USD 2.7263
EUR 3.1870
RUB 3.4187
თბილისი
საეკლესიო კალენდარი - რომელი წმინდათა ხსენების დღეა 14 ივლისს?
თარიღი:  507

14 ივლისს, ახალი სტილითმართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

 წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი (+284)

 წმიდანი უვეცხლონი, კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით. ირწმუნეთ ქრისტე და განიკურნებით“. როცა მშობლებისგან მდიდარი მემკვიდრეობა მიიღეს, მათ ქონების გაყიდვა და გლახაკთა დახმარება დაიწყეს. თავიანთი სიკეთით, გულმოწყალებითა და უანგარობით წმიდანებმა მრავალი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.

კოზმასა და დამიანეს ღვთივსათნო ცხოვრებამ, საზოგადოე-ბაში მათმა ავტორიტეტმა, რომის ხელისუფალთა ყურადღება მიიპყრო და მკურნალთა შესაპყრობად მეომრები გაგზავნეს. ძმები რომ ვერ იპოვეს, მეომრებმა სხვა ქრისტიანები დაატუსაღეს. მაშინ კოზმა და დამიანე მხედრებს ჩაბარდნენ იმ პირობით, რომ პყრობილები გაეთავისუფლებინათ. რომში უფლის რჩეულები თავდაპირველად საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი სამსჯავროზე წარადგინეს. მათ იმპერატორის წინაშე ახოვნად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება.

 იმპერატორ კარუსს (282-283), ღვთის განგებით, სნეულება შეეყარა და საკუთარ მაგალითზე დარწმუნდა უფლის ყოვლისშემძლეობაში. ამაყმა თვითმპყრობელმა შემწეობა ითხოვა წმიდა ძმებისაგან და აღთქმა დადო, რომ ქრისტეს შეუდგებოდა. კოზმამ და დამიანემ უწამლეს იმპერატორს, რის შემდეგაც ორივენი გაათავისუფლეს.

 

რაც ვერ შეძლო წარმართთა სიძულვილმა და რომაელ ხელისუფალთა სისასტიკემ, მოახერხა შურმა: მხცოვანი მკურნალი - მასწავლებელი, რომელთანაც ძმები თავის დროზე ექიმობას სწავლობდნენ, მათმა დიდებამ შურით აღავსო, მოწაფეები ტყეში გაიტყუა თითქოსდა იშვიათი სამკურნალო მცენარეების შესაგროვებლად. აქ, ბოროტისგან გონდაბინდულმა, ვერაგულად მოკლა ძმები და მათი წმიდა ცხედრები მდინარეს მისცა (ამ დღის წმინდანები, კოზმა და დამიანე უნდა განვასხვაოთ მათი მოსახელე წმინდანებისგან, რომელთა ხსენებაც აღინიშნება 17 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს).

 

წმიდა მოწამე პოტიტე ყრმა (II)

 

წმიდა მოწამე პოტიტე წარმართთა ოჯახში დაიბადა, ცამეტი წლისა ქრისტიანთა სწავლებას გაეცნო, ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნა და მოინათლა. როცა ამის შესახებ შეიტყო, მამამისი ძალიან დამწუხრდა. ის ჯერ ალერსითა და შეგონებებით, შემდეგ კი მუქარით შეეცადა შვილის გადაბირებას, მაგრამ ვერაფერს გახდა; მაშინ, ყმაწვილის სიმტკიცით ძლეული, თავადაც ქრისტეს შეუდგა. წმიდა პოტიტემ მრავალი ქვეყანა შემოიარა სახარების ქადაგებით. ღვთის მადლით მის ქადაგებებს სასწაულები და კურნებები განამტკიცებდა.

 

ეპირის ოლქში ცხოვრობდა დიდებული ქალბატონი კვირიაკია, სენატორის მეუღლე, რომელიც კეთრით დასნეულდა. როცა წმიდა პოტიტეს შესახებ შეიტყო, მან თავისთან მოიწვია წმინდანი და წამლობა სთხოვა. წმინდანმა უპასუხა, თუ ქრისტეს ირწმუნებ, განიკურნებიო. კვირიაკია მოინათლა და სასწაულებრივად განიკურნა. საკვირველების მხილველმა მთელმა სახლეულმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ნათელიღო.

 

ამის შემდეგ პოტიტე გარგარის მთაზე დამკვიდრდა და განმარტოებული ცხოვრება დაიწყო. აქ მას შეხვდნენ იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161) მსახურები და სთხოვეს, სასახლეში გაჰყოლოდა მათ იმპერატორის ეშმაკეული ასულის განსაკურნებლად. წმიდა პოტიტემ განკურნა სნეული, ანტონინუსმა კი სიკეთე არაადამიანური სისასტიკით გადაუხადა ნეტარს. მან თავისი ქალიშვილის განკურნება წარმართულ ღვთაებებს მიაწერა და პოტიტეს მათთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. წმინდანმა ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ქრისტე. ამით განრისხებულმა თვითმპყრობელმა მას ენა ამოგლიჯა და თვალები დასთხარა. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს (+138-161).

ღირსი პეტრე პატრიკიოს-ყოფილი (+854)

ღირსი პეტრე VIII საუკუნის დასასრულს დაიბადა კონსტანტინოპოლში. იმპერატორ ნიკიფორეს (802-811) ზეობისას იგი მხედართმთავრად დანიშნეს და ბულგარეთის წინააღმდეგ ბერძენთა ლაშქრობებში იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთ ბრძოლაში ბერძნები დამარცხდნენ. იმპერატორი სასიკვდილოდ დაიჭრა, პეტრე კი, მრავალ სხვა მეომართან ერთად, ტყვედ ჩავარდა. ერთხელ, ღამით, ლოცვის დროს, მას გამოეცხადა წმიდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი და ტყვეობიდან დაიხსნა. კონსტანტინოპოლში დაბრუნებულმა პეტრემ გადაწყვიტა, განრიდებოდა ამაოებით სავსე წუთისოფელს, ოლიმპის მთაზე (მცირე აზია) მდებარე მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. აქ მან ოცდათოთხმეტი წელი დაჰყო იოანიკე დიდის (ხს. 4 ნოემბერს) ხელმძღვანელობით. წმიდანი მკაცრად მარხულობდა, ლოცვაში ათენებდა ღამეებს, უხეშ, ჯვალოს სამოსს ატარებდა, უხამლოდ დადიოდა... უკანასკნელი რვა წელი მან კონსტანტინოპოლში გაატარა, სადაც წმიდა ევანდრეს სახელობის ტაძარი და მონასტერი ააგო.

 ღირსი პეტრე სამოცდაათი წლის ასაკში გარდაიცვალა (+854) და თავისსავე სავანეში დაკრძალეს.

  

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლის იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით.

თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა. სავანეში მისი მოსვლიდან ორი წლის შემდეგ ათონს კორინთელი მიტროპოლიტი მაკარი ეწვია. მან ახალგაზრდა ბერს დაავალა, გამოსაცემად მოემზადებინა „სიკეთისმოყვარების“ ხელნაწერები, რომლებიც 1777 წელს ვათოპედის მონასტერში აღმოაჩინა. ამ წიგნზე მუშაობით დაედო საფუძველი ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხანგრძლივ ლიტერატურულ მოღვაწეობას. წმიდა ნიკოდიმოსი პანტოკრატორის სკიტში გადავიდა, გამოცდილ მოძღვარ არსენი პელოპონესელთან, რომლის ხელმძღვანელობითაც გულდასმით სწავლობდა საღვთო წერილსა და წმიდა მამათა ნაწერებს. 1783 წელს ნიკოდიმოსმა სქემა შეიმოსა და სრულ მდუმარებას მიეცა. როცა ათონზე კვლავ ჩავიდა მაკარი კორინთელი, მან მოშურნე ბერს ახალი მორჩილების საქმე დაუწესა - ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის თხზულებათა რედაქტირება. ნიკოდიმოსმა დაუტევა მდუმარების ღვაწლი, კვლავ ლიტერატურულ სამუშაოს მიჰყო ხელი და, აქედან მოყოლებული, სიკვდილამდე გულმოდგინედ იღვწოდა ამ სარბიელზე.

 აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე ნიკოდიმოსი საცხოვრებლად გადავიდა ხატმწერ მღვდელ-მონაზვნებთან, სტეფანე და ნეოფიტე სკურტეებთან. წმიდანმა ბერებს სთხოვა, ეზრუნათ მისი ნაშრომების გამოცემაზე, რასაც თავად, სნეულებათაგან დაუძლურებული, უკვე ვერ ახერხებდა. აქ, სკურტეებთან, ნეტარმა მამამ 1809 წლის 1 ივლისს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

თანამედროვეების მოწმობით, ღირსი ნიკოდიმოსი უბრალო, მშვიდი, უანგარო და საოცრად მობილიზებული იყო. მას საკვირველი მეხსიერება ჰქონდა: ზეპირად იცოდა მთელი საღვთო წერილი და მრავალი ადგილი წმიდა მამათა ნაწერებიდან.

 მრავალფეროვანია წმიდა ნიკოდიმოსის ნაშრომები: მისი ასკეტური შეგონებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია წიგნი „უხილავი ბრძოლა“; მას ეკუთვნის აგრეთვე „სწავლება აღსარების შესახებ“, „სიკეთისმოყვარების“ შესავალი, წმიდა მოსაგრეთა მოკლე ცხოვრებანი, შვიდი კათოლიკე ეპისტოლის განმარტება... ღირსმა მამამ შეადგინა „წმინდანთა ცხოვრებების ახალი რჩეული“ და „ახალი სვინაქსარი“ სამ ტომად; გამოსაცემად მოამზადა „პიდალიონის“ - ბერძნული „სჯულისკანონის“ ახალი რედაქცია, რომელიც შეიცავს მოციქულების, მსოფლიო და ადგილობრივი კრებებისა და წმიდა მამების მიერ დადგენილ წესებს.

 წმიდა ნერსე მთავარეპისკოპოსი

 

ანალიტიკა
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.