრისტეს ნიშანი „666“, რომლითაც დაინიშნება ყველა მისი მიმდევარი.

ნათელი კვირა (ბრწყინვალე შვიდეული) – 7 დღე აღდგომიდან კვირაცხოვლობამდე.

ნათლია, მიმრქმელი – მოწმე; თავმდები მოსანათლის რწმენაზე, რომელიც ვალდებულია ნათლულის ქრისტიანულ აღზრდაზე. ნათლიმამა – ნათლულის მამა. ნათლიდედა – ნათლულის დედა.

ნათლისღება – ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია 6(19) იანვარს; ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარეში მონათლა ძე ღვთისა იესო ქრისტე. წყლიდან ამოსულ იესოს სულიწმიდა მტრედის სახით დაადგა თავზე: „და გარდამოხდა მასზედ სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი და გაისმა ზეცით ხმა: შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე“ (ლუკა 3, 22); ამ დროს ღმერთის სამი პირი განცხადდა წმ. სამებით, ამიტომ ნათლისღებას ღვთის განცხადებასაც უწოდებენ.

ნათლობა – ერთ-ერთი შვიდ საიდუმლოთაგანი, რითაც მორწმუნე პირველად ეზიარება ქრისტიანობას, განიწმინდება პირველქმნილი ცოდვისაგან, განერიდება ეშმას და ავ სულს, ნათლობით იწყება სულიერი ცხოვრება ქრისტიანისა. ესაა წყლით განბანვა და ხელახლა დაბადება. ნათლობა ხდება სულიწმიდის მადლით, მისი ძალით ხდება „განახლება ცოდვილი ადამიანის“, რომელიც წმ. ემბაზიდან პირველქმნილი შეცოდებისაგან განწმენდილ-გამართლებული გამოდის. საფუძვლად უდევს მაცხოვრის სიტყვები: „უკეთუ ვინმე არ იშვას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა“ (იოანე 3, 5).

ნელსაცხებელი – სურნელოვანი ზეთი.

ნეოფიტი – რაიმე რელიგიის ახალი მიმდევარი, ახლად რჯულ-მიღებული.

ნეტარება (ცხონება) – (მათე 5, 1-12) წმ. წერილში სიტყვა ნეტარება გამოითქმის არა მარტო უფალი ღმერთის მიმართ, არამედ ანგელოზების, ღვთისმშობლის და სხვათა მიმართაც. საერთოდ, ნეტარნი არიან ისინი, ვინც იცავენ ღვთის მცნებებს და ღვთის მოშიშნი არიან. ქრისტიანისათვის სრულყოფილი ნეტარება დადგება მაშინ, როდესაც საბოლოოდ იქნება მოპოვებული გამარჯვება ჯოჯოხეთზე, ყოველგვარ ბოროტებაზე და სიკვდილზე.

ნიკეის საეკლესიო კრებები – 1) პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება. მოწვეულ იქნა ნიკეაში 325 წელს კონსტანტინე I დიდის საგანგებო ბრძანებით. კრების ძირითადი მიზანი იყო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება და ამასთან, უმთავრესი დოგმატურ-კანონიკური და იერარქიული ადმინისტრაციული საკითხების განხილვა. კრებამ დაგმო არიანელობა, შეიმუშავა სარწმუნოების სიმბოლოს ტექსტი, დაამტკიცა ამა თუ იმ ეკლესიის მთავარ წარმომადგენელთა იერარქიული ნორმები; 2) მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრება 787 წ. შედგა ნიკეაში. კრების მიზანი იყო ხატთაყვანისმცემლობის აღდგენა.

ოდიკი (ანტიმინსი) – წმინდა ბარძიმი ქვესაფენელი ტრაპეზზე. ოთხკუთხა ქსოვილია, რომლის შუაგულში გამოსახულია მაცხოვრის დასაფლავება, ხოლო კუთხეებში – ოთხი მახარებელი. ქვეშ წარწერა აქვს, რომელმა ეპისკოპოსმა როდის და რომელი ეკლესიისათვის აკურთხა იგი. ოდიკის შუაგულში, უკუღმა პირიდან გამოკერებულია რომელიმე მოწამის ნაწილი ნიშნად იმისა, რომ პირველი ქრისტიანები საფლავებზე ასრულებდნენ ზიარებას. ოდიკი შეხვეულია ილტონში. ზოგიერთ შემთხვევაში ოდიკი ასრულებს ტრაპეზის მაგივრობას და მასზე სრულდება ლიტურგია.

ოთხთავი – იხ. სახარება.

ოლარი – მღვდლის შესამოსელი, გულზე ჩამოსაკიდი ორად შეკეცილი გინგილა. სიმბოლურად სამღვდელო მადლს ნიშნავს (იხ. გინგილა).

ომოფორი – ეპისკოპოსის გრძელი და ფართო ბაფთი, მხრებზე სატარებელი. სიმბოლურად აღნიშნავს გზააბნეულ კრავს, რომელიც მაცხოვარმა მოიძია, მხრებზე შეისვა და დაუბრუნა თავის სამწყსოს.

ორარი – იხ. გინგილა.

ორმოცი – 1) მეორმოცე დღეს ადამიანის გარდაცვალებიდან მისი სული წარსდგება პირად სამსჯავროზე. ამ დღეს წყდება, თუ სად იქნ ება მისი სული საყოველთაო აღდგომამდე. ამ პერიოდში მიცვალებულის ახლობლებმა განსაკუთრებულად უნდა ილოცონ მისთვის, გადაუხადონ პანაშვიდი, შეუკვეთონ წირვა მის სახელზე, გასცენ მოწყალება; 2) მეორმოცე დღეს ადამიანის დაბადებიდან ჩვილი პირველად მიიყვანება ტაძარში დედასთან ერთად, სადაც მღვდელი მათთვის კითხულობს სპეციალურ ლოცვას. დედისათვის იკითხება განწმენდის ლოცვა, რომლის შემდეგ მას შეუძლია მიიღოს წმინდა ზიარება, ხოლო ამის შემდეგ შეუძლიათ ბავშვი მონათლონ.

ოსანა – ღვთისა სადიდებელი შეძახილი, იუდეველთა მიმართვა სასულიერო პირისადმი, მიმართვა უფლისადმი.

ოქტოიხოსი (რვა ხმათა) – საეკლესიო საგალობელთა წიგნი, სადაც მსახურებები დალაგებულია ხმათა მიხედვით. ყოველი კვირის მსახურება ერთ ხმაში სრულდება.

ოხითა (ტროპარი) – მოკლე საგალობელი, დღესასწაულის მნიშვნელობის ან წმინდანის ღვაწლის გამომხატველი, სადიდებელი ან სავედრებლად აღვლენილი. იგალობება პარაკლისის, მწუხრის, ცისკრის და წირვის დროს. იკითხება ჟამნობისას.

პანაღია – ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ეპისკოპოსი გულზე ატარებს.
პანაშვიდი (ბერძ. ღამის თევა) – საეკლესიო ლოცვა მიცვალებულთათვის; სრულდება გარდაცვალების მე-3, მე-9, მე-40 დღეს; აგრეთვე, დაბადების დღეს და გარდაცვალების წლისთავზე, ანგელოზის დღეს. პანაშვიდი არის დიდი და მცირე. დიდი პანაშვიდი შედგება 90-ე ფსალმუნისაგან და ძლისპირებისაგან თავისი ტროპარებით.

პარაკლისი – საეკლესიო მღვდელთმსახურება, სავედრებელი ან სამადლობელი ლოცვა, სრულდება მრევლისათვის. პარაკლსის მთავარ ნაწილს წარმოადგენს ტროპარი, ძლისპირები თავიანთი ტროპარებით, სახარება, კვერექსები, ბოლო სავედრებელი ლოცვა და სხვა. არსებობს სხვადასხვა პარაკლისი: უფლის, ღვთისმშობლის, წმინდანების, ახალი წლის, გვალვის დროს, ავადმყოფობის დროს და ა.შ. შეიძლება შესრულდეს ზეთის ცხებით და მცირე აიაზმასთან ერთად.

პარაკლიტონი – იხ. ოქტიოხოსი.

არასკევი – იუდეველთა შაბათის შესახვედრად მოსამზადებელი დღე. იოანეს სახარების მიხედვით პარასკევს ეწოდება ქრისტეს „ჯვარცმის დღე“ – „პასექის პარასკევი იყო, იქნებოდა მეექვსე საათი“.

პარაფისტი – საკმეველის ჭურჭელი (საბა).

პასექი (ძვ. ებრ. – გამოსვლა) – 1) ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი; აღდგომის მომდევნო კვირა; 2) ებრაელი ხალხის დღესასწაული, დაკავშირებული ეგვიპტიდან გამოსვლასთან.

პასქალია – აღდგომის დღეთა ციკლი (წლები).

პატრიარქი (მამამთავარი) – ავტოკეფალიის მქონე მართლამდიდებელი ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირის ტიტული და ამ ტიტულის მქონე პირი.

პატროლოგია – ღვთისმეტყველების ნაწილი, რომელიც სწავლობს ეკლესიის წმინდა მამათა თხზულებებს. ამ თხზულებათა კრებული.

პერანგი – ხატის ძვირფასი ლითონით შემკულობა.

პირველშეწირული წირვა (ლიტურგია) – ტარდება დიდმარხვაში ოთხშაბათ-პარაასკევს და ვნების კვირის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს. ასე იმიტომ ეწოდება, რომ წირვა ტარდება წინა კვირის წმ. ბასილი დიდის ლიტურგიის დროს წინასწარ შეწირულ ტარიგზე. ამ ლიტურგიას საბოლოო ფორმა მისცა გრიგოლ დიდმა დიოლოგოსმა. დამტკიცებულია ტრულის კრებაზე 692 წ.
პირჯვარი – ლოცვის გარეგანი გამოხატულება, პირჯვარი გამოიხატება სამი თითის: ცერის, საჩვენებლის და შუათითის მჭიდრო მიდებით (არათითი და ნეკი უკან იკეცება). ორი მიკეცილი თითი აღნიშნავს ქრისტეს ორ ბუნებას, სამი – სამებას. თითებს იდებენ შუბლზე, მერე მკერდს ქვემოთ, მარჯვენა და მარცხენა მხართან (გონების, გულისა და ძალის სიმბოლო).

პოტირი – იხ. ბარძიმი.

პრესვიტერი – მღვდელი, ხუცესი.

პროზელიტი – სხვა სარწმუნოებიდან მოქცეული ახალ სარწმუნოებაზე.

პროზელიტიზმი – 1) მისწრაფება სხვების მიქცევისა თავის სარწმუნოებაზე; 2) მხურვალე ერთგულება ახლად მიღებული მოძღვრება-რწმენისა.

პროსკომიდია – კვეთა, ლიტურგიის პირველი ნაწილი, რომელშიც მღვდელთმსახურნი სამკვეთლოზე კვეთენ სეფისკვერს, ბარძიმში ასხამენ ღვინოს და წყალს. კვეთის დროს გამოიყენება ხუთი დიდი სეფისკვერი, ამათგან ერთ-ერთიდან, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, ამოიღება ტარიგი, ხოლო დანარჩენებიდან ნაწილები – ღვთისმშობლის, ზეციურ ძალთა, წმინდანთა, ცოცხლების და მიცვალებულების სახელზე. კვეთისას იკვეთება მორწმუნეების მიერ შეძენილი პატარა სეფისკვერი.

პროსფორა (ჰოსტია) – პატარა კვერი, სეფისკვერი.

პროტოიერეი – ქართ. დეკანოზი, ტაძრის უფროსი მოძღვარი; ეს საპატიო წოდება ენიჭება პირადი დამსახურებისათვის.

პროტოპრესვიტერი – საკათედრო ტაძრის წინამძღვარი. თეთრი სამღვდელოების უმაღლესი წოდება. საქართველოში პროტოპრესვიტერის წოდება მიღებულია სიონის საკათედრო ტაძარში.

ჟამთა შედეგი – იხ. შედეგი.

ჟამნი, ჟამნაკონი – ჟამთა 9 ლოცვის წიგნი: შუაღამიანისა, I, III, VI, IX და სადილის ჟამნისა, ცისკრისა, მწუხრისა, სერობისა და სხვ. ღვთისმსახურების წიგნი.

ჟამნი ეკლესიისა – პირველ ქრისტიანებს ჩვეულებად ჰქონდათ განსაზღვრულ ჟამზე ანუ საათზე ელოცათ, ჟამებს კი ებრაულად ითვლიდნენ; მაგ.: მესამე ჟამზე (ჩვენებურად დილის მე-9 სთ.-ზე), მოსახსენებლად იმისა, რომ ამ დროს გადმოვიდა მოციქულებზე სულიწმიდა, მე-6-ზე (ჩვენებურად დღის მე-12 სთ.-ზე) მოსახსენებლად იმისა,რომ ამ დროს ჯვარს აცვეს მაცხოვარი, მე-9-ზე (ჩვენებურად დღის მე-3 სთ.-ზე) მოსახსენებლად იმისა, რომ მაცხოვარი ამ დროს მიიცვალა ჯვარზე. აქედან წარმოდგა ახლანდელი ჟამების, ანუ ჟამნების ლოცვა, რომელიც შედგება ფსალმუნებისა და სხვადასხვა ლოცვებისაგან.
ჟამნობა – 1) ჟამნაკონის კითხვა, ჟამნის თქმა; იკითხება: მწუხრისა, სერობისა, შუაღამისა, დიდი და მცირე ცისკრისა; 2) სამეუფო ჟამნები – კითხულობენ მგალობელნი და მეფსალმუნენი დიდ პარასკევს ცისკრის შემდეგ.

რელიქვიები – მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდანთა ცხოვრებასთან და მოღვაწეობასთან დაკავშირებული საგნები ან სხეულის ნაწილები.

რენეგატი – ადამიანი, რომელმაც უღალატა თავისი წინაპრების რწმენას, მაგალითად ქრისტიანობიდან მაჰმადიანობაში გადასვლისას.

რიპიდი – ვერცხლის ან მოოქროვილ გრძელ სახელურზე დამაგრებული წრე, რომლის შიგნით მოთავსებულია ექვსფრთიანი სერაფიმის გამოსახულება. გამოიყენება მხოლოდ სამღვდელმთავრო მსახურებისას.

რიტუალი – სარწმუნოებრივი ხასიათის წეს-ჩვეულებათა ერთობლიობა.

როტონდა – მრგვალი ფორმის ტაძარი, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს წრეს, რომელსაც არა აქვს დასასრული, ასევე ეკლესიის მიზანს, რომელიც გვამზადებს მარადიული ცხოვრებისათვის.

საბაოთი – იუდაიზმში ღმერთის ერთ-ერთი ეპითეტი.

საბეჭური (პარამანი) – ბერ-მონაზვნის ჯვარი.

საბუხრეები – სამკლავე, სამაჯური.

საგალობელთა წიგნები (ბერძ. – პარაკლიტონი) – რვა ხმათა წიგნი, მარხვანი და ზატიკი, სადღესასწაულო წიგნები.

საგალობელი – გალობით შესასრულებელი სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების ტექსტები. ძვ. ქართული საგალობლების ნაწილი თავმოყრილია მიქაელ მოდრეკილის „იადიგარში“ (978-988 წ.).

საგვერდული – მღვდლის სამკაული, ეძლევა ჯილდოდ, ნიშნად მისი წმინდად მსახურებისა (იხ. ენქერი).

სადიაკვნო – საკურთხეველის სამხრეთი ნაწილი, რომელშიც შედიან სამხრეთის კარებიდან და დიაკვნის გამგებლობის ქვეშაა, სადიაკვნოში ინახება საეკლესიო ჭურჭელი და სამღვდელოთა შესამოსელი.

სადღესასწაულო – საეკლესიო წიგნი, რომელშიც მოთავსებულია უმთავრესი დღესასწაულების საღვთო მსახურების წესები.

საეკლესიო მუსიკა – იხ. საგალობელი.

საეკლესიო სამართალი – ეკლესიის მიერ დადგენილი წესების სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის შინაგან სტრუქტურასა და საეკლესიო ორგანიზაციას, მორწმუნეებისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას.

საეკლესიო წიგნები – საღვთისმსახურო წიგნები, ესენია: სახარება, სამოციქულო წიგნი, ჟამნი, დავითნი, თვენი, მარხვანი, სადღესასწაულო, ზატიკი, კურთხევანი, კონდაკი და სხვა.

საეპისკოპოსო – იხ. ეპარქია.

საერონი – ეკლესიის წევრები, რომელთაც არ აქვთ საეკლესიო ხარისხი, მრევლი.

სავანე – უდაბნო, სამყოფელი, მონასტერი, ბერთა სადგომი, სალოცავი და თავშესაფარი.

საზვერე (საბაჟო) – ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისი სული იწყებს ზეცაში ასვლას მფარველი ანგელოზის წინამძღოლობით, მაშინ ბნელი სულები წარუდგენენ მას აღსარების საიდუმლოში მოუნანიებელ ცოდვებს. ყოველ ცოდვას თავისი დემონი ჰყავს მიჩნეული და შესაბამისი საზვერე, სადაც მოიკითხება ეს ჩადენილი ცოდვები: პირველი საზვერე – მოიკითხება ამაო მეტყველებით, მეორე – შეხედვით, მესამე – სმენით, მეოთხე – ყნოსვით, მეხუთე – ხელით ჩადენილი ყველა უკანონო და ბილწი საქმე, ხოლო შემდეგში მოიკითხება: მრისხანება, შური, სიძულვილი, სიამაყე, სიძვა და სხვა მომაკვდინებელი ცოდვები. საზვერეებზე დემონების გარდა იმყოფებიან ანგელოზებიც, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანების მიერ ჩადენილ კეთილ საქმეებს – თუ სიკეთემ გადასწონა ბოროტება, მაშინ ანგელოზები მიიღებენ გარდაცვლილის სულს და შეიყვანენ ცათა სასუფეველში, არადა სული გადაეცემა სატანჯველად დემონებს.

საზოგადო ღვთისმსახურება – ღვთისმსახურება, რომელიც სრულდება საზოგადოდ ყველა ქრისტიანისათვის; მაგ: წირვა, მწუხრი, ცისკარი და სხვა.

სათნოება – მოწყალება; ქრისტიანი, რომელიც ცოდვებს არ ჩადის, მაგრამ არ გააჩნია სათნოება, სასუფეველში ვერ მოხვდება. მისი სული არ ცხონდება.
საიდუმლოებანი (ეფეს. 6, 32) – დაფარული ღვთისმსახურება, რომლის შესრულების დროსაც ადამიანზე სულიწმიდის მადლით გადმოდის ღვთის მადლი; საიდუმლოებანი არის შვიდი: 1. ნათლისღება; 2. მირონცხება; 3. ზიარება; 4. სინანული; 5. ზეთის კურთხევა; 6. ქორწინება; 7. მღვდლობა.
საიდუმლო სერობა (იოანე 8, 2,4, 1 კორინთ. 11, 20) – უფლის მიერ ჯვარცმის წინა საღამოს იერუსალიმში ჩატარებული სერობა, სადაც მან დააწესა წმ. ზიარების საიდუმლო.

საიქიო – სულის სამყოფელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ.

საკმეველი – სურნელოვანი ფისი, რომელიც ძირითადად მიიღება საკმევლის ხის დასერილი ქერქისაგან; შეიცავს გუმფისს, ეთეროვან ზეთებს და სხვ. ეკლესიაში იხმარება საცეცხლურით კმევისათვის, სიმბოლურად ნიშნავს მლოცველთა ლოცვა-ვედრების ასვლას ცაში და იქიდან მადლის გადმოსვლას.

საკოსი – პირველად იყო პატრიარქთა და მიტროპოლიტთა, შემდგომში მღვდელმთავრის ზედა შესამოსელი, ფილონის შემცვლელი. სიმბოლურად მოგვაგონებს მაცხოვრის შესამოსელს (იოანე 9, 2,5). მართლმადიდებლობაში საკოსი მონანიების სიმბოლოა.

საკურთხეველი – ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში ძირითადი სივრცისაგან გამოყოფილი, ამაღლებული ადგილი, სამსხვერპლო, რომელიც განკუთვნილია ადამიანის ღმერთთან შეხვედრის, მასთან დაახლოვების, ლოცვა-კურთხევის და წმინდა სერობისათვის. საკურთხეველში დგას მაგიდა (ტრაპეზი), სადაც სრულდება ღვინისა და პურის ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაქმნის საიდუმლო წესი.

საკურთხი – შესაწირი მიცვალებულის სახელზე; საკურთხად ამზადებენ კოლიოს, პურს, ღვინოს, ზეთს და სხვ.

სალოსი – ღვთისათვის, ქრისტესათვის სულელი, ღვთის გლახა, ქადაგებენ სიმართლისათვის, ამხელენ საზოგადოების მანკიერ მხარეს, ზოგიერთი დაჯილდოვებულია წინასწარმეტყველების მადლით, მათ შორის ბევრია წმინდანად შერაცხილი.

სამება – მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების უმთავრესი დოგმატი, რომლის მიხედვით ღმერთი ერთია თავისი არსებით, „სამგვაროვანია“ (სამპიროვანია) – მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა. სამების წევრები თანასწორნი არიან. სამების დოგმატი შემუშავდა ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაზე (325 წ.) და კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო კრებაზე (381 წ.).
სამებისა – „კანონის“ ყოველი გალობის ბოლოს წინა მუხლი, რომელშიც უგალობენ მამას, ძეს და სულიწმინდას. მუხლის წინ ითქმის „დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“.

სამი საღვთისმეტყველო სათნოება – 1. სარწმუნოება; 2. სასოება; 3. სიყვარული.

სამირონე – ჭურჭელი წმ. მირონისათვის, რომელიც დაბრძანებულია ტრაპეზზე.

სამკარედი – იხ. ტრიპტიქი.

სამკვეთლო – საკურთხევლის ჩრდილოეთის კედელზე მიდგმული, ფარჩებით შემოსილი მაგიდა; მასზე სრულდება კვეთა, ანუ პურისა და ღვინის შემზადება ზიარებისათვის. მასზე ასვენია წმ. ჭურჭელი და სხვა საგნები, რომლებიც საჭიროა ზიარების შესრულების დროს, ესენია: ბარძიმი, ფეშხუმი, ვარსკვლავი, ლახვარი, კოვზი და ღრუბელი. სიმბოლურად აღნიშნავს გოლგოთას.

სამკლავეები – სამღვდლო შესამოსელი, რომელიც გამოიყენება სტიქარის სახელოების მაჯებთან დასამაგრებლად. სიმბოლურად აღნიშნავს სარტყლებს, რომლითაც შებოჭეს მაცხოვარი მისი გასამართლების დროს.

სამოთხე – ნეტართა მარადიული სასუფეველი გარდაცვალების შემდეგ. სამოთხეში მოხვედრა ღვთის წყალობაა, მათთვის ვინც ერთგულად, უმწიკვლოდ და ღვთის მცნებების დაცვით გაატარა მიწიერი ცხოვრება.

სამოციქულო – საეკლესიო წიგნი, რომელშიც შესულია საქმე მოციქულთა, პავლეს 14 ეპისტოლე და 7 კათოლიკე ეპისტოლე. ამ წიგნს კითხულობენ ყოველ წირვაზე.

სამოძღვრებო წიგნები – ქრისტიანების მიერ მიღებული მოსეს და დავითის დროს ექვსი ბიბლიური წიგნი – მიღებულია, როგორც კანონიკური: იობის, იგავთა, ეკლესიასტე, ქება, იერემიას გოდება, ფსალმუნი (დავითნი).

სამრეკლო – შენობა ტაძრის ტერიტორიაზე ზარებისათვის, რომელსაც კოშკის ფორმა აქვს.

სამღვდელმთავრო არწივი – სამღველმთავრო წირვის ატრიბუტი, ძირს დასაფენი ოვალური ან მრგვალი ფორმის ნაჭერი, რომელზეც გამოსახულია არწივი და ქალაქი. ქალაქი განასახიერებს საეპისკოპოსოს, რომელსაც მართავს მღვდელმთვარი, ხოლო არწივი წმინდა და მართალ ღვთისმეტყველებას. წირვის დროს ეპისკოპოსი დგას ამ ქსოვილზე.

სამშვინველი – უტყვი სული; წმ. მამათა სწავლებით, ადამიანის არსი სამი ნაწილისაგან შედგება: სული, სამშვინველი და სხეული. სამშვინველი სხეულისაგან სუბსტანციურად (ბუნებით) განსხვავდება, ხოლო სული და სამშვინველი ერთმანეთისაგან განსხვავდება ფუნქციურად, ე.ი. თავისი მოქმედებით. მშვინვიერი ძალები ესაა ინტელექტი, ჩვენი გონება, რომლის მეშვეობითაც ლოგიკურად ვაზროვნებთ.

სამწმიდაო – წმიდა სამების საგალობელი: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ“.

სანაწილე – ვერცხლის ან სხვა რომელიმე ლითონის ყუთი, რომელშიც ინახება წმ. ნაწილები; ამ ნაწილებით მღვდელი სხვადასხვა შემთხვევის დროს აზიარებს მომაკვდავს, ავადმყოფს. ამ ნაწილებს მღვდელი ამზადებს დიდ ხუთშაბათს და მთელი წლის მანძილზე იყენებს. სანაწილე წმ. ნაწილებით დაბრძანებულია ტრაპეზზე.

სანთელი – შესაწირავი; როგორც სანთელი ანათებს, ასევე ჩვენი სულიცა და გულიც ანთებული იყოს ღვთის წინაშე ლოცვით, ერთგულებითა და სიყვარულით (იხ. ცვილი).

სანოტე წიგნები – გალობისთვის განკუთვნილი საღვთისმსახურო წიგნები. სანოტე წიგნებს საფუძველი ჩაუყარა იოანე დამასკელმა (675-753), რომელმაც შემოიტანა ახალი საგალობლები, დაალაგა ისინი ნოტებზე, რომელთა მაგივრობას თავდაპირველად ანბანი ასრულებდა.

საპატრიარქო – პატრიარქის საგამგებლო.

სარტყელი – სამღვდელმთავრო და მღვდლის შესამოსელი, მოგრძო წვრილი ბაფთით, რომელიც იცმევა სტიქარის ზემოდან. სიმბოლურად ორი მნიშნველობა აქვს: 1) ნიშნავს ღვთისმსახურებისათვის მზადყოფნას და ამისთვის საჭირო ძალას; 2) აღნიშნავს იმ პირსახოცს, რომელიც გარშემოირტყა მაცხოვარმა, როდესაც მან ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს.

სასულიერო აკადემია – უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი, ამზადებს მღვდელმთავრებს და ღვთისმეტყველებს.

სასულიერო სემინარია – ეკლესიის საშუალო სასწავლებელი, ამზადებს მღვდლებს.

სასძლო – სძლად ქრისტესა, ითქმის უბიწონი სულნი ქალწულთანი.

სატრაპეზო – ქრისტიანული მონასტრის ერთ-ერთი ნაგებობა, შეიცავს საერთო ტრაპეზისათვის გამიზნულ დარბაზებსა და სამლოცველოს, აგრეთვე დამხმარე სათავსოებს.

საფარველი ღვთისმშობლისა – მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული. გადმოცემის თანახმად, 910 წ. ბერძნებსა და არაბებს შორის გამართული ბრძოლისას ბერძნებს ძლიერ გაუჭირდათ; დარაჯად მდგარ წმინდა ანდრია სალოსსა და მის მოწაფეს, ეპიფანეს მწუხრში გამოეცხადათ ღვთისმშობელი, რომელმაც ლოცვა-კურთხევით გადააფარა ქრისტიანებს წმინდა საფარველი, თან ძლევა და მშვიდობა უსურვა. გამხნევებულმა ბერძნებმა მტერი უკუაქციეს. ამ სასწაულით გამოიხატება, რომ ღვთისმშობელი ადამიანთა მფარველია. საფარველი (ომოფორი) იქცა ამ მფარველობის სიმბოლოდ. დღესასწაული აღინიშნება 1(14) ოქტომბერს (რუსეთში – „პოკროვ“).

საქორწილე ბეჭედი – ჯვრისწერის ატრიბუტი, რომლის დროსაც ორი ბეჭედი იდება ტრაპეზზე განსაწმენდად. სიძე-პატარძალს შორის ბერჭდების გაცვლა უჩვენებს მეუღლეთა შორის უფლებათა გაცვლას. ბეჭდის წრიული ფორმა აღნიშნავს მარადიულ ერთობას.

საქორწინე გვირგვინი – ქორწინების რიტუალის აუცილებელი კუთვნილება; სიმბოლურად აღნიშნავს გამარჯვებულის გვირგვინს, ქრისტიანის გამარჯვებას ვნებებზე (იხ. გვირგვინი).

საქორწინე სანთელი – გამოიყენება ჯვრისწერის დროს, რომელსაც ძველად ახლად დაქორწინებულებს სასთუმალთან უდგამდნენ. სანთელი ახლად დაქორწინებულების სიყვარულისა და მათი ცხოვრების სიწმინდის სიმბოლოა.

საყდარი – საეპისკოპოსო ტაძარი; მასში უხილავად სუფევს იესო ქრისტე, როგორც მეფე და აქედან წარმოდგება მთელი ტაძრის სახელწოდებაც.

საყოველთაო ლოცვანი – იხ. ყოველდღიური ლოცვები.

საცეცხლური – საკმევლის ჭურჭელი.

საძვალე – საგანგებო სათავსი, ტაძრებისა და ეკლესიების იატაკქვეშ ან ცალკე მათთან ახლოს, სადაც კრძალავენ ეკლესიის მსახურთ, აგრეთვე, სამეფო გვარის წარმომადგენლებს.

საძმო – ბერთა ერთობლიობა.

საწინასწარმეტყველო – ღვთისმსახურების წიგნი, ღვთისმსახურების დროს საკითხავი წინასწარმეტყველება.

სახარება (ბერძ. ევანგელიე – ხარება, სასიხარულო ამბის უწყება) – ღვთის მიერ მოცემული და წმინდა მოციქულთა საშუალებით დაწერილი წიგნთა კრებული, სადაც ღვთის მიერი გამოცხადება ზუსტად და შეუცვლელად არის შენახული. ის შედგება ოთხი წიგნისაგან, რომლებიც შეიცავს ხარების, ქრისტეს შობის, ცხოვრების, ვნებებისა და აღდგომის ამბებს. არსებობს ოთხი კანონიკური სახარება – მათესაგან, მარკოზისაგან, ლუკასაგან და იოანესაგან. ოთხივეს ეწოდება ოთხთავი. სახარება შედგენილია I-II სს. მიჯნაზე.

სახარება საცისკრო – სახარება, რომელიც იკითხება ცისკარზე, სადაც მოთხრობილია იესო ქრისტეს აღდგომის ამბავი. წაკითხვის შემდეგ სახარებას გამოასვენებენ შუა ტაძარში, სადაც მორწმუნენი ეამბორებიან. ეს მოქმედება მოგვაგონებს მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის გამოცხადებას.

სეკულარიზაცია (ლათ. – საერო) – 1) საეკლესიო და სამონასტრო საკუთრების გადაქცევა სახელმწიფო საკუთრებად; 2) რისამე გადასვლა საეკლესიო სასულიერო გამგებლობიდან, საერო-სამოქალაქოში.

სენაკი – ცალკე ოთახი ბერის, მონაზვნის, განდეგილისათვის; „მცირე სახლაკი“.

სერაფიმები (ცეცხლოვანი, ღვთისადმი სიყვარულით ალმოდებული) – ერთ-ერთი წოდება ზეციური იერარქიიდან. ღმერთთან ყველაზე ახლოს მყოფი (ეს. 11, 26) არსებები. სერაფიმები გარშემორტყმულები არიან უფალს, ისინი ორი ფრთით იფარავენ სახეს, როგორც უღირსნი უფლის ცქერისა, ორით იფარავენ ფეხებს, რომ მათ არ უცქიროს ღმერთმა და ორით დაფრინავენ, რათა შეასრულონ მეუფის ყველა განკარგულება, თან განუწყვეტლივ გალობენ და ადიდებენ ღმერთს. ისინი ყველაზე უმაღლესი სულიერი არსებანი არიან და იერარქიაში პირველ ადგილს იკავებენ.

სეფისკვერი (პროსფორა) – ზიარებისათვის განკუთვნილი ლიტურგიული პური. იგი უნდა იყოს ხორბლის ფქვილისაგან და აუცილებლად გაფუებული. მას აქვს ორად გაყოფილი ფორმა, ქრისტეს ორი ბუნების აღსანიშნავად, ზემოდან აქვს ბეჭედი ჯვრის ან ღვთისმშობლის გამოსახულებით. მღვდელი საზიარებლად იყენებს სეფისკვერის შუაგულს, რომელსაც აწერია ქართულად „იესო ქრისტე ნიკე“ (იესო ქრისტე ძლევა), როცა მღვდელი ამ ნაწილს ამოიღებს და ფეშხუმზე დაასვენებს, მას უკვე ტარიგი ეწოდება (იხ. ტარიგი). სეფისკვერიდან ასევე ამოიღება ნაწილები ღვთისმშობლის, ზეციურ ძალთა, წმინდანთა, პატრიარქის, სამღვდელოთა, ცოცხალთა და მიცვალებულთა სულების სახელზე. წირვის შემდეგ დარჩენილი სეფისკვერი ურიგდება მორწმუნეებს (იხ. ევლოგია).

სიკვდილი – ორგვარია: სხეულებრივი და სულიერი; სხეულებრივი სიკვდილი მდგომარეობს იმაში, რომ სხეული კარგავს სულს, რომელიც აცოცხლებს მას, ხოლო სულიერი – როდესაც სულს ერთმევა ღვთის მადლი, რომელიც აცოცხლებდა მას. სული არ კვდება როგორც სხეული – ცოდვებისაგან დამძიმებული კარგავს სულიერ სიმშვიდეს, სიხარულს და ნეტარებას, რჩება სიბნელეში, მწუხარებაში და ტანჯვაში.

სიმბოლო (ნიშანი) – საგანი, მოქმედება და სხვა, რომელიც რაიმე მცნების იდეის პირობით ნიშანს წარმოადგენს.

სიმბოლო „სარწმუნოებისა“ – მართლმადიდებლური დოგმატების გადმოცემა; აღიარებს სამებას: მამა ღმერთს – სამყაროს შემქმნელს, ძე ღმერთს – კაცთათვის ჯვარცმულს და სულიწმიდას – მამისაგან გამომავალს.

სიმონია – საეკლესიო თანამდებობების ყიდვა-გაყიდვა.

სინანული – იხ. აღსარება.

სინას მთა – ქართული ღვთისმსახურების კერა საზღვარგარეთ, მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის დასავლეთით, სინას ნახევარკუნძულის სამხრეთით. დაარსებულია მე-4 საუკუნეში; აქ მოღვაწეობდნენ: იოანე მინჩხი, იოანე ზოსიმე, იოანე კუმურდოელი და სხვ.

სინოდი (ბერძ. – კრება) – უმაღლესი საეკლესიო წოდების სათათბირო.

სიძე – სულის სიხარული – ქრისტე.

სიძვა – უცოლო კაცის ან გაუთხოვარი ქალის მიერ ჩადენილი სქესობრივი აქტი.

სიწმინდე – ყოველგვარი ცოდვისაგან და ვნებისაგან თავისუფლება.

სკიტი – განმარტოებული, ბერთა მყუდრო სავანე. სკიტის წესდება საერთო სამონასტრო წესდებისაგან განსხვავდება განსაკუთრებული სიმკაცრით.

სკრიპტორიუმი – ძველად მონასტერში გამოყოფილი ცალკე ოთახი ხელნაწერთა დასამზადებლად და გადასაწერად.

სკუფია – წვეტიანი, რბილი ქუდი, რომელსაც ატარებენ მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურნი; ეძლევა მღვდლებს ჯილდოს სახით.

სმირნა – ძვირფასი ნელსაცხებელი, რომელიც მარიამ მაგდალინელმა მაცხოვარს ფეხებზე სცხო.

სტავროპიგია (ბერძ. ჯვრის აღმართვა) – ეკლესია-მონასტრები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ადგილობრივი ეპისკოპოსის მმართველობას და ემორჩილებიან უშუალოდ პატრიარქს; სხვა მონასტრებისაგან და ეკლესიებისაგან გამოსარჩევად საკურთხევლის ან ტაძრის კარიბჭის წინ აღმართულია ჯვარი.

სტიქარი – სამღვდელოთა შესამოსელი, გრძელი, ფართესახელოებიანი პერანგი, თეთრი ფერის – ნიშნად სიწმინდისა.

სტიქრონი – რამდენიმე სტროფიანი საგალობელი, რომელიც ცისკრად და მწუხრზე იგალობება ფსალმუნისა და სხვა ბიბლიური ტექსტების შემდეგ.

სტიქაროსანი – იხ. მნათე.

სტიხოლოგია – დავითნის რომელიმე კანონის კითხვა.

სტოა – ტაძრის დასავლეთი ნაწილი, სადაც დგანან მოუნანიებელი ცოდვილნი და მოსანათლად გამზადებული კათაკმეველნი.

სუდარა – მიცვალებულთა შესახვევი ქსოვილი.

სულთაბრძოლის ლოცვა – ლოცვა, რომელიც იკითხება მღვდლის მიერ, სულთაბრძოლის დროს.

სულთმოფენობა – უდიდესი დღესასწაული, რომელიც აღინიშნება აღდგომიდან 50-ე დღეს (სულიწმიდის გარდამოსვლა მოციქულებზე). ითვლება ეკლესიის დაარსების დღედ.

სული – როდესაც ღმერთმა პირველად მიწისაგან შექმნა ადამიანი – ადამი, მან სიცოცხლის სუნთქვა, სული შთაბერა და ეს არსება გახდა სულიერი და უკვდავი; ადამიანის გარდაცვალების შემდეგ სული აგრძელებს არსებობას (იხ. უკვდავება სულისა).

სულიერ მოწყალებათა შვიდი საქმე – 1) ცოდვილთა მოქცევა; 2) უმეცართა სწავლება; 3) დაბრკოლებულთა განმართვა; 4) მწუხარეთა ნუგეშინისცემა; 5) უსამართლობის მოთმენა; 6) შემცოდეთა პატიება; 7) მოყვასის საცხოვნებლად ღვთისადმი ვედრება.

სულიწმიდა – ერთარსება სამების (მამა, ძე და სულიწმიდა) მესამე იპოსტასი ანუ პირი, რომელიც გამოდის მამა ღმერთისაგან, დამკვიდებულია ძეში და იგზავნება სამყაროში მამისაგან (იოანე 15, 20). სულიწმიდა არის ჭეშმარიტი ღმერთი, აქვს ერთი ბუნება ღმერთთან და გამოდის მისგან უწინარეს ყოველგვარი დროისა; სულიწმიდა თანაბარია მამა ღმერთისა და ძე ღმერთისა, ერთ არსია და თანაბარი.

სულიწმიდის ცხრა ნაყოფი – 1) სიყვარული; 2) სიხარული; 3) სიმშვიდე; 4) სულგრძელება; 5) სიტკბოება; 6) სიკეთე; 7) სარწმუნოება; 8) მყუდროება; 9) მოთმინება.

სულიწმიდის შვიდი ნიჭი – 1) შიში ღვთისა; 2) ღვთისმსახურება; 3) აღსარება; 4) ზრახვა; 5) მეცნიერება; 6) გულისხმიერება; 7) სიბრძნე.

სქემა (ბერძ. მონაზვნის ტანსაცმელი, სიტყვასიტყვით – გარეგნული სახე, ფორმა) – ბერ-მონაზვნის უმაღლესი ასკეტური ხარისხი მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამ ხარისხის მონაზვნები გამოირჩეოდნენ მკაცრი ასკეტიზმით. მონაზონთა დადებული აღთქმის მიხედვით არსებობდა დიდი და მცირე სქემა. შუა საუკუნეებში საქართველოში მონაზვნები ეწეოდნენ „დაყუდებით“ ცხოვრებას. ძველ ქართულ კანონიკურ ძეგლებში გვხვდება მონაზონთა „სქემით კურთხევის“ განწესებანი, რომელიც განსხვავებულია ჩვეულებრივი მონაზვნის კურთხევის წესისაგან.

სქემონაზონი – განსაკუთრებული ასკეტიზმით მცხოვრები, სქემაშემოსილი ბერ-მონაზონი.

სქიზმა – 1) მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიაში განხეთქილება; 2) ერთიანი ეკლესიისაგან რაიმე ნაწილის გამოყოფა.

სძლად – იწოდება ეკლესია.

სძლისპირი – საეკლესიო კანონის თითოეული გალობის I მუხლი (II და III მუხლები ტროპარებია) სამებისა, ღვთისმშობლისა. სრულდება დღესასწაულებზე, მწუხრის ლოცვაზე, სახარების კითხვის შემდეგ.

სხუანი – ცხრა გალობიანი საგალობელი, რომელიც მოსდევს ამავე დღესასწაულისადმი მიძღვნილ პირველ ცხრაგალობიან საგალობელს; „სხუანი“ შეიძლება იყოს ერთზე მეტი.

სჯულის კანონი – საეკლესიო კანონების კრებული, რომელიც აერთიანებს მსოფლიო საეკლესიო კრებების, გამორჩეული ადგილობრივი საეკლესიო კრებების, გამორჩეული ადგილობრივი საეკლესიო კრებების ეპისტოლეებიდან გამოკრებილ საეკლესიო კანონმდებლობას.

ტაბუკი ან ტაკუკი – მომცრო ღვინის ჭურჭელი.

ტალანტი (ნიჭი) – 1) სახარების მიხედვით ნიშნავს გონებას, სწავლას, სიმდიდრეს, კეთილშობილებას, თანამდებობას ანუ პატივს ე.ი. ყოველივე იმას, რასაც ღმერთი ადამიანს აძლევს ე.ი. 2) ძვ. ბერძნული წონითი და ფულადი საანგარიშო ერთეული.

ტარიგი (კრავი) – ოთხკუთხა ფორმის ნაწილი, რომელიც ამოიღება სეფისკვერის კვეთის დროს. ტარიგი ამოიღება დიდი სეფისკვერიდან, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი. ყველა ლიტურგიისათვის მზადდება მხოლოდ ერთი ტარიგი. იგი მოგვაგონებს იესო ქრისტეს, რომელმაც თავისი სისხლით დაიხსნა ადამიანი სულიერი სიკვდილისაგან. ლიტურგიის დროს, ტარიგი გარდაიქმნება მაცხოვრის სხეულად. ფეშხუმზე დასვენებულ ტარიგს მღვდელი ჯვარედინად გაჭრის ისე, რომ ერთი მეორეს არ დასცილდეს, იმის მოსახსენებლად, რომ იესო ქრისტე დაიკლა ჩვენი ცოდვებისათვის.

ტარტაროზი (ძვ. ბერძ. – ქვესკნელის უბნელესი ნაწილი, შავეთი, ცოდვილთა დასასჯელი ადგიილ) – ქრისტიანულ წყაროებში: ჯოჯოხეთი, ეშმაკი.

ტაძარი – უფლის სახლი, საყდარი, სადაც სუფევს ღმერთი და ლოცულობს მორწმუნე. ტაძარი შედგება ღვთისმსახურებისათვის განკუთვნილი დიდი თუ მცირე შენობისაგან, რომლის ყოველ ნაწილს თავისი დანიშნულება აქვს. დიდი ყურადღება ექცევა მის ფორმას, გაფორმებას, შემკულობასა და მოხატვას. აქ იკრიბება მორწმუნე ერი, სრულდება 7 საიდუმლო და სხვა წესები. ტაძარს აქვს ძირითადად სამი ფორმა: მრგვალი (როტონდა), ჯვარედინი (ჯვარ-გუმბათოვანი), მოგრძო-ნავისებური (ბაზილიკა).

ტაძრად მიყვანება ღვთისმშობლისა – თორმეტთაგანი ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული, ზეიმობენ 21 ნოემბერს (4 დეკემბერი). მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს აღნიშნავს მნიშვნელოვან მოვლენას, როცა მშობლებმა მარიამი ტაძარში მიიყვანეს აღსაზრდელად (სამი წლის); ეკლესია ამით აძლევა მაგალთს ყველა მშობელს თუ როგორ უნდა აღზარდოს პირმშო ადრევე ღვთის მოშიშად.

ტახტი – სავარძელი საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრისათვის.

ტიპიკონი – ღვთისმსახურების გარკვეული და სავალდებულო წესის შემცველი ლიტურგიკული წიგნი; ცნობილია ორი სახის წესი: ტიპიკონი სამრევლო და სამონასტრო. საქართველოში მოქმედებდა ორნაირი სამრევლო წესი: იერუსალიმის ანუ ქრისტეს საფლავისა და კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიოს ტაძრის, ანუ დიდი ეკლესიისა. სამონასტრო წესებიდან აღსანიშნავია სამი: საბა წმიდისა (პალესტინაში), სტულიტეს მონასტრისა (კონსტანტინოპოლი) და ათანასე დიდის ლავრისა (ათონის მთაზე); ტიპიკონი მღვდელთმსახურთა წიგნისა, რომელიც შეიცავს ღვთისმსახურების შესრულების წესებსა და მითითებებს, უძრავ და მოძრავ დღესასწაულთა განლაგების შესახებ, ამას ემატება დისციპლინური წესები მონაზონთათვის და სხვა.

ტრაპეზი (ბერძ. – მაგიდა) – ქრისტიანული ეკლესიის საკურთხეველში მდგარი ფარჩებით შემოდილი მაგიდა, რომელზეც სრულდება მსხვერპლშეწირვის რიტუალი. ზოგჯერ ტრაპეზი იხმარება მთელი საკურთხევლის მნიშვნელობითაც, რომელსაც ასევე საყდარსაც უწოდებენ. ტრაპეზი ნაკურთხია და მირონცხებული. მასზე აუცილებლად ასვენია ჯვარი, ილიტონში გახვეული ოდიკი, სახარება და სანაწილე. ამათ გარდა, ტრაპეზზე უნდა ესვენოს სამირონე წმ. მირონით. ტრაპეზი დგას ერთ ან ოთც ბოძზე, ან კიდევ კიდობანზე. ერთი ბოძი აღნიშნავს ლერწმით გვემულ მაცხოვარს და იმ ლერწმის კვერთხს, რომლითაც ქრისტემ შემუსრა გველის (ბოროტის) თავი. ოთხი ბოძი აღნიშნავს ოთხ მახარებელს, მოციქულებს. კიდობანი წარმოადგენს ხის, ქვის, ვერცხლის და სხვა მასალისაგან ერთმანეთთან შეერთებულ კედლებს და მოგვაგონებს მოწამეთა საფლავს, რომელზედაც პირველი ტრაპეზები აღიმართებოდა.

ტრიკირი – სამსანთელა; გამოიყენება მღვდელმთავრის მსახურების დროს. სიმბოლურად აღნიშნავს სამებას.

ტრიპტიქი – სამად მოსაკეცი ხატი (ქართული სინონიმია – სამკარედი).

ტროპარი – ბიზანტიურ ღვთისმსახურებაში მოკლე საგალობლები, რომელთაც სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდათ. იგი შეესატყვისება ქართულ ღვთისმსახურებაში ხმარებულ „დასდებელს“. ტერმინი ტროპარი ქართულში მე-18 საუკუნემდე არ გვხვდება. იგი, როგორც ჩანს, გვიან დამკვიდრდა რუსული საღვთისმსახურო წიგნების გავლენით. ტროპარი წმინდანთა სახელობის ლოცვაა (კონდაკთან ერთად), ამა თუ იმ წმინდანის მეოხების თხოვნით, აგრეთვე, კანონის ზოგიერთი მუხლი, სტრიქონი.

უგალობდითსა“ – საეკლესიო საგალობლის კანონის I გალობა, რომლის სახელწოდება აღებულია ბიბლიის „მოსეს გალობის“ დასაწყისი სიტყვების მიხედვით: „უგალობდით უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს“ (გამოსვლათა 6, 19).

უდაბნო – 1) უკაცრიელი ადგილი; 2) მონასტერი, სკიტი.

უკვდავება სულისა – მთელი ახალი აღთქმა სულის უკვდავების სწავლებითაა განმსჭვალული. ქრისტიანობა იმ აზრზეა დაფუძნებული, რომ ჩვენ ღმერთი სიცოცხლის ღმერთია. ცოდვასთან ბრძოლაში მაცხოვარი სიმტკიცეს იმ რწმენით გვმატებს, რომ ხორცის წარმწყმედელს სულის მოკვლა არ შეუძლია (მათე 10, 28), მდიდრისა და ლაზარეს იგავით კი უჩვენებს, რომ გარდაცვალების შემდეგ მართალი ლაზარეს სული ნეტარებას განიცდის, ხოლო მდიდრის სული ცოცხალია, მაგრამ ტანჯვით დამძიმებული (ლუკა 16, 19-31); სული დამოუკიდებელი არსებაა, რომელიც არსებობის საიდუმლოს თავისივე თავში ატარებს. იგი ნივთიერი ბუნების ძალებზე და მატერიებზე აღმატებულია და მაშინ როცა მის ორგვლივ ყოველივე იცვლება, თვითონ უცვლელი რჩება.

უნია – კათოლიკური და ზოგიერთი სქიზმაში მყოფი მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანება რომის პაპის მეთაურობით.

უსისხლო მსხვერპლი – ევქარისტიის საიდუმლო. იხ. ევქარისტია.

უსუპი – ნაკურთხი წყლის სასხურებელი, საპკურებელი.

უტევანი – მანძილის ერთეული, უდრის 125 ნაბიჯს.

უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში – იხ. ბზობა.

ფანატიზმი – ავადმყოფური მისწრაფება ცხოვრებაში იმ დაუმტკიცებელი იდეების გატარებისა, რომელსაც ფანატიკოსი თვლის აბსოლუტურად სწორად. ყველაფერი, რაც ფანატიკოსის დოგმატებს არ ეთანხმება, მისთვის წარმოადგენს დანაშაულს, რომლის აღმოსაფხვრელადაც ის არ მოერიდება არანაირ ქმედებას. მართლმადიდებელი სარწმუნოება, სადაც ადამიანი რწმენას მთელი თავისი ნებითა და შეგნებით ეზიარება, გმობს ფანატიზმის ყოველგვარ გამოვლენას.

ფარღალიტი – ტაძრის დარაჯი.

ფერიცვალება – (ლუკა 9, 28-36, მარკ. 9, 2-12) მოციქულებთან სასუფეველზე საუბრის შემდეგ, იესომ თავისი მოწაფეებიდან აირჩია პეტრე, იაკობი, იოანე და წაიყვანა ისინი სალოცავად. ლოცვის დროს მოხდა ქრისტეს სასწაულებრივი ფერიცვალება, მოწაფეების წინაშე.

ფეშხუმი – დაბალფეხიანი თეფში, რომელიც იხმარება ღვთისმსახურების დროს ბარძიმთან ერთად. ფეშხუმზე აწყობენ ტარიგს – ნაკვეთ სეფისკვერს. ფეშხუმს ძვირფასი ლითონისაგან აკეთებენ, იგი სიმბოლურად აღნიშნავს ბაგას, სადაც ღვთისმშობელმა მაცხოვარი მიიწვია შობის შემდეგ და მაცხოვრის საფლავს.

ფეხთბანვა – წესი, დამყარებული სახარების ეპიზოდზე, როცა ქრისტემ თავის მოციქულებს ფეხი დაბანა. აღესრულება დიდ ხუთშაბათს, რომლის დროსაც მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი ბანს ფეხებს მასზე იერარქიულად დაბლა მდგომ მღვდელმსახურებს.

ფილიოკვეს დოგმატი – რომაულ კათოლიციზმში დოგმატი სულწმიდის გამომავლობის შესახებ. ამტკიცებენ, რომ სულიწმინდა ძე ღმერთისგანაც გამოდის.

ფილონი – მღვდლის ზემოდან, მკერდს დაბლა ჩამოსაცმელი სამოსი, რომელსაც არა აქვს არც სახელოები და არც წინა კალთა სიმბოლურად აღნიშნავს ანგელოზთა ფრთებს.

ფრესკა – ეკლესიაში, ტაძარში კედლის მოხატულობა.

ფსალმუნი – დავითნი, ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი. ქართულად ფსალმუნი ეწოდება ამ წიგნში შეტანილ გარკვეულ საგალობლებსაც. ფსალმუნის ავტორია დავით მეფე-წინასწარმეტყველი.

ფსკვნილი – თოკისაგან მოქსოვილი კრიალოსანი, რომელზედაც კვანძები (ფსკვნილები) შესრულებული ლოცვის ან მეტანიის რაოდენობას აღნიშნავს (იხ. კრიალოსანი).

ქადაგება (ბერძ. – ჰომილია) – სამღვდელო პირის მიერ წარმოთქმული მოძღვრება. უძველესი დროიდან დღემდე ქადაგება წარმოადგენდა სარწმუნოების შეცნობის ძირითად საშუალებას. სახარების გავრცელების პირველივე პერიოდიდან ქადაგებს ითვლება წმიდა საქმედ. იგი გახდა აუცილებელი ყველა ღვთისმსახურისა და მოძღვრისათვის, რომლებიც მსახურობენ ეკლესიასა და მონასტრებში. გარკვეული პირის (მოწამის, მოღვაწის) მისამართით წარმოთქმულ ქადაგებას „შესხმა“ ეწოდება.

ქიროტონია – ხელდასხმა: ეპისკოპოსად, მღვდლად, დიაკვნად კურთხევის დროს.

ქორეპისკოპოსი (ბერძ. – მეთვალყურე, ზედამხედველი) – საეკლესიო ადმინისტრაციაში ქალაქის ეპისკოპოსის ხელქვეითი თანამდებობა. საქართველოში პატრიარქის თანაშემწე, აგრეთვე მთავარეპისკოპოსის თანაშემწე. უმრევლო ეპისკოპოსი.

ქორონიკონი – VI საუკუნეში ქრისტიანულ სამყაროში შემოღებული წელთაღრიცხვა. მისი ყოველი ციკლი („მოქცევა“) შეიცავს 532 წელს, რომელიც მზის (28 წ.) და მთვარის (19 წ.) ნამრავლითაა მიღებული. ყოველ ახალ მოქცევაში მეორდება მთვარის ასაკი, თვისა და კვირის თანმიმდევრობა. წელთაღრიცხვის ქორონიკონის სისტემით სარგებლობის მიზანი პასექის მოძრავი დღესასწაულის წინასწარი გამოთვლაა და, ამდენად, მასში წლის დასაწყისად მარტია მიღებული. ქორონიკონი საქართველოში პირველად VIII ს. 80-იან წლებში გამოიყენეს. მისი მე-13 მოქცევის საწყისი თარიღი 781 წელია.

ქორწინება – ერთი შვიდ საიდუმლოთაგანი; ასრულებს მღვდელი ან ეპისკოპოსი. შედგება ორი ნაწილისაგან: დაწინდვა-დანიშვნისა (შესაუღლებელ პირთა შორის ბეჭდების გაცვლა. ბეჭედი, როგორც წრე, მარადისობას გამოხატავს, მეუღლეთა თითებზე კი მათ მარადიულ ურთიერთობას ნიშნავს) და გვირგვინის კურთხევისაგან (თავზე გვირგვინის დადგმა გამოხატავს ვნებების დათრგუნვას, ჯილდოს იმისათვის, რომ მათ ქორწინებამდე კეთილსინდისიერად იცხოვრეს); ქორწინების საიდუმლოს დროს კითხულობენ ლიტურგიკულ ტექსტებს ფსალმუნთა წიგნიდან, სახარებიდან და სხვ. წარმოთქვამენ სპეციალურ ლოცვებს ან სავედრებლებს. ქორწინების საიდუმლოთი შეკრულ ცოლ-ქმრულ კავშირს განიხილავენ როგორც ქრისტეს სულიერ კავშირს ეკლესიასთან (ქრისტე – სიძე, ეკლესია – რძალი). მართლმადიდებელი ეკლესია რჯულიერ ქორწინებას ძალიან ძნელად აუქმებს (მაგ.: ცოლ-ქმრისაგან, რომელიმეს ღალატის შემთხვევაში და სხვ.).

ქრისტე იესო – ქრისტე ბერძნულად ნიშნავს ცხებულს, ებრაულად – მესიას. უფალი იესო ქრისტე მოევლინა ქვეყანას, რათა თავი შეეწირა ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად – „არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა“ (ებრ. 9, 12); „წმიდა ღვთისმშობლის მარიამის ძე, არის აღთქმული მესია, იგი მოევლინა ქვეყანას, წინასწარმეტყველების მიერ ნათქვამ დროს“ (დაბ. 19, 10) 25 დეკემბერს, ბეთლემში; ძველ აღთქმაში მრავალი დამადასტურებელი ფაქტია იმისა, რომ ის ნამდვილად აღთქმული მესია იყო. იესო ქრისტე არის თვითმყოფადი, მარადიული, ყველგანმყოფი და უცვლელი. იესო ქრისტე მეორე პირია წმიდა სამებისა, რომლის წინაშეც, ისევე როგორც მამისა და სულიწმიდისა, ქედს იხრის და ემორჩილება ყოველი არსება ცასა და მიწაზე. ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე არის აგრეთვე ჭეშმარიტი ადამიანიც, რომელიც სულიწმიდისა და ქალწულ მარიამის საშუალებით განკაცდა. განკაცდა – ნიშნავს, რომ ძე ღვთისამ მიიღო ხორციელი სახე ადამიანისა, ყველა მისი თვისება, გარდა ცოდვისა. „უცილობლად დიდია ღვთისმშობლის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცში, გამართლებულ იქნა სულში, დანახულ იქნა ანგელოზების მიერ, ნაქადაგებ იქნა წარმართებში, მიღებულ იქნა წუთისოფელში რწმენით და ამაღლდა დიდებაში“ (1 ტიმოთე 3, 16); წმ. მოციქული პავლე გვამცნობს: „ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმრთისა და კაცთა შორის შუამავალი კაცი – იესო ქრისტე“. ამგვარად, მასში გაერთიანებულია და განუყოფლად იმიყოფება ორი თვისება – ღვთაებრივი და ადამიანური, მაგრამ ამავე დროს, ის არის ერთი სახე – ღმერთკაცი. როგორც პირველი მღვდელმთავარი და შუამავალი, იესო ქრისტე გახდა ყველა ჩვენგანის ცოდვების მიმტევებელი (გამომსყიდველი). „რაკი ბავშვები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი, და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელ სიცოცხლეს მონობაში იყო“ (ებრ. 2, 14-15). მისი უკვდავების ნათელი მაგალითია მისი ჯვარცმა, მკვდრეთით აღდგომა და ამაღლება. ქრისტეს ღვთაებრივ ძალაზე მეტყველებს მის მიერ ჩადენილი უამრავი დიდი სასწაული, რომელიც უხვადაა გადმოცემული წმ. სახარებაში; უზომოა უფლის სიყვარული ადამიანებისადმი, ყველა გაჭირვებულისა და სნეულისადმი. წმ. სახარებიდან ვგებულობთ, რომ მისი სწავლება ვრცელდება არა მარტო ერთ ერზე, არმედ დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანზე. მან მისცა კაცობრიობას ჭეშმარიტება, ასწავლა ღმერთთან მიმავალი გზა, მისცა მცნებები, რომელთა საშუალებითაც ყველა ადამიანს შეუძლია უკვდავჰყოს თავისი სული და მოხვდეს სასუფეველში.

ქრისტეშობა – იხ. შობა უფლისა იესო ქრისტესი.

ქრისტიანული დღესასწაულები – 12 უდიდესი დღესასწაული. მოძრავი: 1) ბზობა, ანუ დიდებით შესვლა იერუსალიმში იესო ქრისტესი; 2) ამაღლება იესო ქრისტესი; 3) სულთმოფენობა; უძრავი: 4) ნათლისღება, ანუ განცხადება უფლისა – 6(19) იანვარი; 5) მირქმა (მიგებება ყრმისა) – 2(15) თებერვალი; 6) ხარება – 25 მარტი (7 აპრილი); 7) ფერიცვალება – 6(19) აგვისტო; 8) მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა – 15(28) აგვისტო; 9) შობა ღვთისმშობლისა – 8(21) სექტემბერი; 10) ჯვართამაღლება (მსოფლიო ამაღლება ჯვარისა) – 14(21) სექტემბერი; 11) ტაძრად მიყვანება მარიამისა – 21 ნოემბერი (4 დეკემბერი); 12) ხორციელად შობა უფლისა იესო ქრისტესი – 25 დეკემბერი (7 იანვარი). დიდი საეკლესიო დღესასწაულებია: 1) წინადაცვეთა უფლისა – 1(14) იანვარი; 2) იოანე ნათლისმცემლის შობა – 24 ივნისი (7 ივლისი); 3) პეტრე-პავლობა, მოციქულთა დღესასწაული – 29 ივნისი (12 ივლისი); 4) იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთა – 29 აგვისტო (11 სექტემბერი); 5) მცხეთობა (სვეტიცხოვლობა), საფარველი ღვთისმშობლისა – 1(14) ოქტომბერი.
ქტიტორი (ბერძ. – დამფუძნებელი, შემქმნელი) – პიროვნება, რომლის ხარჯითაც შენდება ან ხელახლა ირთვება ეკლესია. ქტიტორთა ასახვას საეკლესიო მხატვრობაში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

„ღამითგანსა“ – საეკლესიო საგალობლის (კანონის) მე-5 გალობა, რომლის სახელწოდება აღებულია ბიბილიური ისაიას გალობის დასაწყისი სიტყვის მიხედვით „ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო“ (ისაია 6, 9).

„ღაღადვყავსა“ – საეკლესიო საგალობლის მე-6 გალობა, რომლის ქართული სახელწოდება აღებულია ბიბლიის იონას გალობის დასაწყისი სიტყვიდან:
„ღაღადვყავ ჭირსა შინა“ (იონა 2, 3).

ღვთის გლახა – იხ. სალოსი.

ღვთისმსახურება – წარმოადგენს განწესებულ რიგზე დაწყობილ ლოცვებს და საღვთო მოქმედებებს, რასაც მღვდელი ან ეპისკოპოსი ასრულებს ეკლესიაში ან მის გარეთ. ღვთისმსახურება არის საზოგადო და კერძო.

ღვთისმსახურების წიგნები – საეკლესიო წიგნები, რომელთა მიხედვით ხდება ღვთისმსახურება მართლმადიდებელ ეკლესიაში. მთავარი ასეთი წიგნებია: ტიპიკონი, წესდება, კონდაკი, პარაკლიტონი, თვენი (სვინაქსარი), ლოცვანი, კურთხევანი და სხვა.

„ღვთისმშობლისა“ – ყოველი გალობის ბოლო მუხლი (ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი გალობა), რომელსაც წინ უძღვის ფრაზა: „აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.

ღვთისმშობლის მიძინება – იხ. მიძინება.

ღრუბელი – გამოიყენება ლიტურღიაზე ბარძიმის განსაწმენდად. სიმბოლურად აღნიშნავს იმ ღრუბელს, რომელიც მხედარმა დაასველა ნაღველნარევ ძმარში და მიაწოდა ჯვარცმულ იესოს დასალევად.

ყველიერი – დიდმარხვის წინა კვირა, დიდმარხვისათვის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც ხსნილია ყველით (რძის ნაწარმით, კვერცხით).

შავი სამღვდელოება – ბერ-მონაზვნობაში მყოფი მღვდელი და დიაკონი.

შანდალი – სასანთლე, სანთლების რაოდენობის მიხედვით სხვადსხვა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მაგ.: ერთსანთლიანი აღნიშნავს იესო ქრისტეს ან იმ წმინდანს, ვის სახელზეც ანთია; ორიანი – იესო ქრისტეს ორბუნებოვნებას; სამიანი – წმიდა სამებას. შანდალი, რომელშიც სანთლები წრიულადაა განლაგებული მარადისობის სიმბოლოა.

შარავანდედი (ნიმბი) – 1) სხივი, შუქი, ბრწყინვალება; 2) სამეფო გვირგვინი მსგავსი სხივთა (საბა); 3) ნათელი, რომელიც თავს ადგია წმინდანებს.

შედეგი“ (ჟამთა შედეგი) – ლოცვა; იკითხება ჟამნის ბოლოს.

შენდობის კვირა – დიდმარხვის წინა კვირა, როდესაც მორწმუნეები ერთმანეთს შენდობას თხოვენ და მიუტევებენ ურთიერთ შეცოდებებს.

შერაცხვა – მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განსაკუთრებული ღვაწლის მქონე ადამიანების წმინდანად აღიარება.

შერისხვა – იხ. შეჩვენება.

შესამოსელი – სამღვდელო ტანისამოსი. ღვთისმსახურების დროს დიაკვანი იცვამს: სტიქარს, გინგილას და სამკლავებს. მღვდელი: სტიქარს, ოლარს, სამკლავებს, სარტყელს და ფილონს. ეპისკოპოსები: სტიქარს, ბისონს, ოლარს, ომფორს, ენქერს, მიტრას, პანაღიას და მანტიას. დამსახურებული მღვდლები დამატებით: საგვერდეს, სკუფიას ან კუნკულს, ენქერს და მიტრას. სამღვდელოთა ყოველდღიური შესამოსელია ანაფორა.

შესვლა – არსებობს დიდი და მცირე; იგივე გამოსვლა. იხ. გამოსვლა.

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა და მათი წამალი – შვიდი სათნოება – 1. ამპარტავნება – სიმდაბლე; 2. ანგარება – მოწყალება; 3. სიძვა – უმანკოება; 4. მრისხანება – სიმდაბლე; 5. ნაყროვანება – მარხულობა; 6. შური – სიყვარული; 7. სასოწარკვეთილება – სასოება.

შვიდი საიდუმლო – იხ. საიდუმლოებანი.

შვიდსანთელა – შვიდლამპრიანი შანდალი, ტრაპეზის წინ აღმოსავლეთით.
შობა უფლისა იესო ქრისტესი – იმ საიდუმლოების შესახებ, რომ ქვეყანაზე უნდა მოვლენილიყო ძე ღვთისა, იცოდა ღვთის რჩეულმა ქალწულმა მარიამმა და იოანე ნათლისმცემლის მშობლებმა, რომელთაც ეს ეცნობათ სულიწმიდის მადლით. ღვთის ანგელოზი გამოეცხადა ქალწულ მარიამის დანიშნულს, საქმროს იოსებს და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამი მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“ (მათე 2, 20-21). ამის შემდეგ იოსები გახდა არა მარტო მარიამის ქალწულობის დამცველი, არამედ მონაწილე ისაიას წინასწარმეტყველებისა, რომლის თანახმად იგი გახდა მომსწრე საიდუმლოსი, ქალწულისაგან ღვთის შობისა. იმ დღეებში კეისარ ავგუსტუსის ბრძანებით მიმდინარეობდა მოსახლეობის აღწერა. ვინაიდან იოსები დავითის მოდგმისა იყო, მას მოუწია დავითის ქალაქში ჩასაწერად ბეთლემში გაემგზავრება. „მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები და შვა ძე, თავისი პირმშო შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში ადგილი არ იყო მათთვის“ (ლუკა 2, 6-7). იმ მხარეში იყვნენ მწყემსები და დარაჯობდნენ თავიანთ ცხვრებს, როდესაც მათ გამოეცხადათ უფლის ანგელოზი, რომელმაც ახარა მათ იესო ქრისტეს დაბადების ამბავი: და უეცრად გაჩნდა ანგელოზთა დიდი ლაშქარი, ციდან აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ (ლუკა 2, 13-14). ამის შემდეგ მწყემსებმა მოინახულეს ყრმა იესო, ხოლო მერე გამოჩნდნენ მოგვები, რომელთაც ამცნეს ხალხს იესო ქრისტეს დაბადება.
შობა ღვთისმშობლისა – ერთ-ერთი 12-დან უდიდესი დღესასწაული, იესო ქრისტეს დედის წმ. ქალწულ მარიამის შობასთან დაკავშირებული. წარმომავლობით მარიამის მამა იოაკიმი იყო დავითის შთამომავალი, დედა კი – არონ მღვდელმთავრის შთამომავალი – ანა. მათი ასულის შობა იყო „სიხარული ყოველისა სოფლისა, რამეთუ მოგვმადლა კურთხევა და განაქარვა სიკვდილი და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო“ (ტროპარიდან). დღესასწაული აღინიშნება 8(21) სექტემბერს.

შტახსი – კეთილსურნელება.

ჩილა – სანთლის გული ბამბის ნართი პატრუქისათვის.

ჩიჩილაკი – ჯოხი (მეტწილად თხილისა) ბურბუშელასნაირი ანათლებით, მორთული ტკბილეულობითა და ხილით (იხმარება საშობაო სამკაულად). სიმბოლურად აღნიშნავს წმ. ბასილი დიდის წვერს.

ცელიბატი – ქრისტიან სასულიერო პირთა დაუქორწინებლობა. კათოლიკურ ეკლესიაში მღვდლობის აუცილებელი პირობაა.
ცვილი – ეკლესიის სწავლებით, როგორც ყველაზე სუფთა ნივთიერება – ნიშნავს მორწმუნეთა გულწრფელობას და სიწმინდეს. როგორც ნივთიერება, რომელზეც შეიძლება საგნების აღბეჭდვა, ნიშნავს ჯვრის ბეჭედს ნათლობისას და მირონცხებისას; როგორც რბილი და დრეკადი ნივთიერება აღნიშნავს მორწმუნის მორჩილებას და ცოდვების მონანიებისათვის მზადყოფნას, როგორც ნივთიერება, რომელიც უნდა დაიწვას, ნიშნავს მორწმუნის არსის განწმენდას ღვთიური ცეცხლით, როგორც მრავალი სახის ყვავილისაგან შეკრებილი, აღნიშნავს ყველა ქვეყნის ქრისტიანთა შესაწირს; როგორც კეთილსურნელოვანი ყვავილისაგან შეკრებილი ნიშნავს სულიწმიდის მადლს და, ბოლოს, ნივთიერება, რომელიც იწვის და იძლევა სინათლეს ნიშნავს ჩვენი სიყვარულისა და მშვიდობის სიძლიერეს. ამ თვისებათა გამო ცვილი საუკეთესო შესაწირია ღვთისადმი, მისგან III საუკუნიდან კეთდება სანთლები. ცვილის და ზეთის ქურდობა ისჯებოდა ეკლესიიდან განკვეთით.
ცისკარი (განთიადი) – ღვთისმსახურება, რომელიც სრულდება წირვამდე დილის 6-დან 9-მდე, ან წინა საღამოს, მწუხრის შემდეგ.
ცოდვა – ღვთის ნებისადმი დაუმორჩილებლობა, დანაშაული ღვთის ზნეობრივი კანონის მიმართ. ღვთისაგან მოცემული კანონის დარღვევა ორგვარია: აკეთო პირდაპირ კანონის საწინააღმდეგო ან არ შეასრულო კანონით მოცემული წესები.
ცოდვა მომაკვდინებელი – ცოდვა, რომელიც ადამიანს საუკუნო სიკვდილს და წარწყმედას უქადის: 1) ამპარტავნება; 2) ანგარება; 3) სიძვა; 4) შური; 5) გემოთმოყვარება; 6) მრისხანება; 7) სიზარმაცე.
ცხონება – სულის საუკუნო ნეტარება საიქიოში.

ძალნი – ანგელოზთა მეხუთე დასი. იხ. დასნი ანგელოზთა.

ძლისპირი (ძალი, სიმი, პირველი სიმი) – საგალობლის სტრიქონის პირველი სტროფი, რომელიც უჩვენებს მომდევნო სტროფების რიტმსა და მელოდიას. ქართულ ჰიმნოგრაფიულ ხელნაწერებში ძლისპირების დასაწყისებია მითითებული.

