USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
საეკლესიო კალენდარი - რომელი წმინდათა ხსენების დღეა 18 ივლისს?
дата:  

18 ივლისს, ახალი სტილითმართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი ათანასე ათონელი (+1000)

ღირსი ათანასე ათონელი (ერისკაცობაში - აბრაამი) ქალაქ ტრაპეზუნტში დაიბადა. ყმაწვილს მშობლები ადრე გარდაეცვალა და ობოლზე ზრუნვა ერთმა ღვთისმოშიშმა მონაზონმა იტვირთა. აბრაამი გამზრდელისაგან კეთილმსახური ცხოვრების ჩვევებს იძენდა, ბაძავდა მას ლოცვასა და მარხვაში.

დედობილის სიკვდილის შემდეგ ჭაბუკი კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორის, რომანოზ უფროსის (919-944) კარზე წაიყვანეს და სახელგანთქმულ რიტორს, ათანასეს დაუმოწაფეს.

იმ ხანებში კონსტანტინოპოლში ჩავიდა ღირსი მიქაელ მალეინი (ხს. 12 ივლისს) კიმინის მონასტრის იღუმენი. აბრაამმა მას უფლისთვის ცხოვრების შეწირვის გულწრფელი სურვილი გაუმჟღავნა. ღვთაებრივმა მოხუცებულმა ჭაბუკში სულიწმიდის რჩეული ჭურჭელი შეიცნო, სიყვარულით აღივსო მის მიმართ და დიდხანს გულმოდგინედ მოძღვრავდა მას ცხონების საკითხებზე. ერთხელ, სულიერ საკითხებზე საუბრის დროს, მათ შემოესწრო მიქაელის ნათესავი ნიკიფორე ფოკა - ცნობილი მხედართმთავარი, შემდგომში - იმპერატორი. აბრაამის სულის სიმაღლემ და გონების გამჭრიახობამ მისადმი ღრმა პატივისცემით განმსჭვალა იგი. წმიდანს ბერული ცხოვრების სურვილი დაუოკებელ სწრაფვად ექცა, მან მიატოვა ყველა და ყველაფერი, კიმინის სავანეს მიაშურა, იღუმენს ფეხებში ჩაუვარდა და ბერად აღკვეცა სთხოვა. იღუმენი დარწმუნდა რა აბრაამის სიბრძნესა და სიწმინდეში, მალე აღკვეცა იგი და სახელად ათანასე უწოდა.

ათანასე ღირსი მიქაელ მალეინის ხელმძღვანელობით შეუდგა მოსაგრეობას: მკაცრად მარხულობდა, ლოცულობდა და საოცარი გულმოდგინებით აღასრულებდა ნებისმიერი მორჩილების საქმეს. ღირს ათანასეს სურდა, კვირაში მხოლოდ ერთხელ ეჭამა პური, მაგრამ წმიდა მიქაელმა, მოწაფის ნება რომ აღეკვეთა, უბრძანა, საზრდელი ყოველ მესამე დღეს მიეღო, თან ჭილოფზე დაეძინა და არა სკამზე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. ნეტარი ათანასე მშვიდად დაჰყვა კურთხევას. მორჩილების საქმეებისაგან თავისუფალ დროს იგი წიგნების გადაწერით იყო დაკავებული.

დაუცხრომელი მარხვით, მღვიძარებით, მეტანიებით, ღვთივსათნო მოღვაწეობით ათანასემ მალე ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ იღუმენმა მდუმარებასა და განკრძალულ ადგილას დაყუდებაზე მისცა კურთხევა, თან კანონად დაუდგინა: დღეგამოშვებით ეჭამა პური და მცირეოდენი წყალი ეხმია, დიდმარხვაში საზრდელი ხუთ დღეში ერთხელ მიეღო მხოლოდ, უწინდებურად ჯდომით დაეძინა, კვირადღეებსა და საუფლო დღესასწაულებში კი ლოცვასა და უფლის განდიდებაში ეფხიზლა მწუხრიდან დღის სამ საათამდე. ნეტარი გულმოდგინედ ასრულებდა კურთხევას, მაგრამ ფარული ღვაწლის სიყვარულმა და შიშმა, რომ წმიდა მიქაელს წინამძღვრობა მისთვის არ გადაებარებინა, ათანასემ კიმინის მთა დატოვა. მან მხოლოდ საკუთარი ხელით გადაწერილი სახარება წაიღო თან და ათონის მთის ყველაზე მივარდნილ ადგილს - მელანას მიაშურა. აქ წმიდანმა მცირე სენაკი მოიწყო და შიგ დაემკვიდრა. ახოვანი მოსაგრეობით იგი თანდათან მაღლდებოდა სულიერი კიბის საფეხურებზე და სრულყოფილების მწვერვალს უახლოვდებოდა.

ადამიანთა მოდგმის მტერი ცდილობდა, ათანასეში მოღვაწეობის ადგილისადმი სიძულვილი გაეღვივებინა და ბოროტი გულისთქმებით აშფოთებდა მას. ნეტარმა გადაწყვიტა, ერთი წელი ეთმინა - უფლის ნების გაცხადებას დალოდებოდა. როცა დათქმული ვადის უკანასკნელ დღეს წმიდა ათანასე ლოცვად დადგა, უეცრად ზეციურმა ნათელმა გააცისკროვნა იგი, გამოუთქმელი სიხარულით აღივსო, დაიწმინდა ავი გულისზრახვებისაგან და თვალთაგან მადლმოსილი ცრემლები გადმოსდინდა. ამ დროიდან მოყოლებული ათანასე საოცრად ლმობიერი გახდა, ეს ადგილი კი ისე ძლიერ შეუყვარდა, როგორაც უწინ სძაგდა. ამ ხანებში ნიკიფორე ფოკამ წმიდა მამას სთხოვა, მისი სახსრებით მონასტერი მოეწყო.