წანდილი – იხ. კოლიო.

წარგზავნა – დღესასწაულის წარგზავნა. ნიშნავს რომელიმე საუფლო ან დიდი დღესასწაულის დამთავრებას. დღესასწაულიდან წარგზავნამდე იკითხება სადღესასწაულო საგალობელი, თვით წარგზავნის დღეს კი (ძირითადი დღესასწაულიდან მე-8 ან მე-9 დღეს) უკანასკნელად იკითხება საგალობელი და ამგვარი პატივით გაისტუმრება.

„წარდგომა“
 – მცირე საგალობელი, რომელიც ყოველთვის უძღვის ცისკრის 9 გალობიან კანონს. მას საკუთარი მელოდია აქვს (ე.ი. თვითავაჯი) და ხშირად ემყარება „უფალო ღაღადყავის“ ტექსტს.

წარწყმედა – ადამიანისათვის მეორედ სიკვდილი, როდესაც ჩადენილი ცოდვების გამო სული ხვდება სამუდამო ჯოჯოხეთში.

წითელი პარასკევი – დიდი პარასკევი; დღე, როდესაც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. ვნების შვიდეულის პარასკევი, ამ დღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში სრულდება განსაკუთრებული რიტუალი ქრისტეს ჯვარცმის სამახსოვროდ, რომლის დროსაც ტაძარში დაასვენებენ გარდამოხსნას, ჯვრიდან გარდამოხსნილი იესო ქრისტეს გამოსახულებას (იხ. გარდამოხსნა).

წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი – აღინიშნება 1(14) იანვარს, ნიშნად ყრმა იესოს დაბადებიდან მე-8 დღეს წინადაცვეთისა, როდესაც მას სახელად უწოდეს იესო, ე.ი. მხსნელი.

წინამძღვარი – მონასტრის ან ეკლესიის კრებულის უფროსი.

წინასწარმეტყველნი – განსაკუთრებული, მომავლის წინასწარმჭვრეტი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები. ეს ნიჭი ღვთის ნებით ეძლევათ განსაკუთრებული სიწმინდითა და ღვთისმოსავობით გამორჩეულ ადამიანებს. ძველ აღთქმაში არსებობს 4 დიდი და 12 მცირე წინასწარმეტყველი; მათი წიგნებიდან დიდებს ეკუთვნის: ესაია, იერემია, იეზეკიელი და დანიელი. მცირეებია: ოსია, იოილი, ამოსი, ავდია, იონა, მიქა, ნაუმი, ამბაკუმი, სოფონი, ავგია, ზაქარია და მალაქია. წინასწარმეტყველთა წიგნებს იესო ქრისტე აყენებდა მოსეს კანონების გვერდზე. ახალ აღთქმაში წინასწარმეტყველურ წიგნად ითვლება იოანეს გამოცხადება.

წირვა – იხ. ლიტურგია.

წმიდა ადგილები – იესო ქრისტეს ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები: პალესტინა – იწოდება წმ. მიწად, იერუსალიმი – წმ. ქალაქად; წმ. ადგილებია: გოლგოთა – იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილი, უფლის საფლავი (იერუსალიმში), თაბორი (ფერიცვალების ადგილი), ბეთლემი (შობის ადგილი), მდ. იორდანე (ნათლისღების ადგილი), ნაზარეთი, სინას მთა (სადაც მოსეს ღმერთმა გადასცა ათი მცნება), წმ. ადგილებია, აგრეთვე, ქრისტეს მოციქულებისა და სხვა მოწამეთა მოღვაწეობის ადგილები. საქართველოში წმ. ადგილებია – ახალი ათონი (სადაც დაკრძალულია სვიმონ კანანელი), სვეტიცხოველი (სადაც დაფლულია კვართი უფლისა), თბილისის სიონი (აქ ინახება წმ. ნინოს ვაზის ჯვარი და თომა მოციქულის თავის ქალა) და სხვ.

წმიდა ზიარება (ევქარისტია) – იესო ქრისტეს მიერ დაწესებული უმთავრესი საიდუმლო – იესო ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღება. ზიარებაზე დაიშვება ეკლესიის ყველა წევრი მარხვითა და სინანულით სათანადო მომზადების შემდეგ. ზიარებით ადამიანი ხდება ქრისტეს სხეულის ნაწილი.

წმიდა წერილი – ბიბლია.

წმიდა ჭურჭელი – 1) ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება ევქარისტიის საიდუმლოს დროს: ბარძიმი, ფეშხუმი, ვარსკვლავი, დაფარნები, ლახვარი, კოვზი, ღრუბელი, სამირონე და სანაწილე; მათთან შეხება არ შეუძლია ერის კაცს და დაბალი ჩინის საეკლესიო პირებს; 2) საერთო მნიშნველობით ეს არის საეკლესიო ღვთისმსახურების დროს გამოყენებული ჭურჭელი და საგნები. მაგ.: საცეცხლური, ნაკურთხი წყლის ჭურჭელი და სხვ.

წმიდანები – ისტორიული პიროვნებები, რომლებიც ეკლესიამ აღიარა ღვთაებრივი ძალის მქონედ, ისინი არიან შუამავლები ადამიანებსა და ღმერთს შორის.

წუმწუბა – გოგირდის ცეცხლოვანი წვიმა, რომელიც მოუვლინა სოდომს ღმერთმა (საბა).

წყევლა – ღმერთის სახელით კაცის შეჩვენება, წყევლა ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგო და ყოველთა უსაშინლესი ცოდვაა.

წყლის კურთხევა – საეკლესიო ღვთისმსახურება, რომლის დროსაც იკურთხება წყალი (იხ. აიაზმა).

ჭონა – ძველი ჩვეულება – აღდგომის წინა დღეს მისალოცად კარდაკარ დადიოდნენ და მღეროდნენ საგანგებო სიმღერას (ჭონას).

ხარება – ერთ-ერთი თორმეტთაგანი უდიდესი საუფლო დღესასწაული, რომლის დროსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა მაცხოვრის უბიწო ჩასახვა. აღინიშნება 25 მარტს (7 აპრილს).

ხატი – ქრისტიანობაში იესო ქრისტეს, ღვთისმშობლის, მოციქულების ან წმინდანების ფერწერული და რელიეფური გამოსახულება. ხატი ის სარკმელია, რომლითაც მორწმუნე უკავშირდება ზეცას. იგი ღმერთთან ურთიერთობის გზას წარმოადგენს. პირველი ხატი შექმნილია მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დროს; ტილოზე, რომელიც იესო ქრისტემ სახეზე მიიფარა, გამოსახულია მისი სახე. ამ ხატს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ეწოდება, რომელიც ანტონ მარტყოფელმა საქართველოში ჩამოიტანა და ანჩისხატის ეკლესიაში დაასვენა. ამის გარდა ცნობილია ლუკა მახარებლის პირველდახატული ღვთისმშობლის ხატი; მრავალი ხატი სასწაულთმოქმედია, ასეთებია: ივერიის ღვთისმშობლის ანუ „პორტაიტისა“, „სამხელიანი ღვთისმშობელი“ და სხვა.

ხატის მიწები – ხატის (ჯვრის) კუთვნილი მიწები, რომელზედაც დღესასწაულისთვის საჭირო მოსავალი მოჰყავდათ. ხატის მიწების ერთი ნაწილი, გადმოცემის თანახმად, ძველთაგანვე ხატის საკუთრებას შეადგენდა და მკვიდრი (უნჯი) მიწები ერქვა.

ხატმებრძოლეობა – ერესი, რომელიც მიმართული იყო ხატების თაყვანისცემის საწინააღმდეგოდ; წარმოიქმნა ბიზანტიაში VIII-IX საუკუნეებში.

ხატწერა – რელიგიური შინაარსისა და საკულტო დანიშნულების ფერწერა, რომელიც სრულდება მოძღვრის კურთხევით.

ხელდასხმა – იხ. ქიროტონია.

ხელმწიფებანი – ანგელოზთა მე-6 დასი (იხ. დასნი ანგელოზთა).

ხილვა – გამოცხადება.

ხმა – საგალობლის მელოდიის აღმნიშვნელი ტერმინი; არსებობს ოთხი ძირითადი (1-4) და ოთხი დამატებითი (5-8).

ხორუგვი – იხ. ბაირაღი.

ჯვართამაღლება – მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა ცხოველსმყოფელისა ჯვარისა, ქრისტიანული დღესასწაული. აღინიშნება 14(27) სექტემბერს.

ჯვარი – ქრისტიანობის ერთი უმთავრესი სიწმინდე, ხსნის სიმბოლო. რომის იმპერიაში ხის ჯვარს იყენებდნენ, როგორც სამარცხვინო სიკვდილით დასასჯელ იარაღს. იესო ქრისტე ჯვარცმის შემდეგ ჯვრით ჩავიდა ჯოჯოხეთში, დათრგუნა სიკვდილის მეუფება და ისევ ზეცად აამაღლა პირველი ცოდვით დაცემულ ადამიანთა სულები. ქრისტიანებს ჯვრის ტარების უფლება ეძლევათ ნათლისღების შემდეგ. ქართულ ქრისტიანულ ეკლესიაში არსებობს წმ. ნინოს ვაზის ჯვარი ოდნავ დახრილი ფრთებით, რომელიც წმ. ნინომ ღვთისმშობლისაგან მიიღო საქართველოში გამომგზავრებისას. ჯვარი არის ცხოვრებისეული გაჭირვების, სიდუხჭირის და ჭირ-ვარამის ერთობლიობა, რომელიც ქრისტეს სახელით მოთმინებით უნდა გადაიტანოს მართლმადიდებელმა მცნებათა დაურღვევლად.

ჯოჯოხეთი – გარდაცვალების შემდეგ ცოდვილ სულთა ადგილსამყოფელი ოთხი სფერო: 1) გარეგანი – მამამთავართა დილეგი; 2) მას შიგნით მეორე სფერო – უნათლავთა ჩვილთა სამყოფი; 3) მესამე სფერო – სალხინებელი ჯოჯოხეთი; 4) მეოთხე სფერო – საუკუნო ჯოჯოხეთი გამოუხსნელი (ტარტაროზი, გეენია). (საბა)

ჰიმნი – სახოტბო გალობა, ღვთაების სადიდებელი გალობა.

ჰიმნოგრაფია – სასულიერო პოეზიის დარგი, რომელიც მოიცავს ღვთისმსახურებაში გამოსაყენებელ საგალობლებს, ჰიმნებს.

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.