ნეტარ ათანასეს არ სურდა, სული მიწიერი საზრუნავებით დაემძიმებინა და უარი განაცხადა ოქროს მიღებაზე, მაგრამ შემდეგ ყოველივე ამაში ღვთაებრივი ნება განჭვრიტა და სავანის შენებაც დაიწყო. მან ორი ტაძარი ააგო: იოანე ნათლისმცემლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობისა, მოაწყო სენაკები, სატრაპეზო, ქსენონი, დავრდომილთა თავშესაფარი... და წმიდა მთაზე საოცარი მონასტერი გაიმართა.

სავანეში მიდიოდნენ ძმები არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. აქ უმოღვაწიათ დიდ ქართველ მამებსაც: იოანეს (ხს. 12 ივლისს) და ექვთიმეს (ხს. 13 მაისს), იოანე-თორნიკყოფილს (ხს. 12 ივნისს)...

წმიდა იღუმენმა ძველი პალესტინის სავანეების მიბაძვით შეადგინა თავისი მონასტრის წეს-განგება.

თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ზეციური დედოფალი მფარველობდა წმიდანს. იგი მრავალჯერ გამხდარა ღირსი ყოვლადწმიდა ქალწულის ხილვისა. ერთხელ, ღვთის ნებით, ათონის მთაზე საშინელი შიმშილობა დაიწყო. სულითა და ხორცით დაუძლურებული ბერები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ ლავრას. მარტოდმარტო დარჩენილი ნეტარი ათანასეც წუთიერად სულმოკლეობამ შეიპყრო და წასვლა დააპირა, მაგრამ უეცრად გზაზე მის შესახვედრად მომავალი ქალბატონი გამოჩნდა ჰაეროვანი თავსაბურით. „ვინ ხარ და საით მიდიხარ?“ - ჩუმად იკითხა მან. უნებლიე მოწიწების გრძნობით აღვსილი წმიდა ათანასე შედგა. -„მე აქაური ბერი ვარ“, - უპასუხა და თავის გასაჭირზე მოუთხრო. -„და პურის ნატეხისთვის ტოვებ ამ სავანეს, რომელსაც განდიდება უწერია მოდგმიდან მოდგმამდე? სად არის შენი სარწმუნოება? გაბრუნდი და მე მიგულვე შემწედ!“ -„შენ ვინა ხარ?“ - ჰკითხა ათანასემ. „მე დედა ვარ შენი უფლისა“, - მიუგო უცნობმა და წმიდანს უბრძანა, მახლობლად მდებარე ლოდისთვის კვერთხი დაეკრა. ბზარიდან გადმოხეთქა მადლმოსილმა წყარომ, რომელიც დღემდე კეთილგემოვნებით ატკბობს და აგრილებს ბერებსა და მონასტერში მისულ მლოცველებს.

საძმო იზრდებოდა. ლავრაში სამშენებლო სამუშაოები გრძელდებოდა. ღირსმა ათანასემ იგრძნო აღსასრულის მოახლოება, განჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა, ისიც უწყოდა, თუ როგორ გავიდოდა ამსოფლიდან და ძმებს სთხოვდა, ნუ დაბრკოლდებოდნენ იმით, რაც მოხდებოდა, კაცობრივი გონება ხომ უძლურია შეიმეცნოს ღვთის განგებულება. ძმები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი, მაგრამ ვერ სწვდებოდნენ მოძღვრის სიტყვების არსს. ბოლოს ღირსმა მამამ უკანასკნელად დამოძღვრა და ნუგეში სცა სულიერ შვილებს; სენაკში შევიდა, მანტია შეიმოსა და დიდხანს ილოცა; შემდგომ გარეთ გამოვიდა და ექვს ძმასთან ერთად მშენებარე ტაძრის გუმბათს მიმართა დასათვალიერებლად. უეცრად სახურავი ჩამოიქცა. ხუთმა ბერმა იქვე განუტევა სული, ხუროთმოძღვარი დანიელი და წმიდა ათანასე კი ცოცხლები დარჩნენ. ყველას ესმოდა, თუ როგორ მოუწოდებდა ნანგრევებში მოყოლილი მამა უფალს: „დიდება შენდა, ღმერთო! უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ აქვითინებულმა ძმებმა ლოდების გადაგორება დაიწყეს, მაგრამ ქვაყრილის ქვეშ მოძღვრის უსულო ცხედარსღა მიაკვლიეს (+1000).

წმიდა მოწამე ანა (+304)

წმიდა ანას აიგივებენ აგნია ქალწულთან, რომლის ცხოვრებაც 21 იანვრის საკითხავშია მოთავსებული (+304).

წმიდა მოწამე კვირილა (+310)

წმიდა მოწამე კვირილა თეოდორე კვირელთან (ხს. 4 ივლისს) ერთად ეწამა ქრისტესთვის (+310).

 ღირსი ლამპადი ირინოპოლელი (დაახლ. X)

ღირსი ლამპადი ირინოპოლელი სიჭაბუკეშივე აღიკვეცა ბერად და ღრმა მოხუცებულობამდე მოსაგრეობდა ირინოპოლის მახლობლად, უდაბნოს ერთ გამოქვაბულში. უფალმა თავისი სათნომყოფელი სასწაულებით განადიდა სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდგომაც (+არა უგვიანეს X ს.).

 აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა სერგი რადონეჟელისა, საკვირველთმოქმედისა (+1422)

 ღირსმოწამე ელიზავეტა და მონაზონი ბარბარა (+1918)

 

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати